1. | გეკითხებიან შენ ნადავლის თაობაზე , უპასუხე: ნადავლი ალლაჰისა და შუამავალისაა . მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა და გამოასწორეთ თქვენს შორის არსებული; ჰმორჩილებდეთ ალლაჰსა და შუამავალსა მისსა, თუკი ხართ მორწმუნენი. |
2. | უეჭველად, მორწმუნენი არიან ისინი, რომელთაც გულები შიშით უთრთიან, როცა ხსენდება ალლაჰი, ხოლო როცა მისი აიათები ეკითხებათ, რწმენას ჰმატებს იგი და მიენდობიან თავიანთ ღმერთს, |
3. | ასევე რომელნიც ლოცვას აღავლენენ და ჩვენ რაც ვუბოძეთ, გაიღებენ. |
4. | აი, სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი. მათთვისაა გამზადებული მაღალი ხარისხები თავიანთ ღმერთთან, შეწყალება და გამოულევი სარჩო. |
5. | ჭეშმარიტებისათვის გამოგიყვანა უფალმა შენმა სახლიდან, ხოლო მორწმუნეთა ერთ ნაწილს ეს არ მოსწონდა. |
6. | გეკამათებიან შენ ჭეშმარიტების თაობაზე მას მერე, რაც ის გაცხადდა, თითქოსდა სასიკვდილოდ მიერეკებოდნენ და ამას ხედავდნენ. |
7. | და აკი, თქვენ ალლაჰმა აღგითქვათ, რომ ორი რაზმიდან თქვენია ერთ-ერთი; და თქვენ გსურდათ, შეუიარაღებელი რაზმი ყოფილიყო თქვენი. ხოლო ალლაჰს ნებავს, რომ ჭეშმარიტება განაცხადოს თავის სიტყვებით და ამოძირკვოს ურწმუნოთა ზურგი ; |
8. | რათა დაადგინოს ჭეშმარიტება და აღმოფხვრას სიცრუე , თუნდაც ცოდვილებს არ მოსწონდნენ. |
9. | აკი, სთხოვდით შეწევნას თქვენს ღმერთს და მაშინვე გიპასუხა თქვენ: უეჭველად, „შეგაწევთ მე ათას ანგელოზს, ერთმანეთის მიყოლებილთ“. |
10. | და არ დაუდგენია იგი ალლაჰს თუ არა ხარებად, რომ იჯეროთ მისით გულები. და არ იქნება შეწევნა, თუ არა ალლაჰისგან. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია. |
11. | აკი, მან თვლემა მოგგვარათ სიმშვიდედ და მოგივლინათ ზეციდან წყალი, რომ თქვენ განეწმინდეთ მისით და მოგეცილებინათ ეშმაკისეული სიბილწე, რომ მიეჯაჭვა თქვენი გულები და გაგიმაგრა ამით ფეხნი თქვენი. |
12. | აკი, შთააგონა ღმერთმა შენმა ანგელოზებს : უეჭველად, მე თქვენთან ერთად ვარ! მაშ, შეეწიეთ მათ, რომელთაც ირწმუნეს! ჩავუგდებ მათ გულებში ძრწოლას , ურწმუნონი არიან რომელნიც, და დაჰკარით ზემოდან კისრებზე და ყველა თითებზე დაჰკარით მათ! |
13. | ეს იმისთვის, რომ ეურჩნენ ალლაჰს და მის შუამავალს და ვინც ეურჩება ალლაჰს და მის შუამავალს, მაშინ, უეჭველად, ალლაჰის სასჯელი სასტიკია! |
14. | მაშ, ეს იგემეთ თქვენ ! და უეჭველად, ურწმუნოთათვისაა ცეცხლის სასჯელი! |
15. | ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მწყობრად მყოფ ურწმუნოებს შეხვდებით, ფრთხილად! არ აქციოთ ზურგნი მათ! |
16. | და ვინც იმ დღეს ზურგს შეაქცევს მათ, ალლაჰის რისხვა დაუბრუნდებათ , გარდა იმათი, ვინც ხელახლა შესაბრძოლებლად ან რაზმთან შესაერთებლად შეტრიალდება. და მისი სამყოფელი ჯოჯოხეთია. და რა საზიზღარი მისაქციელია! |
17. | თქვენ არ დაგიხოცავთ ეგენი, არამედ ალლაჰმა დახოცა. და როცა ისროლე, შენ არ გისვრია , არამედ ალლაჰმა ისროლა, რათა მორწმუნენი გამოსცადოს მის მიერ კეთილი განსაცდელით. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა! |
