1. განადიდებენ ალლაჰს რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. მას ეკუთვნის ცხადი მეუფება და მას ეკუთვნის ქება-დიდება და იგი ყოვლისშემძლეა!
2. იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ, ამის მიუხედავად თქვენგან ზოგი ურწმუნოა და ზოგი კი მორწმუნეა. და ალლაჰი მხილველია იმისა, რასაცა იქმთ.
3. გააჩინა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. და გამოგსახათ თქვენ, შემდეგ მოგანიჭათ საუკეთესო ფორმა. და მასთანაა მისაქციელი!
4. უწყის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და უწყის, რას მალავთ და რას აცხადებთ თქვენ. უწყის თქვენი დაფარულიც და გაცხადებულიც. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რაც გულებშია!
5. განა არ მოსულა თქვენთან ამბავი იმათი, რომელთაც უარყვეს უწინ? მაშინ მათ იგემეს საზღაური ჩადენილის გამო. და სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი.
6. ეს იმიტომ, რომ მიდიოდნენ მათთან შუამავალნი ცხადი მტკიცებებით, მაშინ ამბობდნენ: „განა ადამიანი დაგვადგენს ჭეშმარიტ გზას? ამრიგად, უარყვეს და იბრუნეს ზურგი. ალლაჰი არ საჭიროებს მათ რწმენას, რამეთუ ალლაჰი მდიდარია, ყოვლადქებულია!
7. ჰგონიათ, რომელთაც ურყვეს, რომ არ იქნებიან გაცოცხლებულნი. უთხარი: „არამც და არამც! ვფიცავ ჩემს ღმერთს, უთუოდ, გაცოცხლდებით, მერე უსათუოდ გეცნობებათ იგი, რასაც სჩადიოდით, და ეს იოლია ალლაჰისთვის!
8. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი და ნათელი, რომელიც ზეგარდმოგივლინეთ. უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
9. ის დღე, როდესაც იგი შეგკრებთ შეკრების დღისთვის, სწორედ ესაა დღე მოგება-წაგებისა. ხოლო ვინც იწამებს ალლაჰს და იქმს სიკეთეს, დაუფარავს მას სიავენს თვისას და შეიყვანს მას სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდება. სწორედ ესაა უდიდესი ნეტარება!
10. ხოლო რომელთაც უარყვეს და ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, სწორედ ეგენი არიან ბინადარნი სამუდამოდ იქ, ცეცხლში. და რა საზარელი ფინიშია!
11. არანაირი სიავე არ ეწევათ, თუ არა ნება ალლაჰისა. და ვინც ირწმუნებს ალლაჰს, ჭეშმარიტებას აზიარებს მის გულს, რამეთუ ალლაჰი ყოველთა ყოვლისმცოდნეა!
12. და მორჩილ იყავით ალლაჰისა და მორჩილ იყავით შუამავლისა, ხოლო თუ პირს იბრუნებთ, ჩვენი შუამავლის ვალი მხოლოდ აშკარა უწყების გადმოცემაა.
13. არ არის ღვთაება, გარეშე მისი, ალლაჰისა. დაე, ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნენი!
14. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! უეჭველად, თქვენს მეუღლეთა და შვილთა შორის არიან მტრები თქვენთვის. უფრთხილდით მათ! და თუ დაუთმობთ, მიუტევებთ, შეუნდობთ, მაშინ, უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!
15. თქვენი ქონება და თქვენი შვილები ცდუნებაა მხოლოდ, რამეთუ ალლაჰთანაა დიდი საზღაური!
16. და გეშინოდეთ ალლაჰის. რამდენადაც შეძლებთ, შეისმინეთ და მორჩილი იყავით და გაიღეთ სიკეთე თქვენი სულისთვის, რამეთუ ვინც დაიოკებს თავისი სულის სიხარბეს, სწორედ ეგენი არიან ნეტარნი.
17. თუ ასესხებთ ალლაჰს კეთილ სესხს, მაშინ უხვად დაგიბრუნებთ თქვენ და შეგინდობთ, რამეთუ ალლაჰი მადლობის შემსმენია, შემწყნარებელია!
18. წორედ, იგია უხილავისა და ცხადის მცოდნე, ძლევამოსილი, ბრძენი!