61. As-Saff

1. ალლაჰის განდიდებაში არიან, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია!
2. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რატომ ამბობთ იმას, რასაც არ აკეთებთ?
3. დიდი ცოდვაა ალლაჰის წინაშე იმის თქმა, რასაც არ აკეთებთ.
4. უეჭველად, ალლაჰს უყვარს ისინი, რომელნიც იბრძვიან მის გზაზე მწკრივებად, მტკიცე შენობის დარნი.
5. და აკი, უთხრა მუსამ თავის ხალხს: „ხალხო ჩემო! რატომ მავიწროვებთ, როცა თქვენ უწყით, რომ უეჭველად, შუამავალი ვარ ალლაჰისა თქვენთან მოვლენილი. ხოლო როცა გადაუხვიეს, გადაახვევინა ალლაჰმა მათ გულებს, რამეთუ ალლაჰი არ დაადგენს გზასამცდარ ხალხს ჭეშმარიტ გზაზე!
6. და აკი, უთხრა ღისამ, მარიამის შვილმა: „ჰეი, ისრაილის ძენო! უეჭველად, შუამავალი ვარ ალლაჰისა თქვენთან მოვლენილი, დამმოწმებელი იმისა, რაც იყო ჩემამდე თევრათში და მახარობლად შუამავლისა, რომელიც მოვა ჩემს შემდგომ. მისი სახელია აჰმედი. ხოლო როცა იგი მივიდა მათთან ცხადი მტკიცებებით, თქვეს: „ეს ცხადი ჯადოქრობაა!“
7. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს, და იგი მიხმობილია ისლამისკენ! უეჭველად, არ დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს!
8. მათ სურთ თავიანთი ბაგეებით ჩაქრობა ალლაჰის ნათელისა, მაგრამ ალლაჰი განავრცობს თავის ნათელს, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს.
9. იგია, რომელმაც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღმატებულ ჰქმნას იგი ყველა რწმენაზე , თუნდაც ეს არ მოსწონდეთ წარმართებს.
10. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ხომ არ მიგანიშნო იმ ვაჭრობაზე, რომელიც გიხსნით მწარე ტანჯვისგან?
11. ირწმუნებთ ალლაჰს, მის შუამავალს და იბრძოლებთ ალლაჰის გზაზე თქვენი ქონებითა და სიცოცხლით, ეს თქვენთვისვეა უკეთესი, რომ იცოდეთ თქვენ!
12. მაშინ შეგინდობთ იგი თქვენს ცოდვებს და შეგიყვანთ სამოთხენში, რომლის ძირს მოედინება მდინარეები, თანაც ედემის ბაღებია საუკეთესო ადგილსამყოფელად, რამეთუ ესაა უდიდესი ნეტარება!
13. და სხვა, რაც გიყვართ: შეწევნა ალლაჰისგან და ახლო გამარჯვება. და ახარეთ მორწმუნეთ!
14. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის სარწმუნოების შემწენი, როგორც უთხრა ღისამ, შვილმა მარიამისმა მოწაფეებს : „ვინ არის ჩემი შემწე ალლაჰის გზაზე?“ მიუგეს მოწაფეებმა: „ჩვენ ვართ შემწენი ალლაჰის სარწმუნოებისა. მაშინ ირწმუნა ნაწილმა ისრაილის შვილთაგან და უარყო ნაწილმა. ამრიგად ჩვენ გავაძლიერეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს თავიანთი მტრების წინაშე. მაშინ სძლიეს მათ.