1. ელიფ, ლამ, მიმ, სად.
2. აი, წიგნი მოვლენილი შენდა, მორწმუნეთა დასარიგებლად და მათ შესაგონებლად. მაშ, იმის გამო არ ჩაიდო გულში ნაღველი!
3. (უთხარი მათ) გაჰყევით იმას, რაც ზემოგევლინათ თქვენ თქვენი ღმერთისგან და არ დაიდგინოთ მის გარდა მეგობარი . და რაოდენ მწირია თქვენი თვალთახედვა.
4. და რამდენი დასახლება გავანადგურეთ ჩვენ! აჰა, ეწია მათ ჩვენი რისხვა დღისით ან ღამით, როცა ეძინათ.
5. და, როცა ჩვენი რისხვა დაატყდებოდათ, სხვა არღა იყო რა მათი ძახილი, თუ არა მოთქმა: „უეჭველად, უსამართლონი ვიყავით ჩვენ!“
6. მაშინ, აუცილებლად მოვკითხავთ მათ, რომელთაც შუამავალნი მოევლინათ და აუცილებლად მოვთხოვთ შუამავალთაც .
7. და დიახაც, აუცილებლად მოვუყვებით ცოდნით, და არ ვიყავით ჩვენ მიღმა .
8. და იმ დღეს სასწორიც ჭეშმარიტებაა და ვისი ასაწონიც გადაწონის, სწორედ ისინი იქნებიან ნეტარნი.
9. და ვისი ასაწონიც მსუბუქი იქნება , სწორედ ისინი არიან, რომელთაც თავიანთი თავი წაიწყმიდეს იმით, რომ ჩვენ აიათებს უსამართლოდ ეპყრობოდნენ.
10. და ვფიცავ, ჩვენ დაგამკვიდრეთ ქვეყანაზე და ჩვენ დაგიდგინეთ საარსებო. რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება?!
11. და ვფიცავ, ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ , მერე ჩვენ გამოვსახეთ სახე თქვენი. მერე ვუბრძანეთ ანგელოზებს, სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის! და ყველა მათგანმა სეჯდე აღასრულა, ეშმაკის გარდა , და სეჯდეს აღმსრულებთაგან არ იყო იგი.
12. უთხრა : რამ დაგაბრკოლა შენ, რომ არ აღასრულე სეჯდე, როცა მე გიბრძანე? მიუგო : მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, და ის ტალახისგან გააჩინე შენ.
13. უთხრა : ჩადი აქედან . აქ არა გაქვს ქედმაღლობის უფლება შენ. ახლავე გადი აქედან! უეჭველად, დამცრობილი ხარ შენ!
14. მიუგო : ვადა გადამიწიე იმ დღემდე, როცა აღდგენილნი იქნებიან ისინი.
15. უთხრა : უეჭველად, ვადაგადაწეულთაგან ხარ შენ.
16. მიუგო : რაკი ჩემი გზიდან გადაცდენა ინებე, უთუოდ, ჩავუსაფრდები მე მათ შენს სწორ გზაზედ ;
17. მერე, უთუოდ, გამოვეცხადები წინიდან და უკნიდან, მარჯვნიდან და მარცხნიდან . და ვერ ჰპოვებ მათგან უმეტესს მადლიერს.
18. უთხრა: გადი აქედან გაწბილებული და განდევნილი. უთუოდ, მათგან ვინც გამოგყვება შენ, დიახაც, რომ ამოვავსებ სულყველათი ჯოჯოხეთს!
19. და : ჰეი ადამ! დასახლდით შენ და შენი ცოლი სამოთხეში, აქაური ნაყოფი ჭამეთ (თქვენ ორმა) რამდენიც გენებოთ და სადაც გენებოთ (თქვენ ორს), მაგრამ ამ ხეს არ გაეკაროთ (თქვენ ორმა), რომ არ იქცეთ (თქვენ ორი) უსამართლონი!
20. მაშინ ეშმაკმა ეჭვი ჩაუგდო მათ, რათა ცხადი ექმნა მათთვის, რაც დაფარული იყო სასირცხოთაგან მათთვის და უთხრა: თქვენმა ღმერთმა მხოლოდ იმიტომ აგიკრძალათ ეს ხე, რომ არ გამხდარიყავით ანგელოზები ან უკვდავები.
21. და მათ ორივეს შეჰფიცა : უეჭველად, თქვენთვის კეთილის მრჩეველი ვარ მე.
22. და ასე ცდუნებით წარუძღვა იმ ორივეს და როცა მათ გასინჯეს იმ ხიდან , გამოუჩნდათ საკუთარი სარცხვენელი , და დაიწყეს სამოთხის ფოთლების მიკვრა . და მათ მოუხმო თავიანთმა ღმერთმა: ნუთუ არ ამიკრძალავს თქვენთვის ეს ხე და განა არ მითქვამს თქვენთვის, უეჭველად, ეშმაკი ცხადი მტერია თქვენი?!
23. მიუგეს ორივემ : ღმერთო ჩვენო! უსამართლოდ მოვექეცით საკუთარ თავს და თუ არ მოგვიტევებ და არ შეგვიწყალებ, უეჭველად, ჩვენ წაგებულთა შორის აღმოვჩნდებით!
24. უთხრა : ჩამოდით, მტერნი ხართ ერთურთისა. და თქვენთვისაა მიწაზე საცხოვრებელი და საბადებელი განსაზღვრულ დრომდე .
25. ბრძანა : იქ იცხოვრებთ და იქვე მოკვდებით და იქიდან აღმოცენდებით.
26. ჰეი, ადამის შვილნო! ჩვენ მოგივლინეთ თქვენ სამოსი თქვენთა სარცხვინებელთა დასაფარად და შესალამაზებლად, და ღვთისმოშიშობის სამოსელი , სწორედ ესაა უკეთესი. აი, ესაა ალლაჰის აიათები, ეგების გულისხმაჰყონ მათ!
27. ჰეი, ადამის შვილნო! არ გაცდუნოთ ეშმაკმა, როგორც თქვენი მშობლები გამოიყვანა სამოთხიდან, სამოსი გახადა, რათა მათთვისვე თავიანთივე სარცხვენელი ეჩვენებინა. უეჭველად, იგი და მისი ხროვა გხედავთ იქიდან, საიდანაც თქვენ მათ ვერ ხედავთ . უეჭველად, ჩვენ მეგობრებად დავუდგინეთ ეშმაკნი მათ, რომელთაც არ ირწმუნეს.
28. და როცა ისინი საზიზღრობას სჩადიან , ამბობენ: ამაზე ვპოვეთ ჩვენი მამები, და ალლაჰმა გვიბრძანა ეს. უთხარი: უეჭველად, ალლაჰი არ გიბრძანებთ საზიზღრობებს. ნუთუ ამბობთ ალლაჰზე იმას, რაც არ იცით?
29. უთხარი: ჩემმა ღმერთმა სამართლიანობა ბრძანა და ყოველ სალოცავთან თქვენი სახეები მისკენ(ყიბლე) მიაპყარით და წრფელი გულით ღვთისმსახურებები მხოლოდ მისი კმაყოფისთვის აღავლინეთ. როგორც თავიდან გაგაჩინათ, ისე მიბრუნდებით (მასთან) თქვენ!
30. ზოგიერთნი სწორ გზაზე დაადგინა, ზოგიერთს კი გზააბნევა არგუნა წილად. უეჭველად, მათ ალლაჰის მაგივრად ეშმაკნი აიყვანეს მფარველად და თვლიან, რომ სწორ გზას ადგანან.
