54. Al-Qamar

1. მოახლოვდა საათი და ორად გაიპო მთვარე.
2. და რომც იხილონ სასწაული, სახეს აქცევენ და ამბობენ: „ეს გრძნეულებაა მუდმივი!“
3. ცრუდ შერაცხეს და აყვნენ თავიანთ ვნებებს, მაგრამ ყოველი საქმე გადაწყვეტილია.
4. და ვფიცავ, მათ მიუვიდათ ამბავნი, რომელშიც არის (საქციელის) გადათქმევინება.
5. (ეს აბვავნი) სიბრძნეა სრულყოფილი. ამის მიუხედავად, გაფრთხილებებმა ვერას არგო.
6. მაშ, სახე შეაქციე მათ. იმ დღეს მოუხმობს მხმობელი არასასურველი რამისკენ .
7. დაბეჩავებული მზერით გამოვლენ საფლავებიდან, როგორც მიმოფანტული კალიები.
8. სირბილით მივლენ მომხმობთან. ურწმუნონი იტყვიან: „ეს მძიმე დღეაო!“
9. როგორც მათ უწინ ცრუდ შერაცხა ნუჰის ხალხმა, ამგვარად ცრუდ შერაცხეს ჩვენი მსახური და თქვეს: „შეშლილიაო“ და ხელი შეუშალეს.
10. მაშინ შეჰღაღადა თავის ღმერთს: „უეჭველად, მე ძლეული ვარ. მაშ, შემეწიე!“
11. ამიტომაც ჩვენ გავხსენით ზეცის კარები მოჩხრიალე წყლით.
12. და ამოვხეთქეთ მიწა ნაკადულებად, წყლები შეიყარნენ იმ საქმისთვის, რომელიც წინასწარ იყო გადაწყვეტილი.
13. და ჩვენ გადავიყვანეთ იგი ძელებითა და ლურსმნებით შეჭედილით.
14. დაცურავდა ჩვენი მფარველობის ქვეშ ჯილდოდ იმისთვის, რომელიც უარყვეს.
15. და ვფიცავ, ჩვენ დავტოვეთ იგი სასწაულად. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
16. მაშ, როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?!
17. და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
18. ცრუდ შერაცხეს ადიელებმა . მაშ, როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?!
19. უეჭველად, ჩვენ მოვავლინეთ მათზე სუსხიანი ქარიშხალი იმ ავბედით ხანგძლივ დღეს.
20. იგი ფხვრიდა ხალხს, თითქოს ძირფესვიანად აღმოფხვრილი პალმის ხეთა ძირკვნი.
21. მაშ, როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?!
22. და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
23. ცრუდ შერაცხეს სემუდეველებმა შეგონებანი.
24. ასე თქვეს: „განა ჩვენგან რომელიმე ადამიანს უნდა გავყვეთ? მაშინ, უეჭველად, ცხად გზააბნევასა და ცდომილებაში აღმოვჩნდებით.
25. ნუთუ ჩვენგან მხოლოდ მასზე ზეგარდმოხდა შეხსენება? არა, იგი მატყუარა და ყოყოჩია!“
26. ისინი ხვალ გაიგებენ, ვინ არის მატყუარა და ყოყოჩი!
27. უეჭველად, ჩვენ ვართ წარმგზავნი დედალი აქლემისა გამოცდად. მაშ, უთვალთვალე მათ და მოითმინე.
28. და ამცნე მათ, რომ წყალი განაწილებულია მათ შორის ყოველი დალევისთვის. ვისი ჯერიცაა, მზად შეიქმნება.
29. ცოტა ხნის შემდეგ უხმეს თავიანთ მეგობარს. მაშინ მან იშიშვლა ხმალი, ფეხებიდან მოცელა და დაამხო იგი.
30. მაშ, როგორი იყო ჩემი სასჯელი და შეგონებანი?!
31. უეჭველად, ჩვენ მოვუვლინეთ საშინელი ხმა. ამგვარად ისინი გარდაიქცნენ, როგორც თივა მოცელილი.
32. და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
33. ცრუდ შერაცხეს ლუტის ხალხმა შეგონებანი.
34. უეჭველად, ჩვენ მოვუვლინეთ ქვების გრიგალი, გარდა ლუტის ოჯახისა. ჩვენ დავიხსენით ისინი განთიადისას,
35. წყალობად ჩვენი წიაღიდან. ასე მივუზღავთ, ვინც მადლიერია.
36. და ვფიცავ, ისინი შეაგონა მკაცრი სასჯელის თაობაზე, მაგრამ ეჭვით შეხვდნენ შეგონებანს!
37. და ვფიცავ, თვალი ჩამოდვეს მის სტუმრებს, თვალის ჩინი წავართვით მათ. მაშ, იგემეთ ჩემი სასჯელი და შეგონებანი ჩემი!
38. და ვფიცავ, დილაუთენია დაატყდათ დაუცხრომელი სასჯელი.
39. მაშ, იგემეთ ჩემი სასჯელი და შეგონებანი ჩემი!
40. და ვფიცავ, ჩვენ გავაიოლეთ ყურანი შეგონებისთვის. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
41. და ვფიცავ, მივიდა ფარაონის სახლეულთან შეგონებანი!
42. მათ ცრუდ ჩათვალეს ჩვენი სასწაულნი ერთბაშად, ამიტომაც შევიპყარით ისინი ძლევამოსილისა, ყოვლისშემძლის შეპყრობით.
43. განა თქვენი ურწმუნონი უკეთესნი არიან იმათზე ? ან იქნებ თქვენ ხელშეუხებლობის პირობა გებოძათ, წერილთა თანახმად?
44. ან ამბობენ: „ჩვენ ერთსულოვანი ვართ და ჩვენ ღირსნი ვართ გამარჯვების.“
45. სულ მალე დამარცხდება ეს ჯგუფი და უკუიქცევიან!
46. არა, ჟამი მათი აღთქმული დროა და ეს ჟამი მრისხანე და შემაძრწუნებელია!
47. უეჭველად, ცოდვილნი ცხად გზააბნევასა და ცდომილებაში აღმოჩნდებიან.
48. იმ დღეს პირქვე დამხობილნი გაირეკებიან ცეცხლში. იგემეთ შეხება ჯოჯოხეთის!
49. უეჭველად, შევქმენით ყოველი თავისი ბედისწერით.
50. და ჩვენი ბრძანება მხოლოდ ერთია, ისეთივე, როგორც თვალის დახამხამება .
51. და ვფიცავ, გავანადგურეთ თქვენი მსგავსნი. მიუხედავად ამისა, განა არის ვინმე, ვინც შეიგონებს?
52. და ყოველივე, რაც ქმნეს, დაცულ წიგნშია,
53. და ყველაფერი მცირე და დიდი აღნუსხულია.
54. ღვთისმოშიშნი კი, უეჭველად, ბაღებში და მდინარეებში იქნებიან,
55. ძლევამოსილ მბრძანებელთან, ჭეშმარიტების სამყოფელში.