67. Al-Mulk

1. რაოდენ დიადია იგი, რომლის ხელთაცაა მეუფება და რომელსაც ძალუძს ყველაფერი!
2. რომელმაც გააჩინა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოეცადეთ თქვენში რომელი უფრო უკეთესია საქმით. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, შემნდობია!
3. რომელმაც გააჩინა შვიდი ზეცა სართულებად. ვერ იხილავ მოწყალის გაჩენილში ვერავითარ შეუსაბამობას. მაშ, აღაპყარი მზერა, განა ხედავ ღიობს?
4. შემდეგ კვლავ აღაპყარი მზერა და მზერა დაბრუნდება შენთან გაოცებული და დამცირებული.
5. და ვფიცავ, შევამკეთ უახლოესი ზეცა მანათობლებით და დავადგინეთ იგი ჩასაქოლად ეშმაკთათვის და გავამზადეთ მათთვის სასჯელი აალებული ცეცხლის.
6. ხოლო იმათთვის, რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, სასჯელი ჯოჯოხეთის. და რა საზარელი ფინიშია!
7. როცა ჩაგდებულ იქნებიან მასში, შემოესმებათ მისი დუღილის საშინელი ხმა,
8. სადაცაა გასკდეს მძვინვარებისგან. ყოველჯერზე, როცა ყრიან მასში ჯგუფებს, ეკითხებიან მათ მისი მცველები: განა არ მოსულა თქვენთან შემგონებელი?
9. პასუხობენ: დიახ, მოგვევლინა შემგონებელი, მაგრამ ცრუდ შევრაცხეთ და ვუთხარით: „არ გარდმოუვლენია ალლაჰს არაფერი, თქვენ მხოლოდ დიდ გზააბნევაში ხართ“.
10. და კიდევ ამბობენ: „რომ ვყოფილიყავით შემსმენნი და მოგვეხმო გონებისთვის, არ ვიქნებოდით ცეცხლის ბინადარნი“.
11. ამგვარად, აღიარეს თავიანთი ცოდვები. დაე, მოიშთონ ცეცხლის ბინადარნი!
12. უეჭველად, რომელნიც შიშობენ თავიანთი ღმერთისგან უხილავად, სწორედ, მათთვისაა მიტევება და საზღაური დიდი .
13. ჩუმად იტყვით სიტყვას თუ დაფარულად, უეჭველად, მცოდნეა იგი გულთა ნადებისა!
14. განა არ უწყის გამჩენი (თავის გაჩენილს)? მაშინ, როცა ყოვლისჩამწვდომი, ყოვლისშემცნობია იგი.
15. იგია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა მორჩილად. დაე, იარეთ მის ზურგზე, რამეთუ მასთანაა აღდგომა.
16. ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ ვინც ზეცაშია არ მოგაქცევთ მიწის ქვეშ, მაშინ როცა ინძრევა?
17. ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს, რომ ვინც ზეცაშია მოავლინოს თქვენზე ქვების გრიგალი? სულ მალე გაიგებთ, როგორია ჩემი შეგონება.
18. და ვფიცავ, ცრუდ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ, მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი?!
19. ნუთუ მათ არ უნახავთ ჩიტები მათ ზემოთ როგორ შლიან და კეცავენ ფრთებს? არავინ აკავებს მათ, გარდა მოწყალისა. უეჭველად, იგი ყოვლისმჭვრეტელია.
20. განა არის ვინმე, რომელსაც თქვენთვის ჰყავს ლაშქარი, რომელიც შეგეწევათ თქვენ, მაგიერ მოწყალისა? ურწმუნონი მხოლოდ ცდუნებაში იმყოფებიან!
21. განა არის ვინმე, რომელიც თქვენ გაძლევთ სარჩოს, თუკი შეაკავა მისი სარჩო? არა, ისინი დაჟინებით აგრძელებენ ურჩობასა და უარყოფას.
22. მაშ, ვინც მიდის ფორთხვით პირქვედამხობილი, უფრო სწორ გზას ადგას, თუ ის, ვინც მიდის გამართული სწორ გზაზე?
23. თქვი: იგია, რომელმაც თქვენ გაგაჩინათ და გიბოძათ ყურთასმენა, თვალთახედვა და შემეცნების უნარი. რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება?!
24. თქვი: იგია, რომელმაც გაგაჩინათ დედამიწაზე და მასთან იქნებით მიბრუნებულნი!
25. და ისინი ამბობენ: როდისღაა ეს აღთქმა , თუ ხართ მართალნი?
26. უთხარი: „ამის ცოდნა მხოლოდ ალლაჰის წიაღშია, მე კი მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ“!
27. და როცა დაინახეს იგი ახლოდან, გაშავდა სახენი მათი, რომელთაც უარყვეს და მათ უთხრეს: ეს არის ის, რასაც უხმობდით.
28. უთხარი: რას ფიქრობთ, თუ დამღუპავს ალლაჰი და იმათ, ვინც ჩემთანაა ან შეგვიწყალებს, მაშინ ვინ დაიცავს ურწმუნოთ მწარე სასჯელისგან ?
29. თქვი: იგი მოწყალეა, ვირწმუნეთ მისი და მივენდეთ მას. სულ მალე გაიგებთ ვინ არის აშკარა ცდომილებაში.
30. უთხარი: რას ფიქრობთ, თუ თქვენ წყალს შთანთქავს მიწა, მაშინ ვინ მოვა თქვენთან წყაროს წყლით?