31. ჰეი, ადამის შვილნო! აიღეთ თქვენი მორთულობა ყოველ სალოცავთან, ჭამეთ და სვით, და არ გადახვიდეთ ზღვარს, უეჭველად, მას არ უყვარს ზღვარგადასულნი.
32. ჰკითხე: ვის ძალუძს აკრძალოს მორთულობა და სანუკვარი სარჩოთაგანი ალლაჰის მიერ თავის მსახურნზე ნაბოძები? უთხარი: ეს მათთვისაა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და კერძოდ, აღდგომის დღეს, რომელთაც იწამეს. ამგვარად განვმარტავთ აიათებს ჩვენ იმ ხალხისთვის, აცნობიერებენ რომელნიც.
33. უთხარი: ღმერთმა ჩემმა მხოლოდ საზიზღრობები აკრძალა, როგორც აშკარა, ისე დაფარული, და ურჩობა და უსამართლო მძლავრობა , და ის, რომ ალლაჰს არ გაუჩინოთ მოზიარე, რაზეც მტკიცებულება არ მოუვლენია; და რომ თქვათ ალლაჰზე ის, რასაც არ უწყით .
34. და ყველა თემს თავისი დადგენილი დრო აქვს და როცა მოვა დრონი მათნი, არც ერთი საათით გადავადდება და არც დაჩქარდება!
35. ჰეი, ადამის შვილნო! როცა თქვენთან მოვლენ თქვენსავე წიაღიდან შუამავალნი და განგიცხადებენ ჩემს აიათებს, ამის შემდეგ ვინც ღვთისმოშიში იქნება და გამოსწორდება, არცა შიში ექნებათ მათ, და არცა დამწუხრდებიან ეგენი !
36. და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები და ქედმაღლობდნენ მათ მიმართ , სწორედ ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი. და იქ იქნებიან სამუდამოდ დამკვიდრებულნი!
37. და ვინაა იმაზე უფრო უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუე მოიგონა , ან უარყო მისი აიათები? მაგათ ეწევა თავიანთი წერა წიგნიდან , ხოლო როცა წარგზავნილნი მიაკითხავენ, რათა მიიბარონ ისინი, ეტყვიან: სად არიან ისინი, რომელთაც თქვენ ალლაჰის ნაცვლად უხმობდით ? ისინი მიუგებენ: დაიკარგნენ ჩვენგან . და დაამოწმეს თავიანთ წინააღმდეგ , რომ ურწმუნონი იყვნენ.
38. ბრძანებს : „შედით ცეცხლში, ადამიანთა და ჯინთა მოდგმის გვერდით, რომელნიც თქვენ უწინ გარდასულან!“ ყოველი მოდგმის შესვლისას დასწყევლის მოძმე თავისი , სანამ ყველანი ერთმანეთს შეხვდება იქ, მაშინ შემდგომნი იტყვიან პირველებზე: ღმერთო ჩვენო, ესენი არიან, ვინც გვაცდუნეს ჩვენ და არგუნე იმათ ორმაგი სასჯელი ცეცხლისა.“ იტყვის : „ყველას ორმაგი სასჯელი გაქვთ, მაგრამ თქვენ არ უწყით!
39. და პირველებმა უთხრეს შემდგომთ: თქვენ არ გაქვთ რაიმე უპირატესობა ჩვენზე . „მაშ, იგემეთ სასჯელი იმისთვის, რასაც იხვეჭავდით“!
40. და რომელთაც უარყვეს ჩვენი აიათები და ქედმაღლობდნენ მათ მიმართ, არ გაეხსნებათ მათ ზეცის კარები და ვერ შევლენ სამოთხეში, ვიდრე აქლემი არ გაძვრება ნემსის ყუნწში . და ამგვარად დავსჯით ჩვენ ცოდვილთ!
41. მათთვისაა ჯოჯოხეთისგან საწოლი და ზემოდან საბანი . აი, ასე ვსჯით უსამართლონს!
42. და რომელთაც ირწმუნეს და თესეს სიკეთენი, ჩვენ არ ვაკისრებთ არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც ძალუძს. სწორედ, ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი, იქ დარჩებიან სამუდამოდ.
43. და ჩვენ ძირფესვიანად ამოვაცალეთ რა ზიზღიც ჰქონდათ გულში, მდინარეები მიედინება მათ ქვემოთ, და იტყვიან ისინი: ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც დაგვადგინა ამას! ვერ დავედგინებოდით, რომ არ დავედგინეთ ალლაჰს. ვფიცავ, რომ ჭეშმარიტება მოუტანიათ ჩვენი ღმერთის შუამავალთ. და მოეწოდებათ მათ: აი, სამოთხენი, რომელიც გებოძათ მემკვიდრეობად იმისთვის, რასაც აკეთებდით!
44. და სამოთხის მკვიდრნი გასძახებენ ცეცხლის მკვიდრთ: ჩვენ ვიხილეთ, რაც აღგვითქვა ღმერთმა ჩვენმა ნამდვილად. მაშ, თქვენ თუ იგემეთ, რაც აღგითქვათ ღმერთმა თქვენმა ნამდვილად? თქვეს: დიახ! და ამცნობს გზირი მათ შორის: რომ წყევლა ალლაჰისა უსამართლოთა ზედაა!
45. რომელნიც აცდუნებენ ალლაჰის გზიდან და სურთ მისი გამრუდება, სწორედ ეგენი არიან საიქიოს უარმყოფელნი.
46. და მათ შორისაა რიდე და აღრაფზე კაცნი , რომელნიც ყველას ამოიცნობენ თავიანთი სახენით და გასძახებენ სამოთხის მკვიდრთ: მშვიდობა თქვენდა! და ეგენი ჯერ არ შესულან მასში, მაგრამ იმედი აქვთ.
47. და როცა მზერა ჯოჯოხეთის მკვიდრთა მხარეს მიაპყრეს, თქვეს: ღმერთო ჩვენო, არ ჩაგვრიცხო უსამართლო ხალხთან ერთად!
48. და გასძახეს აღრაფის ხალხმა იმ კაცთ , რომელთაც იცნობენ თავიანთი სახენით, და უთხრეს: ვერ გიშველათ თქვენმა მონაგარმა და ვერც ქედმაღლობამ თქვენმა!
49. განა ეგენი არიან, რომლებზეც იფიცებოდით , რომ ალლაჰის წყალობა არ ეწეოდათ? შედით სამოთხეში ! შიში არ გექნეთ და არცა დამწუხრდეთ თქვენ!
50. და გასძახეს ჯოჯოხეთის ბინადრებმა სამოთხის მკვიდრთ: გადმოგვეცით წყალი ან ის, რაც ალლაჰმა სარჩოდ გიბოძათ . უთხრეს: უეჭველად, ალლაჰმა ორივე აკრძალა ურწმუნოთათვის,
51. რომელთაც დაიდგინეს თავიანთი სარწმუნოება გართობად და თამაშად და აცდუნა ეგენი ამქვეყნიურმა ცხოვრებამ. ამრიგად, ჩვენც დავივიწყებთ მათ , როგორც მათ დაივიწყეს ამ დღესთან შეხვედრა და უარყოფდნენ ჩვენს აიათებს.
52. უეჭველად, ჩვენ მივაწოდეთ მათ ერთი წიგნი , მორწმუნე ხალხთათვის წყალობად და ჭეშმარიტ გზად, რომელიც სიბრძნით განვმარტეთ ჩვენ.
