51. Adh-Dhariyat

1. ვფიცავ, ქარს მიმომფანტავს,
2. ასევე მატარებელთ ტვირთის,
3. დამღვრელთ უბრალოდ,
4. კიდევ გამნაწილებელთ საქმის!
5. უეჭველად, რაც აღგეთქვათ ჭეშმარიტებაა,
6. და უეჭველად, განსჯის დღე აუცილებლად დადგება!
7. და ვფიცავ, ზეცას წრიულ გზებიანს,
8. უეჭველად, თქვენ სიტყვათა შეუთანხმელობაში იმყოფებით.
9. გაბრუნებული იქნება მისგან, ვინც გაბრუნდა.
10. განიგმირონ ცრუნი,
11. რომელნიც უმეცრებაში არიან, დაუდევარნი!
12. კითხულობენ: როდისაა განსჯის დღე?
13. იმ დღეს ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან.
14. იგემეთ თქვენი ეს გამოცდა, რომელსაც ჩქარობდით!
15. ღვთისმოშიშნი კი, უეჭველად, ბაღებში და წყაროებში იქნებიან;
16. მიმღებელნი იმისა, რაც უბოძა მათ თავიანთმა ღმერთმა. უეჭველად, ისინი კეთილისმქმნელნი იყვნენ წინათ.
17. ცოტას თუ წაიძინებდნენ ღამით.
18. და ალიონზე მიტევებას ეაჯებოდნენ ისინი.
19. და მათ ქონებაში წილია, მთხოვნელთათვის და ღატაკთათვის,
20. და დედამიწაზე სასწაულია მტკიცე მორწმუნეთათვის
21. და თქვენს სულებში. ნუთუ არღა გულისხმაჰყობთ?!
22. და ცათა შინა თქვენი სარჩოა, რაც აღთქმულ გაქვთ.
23. და ვფიცავ, ცისა და ქვეყნის ღმერთს! უეჭველად,იგი ჭეშმარიტებაა, როგორც თქვენი ლაპარაკი.
24. ნუთუ არ მოგვლენია სიტყვა სტუმრების შესახებ.
25. აკი, შევიდნენ მასთან, და უთხრეს: „სალამი!“ მიუფო: „სალამი, უცხო ხალხო!“
26. შემდეგ მიაშურა ოჯახს და გამოიტანა მსუქანი ხბო,
27. წინ დაუდო მათ და უთხრა: განა არ მიირთმევთ?
28. მაშინ შიში ჩაუვარდა მათ გამო გულში.
29. მოვიდა ცოლი მისი ყვირილით, სახეში (ხელებს) იცემდა და ამბობდა: უნაყოფო დედაბერი ვარ!
30. უთხრეს: ასე ბრძანა შენმა ღმერთმა. უეჭველად, იგი ბრძენია, ყოვლისმცოდნეა.
31. ჰკითხა: „(გარდა ამისა, სხვა) რა გაქვთ დავალებულნი, ჰეი, შუამავალნო?“
32. მიუგეს: „უეჭველად, ჩვენ წარმოვიგზავნეთ ცოდვილ ხალხთან,
33. რათა ვაწიოთ მათ თიხის ქვები
34. შენი ღმერთის წიაღში მონიშნულ ზღვარგადასულთათვის“.
35. და მაშინ გამოვიყვანეთ იქიდან მორწმუნენი.
36. ისედაც ვერ ვჰპოვეთ იქ, გარდა მუსლიმთა ერთი სახლისა.
37. და დავტოვეთ იქ სასწაულად იმათთვის, რომელთაც ეშინიათ მწარე სასჯელისა.
38. და მუსას თაობაზე: აკი, წარვგზავნეთ ფარაონთან ცხადი მტკიცებებით.
39. მაგრამ მან ზურგი იქცია გარშემომყოფებთან ერთად და თქვა: ჯადოქარია ან გიჟი.
40. ამიტომაც შევიპყარით იგი და მისი ლაშქარი და ჩავყარეთ წყალში, რამეთუ იგი გასაკიცხი იყო.
41. და ადიელების თაობაზე: აკი, წავგზავნეთ მათზე ქარიშხალი გამაცამტვერებელი.
42. არაფერი დატოვა, ზედ გადაუარა. აქცია ისინი, როგორც ქვიშა.
43. და სემუდეველების თაობაზე: აკი, ეთქვა მათ: ისარგებლეთ ცნობილ დრომდე.
44. მაგრამ არ დამორჩილდნენ ბრძანებას თავინთი ღმერთისას. ამიტომაც შეიპყრო ისინი ელჭექმა და მხოლდ უყურებდნენ.
45. მაშინ ვერ შეძლეს ფეხზე წამოდგომა. და ვერ იქმნენ შეწევნილნი.
46. და ნუჰის ხალხი უწინ: უეჭველად, ისინი იყვნენ მეამბოხე ცოდვილი ხალხი.
47. და ზეცა ავაგეთ ძლიერებით და უეჭველად, ჩვენ ვართ გამვრცობი!
48. და მიწა გავფინეთ. და რა მშვენიერი გამფენნი ვართ!
49. და ყველაფერი გავაჩინეთ წყვილებად, ეგების გულისხმაჰყოთ თქვენ!
50. მაშ, იჩქარეთ ალლაჰისკენ. უეჭველად, მე თქვენთვის მისგან წარმოგზავნილი ცხადი შემგონებელი ვარ.
51. და არ დაიდგინოთ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება. უეჭველად, მე თქვენთვის მისგან წარმოგზავნილი ცხადი შემგონებელი ვარ.
52. სწორედ ასე რომელნიც იყვნენ მათ უწინ, არ მისულა მათთან შუამავალთაგანი, რომ არ ეთქვათ: ჯადოქარი ან გიჟი.
53. ნუთუ ყოველთვის ამას უანდერძებენ? არამც და არამც! ისინი ზღვარგადასული ხალხი არიან.
54. მაშ, სახე იბრუნე მათგან, უკვე შენ აღარ ხარ გასაკიცხი.
55. და შეაგონე. უეჭველად, შეგონება სარგებელს მოუტანს მორწმუნეთ!
56. `არ შემიქმნია ჯინნი და კაცნი არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ თაყვანი მცენ!
57. არ მინდა მათგან სარჩო და არც ის, რომ დამაპურონ.
58. უეჭველად, ალლაჰია სარჩოს მომცემი და ძლევამოსილი.
59. და უეჭველად, იმათთვის, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, მათი ხვედრი იმ ქვეყნების ბინადართა ხვედრის დარია. მაშ, ნუ იჩქარებენ!
60. ვაი, მათ, რომელთაც უარყვეს თავიანთი დღე, რომელიც აღეთქვათ!