59. Al-Hashr

1. ალლაჰის განდიდებაში არიან, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია!
2. იგია, რომელმაც გამოაძევა საკუთარი საცხოვრებლებიდან წიგნის ხალხთაგან ისინი , რომელთაც უარყვეს, პირველი მოქუჩება-განდევნისთვის, თქვენ არ გეგონათ, რომ გამოვიდოდნენ, მათ კი ეგონათ, რომ საკუთარი ციხე–სიმაგრეები დაიცავდათ ალლაჰისაგან . მაგრამ ალლაჰის ბრძანება იქიდან მივიდა, საიდანაც არ ელოდნენ და ჩააგდო მათ გულებში შიში. ანგრევენ საკუთარ სახლებს საკუთარი ხელით და მორწმუნეთა ხელით. მაშ, შეიმეცნეთ თვალხილულნო!
3. და რომ არ დაეწერა ალლაჰს მათზე განდევნა, უთუოდ, დასჯიდა მათ ამავქვეყნად, ხოლო იმქვეყნად ცეცხლის სასჯელია მათთვის.
4. ეს იმისთვის, რომ ეურჩნენ ალლაჰს და მის შუამავალს და ვინც ეურჩება ალლაჰს და მის შუამავალს, მაშინ, უეჭველად, ალლაჰის სასჯელი სასტიკია!
5. რაც მოჭარით პალმის ხისგან ან დატოვეთ იგი მდგომი თვისა ფესვებსა ზედა, მხოლოდ ალლაჰის ნებით იყო, რათა მიეზღო მეამბოხე ცოდვილთათვის.
6. ხოლო რაც შეეხება ალაფს, რომელიც მიჰმადლა ალლაჰმა თავის შუამავალს მათი ქონებიდან, საამისოდ არც ბედაურნი და არც აქლემნი არ გიჭენებიათ. მაგრამ ალლაჰი აძლევს ძალაუფლებას თავის შუამავლებს მასზე, ინებებს ვისზეც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
7. რა ალაფიც ალლაჰმა მიჰმადლა თავის შუამავალს სოფელთა მკვიდრთაგან, ალლაჰს ეკუთვნის , ასევე შუამავალს, ნათესავებს, ობლებს, უპოვრებს და მოგზაურებს. რომ არ ერგუნოს იგი ქონება მდიდარს თქვენ შორის. და რაც მოგცათ თქვენ შუამავალმა, აიღეთ იგი; ხოლო რაც აგიკრძალათ, თავი შეიკავეთ მისგან. გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი მკაცრსაზღაურიანია!
8. (განკუთვნილი) ღარიბ მუჰაჯირთათვის, რომელნიც გამოდევნილ იქნენ თავიანთი სახლებიდან და სამფლობელოდან და რომელნიც ალლაჰისგან მადლსა და მწყალობლობას მიელტვიან. და შეეწევიან ალლაჰის სარწმუნოებას და მის შუამავალს. სწორედ, ესენი არიან მართალნი.
9. და რომელთაც იმათზე უწინ ბინა ჰქონდათ დადებული და სარწმუნოება მიღებული, უყვართ ვინც გადასახლდა მათთან. გულში არ ივლებენ არანაირ შურს იმის გამო, რაც იმათ მიეცათ, და უპირატესობას ანიჭებენ საკუთარ თავზე მეტად, თუნდ ესაჭიროებოდეთ. და ვინც სიხარბისგან თავს დაიცავს, სწორედ ისინი არიან ნეტარნი!
10. და რომელნიც მოვიდნენ მათ შემდგომ, ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! შეგვინდე ცოდვები ჩვენი და ჩვენი ძმების, რომელთაც ჩვენ გაგვასწრეს რწმენით. და არ ჩაგვინერგო გულებში შური იმათ მიმართ, რომელთაც ირწმუნეს. ღმერთო ჩვენო, უეჭველად, შენ ლმობიერი და მწყალობელი ხარ!
