50. Qaf

1. ყააფი. ვფიცავ, ბრწყინვალე ყურანს!
2. ნამდვილად გაოცდნენ ურწმუნონი, რომ გამოეგზავნათ შემგონებელი მათივე წიაღიდან და თქვეს: ეს ერთობ საკვირველია!
3. განა როცა მოვკვდებით და მიწად გარდავიქცევით (ხელმეორედ უნდა გავცოცხლდეთ)? ეს დაბრუნება წარმოუდგენელია!
4. უთუოდ, ჩვენ ვუწყით მიწა რას აკლებს მათ, რამეთუ ჩვენთანაა დაცული წიგნი.
5. ამასთან, ცრუდ შერაცხეს ჭეშმარიტება, როცა მოევლინათ მათ, უკვე ისინი უბედურებაში იმყოფებიან!
6. განა არ შეხედავენ, როგორ ავაგეთ ზეცა მათ ზემოდან, როგორ მოვკაზმეთ იგი და მასში არანაირი ღიობი არ მოინახება!
7. როგორ გავფინეთ დედამიწა და მასზე როგორ მოვათავსეთ ურყევი მთები. იქ ულამაზესი ყველა სახეობის მცენარეები წყვილებად აღმოვაცენეთ!
8. ეს ყველაფერი ჭეშმარიტებისაკენ მსწრაფველი ყველა მორწმუნისათვის ერთგვარი გაკვეთილი და ერთგვარი დარიგებაა!
9. და გარდმოვავლინეთ ზეციდან ბარაქიანი წვიმა, შემდეგ ამ წვიმით ბაღები და მარცვლეულის ყანები აღმოვაცენეთ!
10. და აღმოვაცენეთ მაღალი ხურმის ხეები, რომლის მტევნები ერთიმეორეზეა ასხმული,
11. სარჩოდ მორწმუნეთათვის. და ამით სიცოცხლე მივმადლეთ მკვდარ დასახლებას. სწორედ ასეა გამოსვლა !
12. ცრუდ შერაცხეს მათ უწინარეს ნუჰის ხალხმა, რესის მცხოვრებლებმა და სემუდეველებმა ,
13. ადიელებმა , ფარაონმა და ლუტის ძმებმა,
14. ეიქეს მკვიდრთა და თუბას ხალხმაც, ყველამ ცრუდ შერაცხეს შუამავალნი. სწორედ რომ დამსახურებულად ეწიათ ტანჯვა!
15. განა ჩვენ ადამიანის თავდაპირველი გაჩენისას უძლურება გამოვიჩინეთ, რომ ისინი ეჭვობენ ხელმეორედ გაჩენას?
16. და ვფიცავ, გავაჩინეთ ადამიანი და ვუწყით რას სჩურჩულებს მას სული (არსი) მისი და ჩვენ მასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე აორტა!
17. ისედაც, ორი ანგელოზი მარჯვნივ და მარცხნივ მის ყველა ქმედებას იწერენ.
18. საკმარისია მან სიტყვა წარმოთქვას და უეჭველად, მეთვალყურე მზადყოფნაშია ესწრას მას.
19. ჭეშმარიტებით მოვა სიკვდილის სიმთვრალე და ეთქმება: აჰა, ეს არის ის, რასაც შენ მუდამ გაურბოდი!
20. და ჩაიბერება საყვირში. სწორედ ესაა აღთქმული დღე!
21. და ყველა სული დამცველითა და მოწმით წარსდგება.
22. უეჭველად, შენ მისადმი უვიცი იყავი. აი, თვალ წინ არსებული ფარდა აგხადეთ, ახლა თვალი შენი უფრო გამჭრიახია!
23. და ეტყვის მას თანმხლები: სწორედ ესაა მზა ჩემთან!
24. (ებრძანება): „აბა, მოისროლეთ, მოისროლეთ ჯოჯოხეთში ყველა ურწმუნო და უმადური,
25. სიკეთის აღმკვეთი, ზღვარგადასული, ეჭვიანი!“
26. რომელმაც დაიდგინა ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება, აბა, ორივემ ერთად მოისროლეთ მძვინვარე ტანჯვაში!
27. მისი მეგობარი (ეშმაკი) ეტყვის: ღმერთო ჩემო, მე ის არ შემიცდენია, რამეთუ თავად იყო ღრმა გზააბნევაში.
28. (ამ დროს ალლაჰი) უბრძანებს: ჩემს წინაშე ნუ კამათობთ, რამეთუ მე კატეგორიული გაფრთხილება უკვე გამცნეთ!
29. არ შეიცვლება ჩემთან სიტყვა, და მე არა ვარ უსამართლო ჩემი მსახურების მიმართ!
30. იმ დღეს ვეტყვით ჯოჯოხეთს: „გაივსე!?“ და გვიპასუხებს: „კიდევ არ არიან?“
31. და მიუახლოვდება სამოთხე ღვთისმოშიშთ, ისედაც არ იყო შორს.
32. ესაა, რაც აღთქმული გქონდათ ყველა მომნანიებელს და დამცველს,
33. ვინც თრთოდა უხილველად მოწყალისა და ვინც მოვიდა წრფელი გულით!
34. შედით იქ მშვიდობით! სწორედ ესაა დღე მარადიული.
35. მათთვისაა იქ რასაც ისურვებენ და უფრო მეტიც, ჩვენს წინაშე!
36. ჩვენ მათ უწინარეს რამოდენიმე თაობა გავანადგურეთ, რომელნიც მათზე უფრო ძლიერნი იყვნენ. ასეთი ძალაუფლების მიუხედავად (სიკვდილიდან გადარჩენისათვის) გასაქცევი დედამიწაზე ვერსად იპოვეს და ყოველთვის სასოწარკვეთილნი ბრუნდებოდნენ.
37. უეჭველად, ამაში შეხსენებაა, ვინც გულმოდგინედ და კარგად შეისმენს.
38. და ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ ცანი და დედამიწა და მათ შორის არსებული ექვს დღეში და არ შეგვხებია არავითარი დაღლა!
39. მაშ, მოითმინე რასაც ამბობენ! ადიდე ღმერთი შენი ქება-დიდებით მზის ამოსვლის და ჩასვლის წინ!
40. და ღამით ადიდე იგი და სეჯდეს შემდეგ!
41. და ყური უგდე იმ დღეს ახლო ადგილიდან მომხმობის ხმობას!
42. იმ დღეს (ყველა არსება) ჭეშმარიტებისკენ მომხმობ საშინელ ხმას გაიგონებს. სწორედ ესაა აღდგომის დღე!
43. უეჭველად, ჩვენ ვაცოცხლებთ და ვაკვდინებთ და ჩვენთანაა მისაქციელი!
44. იმ დღეს მიწა მათგან მსწრაფლ გაიპობა. სწორედ ესაა აღდგომა, რომელიც ჩვენთვის იოლია.
45. ჩვენ უკეთ ვუწყით რასაც ამბობენ. და არა ხარ შენ მათდა მოძალადე. მაშ, შეაგონე ყურანით, ვინც ძრწის ჩემი გაფრთხილების წინაშე!