56. Al-Waqia

1. როცა დადგება თავზარდამცემი მოსახდენელი
2. ვერავინ იქნება მისი დადგომის ცრუდ შემრაცხავი,
3. დამამცირებელი, ამამაღლებელი.
4. როცა შეირყევა ქვეყანა ძლიერი შერყევით,
5. და დანაწევრდება მთები პატარა ნამსხვრევებად,
6. მაშინ იქცევა ნამცეცებად გაფანტულად,
7. და თქვენც იქნებით გაყოფილი სამ წყვილ ჯგუფად.
8. აჰა, მარჯვენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარჯვენა მხარის ხალხი?!
9. და მარცხენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარცხენა მხარის ხალხი?!
10. და პირველწარმატებულნი. პირველწარმატებულნი –
11. სწორედ ეგენი არიან დაახლოებულნი,
12. ნეტარების ბაღებში,
13. თემნი უპირველესნი
14. და ცოტაც – ბოლოთაგანი
15. ძვირფასი თვლებით შემკულ სარეცლებზე.
16. წამოწოლილნი ერთურთის პირისპირ,
17. და გარს ეხვევიან ჭაბუკნი მარადნი
18. თასებით, თუნგებით და ფიალებით, (სავსე) მუდმივად მომდინარე წყაროებიდან.
19. რომლისგანაც არც თავი ასტკივდებათ და არც გონება აერევათ;
20. და ყველა სახეობის ხილი, რასაც ინებებენ
21. და ხორცი ყველა სახეობის ფრინველთა, რომელსაც ისურვებენ.
22. და ქათქათები, დიდთვალება ქალწულნი
23. ხელუხლებელი მარგალიტის დარნი.
24. საზღაურად იმისა, რასაც ისინი იქმდნენ!
25. იქ ფუჭსიტყვაობას არ გაიგონებენ და არ იქნება ცოდვის ჩადენა,
26. მხოლოდ ერთი სიტყვა – „მშვიდობა“! „მშვიდობა!“
27. და მარჯვენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარჯვენა მხარის ხალხი?!
28. და ბლის ხეები უეკლო.
29. და ბანანის ხე, დახუნძლული ნაყოფით.
30. და ჩეროები განფენილი,
31. და წყლები მორაკრაკე,
32. და ყველანაირი ხილი აუარებელი.
33. არც გამოილევა და არც აიკრძალება.
34. სარეცელნი ამაღლებულნი.
35. უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ისინი ახალთახალი გაჩენით
36. ამრიგად, დავადგინეთ ისინი ქალწულებად,
37. მეუღლეთა მიჯნურად, თანატოლებად
38. მემარჯვენე ხალხთათვის.
39. თემნი უპირველესნი
40. და თემნი ბოლონდელნი.
41. და მარცხენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარცხენა მხარის ხალხი?!
42. ცეცხლში, რომელიც ძვალსა და რბილში გაუჯდებათ და წყალი მდუღარე.
43. და ჩრდილნი შავი ბოლისგან,
44. რომელიც არც გრილია და არც სასიამოვნო.
45. უეჭველად, ეგენი იყვნენ უწინ ფუფუნებით განებივრებულნი.
46. და შეგნებულად იჟინებდნენ დიდი ცოდვების ჩადენას.
47. და ამბობდნენ: „ნუთუ როცა მოვკვდებით და გარდავიქცევით მიწად და ძვლად, ნამდვილად უნდა აღვსდგეთ?
48. ან ჩვენი წინაპრები?“
49. უთხარი: უეჭველად, პირველნიც და ბოლონდელნიც,
50. შეკრებილნი იქნებით განსაზღვრულ ადგილას ცნობილ დღეს.
51. მერე თქვენ, ჰეი, ნამდვილად გზააბნეულნო, ცრუდ შემრაცხველნო!
52. უთუოდ, მიირთმევთ ზაყუმის ხისგან.
53. ამგვარად, ამოიქოლავთ მისით მუცლებს.