11. განა არ გინახავს ისინი, რომელნიც თვალთმაქცნი იყვნენ, ეუბნებიან თავის ძმებს წიგნის მფლობელთაგან, რომელთაც უარყვეს: ვფიცავთ, თუ განგდევნიან, თქვენთან ერთად წამოვალთ და არ დავემორჩილებით თქვენი გულისათვის არავის არასოდეს და თუ თქვენს წინაშე გამოილაშქრებენ, უთუოდ, შეგეწევით. თუმცაღა ალლაჰი მოწმობს, რომ ეგენი ნამდვილად ცრუნი არიან.
12. ვფიცავ, თუკი ისინი განიდევნებოდნენ, არ წავიდოდნენ მათთან ერთად. და თუ გაილაშქრებდნენ მათზე, არ შეეწევოდნენ მათ და რომც შეეწიონ, უთუოდ, ზურგს იქცევდნენ. მერე კი ვერავინ უშველის მათ.
13. უთუოდ, თქვენ უფრო მძლავრი ხართ შიშით მათ გულებში, ვიდრე ალლაჰისა. ეს იმიტომ, რომ ეგენი არიან ხალხი, რომელნიც არ ჩაწვდებიან ჭეშმარიტებას.
14. ისინი არ შეგებრძოლებიან თქვენ ერთიანად, თუ არა გალავანშემორტყმულ სოფელთა ან კედლებს ამოფარებულნი. მათი ბრძოლა ერთმანეთ შორის მძაფრია. შენ გგონია ეგენი ერთ მუჭად შეკრულნი, თუმცაღა მათი გულები გაყოფილია. ეს იმიტომ, რომ ეგენი არიან ხალხი, რომელნიც არ შეიგნებენ.
15. მათი მდგომარეობა იმათ მდგომარეობას ჰგავს, რომელნიც იყვნენ მათზე უწინ, სულ ახლახანს მათ უკვე იგემეს საზღაური ჩადენილის გამო. და სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი.
16. ეშმაკის მაგალითისა არ იყოს, აკი, უთხრა მან ადამიანს: „უარყავ! ხოლო როცა უარყო, უთხრა: უეჭველად, მე შორს ვარ შენგან, უეჭველად, მე მეშინია ალლაჰისა, სამყაროთა ღმერთის.
17. ამგვარად, ბოლო ორივესი, უეჭველად, სამუდამოდ იქ, ცეცხლშია. სწორედ ესაა საზღაური უსამართლოთა!
18. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი; და დაე, შეხედოს სულმა რა წაიმძღვარა ხვალისთვის. გეშინოდეთ ალლაჰის, უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც იქმთ თქვენ!
19. და არ იყოთ იმათი მსგავსი, რომელთაც დაივიწყეს ალლაჰი, და დაავიწყა თავიანთი თავი. სწორედ, რომ ისინი არიან გზასაცდენილნი.
20. ერთმანეთის თანასწორნი არ არიან ცეცხლის ბინადარნი და სამოთხის მკვიდრნი. სწორედ, რომ სამოთხის ბინადარნი არიან ნეტარნი!
21. ჩვენ რომ გარდმოგვევლინა ეს ყურანი მთაზე, უთუოდ, ნახავდი მას შეძრწუნებულს, ჩამოქცეულს ალლაჰის შიშისგან. ეს იგავები მოგვაქვს ხალხთათვის, ეგების დაფიქრდნენ ეგენი!
22. იგია ალლაჰი. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. იგი უწყის უხილავს და ცხადს. იგი მოწყალეა, მწყალობელია!
23. იგია ალლაჰი. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი, ხელმწიფისა, სპეტაკისა, მშვიდობის წყაროს, უსაფრთხოების მომნიჭებლის, მფარველის, ძლევამოსილის, ყოვლისშემძლეს, განდიდებულისა. დიდება მას! შორსაა იმისგან, რასაც მოზიარედ უდგენენ!
24. იგია ალლაჰი, გამჩენი, მაარსებელი, გამომსახველი. მას ეკუთვნის მშვენიერი სახელები. განადიდებენ მას, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია!