75. Al-Qiyama

1. ვფიცავ, აღდგომის დღეს!
2. და ვფიცავ სულს, საკუთარი თავის მკიცხველს!
3. განა თვლის ადამიანი, რომ ვერ შევყრით მის ძვლებს?
4. დიახ! მძლენი ვართ იმაზე, რომ თავიდანვე მოვაწყოთ თითთა წვერნი მისი.
5. მაგრამ სურს ადამიანს ცრუდ შერაცხოს მის არსებული .
6. კითხულობს: როდისაა აღდგომის დღე?
7. მაშინ, როცა მზერა დაიხშობა,
8. და დაბნელდება მთვარე,
9. და შეერთდება მზე და მთვარე.
10. იკითხავს ადამიანი იმ დღეს: ნეტა სად არის გასაქცევი?
11. არამც და არამც! არ მოინახება თავშესაფარი!
12. შენს ღმერთთანაა იმ დღეს სამკვიდრებელი!
13. იმ დღეს ეცნობება ადამიანს რა წაიმძღვარა და რა გადადო!
14. არა, ადამიანი თავისი სულის წინააღმდეგ მოწმეა,
15. რომც მოიმიზეზოს საბაბები.
16. არ დაძრა მისით ენა შენი, რათა დააჩქარო იგი!
17. უეჭველად, ჩვენზეა მისი შეკრება და წაკითხვა.
18. მაშ, როცა ვკითხულობთ მას, მაშინ აჰყევი მის კითხვას!
19. შემდეგ, უეჭველად, ჩვენზეა განმარტება მისი.
20. არა! პირიქით, თქვენ გიყვართ წარმავალი სიცოცხლე
21. და უგულისყუროდ ტოვებთ საიქიოს.
22. იმ დღეს გაბრწყინებული სახენი იქნება,
23. თავიანთი ღმერთისკენ შემცქერი.
24. იმ დღეს დაღვრემილი სახენი იქნება,
25. მიხვდება, რომ მას უნდა ეწიოს შავი დღე.
26. არამც და არამც! როცა სული ყელში მოებჯინება
27. მაშინ იტყვიან: ვინ არის მკურნალი?
28. და გაიგებს, რომ იგი განშორებაა,
29. და დაიკრუნჩხება ფეხები
30. იმ დღეს მხოლოდ შენს ღმერთთანაა მისაქციელი.
31. მაშინ მან არც დაამოწმა და არც ილოცა,
32. მაგრამ ცრუდ შერაცხა და სახე შეაქცია.
33. მერე წავიდა ბღენძა ბღენძით თავის ოჯახთან.
34. შენ გეკუთვნის, რამეთუ შენ დაიმსახურე!
35. ასე, რომ შენ გეკუთვნის, რამეთუ შენ დაიმსახურე!
36. ნუთუ ეგონა ადამიანს, რომ უპასუხისმგებლოდ იქნებოდა მიტოვებული?
37. განა არ იყო იგი ერთი წვეთი სითხიდან გადმონთხეული?
38. მერე იყო სისხლის კოლტად , მერე გააჩინა და გაათანაზომიერა.
39. შემდეგ დაადგინა მისგან წყვილი: მამრი და მდედრი.
40. სწორედ ამათ (გამჩენს) განა არ ძალუძს გააცოცხლოს მკვდრები?