52. At-tur

1. ვფიცავ, (სინას) მთას!
2. და წიგნს, სტრიქონ-სტრიქონ დაწერილს
3. გაშლილ სიფრიფანა ტყავზე!
4. ვფიცავ, სახლს კეთილმოწყობილს!
5. და კამარას ამაღლებულს!
6. და ზღვას აბობოქრებულს!
7. უეჭველად, სასჯელი შენი ღმერთისა დადგება,
8. მაშინ მას ვეღარავინ შეაკავებს.
9. იმ დღეს შეირყევა ზეცა დიდი რხევით,
10. და ამოძრავდება მთები დიდი სიჩქარით.
11. ვაი, იმათ მდგომარეობას, ვინც ის დღე ცრუდ შერაცხა!
12. რომელნიც ლაყბობით ერთობიან.
13. იმ დღეს წათრევენ და ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებიან მოსროლილნი.
14. ესაა ცეცხლი, რომელსაც თქვენ ცრუდ რაცხავდით!
15. ნეტა ეს ერთგვარი ჯადოქრობაა, თუ თქვენ არ გულისხმაჰყოფთ?
16. შეენთეთ მასში! მოითმენთ თუ არ მოითმენთ, სულერთია თქვენთვის. მხოლოდ დაისჯებით იმისთვის, რასაც სჩადიოდით.
17. ღვთისმოშიშნი კი, უეჭველად, სამოთხის ბაღებში და ნეტარებაში.
18. დამტკბარნი იმით, რაც უბოძა თავიანთმა ღმერთმა, რამეთუ დაიფარა ისინი ღმერთმა ჯოჯოხეთის სასჯელისგან.
19. ჭამეთ და სვით შერგებულად, ჯილდოდ თქვენი ღვაწლისთვის.
20. წამოწოლილნი სავარძლებზე, ჩამწკრივებულად და დავაწყვილეთ ისინი ქათქათებთან, დიდთვალებიანებთან.
21. რომელთაც ირწმუნეს და გაჰყვნენ მათ შთამომავლობა რწმენით, მივუერთეთ მათაც შთამომავლობა მათი და არაფერს დავუკარგავთ ღვაწლთაგან. ყოველი ადამიანი მძევალია იმისა, რაც მოიხვეჭა.
22. და დავასაჩუქრეთ ისინი იმ ხილით და ხორცით, რასაც ისურვებენ.
23. იქ მოატარებენ ერთმანეთში ფიალებს. არც ფუჭსიტყვაობა იქნება იქ და არც ცოდვის ჩადენა.
24. და გარს ეხვევიან ჭაბუკნი, ხელუხლებელი მარგალიტის დარნი.
25. და შეუბრუნდებიან ერთმანეთს კითხვით.
26. თქვეს: „უეჭველად, ჩვენ უწინ ვიყავით შეშინებულნი, ოჯახის გარემოცვაში.
27. ალლაჰმა წყალობა მოიღო ჩვენზე და დაგვიფარა ჯოჯოხეთის მწველი სასჯელისგან.
28. უეჭველად, ჩვენ მანამდე შევღაღადებდით მას, რამეთუ მხოლოდ იგია სიკეთის მომნიჭებელი და მწყალობელი.
29. მაშ, შეაგონე! რამეთუ შენ, შენი ღმერთის წყალობით არც მისანი ხარ და არც შეშლილი.
30. ან ამბობენ: „პოეტია! და ჩვენ ველოდებით მისი აღსასრულის დადგომას“.
31. უთხარი: „დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები!“
32. ნუთუ გონება კარნახობს მათ ამას თუ ზღვარგადასული ხალხი არიან?
33. ან ამბობენ: „მან შეთხზა იგი!“ არა, ისინი არ ირწმუნებენ!
34. მაშ, მოიტანონ მისი მსგავსი სიტყვა, თუ არიან მართალნი.
35. თუ გაჩნდნენ გამჩენის გარეშე? ან იქნებ თავად არიან გამჩენები?
36. ან იქნებ მათ გააჩინეს ცანი და ქვეყანა? არა, მათ ნამდვილად არ სჯერათ!
37. ნუთუ მათთანაა შენი ღმერთის საუნჯენი? ან იქნებ თავად არიან ხელმწიფენი?
38. ან იქნებ მათთვისაა განკუთვნილი კიბე, რომლის საშუალებითაც ისმენენ? მაშ, მოიტანოს მათგან მსმენელმა ცხადი მტკიცებანი.
39. ნუთუ მას ასულები და თქვენ კი – ძენი?
40. ნუთუ სთხოვ შენ მათ საზღაურს? ამიტომაც ისინი ვალით დამძიმებულნი არიან?
41. ან იქნებ უხილავი მათ წიაღშია და ისინი იწერენ?
42. ნუთუ სურთ ზიანის მიყენება? მაგრამ რომელთაც უარყვეს, სწორედ ეგენი აღმოჩნდებიან დაზარალებულნი.
43. ნუთუ მათ ჰყავთ სხვა ღვთაება, ალლაჰის გარდა? დიდება მას! შორსაა იმისგან, რასაც მოზიარედ უდგენენ!
44. და თუ დაინახავენ ერთ ნაფლეთს ციდან ვარდნილს, იტყვიან: „ღრუბლებია თავშეყრილი.“
45. მაშ, თავი ანებე მათ, ვიდრე არ ეწევათ ის თავიანთი დღე, რომელშიაც ჩაკვდებიან.
46. იმ დღეს მათი თავიანთი ხრიკები ვერას არგებთ და არც იქნება შეწევნა მათი.
47. და უეჭველად, იმათთვის, რომელთაც უსამართლობა ჩაიდინეს, სხვა სასჯელიცაა, გარდა ამისა. მაგრამ მათგან უმრავლესმა არ უწყის ეს.
48. და მოითმინე მსჯავრი შენი ღმერთისა. შენ ხომ ჩვენი მფარველობის ქვეშ ხარ. და ქებით განადიდე შენი ღმერთი ყოველი წამოდგომისას.
49. და ადიდე იგი ღამის ერთ ნაწილში და ვარსკვლავების გამკრთალებისას!