18. | აი, ამგვარად აქარვებს ალლაჰი ურწმუნოთა მზაკვრობას. |
19. | თუ თქვენ გსურთ გამარჯვება, უკვე იყო მოსული თქვენთან გამარჯვება. და თუ დაასრულებთ , უეჭველად, თქვენთვისვე იქნება უკეთესი. და თუ დაუბრუნდებით , დავბრუნდებით და ვერ გარგებს თქვენ რაზმი თქვენი ვერაფერს, თუნდ მრავალრიცხოვანი იყოთ. და უეჭველად, ალლაჰი მორწმუნეებთანაა! |
20. | ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს და ნუ აქცევთ ზურგს მას, როცა გესმით თქვენ! |
21. | და არ იყოთ, რომელთაც თქვეს: შევისმინეთ ჩვენ! მაგრამ არ ესმით მათ. |
22. | უეჭველად, ალლაჰის წინაშე, სულიერთა შორის, ყველაზე უარესნი არიან ყრუნი და მუნჯნი , რომელნიც არ მოეგებიან გონს. |
23. | და მცირედი სიკეთეც რომ ეცნო მათში ალლაჰს, უსათუოდ მოჰგვრიდა მათ სმენას. და რომც შეესმინა, ეგენი მაინც პირს იბრუნებდნენ, და უარმყოფელნი არიან ეგენი! |
24. | ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შეისმინეთ ალლაჰისა და მისი შუამავლისა, როცა მოგიწოდებენ იმისკენ, რაც სიცოცხლეს განიჭებთ . და იცოდეთ, რომ ალლაჰი აღწევს ადამიანსა და მის გულს შორის და უეჭველად, მასთან იქნებით შეკრებილნი ! |
25. | მოკრძალებული იყავით გამოცდისადმი, რომელიც მხოლოდ მათ კი არ ეწევათ, რომელთაც ჩაიდინეს უსამართლობა. და იცოდეთ, უეჭველად, ალლაჰის სასჯელი მკაცრია! |
26. | და გაიხსენეთ, აკი, თქვენ იყავით მცირერიცხოვანი და სუსტნი დედამიწაზე . როცა გეშინოდათ, რომ ხელთ არ ეგდეთ კაცთ, მაშინ შეგიკედლათ თქვენ და თავისი შეწევნით გაგაძლიერათ და მოგმადლათ სიკეთენი , ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ! |
27. | ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ უღალატოთ ალლაჰსა და მის შუამავალს, და არ უღალატოთ მინდობილს თქვენდა, და თქვენ ეს იცით! … |
28. | და იცოდეთ, რომ თქვენი ქონება და თქვენი შვილები ცდუნებაა, და უეჭველად, ალლაჰთანაა დიდი საზღაური! |
29. | ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ ალლაჰის შიში გექნებათ, მოგაგებს თქვენ ჭეშმარიტებისა და ცდომილების გარჩევის უნარს; დაფარავს თქვენს სიავენს და მოგიტევებთ თქვენ. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მქონეა! |
30. | და აკი, გეგმავდნენ ოინებს შენდამი, რომელთაც უარყვეს , რათა შეეპყარი ან მოეკალი ან გაეძევებინე შენ. და ოინებს აწყობდნენ ეგენი და ალლაჰიც მოუწყობს ოინს ; და ალლაჰი ოინის მომწყობთაგან ყველაზე უკეთესია. |
31. | და როცა ჩვენი აიათები ეკითხებათ მათ, ამბობენ: გვსმენია უკვე ჩვენ. რომ მოვინდომოთ, დიახაც, რომ ჩვენც ვიტყვით ამისთანას . ეს ხომ მხოლოდ ზღაპრებია უწინდელი. |
32. | და აკი, თქვეს მათ: ღმერთო ჩვენო! თუ ეს ჭეშმარიტება შენგანაა, მაშ, გააწვიმე ჩვენდა ქვები ზეციდან, ან გვაწიე ჩვენ მწარე სასჯელი! |
33. | და არ იქნება, ალლაჰმა დასაჯოს ეგენი , როცა მათთან ხარ შენ; და სანამ შენდობას ითხოვენ, არ იქნება ალლაჰმა დასაჯოს ეგენი. |
