57. Al-Hadid

1. განადიდა ალლაჰი რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ იგია ძლევამოსილი, ბრძენი.
2. მას ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნის. აცოცხლებს და აკვდინებს, რამეთუ მას ძალუძს ყველაფერი!
3. იგია პირველი და უკანასკნელი, საცნაური და მალული. იგი ყოველთა ყოვლისმცოდნეა.
4. და იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, შემდეგ არშზე ამაღლდა. იგი უწყის, რაც შედის მიწაში და რაც გამოდის იქიდან; ისიც, რაც ზეციდან ჩამოდის და რაც იქ ადის. იგი თქვენთანაა, სადაც არ უნდა იყოთ, რამეთუ ალლაჰი მხილველია იმის, რასაცა იქმთ.
5. მას ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნის. და საქმენი დაბრუნდებიან ალლაჰთან.
6. ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე. უეჭველად, იგი უწყის გულისნადებს!
7. ირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი მისი და გაიღეთ იქიდან, რაზედაც დაგადგინათ მემკვიდრეებად. ამრიგად, რომელთაც ირწმუნეს თქვენგან და გაიღეს, მათთვისაა დიადი საზღაური!
8. და რა გემართებათ თქვენ, რომ არ ირწმუნეთ ალლაჰი მაშინ, როცა შუამავალი გიხმობთ ღმერთის რწმენისკენ. უკვე აიღო თქვენგან აღთქმა, თუკი ხართ მორწმუნენი.
9. იგია, რომელიც ავლენს თავის მსახურზე ცხად აიათებს, რათა გამოგიყვანოთ სიბნელეებიდან სინათლეში. უეჭველად, ალლაჰი ლმობიერი და მწყალობელია თქვენს მიმართ.
10. და რა გემართებათ თქვენ, რომ არ გაიღებთ ალლაჰის გზაზე? ალლაჰისაა მემკვიდრეობა ცათა და ქვეყნის. თანასწორნი არ არიან თქვენგან, ვინც გამარჯვებამდე გაიღო მოწყალება და იბრძოდა. სწორედ ეგენი არიან აღმატებული ხარისხებით იმათზე, რომელთაც გაიღეს იმის შემდგომ და იბრძოლეს. და ყველას სიკეთე აღუთქვა ალლაჰმა, რამეთუ ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
11. ვინც ასესხებს ალლაჰს კეთილ სესხს, მაშინ უხვად დაუბრუნებს იგი მას და მისთვისაა კარგი საზღაური.
12. იმ დღეს დაინახავ მორწმუნე კაცებს და მორწმუნე ქალებს როგორ წარუძღვებათ მათივე ნათელი წინიდან და მარჯვნიდან. ხარებად თქვენ დღეს წალკოტნი, სადაც ძირს ნაკადულები მოედინება, და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებით; სწორედ ეს არის უდიდესი ნეტარება!
13. იმ დღეს ეტყვიან ორპირნი კაცები და ორპირნი ქალები იმათ, რომელთაც ირწმუნეს: „დაგვიცადეთ, დაგესესხებით ცოტა სინათლეს.“ მათ ეტყვიან: „უკან დაბრუნდით და სინათლე ეძიეთ“. მათ შორის ღობე აიგება კარიბჭედ, რომლის შიდა მხარეს წყალობა იქნება, გარეთა მხარეს კი ტანჯვა.
14. ისინი შესძახებენ მათ: „განა არ ვიყავით თქვენთან ერთად?“ უპასუხებენ: „დიახ! მაგრამ თქვენ საკუთარ თავს აცდუნებდით, უცდიდით, ეჭვობდით და გაცდუნათ ამაოებამ, ვიდრე მოვიდა ალლაჰის ბრძანება და თქვენ შეგაცდინა მაცდუნებელმა ალლაჰის თაობაზე.
15. უკვე იმ დღეს არ მიიღება თქვენგან გამოსასყიდი და არც იმათგან, რომელთაც უარყვეს. და თავშესაფარი თქვენი ცეცხლია, იგი მოგიხდებათ თქვენ. და რა საზარელი ფინიშია!
16. განა არ დამდგარა დრო იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს, რომ ძრწოდნენ გულნი მათნი ალლაჰის შეხსენებისთვის და იმით, რაც ზემოევლინა ჭეშმარიტებიდან? რათა არ დაემსგავსონ იმათ, რომელთაც ებოძათ წიგნი მანამდე. უკვე განვლო მათსა ზედა დიდმა დრომ, რის შემდეგაც გულები გაუქვავდათ. რამეთუ უმეტესობა მათგან მეამბოხე ცოდვილია.