54. მერე დააყოლებთ მდუღარეს,
55. აგრეთვე დალევთ სნეული აქლემებივით, რომლებიც წყურვილს ვერ იკლავენ.“
56. ესაა ის, რაც მათთვისაა გამზადებული განკითხვის დღეს.
57. ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ. კვლავ არ ირწმუნებთ?
58. რას იტყვით იმაზე, რასაც ანთხევთ?
59. განა თქვენ აჩენთ მას თუ ჩვენ ვართ გამჩენნი?
60. ჩვენ დავადგინეთ თქვენს შორის სიკვდილი და არ ვართ ჩვენ უძლურნი
61. იმის თაობაზე, რომ შევცვალოთ თქვენი ცხედარნი და აღგადგინოთ ისეთებად, როგორიც ვერც კი წარმოგიდგენიათ.
62. და ვფიცავ, თქვენ უკვე იცით პირველი გაჩენის შესახებ. მაშ, რატომღა არ დაფიქრდებით?!
63. რაც იტყვით იმაზე, რასაც თესავთ?
64. განა თქვენ აღმოაცენებთ მას თუ ჩვენ ვართ აღმომცენები?
65. რომ გვენება, უთუოდ, გადავაქცევდით მას ხმელ ნაყარ-ნუყარად. მაშინ თქვენ დარჩებოდით გაკვირვებულნი:
66. „უეჭველად, ჩვენ ზარალი განვიცადეთ,
67. უფრო მეტიც, გავღატაკდით.“
68. რას იტყვით წყალზე, რომელსაც სვამთ?
69. განა თქვენ გარდმოავლინეთ იგი ღრუბლებიდან, თუ ჩვენ ვართ ზეგარდმომვლენი?
70. რომ გვენება დავადგენდით მას მწარედ. მაშ, კვლავ არ იქნებით მადლიერნი?
71. რას იტყვით ცეცხლზე, რომელსაც ანთებთ?
72. განა თქვენ აღმოაცენეთ ხე იგი, თუ ჩვენ ვართ აღმომცენები?
73. ჩვენ დავადგინეთ იგი შეგონებად და სარგებლად მოგზაურთათვის.
74. მაშ, ადიდე შენი ღმერთი დიდებული სახელით!
75. ვფიცავ, ვარსკვლავთა ადგილებს!
76. და უეჭველად, იგი დიადი ფიცია, ნეტავ იცოდეთ!
77. უეჭველად, იგი დიდებული ყურანია,
78. დაცულ წიგნში .
79. ვერ მიეკარება მას, თვინიერ განწმენდილთა.
80. ზეგარდმოვლენილია სამყაროთა ღმერთისგან.
81. ნუთუ არ გჯერათ ამ სიტყვის , თქვენ ხართ ცრუდ შემრაცხავნი
82. და თქვენ სარჩოს ცრუდ რაცხვით დაიდგენთ?
83. მაშინ, როცა სული ყელს ებჯინება,
84. ამდროს თქვენ მხოლოდ უყურებთ.
85. ჩვენ მასთან უფრო ახლოს ვართ თქვენზე, მაგრამ თქვენ არ გულისხმაჰყოფთ.
86. მაშ, თუ თქვენ მართლა არ იქნებით აღდგენილნი,
87. უკუაქციეთ იგი, თუკი ხართ მართალნი?
88. მაგრამ თუ იქნება დაახლოებულთაგანი,
89. მაშინ შვება, სარჩო და სამოთხენი ნეტარების .
90. და თუ იგი მემარჯვენე ხალხთაგანია,
91. დაე, „სალამი შენდა, მემარჯვენე ხალხთაგან!“
92. და თუ იგი ცრუდ შემრახცველთაგანი, გზა აცდენილთაგანია,
93. მაშინ მდუღარე წყლით გამასპინძლება
94. და შენთებაა ჯოჯოხეთში!
95. უეჭველად, ეს ცხადი ჭეშმარიტებაა!
96. მაშ, ადიდე შენი ღმერთი დიდებული სახელით!