34. | და რა აბადიათ მათ, რომ არ დასაჯოს ალლაჰმა? და ეგენი სდევნიან მესჯიდი ჰარამიდან , ხოლო არ არიან ეგენი მისი მცველები , მხოლოდ ღვთისმოშიშნი არიან მცველები მისი, მაგრამ არ უწყიან უმეტესობამ მათგან. |
35. | და სხვა რამ არ იყო მათი ლოცვა ღმერთის სახლთან, გარდა სტვენისა და ტაშისცემისა . მაშ, იგემეთ ტანჯვა იმისთვის, რასაც უარყოფდით! |
36. | უეჭველად, რომელთაც უარყვეს, ხარჯავენ ქონებას, რათა ალლაჰის გზა აღუკვეთონ. შემოეხარჯებათ იგი, შემდეგ შეიპყრობს მათ საშინელი მონანიება, მერე კი ძლეულნი იქნებიან . და ჯოჯოხეთში შეიკრიბებიან, რომელთაც უარყვეს. |
37. | რათა ალლაჰმა გამოარჩიოს ბილწი კარგისგან ; და რათა ერთმანეთზე დააწყოს ბილწნი, ერთად შეკრას და ამრგვარად ჯოჯოხეთში განაწესოს ისინი. სწორედ, ეგენი არიან წაგებულნი! |
38. | უთხარი, რომელთაც უარყვეს : თუ ისინი შეწყვეტენ , მიეტევება მათ რაც წარსულში იყო. და თუ დაუბრუნდებიან , უეჭველად, წინათ მოქმედი კანონი ძალაში შევა. |
39. | და შეებრძოლეთ მაგათ იქამდე, სანამ არ გაქრება ცდუნება და არ იქნება სარწმუნოება მთლიანად ალლაჰისა . ხოლო თუ შეწყვეტენ ისინი , უეჭველად, ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიან. |
40. | და თუ სახეს აქცევენ , მაშინ იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰი თქვენი მფარველია. რა მშვენიერი მფარველია იგი! და რა დიდებული შემწეა იგი! |
41. | და იცოდეთ, რომ თუ რამე ალაფს მოიპოვებთ, უეჭველად, ამის მეხუთედი ალლაჰისაა , მისი შუამავალის და ახლო ნათესავების , ობლებისა და უპოვრების და მგზავრების. თუკი თქვენ ირწმუნეთ ალლაჰი , და რაც მოვუვლინეთ ჩვენს მსახურს განსხვავების დღეს ; იმ დღეს, როცა ორი ლაშქარი შეხვდა ერთმანეთს. და ალლაჰი ყოვლისშემძლეა! |
42. | აკი , იმყოფებოდით თქვენ დაბლობის ახლო მხარეს, ისინი კი დაბლობის მოშორებულ მხარეს, ხოლო ქარავანი თქვენს ქვემოთ იყო . და რომ დაგეთქვათ , ვერ შეთანხმდებოდით დროზე. ეს იმიტომ, რომ ალლაჰს სისრულეში უნდა მოეყვანა , რათა ცხადი მტკიცებულებით გაენადგურებინა გასანადგურებელი, და გადაერჩინა გადასარჩენი. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა! |
43. | აკი, ალლაჰმა შენ მცირერიცხოვნად მოგაჩვენა ისინი ძილში. და რომ ეჩვენებინა მრავალრიცხოვნად, სულით დაეცემოდით და უთანხმოებას მიეცემოდით ამ საქმეში. მაგრამ ალლაჰმა გიხსნათ თქვენ . უეჭველად, იგი უწყის გულისნადებს! |
44. | და აკი, მოგაჩვენა მცირერიცხოვნად ისინი თქვენს თვალნში , ხოლო მათ თვალებში თქვენ გაგხადა მცირერიცხოვანი , როცა ერთმანეთს გადაეყარეთ. ეს იმიტომ, რომ ალლაჰს სისრულეში უნდა მოეყვანა. და საქმენი ალლაჰთან მიიქცევიან. |
45. | ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა ხვდებით რაზმს , სიმტკიცე გამოიჩინეთ და მრავალჯერ ახსენეთ ალლაჰი, ეგების გადარჩეთ. |
46. | და ჰმორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს და არ შეეცილოთ ერთმანეთს, თორემ სულით დაეცემით და ძალას დაკარგავთ. და იყავით მომთმენნი, უეჭველად, მომთმენთანაა ალლაჰი! |