17. იცოდეთ, რომ ალლაჰი აცოცხლებს მიწას მისი სიკვდილის შემდგომ. ჩვენ განგიმარტეთ აიათები, ეგების მოუხმოთ გონებას!
18. უეჭველად, მოწყალების გამცემ კაცებს და მოწყალების გამცემ ქალებს და რომელთაც ასესხეს ალლაჰს კეთილი სესხი, ორმაგად უკან დაუბრუნდებათ და მათთვისაა საზღაური კარგი.
19. და რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალი, სწორედ ეგენი არიან მართალნი და მოწამენი თავიანთი ღმერთის წინაშე. მათთვისა საზღაური და ნათელი. ხოლო რომელთაც უარყვეს და ჩვენი აიათები ცრუდ შერაცხეს, აალებული ცეცხლის მკვიდრნი არიან ეგენი.
20. იცოდეთ, რომ ამქვეყნიური ცხოვრება ერთგვარი თამაშია, გართობაა, სამშვენისი და ერთგვარი მკრეხელობაა თქვენს შორის. და ასევე აუარებელი ქონებისა და შვილების ყოლა. ის წვიმას ჰგავს, გაახარა მთესველი თავისმა მცენარემ, მერე დაჭკნება, ამგვარად დაინახავ მას გაყვითლებულად. მერე გადაიქცევა ხმელ ნაყარ-ნუყარად. ხოლო საიქიოშია სასტიკი სასჯელი, მიტევება და კმაყოფილება ალლაჰისგან. ამქვეყნიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აყოლა მაცდუნებელ სიტკბოებაზე.
21. ისწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხისკენ, რომლის სივრცე ცათა და ქვეყნის სივრცის ტოლია. იგი გამზადდა იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰის და მისი შუამავლის. ესაა მადლი ალლაჰისა. უბოძებს მას, ინებებს ვისაც, რამეთუ ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია!
22. არ გეწევათ სიავე სიავეთაგან არც დედამიწაზე და არც თქვენს სულებს, რომ არ იყოს წინგში , ვიდრეღა მას მოვახდენდეთ. უეჭველად, ეს იოლია ალლაჰისთვის!
23. რათა არ იდარდოთ იმაზე, რაშიც ხელმოცარული დარჩით და არ იხაროთ იმით, რაც მოგმადლათ, რამეთუ ალლაჰს არ უყვარს თავმომწონე, ამაყები,
24. რომელნიც ძუნწობენ და ხალხსაც ძუნწობისკენ მოუწოდებენ; და ვინც ზურგს აქცევს , უეჭველად, ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!
25. ვფიცავ, წარმოვგზავნეთ ჩვენი შუამავალნი ცხადი მტკიცებებით და ზემოვავლინეთ მათთან ერთად წიგნი და სასწორი , რათა განსაჯოს ხალხმა სამართლით. ასევე ზეგარდმოვავლინეთ რკინა, რომელშიც მყარი სიძლიერე და სარგებელია ხალხისთვის. და რომ გამოსცადოს ალლაჰმა, ვინ ემსახურება მის სარწმუნოებას, მის შუამავალთ და ვინ ირწმუნა უხილავის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსიალია!
26. და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი და იბრაჰიმი და ჩვენ დავუდგინეთ მათ შთამომავლობას შუამავლობა და წიგნი. ამრიგად, მათგან ნაწილი ჭეშმარიტ გზას ადგას, ხოლო უმრავლესობა მეამბოხე ცოდვილია.
27. მერე წარვგზავნეთ მათ კვალდაკვალ შუამავლები და მივაყოლეთ ღისა ძე მარიამისა და ვუბოძეთ მას ინჯილი და ჩავთესეთ მათ გულებში სიბრალული და მოწყალება, რომელთაც გაჰყვნენ მას. ხოლო რაც შეეხება ბერ-მონაზვნობას, არ დაგვიწერია იგი მათზე, რამეთუ მათ გამოიგობეს ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად. მაგრამ არ დაიცვეს იგი ჭეშმარიტი დაცვით. ამგვარად ვუბოძეთ თავიანთი საზღაური, რომელთაც ირწმუნეს. ხოლო უმეტესობა მათგან მეამბოხე ცოდვილია.
28. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და ირწმუნეთ მისი შუამავალი, რომ მოგაგოს ორმაგი თავისი წყალობისგან და დაადგინოს თქვენთვის სინათლე, რომლითაც ივლით და მიგიტევოს თქვენ, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.
29. რათა იცოდნენ წიგნის ხალხმა, რომ არაფრის მიღება არ ძალუძთ ალლაჰის მადლისგან და რომ წყალობა ალლაჰის ხელთაა, მიჰმადლის მას, ინებებს ვისაც, რამეთუ ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია!