76. Al-Insan

1. დროის მონაკვეთის დინებაში ისეთმა პერიოდმა განვლო, რომ ადამიანის სახელი არც კი ყოფილა მოხსენებული?
2. უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი შეწყვილებული ერთი წვეთი ნარევისაგან , გამოვსცდით მას, ამიტომაც დავუდგინეთ სმენა და მხედველობა.
3. უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ იგი ჭეშმარიტ გზაზე, მაგრამ მას შეუძლია იყოს მადლიერი ან უმადური.
4. უეჭველად, ჩვენ გავამზადეთ ურწმუნოთათვის ჯაჭვები, ბორკილები და ცხარე ცეცხლი.
5. უეჭველად, კეთილისმქმნელნი დალევენ ფიალებიდან, რომლის ნაზავი იქნება ქააფუურა ,
6. ერთი წყარო მოჩუხჩუხე, რომლიდანაც დარწყულდებიან მსახურნი ალლაჰისა.
7. ასრულებენ შეპირებულს და ეშინიათ იმ დღის, რომლის სიავე გავრცელებულია.
8. და სიამოვნებით აპურებენ უპოვრებს, ობლებს და ტყვეებს.
9. ჩვენ მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების სურვილით გაპურებთ თქვენ, ჩვენ არ გვსურს თქვენგან საზღაური და არც მადლობა.
10. უეჭველად, გვეშინია ჩვენი ღმერთისგან იმ მოქუფრული სახიფათო დღისა!
11. თუმცა დაიცვა ალლაჰმა ისინი ამ დღის სიავისგან და აზიარა ისინი უსაზღვრო სიხარულს.
12. და დააჯილდოვა ისინი იმისთვის, რამეთუ მოითმინეს, სამოთხეთი და აბრეშუმის სამოსით,
13. წამოწოლილი იქნებიან იქ სავარძლებზე, არ იხილავენ მზეს (სიცხეს) და არც ყინვას,
14. და სიახლოვედ მათ თავზე ჩრდილნი მისი და ჩამოიწევა დახუნძულული მწიფე ნაყოფი.
15. და ტრიალებენ მათ ზემოთ ვერცხლისა და ბროლის ფიალები,
16. ბროლის ფიალები ვერცხლისგან, რომლის ზომიერებაც გამსაზღვრულია.
17. და დარწყულებული იქნებიან იქ ფიალით, რომლის ნაზავი იქნება ზენჯებილა ,
18. ერთ-ერთი წყარო, რომელსაც ჰქვია სელსებილა.
19. და გარს ეხვევიან ჭაბუკნი მარადნი. როცა იხილავ მათ, მსგავსნი მოფრქვეული მარგალიტისა.
20. და როს იხილო, ჰპოვებ კეთილდღეობასა და ფუფუნებას დიადს,
21. მათ (ეცმევათ) სამოსი მწვანე აბრეშუმისა, ატლასისა და შემკულნი ვერცხლის სამაჯურებით და დაარწყულა ისინი თავიანთმა ღმერთმა წმინდა სასმელით.
22. უეჭველად, ეს თქვენთვისაა ჯილდოდ, რამეთუ თქვენი მისწრაფება დაფასებულ იქმნა.
23. უეჭველად, ჩვენ ზედარმოვავლინეთ შენზე ყურანი თანდათანობით.
24. მაშ, მოითმინე მსჯავრი შენი ღმერთის. და არ დაემორჩილო მათგან ცოდვილებსა და ურწმუნოებს.
25. და ახსენე სახელი შენი ღმერთის დილით და საღამოს!
26. და ღამით, სეჯდე აღასრულე მისთვის და ადიდე ღამით ხანგრძლივად.
27. უეჭველად, მათ უყვართ წარმავალი სიცოცხლე და არად აგდებენ მძიმე დღეს.
28. ჩვენ გავაჩინეთ ისინი და ჩვენ განვუმტკიცეთ სხეული და თუ ვინებებთ, შევცვლით მათ, მათი მსგავსნის ჩანაცვლებით.
29. უეჭველად, ეს შეგონებაა! დაე, მსურველმა აირჩიოს თავისი ღმერთისკენ მიმავალი გზა.
30. და თქვენ ვერ ისურვებთ, თუ არა ნება ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
31. შეიყვანს თავის წყალობაში, ინებებს ვისაც, ხოლო უსამართლონს… სწორედ მათთვისაა მომზადებული მწარე სასჯელი.