47. | და ნუ იქნებით მსგავსი მათი, რომელნიც თავიანთი სახლებიდან ქადილითა და ხალხის დასანახად გამოვიდნენ, და ეღობებიან ალლაჰის გზაზე. ხოლო ალლაჰი გარემოიცავს, რასაც სჩადიან. |
48. | და აკი, ეშმაკმა მოუკაზმა მათ საქმენი მათი და უთხრა: არ იქნება კაცთაგან თქვენი მძლეველი ამ დღეს. და უეჭველად, მე მოკავშირე ვარ თქვენი . ხოლო ერთმანეთს როცა შეერკინა ორი რაზმი, შეტრიალდა და გაიქცა იგი, და თქვა: უეჭველად, მე შორსა ვარ თქვენგან . უეჭველად, მე ვხედავ იმას, რასაც თქვენ ვერ ხედავთ . ნამდვილად, მე მეშინია ალლაჰის , რამეთუ ალლაჰის სასჯელი მკაცრია! |
49. | აკი, ამბობდნენ ორპირნი და რომელთაც სენი უზით გულებში : „შეაცდინა ეგენი თავიანთმა რწმენამ“. ხოლო ვინც სასოებს ალლაჰს, უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია! |
50. | და ნეტავ მაშინ განახა , როცა მიიბარებენ ანგელოზები მათ, რომელთაც უარყვეს. მათ სცემენ სახეში და ზურგში და აგემებენ მწველ სასჯელს! |
51. | ეს იმისთვის, რაც წაიმძღვარეს თქვენმა ხელებმა. და უეჭველად, ალლაჰი არ არის უსამართლო მსახურთა მიმართ! |
52. | ფარაონის ხალხის ამბისა არ იყოს და რომელნიც მათ უწინ იყვნენ: უარყვეს მათაც ალლაჰის აიათები, და დასაჯა ალლაჰმა ეგენი მათი ცოდვებისათვის, უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია და მკაცრ სასჯელიანია! |
53. | ეს იმიტომ, რომ ალლაჰი მანამ არ შეცვლის წყალობას, რომელიც ხალხს უწყალობა, სანამ ისინი არ გადააცდენენ საკუთარ თავს. და უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა! |
54. | ფარაონის ხალხის ამბისა არ იყოს და რომელნიც მათ უწინ იყვნენ: უარყვეს მაგათ თავიანთი ღმერთის აიათები, და ამგვარად ჩვენ გავანადგურეთ ისინი მათი ცოდვების გამო, დავახრჩეთ ფარაონის ხალხი. და ყველანი უსამართლონი იყვნენ ისინი. |
55. | უეჭველად, ალლაჰის წინაშე ყველაზე უარესი, სულიერთა შორის, არიან ისინი, რომელთაც უარყვეს. ასე,რომ არ ირწმუნებენ ეგენი. |
56. | რომელთაგანაც პირობა მიიღე , მერე ყოველთვის არღვევენ თავიანთ პირობას და არ ეშინიათ მაგათ. |
57. | მაგრამ თუკი შეიპყრობ ომში, მაშინ დასაჯე ისინი თავიანთ შემდგომთა სამაგალითოდ, ეგების შეიგონონ მაგათმა! |
58. | და თუ ნამდვილად შიშობ იმ ხალხისგან ღალატს, მაშინ დაარღვიე მათდამი აღთქმა სამართლიანად . უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს მოღალატენი! |
59. | და არ იფიქრო , რომელთაც უარყვეს, დაუსხლტებიან მას . უეჭველად, ისინი გაქცევას ვერ შეძლებენ! |
60. | და განამზადეთ მათთვის , რაც შეგეძლებათ, ძალა და საბრძოლო ცხენები , დააშინეთ ამით ალლაჰის მტრები, თქვენი მტრები და სხვები მათ გარდა, რომელნიც არ იცით თქვენ, ხოლო ალლაჰმა იცის. და რასაც გაიღებთ ალლაჰის გზაზე, სრულად მოგეგებათ თქვენ უკან და თქვენ არ დაიჩაგრებით! |
61. | და თუ მშვიდობისკენ გადაიხრებიან, მაშ, მისკენ გადაიხარე შენც და მიენდე ალლაჰს. უეჭველად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა! |
62. | და თუ მოინდომეს, რომ მოგატყუონ შენ , უეჭველად, ალლაჰი კმარა შენთვის. იგია, რომელმაც გაგაძლიერა შენ თავისივე შემწეობით და მორწმუნენიც. |