53. განა ეგენი მხოლოდ ელიან ახსნა-განმარტებას ? იმ დღეს, როცა ის განიმარტება , იტყვიან, რომელთაც ადრე დაივიწყეს იგი: „ჩვენთან უკვე იყვნენ მოსულნი ჩვენი ღმერთის შუამავალნი ჭეშმარიტებით. და ახლა თუ გვყავს ჩვენ ქომაგნი, რომ დაგვიფარონ? ან იქნებ დავბრუნდეთ, რომ ის არ ვაკეთოთ, რაც გვიკეთებია ? მათ წაიწყმიდეს უკვე თავიანთი სულნი ; და ეგენი მიატოვა (განსაცდელში) იმან, რასაც იგონებდნენ!
54. უეჭველად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ ამაღლდა ‘არშზე. ის ღამეს დღით ფარავს, რომელიც უმალ მოსდევს მას. მზე, მთვარე და ვარსკვლავები მორჩილებენ მას. განა, მხოლოდ მას არ ეკუთვნის გაჩენა და მბრძანებლობა? რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!
55. შეევედრეთ ღმერთსა თქვენსა ქენებითა და ჩუმად. უეჭველად, არ უყვარს მას ზღვარგადასულნი!
56. და არ არიოთ ქვეყანა მისი კეთილმოწესრიგების შემდგომ . და შეევედრეთ მას შიშითა და სასოებით . უეჭველად, ალლაჰის წყალობა ახლოსაა კეთილისმთესველთან.
57. და იგია, რომელიც აგზავნის თავისი წყალობის წინ ქარებს მახარობლად და როცა დამძიმებულ ღრუბელს დაძრავენ ისინი, ჩვენ მათ გადავისვრით მკვდარი მიწისაკენ და მისგან წყალს გარდმოვავლენთ. ასე აღმოვაცენებთ მისით ყოველგვარ ნაყოფს. ამგვარად ვაცოცხლებთ მკვდრებს, ეგების იყოთ გონებამახვილნი!
58. მშვენიერ ქალაქში მცენარეები უხვად ხარობენ ღმერთის ნებით , ხოლო რომელიც ცუდია , მხოლოდ უსარგებლო რამ აღმოცენდება . ამგვარად ვმარტავთ აიათებს ხალხთათვის, რომელნიც მადლიერნი არიან!
59. და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან და აკი, უთხრა მათ: ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ გყავთ სხვა ღმერთი, გარდა მისი. უეჭველად, მეშინია მე თქვენს გამო უდიდესი დღის სასჯელისა !
60. თქვეს თავის ხალხიდან თავკაცნმა: უეჭველად, ჩვენ გხედავთ შენ აშკარა გზააბნევაში.
61. მიუგო: ჰეი, ხალხო ჩემო! არ ვარ მე გზააბნევაში, მე შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთისა.
62. მე გადმოგცემ თქვენ დანაბარებს ჩემი ღმერთის და თქვენ შეგაგონებ; და მე ვიცი ალლაჰისგან, რაც არ იცით თქვენ!
63. ნუთუ გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთის დანაბარები ერთ კაცს ებოძა თქვენგან, რათა შეგაგონოთ თქვენ და მოკრძალებული იყოთ თქვენ, და თქვენ ეგების შეწყალებული იქნეთ?!
64. მაგრამ ცრუდ შერაცხეს იგი. ხოლო ჩვენ ვიხსენით ისიც და ვინც იყო მასთან ერთად გემში. და დავახრჩეთ, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები. უეჭველად, ბრმა ხალხი იყვნენ ეგენი.
65. და ადის ხალხთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა. ეგების შეიქმნეთ ღვთისმოშიშნი?!
66. უთხრეს თავკაცებმა, რომელთაც უარყვეს: უეჭველად, გხედავთ უმეცრებაში შენ და უეჭველად, მატყუართაგან გვგონიხარ ჩვენ .
67. უთხრა: ხალხო ჩემო! მე არ ვარ უმეცარი, არამედ მე შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთისა.
68. მე თქვენ გაუწყებთ გარდმოვლენილ მოწმობანს ჩემი ღმერთის; და სანდო მრჩეველი ვარ თქვენთვის.
69. ნუთუ გიკვირთ, რომ თქვენი ღმერთის უწყება ერთ კაცს ებოძა თქვენგან, რათა შეგაგონოთ თქვენ? და გაიხსენეთ როცა მან დაგადგინათ შემცვლელებად ნუჰის ხალხის შემდგომ და გქმნათ თქვენ ახოვანი და ტანადი . მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი, ეგების გადარჩენილი იქნეთ თქვენ!
70. უთხრეს: განა იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რომ თაყვანი ვცეთ მხოლოდ ალლაჰს და თავი ვანებოთ იმას, რასაც ეთაყვნებოდნენ ჩვენი მამები? მაშ მოგვიტანე ის რითაც გვაშინებდი, თუკი ხარ მართალი შენ!
71. მიუგო: თქვენ უკვე თავს დაგატყდათ სასჯელი და რისხვა თქვენი ღმერთისგან. ნუთუ იმ სახელების გამო მეჭიდილებით , რომელიც არქვით თქვენ და თქვენმა მამებმა; ხოლო ალლაჰს არავითარი მტკიცება არ მოუვლენია ამაზე . მაშ, დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები!
72. შემდეგ ჩვენი წყალობით, გადავარჩინეთ იგი და რომელნიც იყვნენ მასთან ერთად . ხოლო რომელთაც სიცრუედ ჩათვალეს ჩვენი აიათები, და არ იყვნენ მორწმუნენი, ამოვძირკვეთ ძირფესვიანად ეგენი.
73. და სემუდელებთან მათი ძმა სალიჰი . უთხრა: ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა. თქვენ მოგივიდათ უკვე ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისგან. ხოლო ეს დედალი აქლემი სასწაულად თქვენთვის ალლაჰისგან. მაშ, გაუშვით იგი, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და არ შეეხოთ მას ბოროტად , თორემ მწარე სასჯელი შეგიპყრობთ თქვენ!
74. და გაიხსენეთ, როცა თქვენ დაგადგინათ შემცვლელებად ადის ხალხის შემდეგ და დაგაბინავათ დედამიწაზე, რომლის ველებზეც სასახლეებს აგებდით და რომლის მთებზეც სახლებს კვეთდით . მაშ, გაიხსენეთ ალლაჰის სიკეთენი და არა ჰქმნათ ქვეყნად ბოროტება ავკაცობით!
75. ჰკითხეს მათ თავკაცებმა, რომელნიც ქედმაღლობდნენ მისი ხალხისგან, რომელთაც თვლიდნენ უძლურებად, და ვინც იწამა მათ შორის : განა ნამდვილად იცით თქვენ, რომ სალიჰი თავისი ღმერთის მიერ არის წარმოგზავნილი? მიუგეს: უეჭველად, ჩვენ ვიწამეთ იგი, რაც მოევლინა მას.
76. რომელნიც ქედმაღლობდნენ, თქვეს: უეჭველად, უარმყოფელნი ვართ იმისა, რაც იწამეთ თქვენ.
77. შემდეგ დაკლეს დედალი აქლემი და გადასცდნენ თავიანთი ღმერთის ბრძანებას, და უთხრეს: ჰეი, სალიჰ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ შუამავალთაგანი შენ!
78. მაშინ შეიპყრო ისინი ძლიერმა მიწისძვრამ და იქმნენ თავიანთ სახლებში დაჩოქილი მუხლებზე .
79. მაშინ გატრიალდა მათგან და უთხრა: ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, მე გადმოგეცი თქვენ ჩემი ღმერთის უწყება! და თქვენ რჩევა მოგეცი, მაგრამ თქვენ არ გიყვართ კეთილისმრჩეველნი.
