74. Al-Muddathir

1. ჰეი შენ, სამოსში გახვეულო!
2. წამოდექი და შეაგონე!
3. და ადიდე ღმერთი შენი!
4. და შენი სამოსი განიწმინდე,
5. და სიბილწე განაგდე!
6. და ნუ იქმ სიკეთეს, რომ უფრო მეტი მოიხვეჭო!
7. და მოითმინე შენი ღმერთის კმაყოფილებისთვის!
8. ხოლო როცა ჩაიბერება საყვირში,
9. სწორედ ის დღე ძნელი დღეა.
10. რომელიც ურწმუნოთათვის არ იქნება ადვილი.
11. მე დამიტოვე იგი, ვინც გავაჩინე ეული
12. და დავადგინე მისთვის ქონება ურიცხვი,
13. და ძენი გარშემორტყმული,
14. და მას მივეცი უხვი სარჩო და ფართო შესაძლებლობა.
15. მერე დახარბდა, რომ მომემატებია.
16. არამც და არამც! უეჭველად, იგი შეიქმნა ჩვენი აიათების წინაშე ურჩი.
17. სულ მალე გავრეკავ მას ცეცხლის ხრამში.
18. რამეთუ მან იფიქრა და ასე გადაწყვიტა.
19. დაე, სული ამოხდეს, ისე როგორც გადაწყვიტა!
20. მერე სულის ამოსახდელმა როგორ განიზრახა!
21. მერე შეხედა,
22. მერე მოიქუფრა და შეიჭმუხნა,
23. მერე ზურგი აქცია და გადიდგულდა,
24. მაშინ თქვა: „სხვა არაფერია ეს, თუ არა გადმოცემული გრძნეულება“!
25. სხვა არაფერია ეს, თუ არა ადამიანის სიტყვა!
26. სულ მალე შევუნთებ მაგას სეყერში!
27. რამ გამცნოს, რა არის სეყერი?
28. დაწვავს და არაფერს დატოვებს,
29. გადამბუგავია ადამიანის.
30. მასზე არიან ცხრამეტნი.
31. და ჩვენ არავინ დაგვიდგენია ცეცხლის პატრონებად, გარდა ანგელოზებისა. და არ დაგვიდგენია მათი რაოდენობა, თუ არა გამოცდად მათთვის, რომელთაც უარყვეს, რათა დარწმუნებულიყვნენ ისინი, რომელთაც ებოძათ წიგნი და გაეძლიერებინა მათთვის რწმენა, რომელთაც ირწმუნეს; და რომ არ დაეჭვებულიყვნენ, რომელთაც ებოძათ წიგნი და მორწმუნენი, და რომ ეთქვათ, რომელთა გულებშიც სენია და იმათ, რომელთაც უარყვეს: რა ინება ალლაჰმა ამ იგავით? აი, ასე ცდომილებაში დატოვებს ალლაჰი, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც. არავინ უწყის შენი ღმერთის ლაშქარს, თვინიერ მისი! და სხვა არაფერია იგი, თუ არა შეხსენება ადამიანისთვის!
32. არამც და არამც! ვფიცავ, მთვარეს
33. და ღამეს გალევისას!
34. და დილას გარიჟრაჟისას!
35. უეჭველად, იგი ერთ–ერთი უდიდესთაგანია
36. შეგონებად ადამიანისთვის,
37. მათთვის, ვინც ინებებს თქვენგან წინ წავიდეს ან უკან დაიხიოს.
38. ყოველი სული მძევალია იმის, რაც მოიხვეჭა,
39. გარდა მარჯვენა მხარის ხალხისა.
40. სამოთხეში შეეკითხებიან ერთმანეთს
41. ცოდვილთა შესახებ:
42. რამ მოგახვედრათ თქვენ ჯოჯოხეთში?
43. მიუგეს: არ ვიყავით მლოცველთა შორის,
44. და არ ვაპურებდით უპოვართ,
45. და ვყბედობდით ყბედებთან,
46. და ჩვენ ცრუდ ვრაცხდით განკითხვის დღეს,
47. ვიდრეღა აღვესრულებოდით.
48. უკვე არ არგებთ მათ შუამადგომლობა შუამდგომელთა.
49. ამის მიუხედავად, რა ემართებათ მათ, რომ შეხსენებას ზურგს აქცევენ?
50. თითქოს ეგენი დამფრთხალნი კანჯარნი ,
51. გარბიან ლომისგან.
52. უფრო სწორად, მათგან ყოველ ადამიანს სურს, რომ ებოძოს ფურცლები გაშლილი.
53. არამც და არამც! მათ არ ეშინიათ საიქიოსი!
54. უეჭველად, იგი შეგონებაა!
55. მაშ, შეიგონებს მას, ინებებს ვინც!
56. და არ შეიგონებენ, თუ არა ნება ალლაჰისა. იგია ღვთისმოშიშობის და მიტევების წყარო!