63. | და შეაკავშირა მათი გულები. შენ რომ გაგეღო, რაც რამ მიწაზეა, ყველაფერი, მაინც ვერ შეაკავშირებდი მათ გულებს, მაგრამ ალლაჰმა შეაკავშირა ისინი. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, ბრძენია! |
64. | ჰეი, შუამავალო! ალლაჰი კმარა შენთვის და იმ მორწმუნეთათვის, ვინც გამოგყვა შენ! |
65. | ჰეი, შუამავალო! შეაგულიანე მორწმუნენი ბრძოლისათვის . ოცი მომთმენი თუ იქნა თქვენგან, ორასსა ძლევს, და ასი თუ იქნა თქვენგან, ძლევს ათასს, რომელთაც უარყვეს; რადგანაც ისინი უგუნური ხალხი არიან. |
66. | ახლა შვება მოგცათ ალლაჰმა. უწყის, რომ სუსტი ხართ თქვენ. და თუ ასი მომთმენი იქნა თქვენგან, ორასსა ძლევს, და თუ ათასი იქნა თქვენგან ძლევს ორიათასს, ალლაჰის ნებით, და ალლაჰი მომთმენლებთანაა! |
67. | და არ შეშვენის შუამავალს ტყვეთა აყვანა, სანამ ქვეყანაზე გამარჯვებას არ მოიპოვებს. თქვენ ამქვეყნიური სიკეთეები გსურთ, და ალლაჰს ნებავს იმქვეყნიური. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია. |
68. | და რომ არ ყოფილიყო ალლაჰისგან დაწერილი , გეწეოდათ თქვენ საშინელი ტანჯვა, რაც აიღეთ , იმისთვის! |
69. | მაშ, ალალად და კეთილად მირთვით რაც კი რამ ნადავლად ხელთ ჩაგივარდათ, და გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია! |
70. | ჰეი, შუამავალო! უთხარი ტყვეებს, ვინც თქვენ ხელთ გყავთ: თუ შეატყობს ალლაჰი თქვენს გულებში სიკეთეს , იმაზე უკეთესს გიბოძებთ, რაც წაგერთვათ, და მოგიტევებს თქვენ. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია. |
71. | და თუ მოინდომებენ ისინი შენს ღალატს, ასევე უღალატეს მათ ალლაჰს მანამდეც , მაშ, შესაძლებლობა მოგცა მათ წინაშე . და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია! |
72. | უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ და იბრძოლეს ალლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით; და რომელთაც შეიფარეს და დაეხმარნენ მათ, ესენი არიან მეგობრები ერთმანეთისა. და რომელთაც ირწმუნეს და არ გადასახლებულან, მოვალენი არ ხართ დაიცვათ, ვიდრე არ გადასახლდებიან. ხოლო, თუ სარწმუნოების გამო დახმარება გთხოვონ, ვალდებული ხართ დაეხმაროთ, გარდა იმ ხალხის წინააღმდეგ, ვისთანაც შეთანხმება გაქვთ დადებული. რამეთუ ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიხართ თქვენ! |
73. | რომელთაც არ ირწმუნეს, ერთმანეთის მეგობრები არიან. და თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ , დედამიწაზე დიდი არეულობა და უწესობა იქნება. |
74. | და რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ და იბრძოლეს ალლაჰის გზაზე, და რომელთაც შეიფარეს და დაეხმარნენ მათ, სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტი მორწმუნენი. მათთვისაა მიტევება და სარჩო გულუხვი ! |
75. | და რომელთაც ირწმუნეს ამის შემდგომ და გადასახლდნენ და იბრძოლეს თქვენთან ერთად, თქვენგანნი არიან ეგენი . ნათესავნი უფრო ახლონნი არიან ერთმანეთისა ალლჰის წიგნში. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა! |