80. და ლუტი, აკი, უთხრა თავის ხალხს : განა, უნდა სჩადიოდეთ ისეთ სისაძაგლეს თქვენ, რაც სამყაროთაგან არავის ჩაუდენია აქამდე?
81. უეჭველად, თქვენ ქალების ნაცვლად, კაცებთან მიდიხართ ვნებით. მართლაც, რომ აღვირახსნილი ხალხი ხართ თქვენ!
82. და არ იყო პასუხი მისი ხალხისა, გარდა თავიანთი აზრის გამოთქმისა: გააძევეთ ისინი თქვენი ქალაქიდან. უეჭველად, ეგენი არიან ხალხი, რომელთაც ნამეტანი უმწიკვლოება სურთ!
83. ამრიგად, გადავარჩინეთ იგი და ოჯახი მისი, ცოლის გამოკლებით, იგი დარჩენილთა შორის იყო .
84. და ჩვენ გავაწვიმეთ მათზე წვიმა . მაშ, შეხედე, როგორი იყო ცოდვილთა აღსასრული!
85. და მედიენელებთან მათი ძმა შუღეიბი. უთხრა: ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა. თქვენ მოგივიდათ უკვე ცხადი მტკიცება თქვენი ღმერთისგან . სრულად დაიცავით საზომი და სასწორი, არ წაართვათ ხალხს ის, რაც მათ ეკუთვნით, და არ გამოიწვიოთ არეულობა ქვეყნად , მისი კეთილმოწყობის შემდეგ. თუკი ხართ მორწმუნენი, ეს თქვენთვისვე უკეთესი!
86. და ნუ ჩაუსაფრდებით ყველა გზის სათავეში, რომ დაექადნოთ და აღუკვეთოთ ალლაჰის გზა ვინც იწამა, და სიმრუდე გწადიათ მისი. და გაიხსენეთ, ცოტანი რომ იყავით და შემდეგ გაგამრავლათ. შეხედეთ, როგორი იყო უკეთურთა აღსასრული .
87. და თუ ნაწილმა თქვენგან იწამა ის, რითაც მოვლენილ ვარ, და მეორე ნაწილმა არ იწამა, მაშინ მოითმინეთ, სანამ ალლაჰი არ განსჯის ჩვენს შორის, რამეთუ საუკეთესო მსაჯულია იგი!
88. და თქვეს თავკაცნმა მისი ხალხიდან, რომელნიც ქედმაღლობდნენ: უთუოდ, ჩვენი სოფლიდან გაგაძევებთ შენაც, შუღეიბ, და რომელთაც ირწმუნეს შენთან ერთად, ან უსათუოდ უნდა დაუბრუნდეთ ჩვენს რჯულს. მიუგო: თუნდაც ზიზღს ვგრძნობდეთ მის მიმართ?
89. ალლაჰს უთუოდ ცილს დავსწამებთ, თუკი დავუბრუნდებით თქვენს სარწმუნოებას მას შემდეგ, რაც ალლაჰმა გვიხსნა მისგან. და არ იქნება, ჩვენ დავუბრუნდეთ მას გარდა, ალლაჰის ნებისა, ჩვენი ღმერთისა. ჩვენი ღმერთი გარემოიცავს ცოდნით ყველაფერს. ჩვენ ალლაჰს ვჰმორჩილობთ. ღმერთო ჩვენო! განსაჯე ჩვენსა და ჩვენს ხალხს შორის ჭეშმარიტებით, რამეთუ შენ ხარ საუკეთესო მსაჯული!
90. და უთხრეს თავკაცნმა მისი ხალხიდან, რომელთაც უარყვეს: თუ თქვენ გაჰყვებით შუღეიბს, უეჭველად, წაგებულთა შორის იქნებით!
91. ამრიგად, შეიპყრო ეგენი ძლიერმა მიწისძვრამ და იქმნენ თავიანთ სახლებში დაჩოქილნი მუხლებზე.
92. და რომელთაც ცრუდ შერაცხეს შუღეიბი, ვითომც არ უცხოვრიათ იქ . რომელთაც ცრუდ შერაცხეს შუღეიბი, სწორედ ეგენი არიან დაზარალებულნი.
93. მაშინ გატრიალდა მათგან და უთხრა: ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, მე გადმოგეცით ჩემი ღმერთის უწყებანი! და დაგარიგე თქვენ , მაშინ რატომღა ვიდარდო ურწმუნო ხალხის გამო?
94. და ჩვენ არ წარგვიგზავნია არც ერთ ქალაქში შუამავალი, რომ მისი მკვიდრისთვის არ დაგვეტეხა უბედურება და გაჭირვება, ეგების შევედრებოდნენ ეგენი!
95. შემდეგ ცუდი კარგით ჩავუნაცვლეთ, ვიდრეღა გამრავლდნენ და თქვეს : ჩვენს მამებსაც სწვევიათ უბედურება და ბედნიერება . „ამრიგად, მოულოდნელად დავატეხეთ უბედურება და ვერ გრძნობდნენ ეგენი“!
96. და რომ იმ ქვეყნის ხალხს ერწმუნათ და თავი აერიდებინათ , უეჭველად, გარდავფენდით მათდა ცისა და ქვეყნის ხვავ-ბარაქას. მაგრამ ცრუდ შერაცხეს , ამიტომაც შევიპყარით ისინი იმის გამო, რაც მოიხვეჭეს!
97. ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ქვეყნის მკვიდრნი , როცა ეწეოდათ მათ ჩვენი რისხვა მძინარეთ ღამით?
98. ან უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ქვეყნის მკვიდრნი, როცა ეწეოდათ მათ ჩვენი რისხვა გართობისას დღისით?
99. ნუთუ მათ თავი დაიგულეს უსაფრთხოდ ალლაჰის მოხერხებისგან? ალლაჰის მოხერხებისგან უსაფრთხოდ მხოლოდ ის ხალხი იგულებს თავს, ვინც წააგებს ცხადი წაგებით.
100. ნუთუ ვერ შეიგნეს, რომელნიც მემკვიდრეობენ დედამიწას მისი ბინადრების შემდგომ, რომ, თუ ვინებებდით, მათი ცოდვების გამო ვაწევდით სასჯელს და დავუსვამდით მათ გულებზე ბეჭედს და ვეღარ შეისმენდნენ ეგენი!
101. აი, ეს ქალაქნი , რომელთა ზოგიერთ ამბებსაც გამცნობთ შენ . უეჭველად! მივიდნენ მათთან შუამავალნი მათივე წიაღიდან მოწმობანითურთ , მაგრამ (გონებამახვილნი) არ იყვნენ, რომ ერწმუნათ, რაც ცრუდ შერაცხეს ადრე. ასრე ასვამს ალლაჰი ბეჭედს ურწმუნოთა გულებს!
102. და ვერა ვჰპოვეთ ჩვენ მათგან უმრავლესში აღთქმის ერთგულება, მაგრამ ვჰპოვეთ მათგან უმრავლესი ნამდვილად გზააბნეული.
103. მერე წარვგზავნეთ მუსა მაგათ შემდგომ სასწაულებით ფარაონთან და თავის ხალხთან . მაშინ, უარყვეს მათ ისინი . მაშ, შეხედე, როგორი იყო უკეთურთა აღსასრული!
104. და უთხრა მუსამ: ჰეი, ფარაონო! უეჭველად, სამყაროთა უფალის შუამავალი ვარ მე!
