65. At-Talaq

1. ჰეი, შუამავალო! როცა გაეყრებით ცოლებს , მაშინ გაეყარეთ დადგენილი ვადის დაცვით და გადაითვალეთ დადგენილი ვადა. გეშინოდეთ ალლაჰის, თქვენი ღმერთის! არ გააძევოთ ისინი სახლებიდან და არც ისინი წავიდნენ, გარდა თუ არ ჩაუდენიათ მათ აშკარა მრუშობა. აი, ესაა ალლაჰის დადგენილი ნორმები, ხოლო ვინც გადასცდება ალლაჰის დადგენილ ნორმებს, ის საკუთარ თავს მოექცევა უსამართლოდ. შენ ვერ მიხვდები, ეგების ალლაჰმა ამის შემდგომ შეცვალოს მდგომარეობა.
2. ხოლო როცა მიაღწევენ დადგენილ ვადას, ამის შემდეგ დაიტოვეთ ისინი წესისამებრ ან გაშორდით კეთილგანწყობით. და დაისწარით მოწმედ თქვენგან ორი სამართლიანი კაცი და აღასრულეთ მოწმეობა ალლაჰის წინაშე. სწორედ ესაა შეგონება იმათთვის, თქვენგან ვისაც სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. ხოლო ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუდგენს მას გამოსავალს.
3. და დააპურებს მას, საიდანაც არ ელის. ხოლო ვინც სასოებს ალლაჰს, მაშინ იგი საკმარისია მისთვის. უეჭველად, ალლაჰი აღმსრულეა საქმის. და დაუდგინა ალლაჰმა ყველაფერს ზომიერება.
4. თქვენს ქალთაგან, რომელთაც ქალთაწესისგან იმედი ამოეწურათ, თუ დაეჭვდებით დადგენილი ვადის თაობაზე, ვადა სამი თვეა, როგორც იმათთვის ვისაც ქალთაწესი ჯერ არ ჰქონია. და ისინი, რომელნიც ფეხმძიმები არიან მშობიარობამდე. ხოლო ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუდგენს მას საქმეში სიადვილეს.
5. სწორედ ესაა ბრძანება ალლაჰისა, რომელიც გარდმოავლინა თქვენთან. და ვისაც ეშინია ალლაჰის, დაუფარავს მას სიავენს თვისას და გაუმრავლებს მას საზღაურს.
6. დაასახლეთ ისინი იქ, სადაც თქვენ სახლობთ, თქვენი შეძლებისამებრ. და არ ავნოთ მათ, რათა შეავიწროვოთ. და თუ ორსულად არიან, მაშინ გაიღეთ საარსებო სახსარი მათზე მშობიარობამდე. ამის შემდეგ თუ ძუძუს აწოვებენ თქვენთვის, მაშინ მიეცით საზღაური მათ, და შეთანხმდით ერთმანეთში წესისამებრ და თუ შეთანხმება გაძნელდა, მაშინ მას სხვამ აწოვოს ძუძუ.
7. გაიღოს შეძლებულმა თავისი შეძლების შესაფერისად, ხოლო ვინც გაჭირვებულია ხარჯოს იქიდან, რაც ალლაჰმა უბოძა. ალლაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეტს, გარდა რაც მას უბოძა. და დაადგენს ალლაჰი შეჭირვების შემდეგ დალხენას.
8. და რამდენი სოფელი გარდახდა ბრძანებას თავისი ღმერთისას და მის შუამავალთა. ამიტომაც მივაგეთ მას ანგარიში მკაცრი. და დავსაჯეთ იგი საშინელი სასჯელით.
9. ამგვარად, იგემეს საკუთარი საქციელის სიმძიმე. ხოლო საქმეთა აღსასრული სავალალო იქნა.
10. მზად ჰყო ალლაჰმა მათთვის უმკაცრესი სასჯელი. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის რომელთაც ირწმუნეთ, ბრძენკაცნო, ჭკუასაკითხნო, რამეთუ ალლაჰმა უკვე გარდმოავლინა თქვენთან შეხსენებად
11. შუამავალი, რომელიც გიკითხავთ თქვენ ალლაჰის ცხად აიათებს, რათა გაიყვანოს სიბნელეებიდან სინათლეში ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. ხოლო ვინც ირწმუნებს ალლაჰს და იქმს სიკეთეს შეიყვანს მას სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. ალლაჰმა უბოძა მას საუკეთესო საარსებო.
12. ალლაჰია, რომელმაც გააჩინა შვიდი ცა და დედამიწისგან იმდენივე. ზეგარდმოდის ყოველთვის ბრძანება მათ შორის, რათა შეიმეცნოთ, რომ ალლაჰს ძალუძს ყველაფერი და რომ ალლაჰი ყველაფერს მოიცავს ცოდნით!