105. ჭეშმარიტება იგია, რომ არ ვილაპარაკო ალლაჰზე, გარდა სიმართლისა! მე მოვედი თქვენთან ცხადი სასწაულით თქვენი ღმერთისგან. უკვე დროა გამოგზავნო ჩემთან ერთად შვილნი ისრაილისა !
106. უთხრა : თუკი მოხვედი სასწაულით , მაშ მოიტანე იგი, თუკი შენ ხარ მართალთაგანი.
107. და გადააგდო თავისი ჯოხი . ესრეთვე იქცა იგი ცხად გველად .
108. და როცა ამოიღო მან ხელი, უეცრად თეთრი გახდა შემხედვარეთა წინ.
109. თქვეს ფარაონის წარჩინებულებმა: უეჭველად, ეგ განსწავლული ჯადოქარია.
110. სურს, რომ თქვენივე მიწიდან გაგაძევოთ. მაშ, რას მირჩევთ?
111. მიუგეს: შეაყოვნე ეგ და ძმა მისი, და შემკრებნი დააგზავნე ქალაქებში,
112. მოგიყვანონ ყველა საუკეთესო ჯადოქარი.
113. და მივიდნენ ჯადოქრები ფარაონთან, უთხრეს: უეჭველად, ჯილდო გვერგება, თუკი ვიქნებით გამარჯვებული ჩვენ.
114. მიუგო: კარგი, თქვენ უთუოდ, ჩემთან დაახლოვებულთაგანი იქნებით.
115. უთხრეს: ჰეი, მუსა! შენ გადააგდებ (პირველად) თუ ჩვენ გადავაგდოთ?
116. მიუგო: გადააგდეთ. და როცა გადააგდეს , მოუნუსხეს ხალხს თვალნი, და ჩაუნერგეს შიში და წარმოადგინეს დიდი ჯადოქრობა.
117. და ჩვენ ზეშთავაგონეთ მუსას, რომ გადააგდე შენი ჯოხი და აი, შთანთქავს იგი, რასაც გრძნეულობდნენ ისინი.
118. ასრე გაცხადდა ჭეშმარიტება, და იქნა ამაოდ, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
119. ეგრე დამარცდნენ იქ და დამცირებულნი უკან გაბრუნდნენ.
120. და ჯადოქრები ძირს გაერთხნენ მუხლმოყრილნი .
121. თქვეს: ჩვენ ვიწამეთ ღმერთი სამყაროთა,
122. ღმერთი მუსასი და ჰარუნისა!
123. ფარაონმა უთხრა: თქვენ იწამეთ იგი, ვიდრე ნებას დაგრთავდი მე? უეჭველად, ესაა ნამდვილი მახე, რომელიც დააგეთ თქვენ ამ ქალაქში, რათა გაიყვანოთ აქედან მისი მკვიდრნი. მაშ, შეიტყობთ თქვენ მალე !
124. უეჭველად, ხელებსა და ფეხებს გარდიგარდმო მოგაჭრი თქვენ, მერე უთუოდ, ჯვარზე ჩამოგკიდებთ!
125. მიუგეს: უეჭველად, ჩვენ მივიქცევით ჩვენსავ ღმერთთან .
126. და ჩვენდამი შენი გაწყრომა სხვა მეტი არაფერია თუ არა, რომ ვიწამეთ აიათები ჩვენი ღმერთისა, როცა გვებოძა ჩვენ. ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე ჩვენდა მოთმინება და მუსლიმებად მიგვიბარე ჩვენ!
127. და უთხრეს ფარაონის ხალხიდან წინაკაცებმა: ნუთუ დაანებებ მუსას და მის ხალხს, რომ ბოროტება ჰქმნან დედამიწაზე და მიგატოვონ შენ და შენი ღმერთები ? მიუგო: ჩვენ მოვუკლავთ მათ ძეებს და ასულებს ცოცხლებს დავუტოვებთ . და ჩვენ, უეჭველად, მძლეველნი ვართ მათი !
128. უთხრა მუსამ თავის ხალხს: შეწევნა შესთხოვეთ ალლაჰს და მოითმინეთ. უეჭველად, ალლაჰს ეკუთვნის დედამიწა. და სამემკვიდრეოდ უბოძებს, ვისაც ინებებს თავის მსახურთაგან. და ბოლო ღვთისმოშიშებისთვისაა !
129. მიუგეს: ჩვენ დავიჩაგრეთ ადრეც, სანამ შენ ჩვენთან მოხვიდოდი და შენი მოსვლის მერეც. უთხრა: დაე, თქვენმა უფალმა მოაშთოს თქვენი მტერი და გქმნათ მემკვიდრედ ამ ქვეყანაზე, და მერე შეხედოს, როგორ მოიქცევით თქვენ!
130. უეჭველად, ჩვენ დავატეხეთ თავს მოუსავლიანობა ფარაონის სახლეულს წლების მანძილზე, ეგებ გონს მოგებოდნენ ეგენი!
131. მაგრამ მათ, როცა სიკეთე ეწიათ, თქვეს: ეს დავიმსახურეთ ჩვენ! და თუკი ავი დაატყდათ, მუსას და ვინც მასთან იყო იმას მიაწერდნენ. არადა მათი უბედურება ალლაჰისგანაა, მაგრამ უმეტესობა მათგან ამას ვერ ხვდება.
132. და უთხრეს : რამდენი სასწაულიც არ უნდა მოგვიტანო ჩვენ, რათა მოგვაჯადოვო ამით, მაინც არ დაგიჯერებთ შენ.
133. მაშინ ჩვენ მოვუვლინეთ ლეშტერი და კალიები , მკბენარი მწერები და ბაყაყები და სისხლი ცხად სასწაულებად. ამ ყველაფრის მიუხედავად, გამედიდურდნენ და ცოდვილ ხალხად იქცნენ ეგენი.
134. და როცა დაატყდათ მათ სასჯელი, უთხრეს: ჰეი, მუსა! შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, რაც აღგითქვა შენ. და სასჯელს თუ მოგვაშორებ, უთუოდ, ჩვენ გიწამებთ შენ და უსათუოდ ისრაილის შვილთ წარმოვგზავნით შენთან ერთად.
135. მაგრამ, როდესაც დათქმულ დრომდე სასჯელი მოვაცილეთ , მაშინ სიტყვას ტეხდნენ ეგენი.
136. უკვე დავსაჯეთ და ზღვაში დავახრჩვეთ ისინი იმისთვის, რადგანაც ჩვენს აიათებს ცრუდ რაცხავდნენ და იყვნენ მისადმი უსულგულო.
137. და დავუმკვიდრეთ იმ ხალხს , რომელნიც ითვლებოდნენ უძლურად, ქვეყნის აღმოსავლეთი და დასავლეთი, დავლოცეთ რომელიც. „და აღსრულდა უსათნოესი სიტყვები“ შენი ღმერთისა ისრაილის შვილებისადმი იმის გამო, რომ მოითმინეს მათ . და გავანადგურეთ ის, რასაც აკეთებდა ფარაონი და ხალხი მისი და აშენებდნენ რასაც.
138. ხოლო გადავიყვანეთ ისრაილის შვილნი ზღვაზე და გადააწყდნენ ხალხს, რომელნიც თავიანთ კერპებს ეთაყვანებოდნენ. უთხრეს: ჰეი, მუსა! დაგვიდგინე ჩვენ ისეთი ღვთაება, როგორი ღვთაებებიც ჰყავთ მათ. მიუგო: უეჭველად, თქვენ ხართ უვიცი ხალხი,
139. უეჭველად, გასანადგურებელია ის, რასაც ადგანან ეგენი და ფუჭია ის, რასაც აკეთებენ.
140. უთხრა: განა ალლაჰის მაგივრად სხვა ღვთაება ვისურვო თქვენთვის, როცა მან აღმატებულ გყოთ თქვენ სამყაროთა ზედა?
141. ოდეს გიხსენით თქვენ ფარაონისგან და მისი სახლეულისგან, საშინელ ტანჯვას რომ გაწევდნენ, ხოცავდნენ თქვენს ძეებს და ცოცხლად ტოვებდნენ ასულებს. ეს იყო უდიდესი გამოცდა თქვენი ღმერთისგან.
142. და აღთქმა მივეცით მუსას ოცდაათი ღამე და სრულვქმენით იგი ათით. ამრიგად, სისრულეში მოვიდა მისი ღმერთისგან განსაზღვრული ვადა, ორმოცი ღამე. და უთხრა მუსამ ჰარუნს, თავის ძმას: იყავი ჩემი შემცვლელი ჩემი ხალხისთვის, და ჰთესე სიკეთე და არ გაჰყვე უკეთურთა გზას.
143. და როცა მუსა მოვიდა ჩვენს დანიშნულ დროს, მისი ღმერთი დაელაპარაკა მას. უთხრა: ღმერთო ჩემო! გამომეცხადე, რათა გიხილო! მიუგო: შენ ვერასოდეს დამინახავ მე . მაგრამ გაიხედე მთისკენ . თუ ის თავის ადგილზე უძრავად დარჩა, მაშინ მიხილავ შენც! და როცა მთას გამოეცხადა ღმერთი მისი, მტვრად იქცა იგი. და მუსა უგონოდ დაეცა ძირს. როცა გონს მოვიდა, თქვა: დიდება შენდა! შენ გთხოვ შენდობას და პირველი ვარ მორწმუნეთაგან მე .
144. უთხრა : ჰეი, მუსა! უეჭველად, მე ჩემი უწყებანითა და ჩემი სიტყვებით შენ გამოგარჩიე კაცთაგან . მაშ, აიღე შენ რაც გიბოძე და იყავ მადლიერთაგანი!
145. და ჩვენ დავუწერეთ მას დაფებზე რჩევა-დარიგება ყველაფერზე და განმარტება ყველაფრისა. მაშ, გეჭიროს მყარად და უბრძანე შენს ხალხს საუკეთესოდ მისდიონ ამას! მე კი მალე გაჩვენებთ ცოდვილთა სამყოფელს.
146. ჩემი სასწაულებისგან განვაშორებ მათ, რომელნიც უსამართლოდ მედიდურობენ დედამიწაზე. და რომც იხილონ ყველა სასწაული, არ ირწმუნებენ მას და რომც დაინახონ გზა ჭეშმარიტი, არ აირჩევენ მას გზად. ხოლო თუ დაინახავენ მრუდე გზას, დაიდგენენ მას გზად. ეს იმისთვის, რომ ცრუდ შერაცხეს ჩვენი სასწაულები და იყვნენ მისადმი უსულგულო.
147. და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები და შეხვედრა საიქიოსთან, ფუჭი იქმნა მათი საქმენი. განა საზღაურად რას მიიღებენ გარდა იმისა , რასაც აკეთებდნენ ეგენი ?
148. და დაიდგინა მუსას ხალხმა, მის შემდგომ, მათი სამკაულებიდან ქმნილი ხბო კერპად, რომელიც ბღაოდა. ნუთუ ვერ ხედავენ, რომ არ ელაპარაკება ის მათ და არ დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზას? დაიდგინეს იგი და უსამართლონი შეიქმნენ.
149. და როცა საგონებელში ჩავარდნენ და დაინახეს, რომ გზააბნევაში იყვნენ , თქვეს: თუ ჩვენი ღმერთი არ შეგვიწყალებს და არ მოგვიტევებს, უეჭველად, ჩვენც წაგებულთა შორის აღმოვჩნდებით.
150. და როცა მუსა დაბრუნდა თავის ხალხთან განრისხებული და დამწუხრებული , უთხრა მათ: ჩემს არყოფნაში რაოდენ ცუდი ნაცვლობა გამიწიეთ. განა, დააჩქარეთ თქვენი ღმერთის ბრძანება? და დაყარა დაფები. და წაავლო თავში ხელი თავის ძმას და ქაჩავდა თავისკენ. უთხრა : ჰეი, შვილო დედაჩემისა! უეჭველად, ხალხმა გადამძალა მე და სადაცაა მკლავდნენ. და ნუ გაახარებ მტრებს ჩემზე და ნუ ჩამთვლი უსამართლო ხალხთან ერთად.
151. შეევედრა : ღმერთო ჩემო! მომიტევე მე და ჩემს ძმას , და შეგვიყვანე შენს წყალობაში, რამეთუ შენ მოწყალეთა შორის უმოწყალესი ხარ!
152. უეჭველად, რომელთაც ხბო დაიდგინეს, სასჯელს გადაეყრებიან თავიანთი ღმერთისგან და დამცირებას ამქვეყნიურ ცხოვრებაში . და ასე მივუზღავთ ჩვენ ცილისმწამებლებს !
153. და რომელთაც ჰქმნეს ცოდვა, მერე კი მოინანიეს მის შემდეგ და ირწმუნეს , უეჭველად, შენი ღმერთი ამის შემდგომ შემნდობი და მწყალობელია.
154. და როცა მუსას რისხვამ გადაუარა, აიღო დაფები და მის ნუსხაში იყო ჭეშმარიტი გზა და წყალობა იმათთვის, რომელთაც ეშინოდათ თავიანთი ღმერთისა.
155. და აირჩია მუსამ თავისი ხალხიდან სამოცდაათი კაცი ჩვენგან დათქმული ვადისთვის. და როცა მიწისძვრა დაატყდათ თავს, მან თქვა: ღმერთო ჩემო! შენ რომ გესურვა, აქამდე გაანადგურებდი მათაც და მეც. ნუთუ გაგვანადგურებ იმისათვის, რაც ჩაიდინეს ცნობამიხდილებმა ჩვენგან? სხვა არაფერი იყო ეს, თუ არა გამოცდა შენგან. ამით გზას ააცდენ იმათ, ინებებ ვისაც და ჭეშმარიტ გზას დაადგენ, ინებებ ვისაც. შენ ხარ ჩვენი მფარველი. მაშ, მოგვიტევე და შეგვიწყალე ჩვენ, რამეთუ შენა ხარ საუკეთესო მიმტევებელი!
156. და ჩვენ სიკეთე დაგვიწერე სააქაოშიც და საიქიოშიც. უეჭველად, ჩვენ მოვიქეცით შენდამი მონანიებით! უთხრა: „სასჯელს ჩემსას ვაწევ, ვინებებ ვისაც, ხოლო წყალობა ჩემი გარემოიცავს ყველაფერს . მე დავუწერ მას , რომელნიც მოკრძალებულნი იქნებიან , გასცემენ ზექათს და ირწმუნებენ ჩვენს აიათებს.
157. რომელნიც მიჰყვებიან შუამავალს, წერა-კითხვის უცოდინარ ელჩს , ვისზეც ნახავენ დაწერილს თავიანთ თევრათსა და ინჯილში. იგი უბრძანებს მათ კეთილის გაკეთებას და უკრძალავს გასაკიცხს, და ნებას რთავს საამოს და უშლის საძაგელს , და ჩამოხსნის მათ ტვირთსა და ბორკილებს , რომელიც მათთვის იყო . მაშ, რომელთაც იწამეს იგი, მხარში ამოუდგნენ და ეხმარებოდნენ, და გაჰყვნენ ნათელს, რომელიც გარდმოევლინა მასთან ერთად , სწორედ, ეგენი ნეტარნი არიან!
158. უთხარი : ჰეი, ადამიანებო! უეჭველად, მე ვარ ყველა თქვენგანისთვის შუამავალი ალლაჰისა, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი! იგი აცოცხლებს და აკვდინებს. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი მისი, წერა-კითხვის უცოდინარი ელჩი, რომელსაც სწამს ალლაჰის და მისი სიტყვების. და მისდიეთ მას, ეგების ჭეშმარიტ გზას დაადგეთ თქვენ!
159. და მუსას ხალხშიც არის თემი, რომელნიც ჭეშმარიტებით სწორ გზაზე აყენებენ და მისით სამართლიანად მოქმედებენ .
160. და დავყავით ჩვენ ეგენი თორმეტ საგვარეულო ხალხად და ზეშთავაგონეთ მუსას, როცა წყალი ითხოვეს მისგან მისმა ხალხმა, რომ: „ამთხვიე შენი ჯოხი ქვას!“ და ამოჩუხჩუხდა იქიდან თორმეტი წყარო . უკვე ყველამ გაიგნო თავისი წყაროს ადგილი. და დავფინეთ ზემოდან ღრუბლები და მოვავლინეთ მათთვის ციური მანანა და მწყერი. ჭამეთ საუკეთესონი, რაც გიბოძეთ თქვენ! ისინი ჩვენ კი არ მოგვექცნენ უსამართლოდ, არამედ საკუთარი თავი დაისაჯეს.
161. აკი, ნაბრძანები იყო მათთვის: „დასახლდით ამ ქალაქში და აქაური ნაყოფი ჭამეთ, სადაც გენებოთ და რამდენიც გენებოთ. შედით კარიბჭეში სეჯდეთი და შეევედრეთ „შენდობა“. ჩვენ შეგინდობთ თქვენს შეცდომებს და ვუმრავლებთ კეთილისმქმნელებს.
162. ხოლო რომელნიც უსამართლოდ მოიქცნენ, შეცვალეს სხვა სიტყვით, რაც იყო ნათქვამი მათთვის. მაშინ ჩვენ მოვუვლინეთ მათ სასჯელი ზეციდან იმისათვის, რომ უსამართლონი იყვნენ ეგენი.
163. და მათ ჰკითხე იმ ქალაქზე, რომელიც იყო ზღვის პირას, აკი ისინი გადადიოდნენ შაბათის ზღვარს. როცა მათთან შაბათობით თევზები მოაწყდებოდნენ ხოლმე, და დღესა, რომელიც არ იყო ნაკრძალი, თევზი არ მოდიოდა მათთან. ასე ვცდით მათ იმის გამო, რომ არასწორ გზაზე იდგნენ ეგენი.
164. და აკი, იკითხეს ზოგიერთმა მათგანმა: „რისთვის შეაგონებთ ხალხს, რომელსაც ამოწყვეტს ალლაჰი ან დასჯის სასტიკად?!“ მიუგეს: „თავის გამართლებისთვის თქვენი ღმერთის წინაშე, და ეგების თავი დაიცვან ცოდვისგან.“
165. ხოლო როცა მათ დაივიწყეს ის, რასაც ჩავაგონებდით, გადავარჩინეთ ჩვენ, რომელნიც აღუკვეთდნენ ცუდს. და ისინი, რომელთაც შესცოდეს, დავსაჯეთ სასტიკი სასჯელით იმისთვის, რომ არასწორ გზაზე იდგნენ.
166. ხოლო როცა დაარღვიეს ის, რაც ეკრძალებოდათ, ვუთხარით მათ: იყავით საზიზღარი მაიმუნები!
167. და მაშინ განაცხადა ღმერთმა შენმა, რომ მათ წინააღმდეგ უთუოდ წარგზავნიდა აღდგომის დღემდე იმათ, ვინც მათ საშინელ ტანჯვას მიაყენებდა. უეჭველად, შენი ღმერთი სასჯელის სწრაფმიმგებია, და უეჭველად, შემნდობია, მწყალობელია იგი!
168. და დავანაწილეთ ისინი ქვეყანაზე ხალხებად. მათ შორის არიან მართალნი და არიან უსამართლონი. და ჩვენ გამოვცადეთ ეგენი სიკეთეებითა და სიავენით, ეგების უკუმოიქცნენ!
169. მაგრამ მოვიდნენ მათ შემდგომ სხვა თაობები, რომელთაც მემკვიდრეობად მიიღეს წიგნი . ეგენი ირჩევდნენ წარმავალი ქვეყნის ქონებას და ამბობდნენ: „მოგვეტევება ჩვენ.“ და თუ მოევლინებოდა მათ წარმავალი ქვეყნის მსგავსი ქონება, ეგენი იმასაც აიღებდნენ. განა არ იყო აღებული მათგან წიგნის პირობა, რომ ჭეშმარიტების გარდა, არ იტყოდნენ ალლაჰზე არაფერს? და მათ შეისწავლეს, რაცაა მასში. ხოლო საიქიო სამყოფელი უფრო უკეთესია მათთვის, რომელნიც მოკრძალებულნი იქნებიან . და ნუთუ არ მოეგებით გონს?!
170. და რომელნიც ჩაიკრავენ წიგნს და აღავლენენ ლოცვას, უეჭველად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს კეთილისმქმნელებს.
171. და როცა აღვმართეთ მათ ზემოთ მთა, ვითარცა ჩრდილი და ეგონათ, ზემოდან დაემხობოდა მათ. აიღეთ მტკიცედ, რაც თქვენ გიბოძეთ და გაიხსენეთ რაც მასშია, ეგების დაცული იქმნეთ ყოველივე ცუდისაგან!
172. აკი, შენმა ღმერთმა ადამის შვილთა წელიდან მათივე შთამომავლობა გამოიყვანა, და საკუთარი თავის წინააღმდეგ ამოწმებინა: „განა არა ვარ თქვენი ღმერთი მე?“ უთხრეს: „დიახ, ვაღიარეთ ჩვენ.“ უეჭველად, ჩვენ არ ვუწყოდით ამას, რომ არ ეთქვათ აღდგომის დღეს.
173. ან (რომ არ) გვეთქვა: თუმცა ჩვენამდე, ჩვენმა მამებმა თანაზიარი გაუჩინეს და ჩვენა ვართ მათ შემდგომი შთამომავლობა. ნუთუ იმისთვის დაგვღუპავ , რაც ჰქმნეს ცრუმორწმუნეებმა?
174. და ასე განვმარტავთ აიათებს, ეგების უკუმოიქცნენ.
175. და მათ წაუკითხე ამბავი იმის შესახებ, რომელსაც ვუბოძეთ ჩვენი აიათები, მერე გაემიჯნა იგი მას, და მიიყოლა ეშმაკმა , ამრიგად იქცა გაუგონართაგან.
176. და რომ გვენება, ჩვენ ამით ავამაღლებდით მას, მაგრამ იგი გატაცებული იყო დედამიწით და აჰყვა თავის ვნებებს. ხოლო მდგომარეობა მისი ძაღლის მდგომარეობას ჰგავს, რომელსაც თუ დაესხმები, ენას გამოყოფს და როცა გაეცლები, მაშინაც ენას გამოყოფს. ესაა მაგალითი ხალხისა, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები. დროა უკვე უამბო ეს ამბავი, ეგების დაფიქრდნენ ეგენი!
177. რაოდენ ცუდია მდგომარეობა ხალხის, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები და საკუთარ თავს ავნეს.
178. ალლაჰი ვისაც დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, სწორედ, იგი ადგას ჭეშმარიტ გზას, და ვისაც ჭეშმარიტ გზას ააცდენს, სწორედ ეგენი არიან წაწყმედილები.
179. ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ბევრი ჯინი და ადამიანი ჯოჯოხეთისთვის. მათ გული აქვთ, რომლითაც არ შეიმეცნებენ და მათ თვალები აქვთ, რომლითაც არ დაინახავენ და მათ ყურები აქვთ, რომლითაც არ შეისმენენ . ეგენი პირუტყვებივით არიან, ოღონდ უფრო გზააბნეულნი მათზე. ისინი უგულისყურო უვიცები არიან!
180. ყველაზე საუკეთესო სახელები ალლაჰისაა . მაშ, შეევედრეთ მას ამით და განერიდეთ, რომელნიც მის სახელების შესახებ ჭეშმარიტებას ცვლიან. მალე მიეზღვებათ იმისათვის , რასაც სჩადიოდნენ!
181. ჩვენს გაჩენილთაგან, არიან ხალხი, რომელნიც ჭეშმარიტებით ხელმძღვანელობენ და ასევე ატარებენ სამართალს მისით .
182. და რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, ნელ-ნელა მივიყვანთ დაღუპვამდე, ისე რომ ვერც კი გაიგებენ ამას!
183. და გადავუვადებ მაგათ. უეჭველად, ჩემი მახე მტკიცეა!
184. ნუთუ არ დაფიქრდებიან ეგენი, რომ მათი თანამოძმე შეშლილი არ არის? იგი მხოლოდ ცხადი შეგონებაა.
185. ნუთუ არ ფიქრობენ ცათა და მიწის მეუფებაზე და იმ ყველაფერზე, რაც ალლაჰს გაუჩენია; და რომ, იქნებ, მოახლოვდა მათი ვადა ? მაშ, რომელ ნათქვამს ირწმუნებენ ამის მერე?
186. ვისაც ალლაჰი გზააბნევაში ჩააგდებს, მას აღარ მოეძებნება ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი. და მიაგდებს მაგათ. ამრიგად, ისინი ერთხანს დაძრწიან თავიანთ ნებაზე მიშვებული.
187. ისინი შენ საათის შესახებ გეკითხებიან, თუ როდის იქნება იგი? უთხარი: ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა, ვერავინ განაცხადებს მის დროს, გარდა მისი, მხოლოდ ის გაამხელს დადგენილ დროს. იგი უფრო მძიმეა, ვიდრე ცანი და დედამიწა. ის მოულოდნელად გეწევათ თქვენ. ისინი გეკითხებიან შენ, თითქოს იცოდე რამე ამის შესახებ. უთხარი: ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა, მაგრამ არ უწყის ხალხის უმეტესობამ.
188. უთხარი: მე არ ძალმიძს საკუთარ თავს მოვუტანო სარგებელი ან ზიანი, გარდა იმისა, რასაც ალლაჰი ინებებს. და რომ მცოდნოდა დაფარულის, სიკეთეს უთუოდ გავამრავლებდი და არ შემეხებოდა სიავე. სწორედ, რომ მე მხოლოდ მორწმუნე ხალხთათვის შემგონებელი და მახარობელი ვარ!
189. იგია რომელმაც, გაგაჩინათ თქვენ ერთი სულისგან და გააჩინა მისგან მეწყვილე მისი, რათა სიმშვიდე მოეპოვებინა მასთან. როცა დაეუფლა მას , ქალმა მცირე ტვირთი იტვირთა და ცოტა ხანს დადიოდა იმით, ხოლო როცა დამძიმდა , ისინი შეევედრენ ალლაჰს, თავიანთ ღმერთს: თუ ჩვენ კეთილშობილ (შვილს) გვიბოძებ, უთუოდ, მადლიერნი ვიქნებით ჩვენ.
190. და როცა უნაკლო შვილი უბოძა, შეუქმნეს მას თანაზიარნი, რაც უბოძა იმით . თუმცა ალლაჰი დიადია იმაზე, რასაც თანამოზიარედ უდგენენ.
191. ნუთუ თანამოზიარედ უნდა უჩენდნენ იმას, ვინც ვერაფერს აჩენს და პირიქით, თავად არიან გაჩენილნი?
192. და არ შეუძლიათ შველა მათი , და ვერც საკუთარ თავს უშველიან.
193. და თუ სწორი გზისკენ მოუხმობთ , არ მოგყვებიან ეგენი. სულ ერთია თქვენთვის, მოუხმობთ მათ, თუ მდუმარენი იქნებით თქვენ.
194. უეჭველად, რომელთაც მოუხმობთ თქვენ ალლაჰის გარდა, მსახურნი არიან ისინი, თქვენი მსგავსი. მაშ, მოუხმეთ მათ, დაე, გიპასუხონ თქვენ, თუკი ხართ მართალნი!
195. განა აქვთ ფეხები, რომლითაც დადიან; ან ხელები, რომლითაც აიღებენ; ან თვალები, რომლითაც დაინახავენ; ან ყურები, რომლითაც მოისმენენ? უთხარი : მოუხმეთ თქვენს თანაზიართ, მერე იმოქმედეთ ჩემს წინაამდეგ, და დროს ნუ გადამიწევთ.
196. უეჭველად, ჩემი მფარველი ალლაჰია, რომელმაც ზეგარდმოავლინა წიგნი. და კეთილისმქმნელთა მფარველია იგი.
197. და რომელთაც თქვენ მოუხმობთ მის გარდა, არ ძალუძთ მათ თქვენი დახმარება, და ვერც საკუთარ თავს დაეხმარებიან.
198. და თუ თქვენ მათ ჭეშმარიტებისკენ მოუწოდებთ, არ გაიგონებენ ეგენი. და დაინახავ, რომ გიყურებენ შენ და ვერ გხედავენ.
199. შემწყნარებლობა დაიდგინე შენ, უბრძანე სიკეთე და უმეცართ ზურგი აქციე.
200. და თუ ეშმაკმა გიბიძგოს ცდუნებისკენ, უმალვე ალლაჰს მიეკედლე. უეჭველად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა.
201. უეჭველად, რომელნიც მოკრძალებულნი არიან ღვთისადმი, თუ მათ ეშმაკის მხრიდან რამე ავი შეეხოთ, გაიხსენებენ და დაინახავენ ეგენი .
202. და მათ ძმებს ჩაითრევენ ისინი ჯოჯოხეთისკენ, მაგრამ მაინც არ მოიშლიან ეგენი .
203. და თუ არ მიუტან მათ აიათს , გეუბნებიან: განა იგი შენს მიერ არ იყო მოგონილი? უთხარი: მე მივსდევ მხოლოდ იმას, რაც ჩემი ღმერთისგან შთამეგონა. ესაა ცხადი მტკიცებულებანი თქვენი ღმერთისგან, მორწმუნე ხალხთათვის ჭეშმარიტ გზად და მოწყალებად!
204. და როცა იკითხება ყურანი, ისმინეთ იგი და გაჩუმდით , ეგების შეწყალებულ იქმნეთ თქვენ!
205. და გულში ახსენე ღმერთი შენი მოწიწებით და შიშით, და არა ხმამაღალი სიტყვებით, დილით და საღამოს. და ნუ იქნები უგუნურთაგანი!
206. უეჭველად, რომელნიც შენ ღმერთთან არიან , არ გამედიდურდებიან მისადმი თაყვანისცემისგან და განადიდებენ მას და მის წინაშე სეჯდეს აღასრულებენ!