4. An-Nisā’

1. ეი, ადამიანებო! რიდი გქონდეთ თქვენი ღმერთისა, რომელმაც გაგაჩინათ ერთი სულისაგან, შემდეგ მისგან მისი მეუღლე გააჩინა და მათგან უამრავი კაცი და ქალი გაამრავლა. რიდი გქონდეთ ალლაჰისა, რომლის სახელითაც სურვილებს უცხადებთ ერთმანეთს, და ნათესაური კავშირის გაწყვეტასაც უფრთხილდით. უთუოდ, ალლაჰი გმეთვალყურეობთ.
2. მიეცით ობლებს თავიანთი ქონება (როცა სრულწლოვანნი გახდებიან), არ გადაცვალოთ * სპეტაკი (ჰალალი) უწმინდურში (ჰარამით) და არც ქონება მიირთვათ მათი – თქვენს ქონებასთან ერთად. უთუოდ, დიდი ცოდვაა ეგ.
3. და თუ შიშობთ, რომ ვერ დაიცავთ სამართლიანობას* ობლებთან (ქვრივთან ქორწინების შემთხვევაში), მაშინ იმ ქალებიდან, ვინც ჰალალია თქვენთვის, – შეირთეთ ორი, სამი ან ოთხი; ხოლო თუ შიშობთ, რომ ვერ დაიცავთ სამართლიანობას (მათ შორის), მაშინ – ერთი (იკმარეთ) ან ის, რასაც ფლობს თქვენი მარჯვენა**. ეს ყველაზე კარგი ხერხია, რომ არ გადაიხაროთ (უსამართლობისკენ).
4. მაშ, კეთილი ნებით მიეცით ქალებს თავიანთი მეჰრი, ხოლო ისინი თუ თავიანთი ნებით იქიდან რამეს დაგითმობენ, მაშინ შერგებულად მიირთვით იგი.
5. ნუ მიანდობთ თქვენს (მეურვეობაში მყოფ) ქონებას ჭკუასუსტებს*, რისი განკარგვაც ალლაჰს თქვენთვის მოუბარებია; დააპურეთ და შემოსეთ იმით და კეთილი სიტყვა უთხარით მათ.
6. გამოსცადეთ ობლები შეუღლების ასაკამდე და როცა დარწმუნდებით მათ ზრდასრულობაში, – მაშინ დაუბრუნეთ თავიანთი ქონება. არ შეჭამოთ იგი ნაჩქარევად – მფლანგველობითა და მათი ზრდასრულობის შიშით. ვინც მდიდარია, თავი შეიკავოს, ხოლო ვინც ღარიბია, მან ზომიერად მიირთვას*. როცა თავიანთ ქონებას უკან დაუბრუნებთ, მოწმე თან იყოლიეთ… და ალლაჰი კმარა ანგარიშმგებად.
7. ვაჟიშვილებს წილი ერგებათ მშობლებისა და ნათესავების დანატოვარიდან; და ქალიშვილებს წილი ერგებათ მშობლებისა და ნათესავების დანატოვრიდან, მიუხედავად იმისა, ცოტა იქნება თუ ბევრი; – გარკვეული წილი აუცილებელია.
8. როცა მემკვიდრეობის გაყოფას ესწრებიან ნათესავები, ობლები და უპოვრები*, – მათაც უწილადეთ იმისგან და კეთილი სიტყვა უთხარით.
9. (ობლებთან დაკავშირებით) შიში ჰქონდეთ* იმათ, რომელნიც დარდობენ, რომ ვაითუ (გარდავიცვალოთ და) უკან უძლური შთამომავლობა დაგვრჩესო. რიდი ჰქონდეთ ალლაჰისა და მხოლოდ კეთილი სიტყვა თქვან.
10. ჭეშმარიტად, ისინი, ვინც უსამართლოდ ჭამენ ობოლთა ქონებას, – მხოლოდ ცეცხლს შეჭამენ თავიანთ მუცლებში და ცეცხლში შევლენ ისინი, აგიზგიზებულში.
11. შვილებთან დაკავშირებით ალლაჰი გიწესებთ: ვაჟს – ორი ქალიშვილის წილის თანაბარი ერგება; ხოლო თუ ქალიშვილები ორზე მეტნი იქნებიან (და არცერთი ვაჟი), მაშინ მათ მემკვიდრეობის ორი მესამედი ერგებათ; ხოლო თუ მხოლოდ ერთი ქალიშვილია, მაშინ მას ნახევარი ერგება; თუ შვილი ჰყავს (გარდაცვლილს), მაშინ მის მშობლებს, თითოეულს, – მემკვიდრეობის მეექვსედი; ხოლო თუ არ ჰყავს (შვილი) და მხოლოდ მშობლები არიან მისი მემკვიდრეები, მაშინ დედას მესამედი ერგება (დანარჩენი მამას დარჩება); და თუ დედმამიშვილებიც ჰყავს (გარდაცვლილს), მაშინ დედა მეექვსედს მიიღებს. ეს ყოველივე მხოლოდ ანდერძის აღსრულების* ან ვალის გასტუმრების შემდეგ უნდა შესრულდეს. თქვენ არ იცით, ვინ უფრო სარგებლიანია თქვენთვის – თქვენი მამები თუ თქვენი შვილები. ეს ყველაფერი ალლაჰის დადგენილი ვალდებულებებია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ბრძენია, ყოვლისმცოდნე**.
12. თქვენ გერგებათ თქვენი ცოლების დანატოვრის ნახევარი, თუ არ ჰყავთ მათ შვილი; ხოლო თუ შვილი ჰყავთ, მაშინ გერგებათ მათი დანატოვრის მეოთხედი – მას შემდეგ, როცა აღსრულდება ანდერძი ან/და მოიხდება ვალები; ასევე: მათ ერგებათ თქვენი დანატოვრის მეოთხედი, თუ შვილი არ გყავთ; ხოლო თუ შვილი გყავთ, მაშინ მათ ერგებათ თქვენი დანატოვრის მერვედი – მას შემდეგ, როცა აღსრულდება ანდერძი ან/და მოიხდება ვალები; თუ კაცს ან ქალს ისე ემემკვიდრეებიან, როგორც ქელაალე*, და მას ჰყავს (დედით) ძმა ან და**, მაშინ თითოეულ მათგანს მეექვსედი ერგება; ხოლო თუ ამაზე (ერთზე) მეტი იქნებიან, მაშინ ისინი თანაზიარნი იქნებიან მესამედში – მას შემდეგ, როცა თითოეულის დაუზარალებლად აღსრულდება ანდერძი ან მოიხდება ვალები: – (ეს) ალლაჰის მიერ დაწესებული ნორმებია; ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ლმობიერი.
13. ამგვარია საზღვრები ალლაჰისა, ხოლო ვინც ჰმორჩილებს ალლაჰსა და მის შუამავალს, (ალლაჰი) მას შეიყვანს სამოთხეებში, რომლის ქვეშაც მდინარეები მიედინებიან. იქ იქნებიან მარადჟამს. აი, ესაა მიღწევა – უდიდესი.
14. ხოლო ვინც ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს და სცდება მის (ალლაჰის) საზღვრებს, – ცეცხლში შეიყვანს (ალლაჰი) მას, იქ იქნება მარადჟამს და მისთვისაა – სასჯელი დამამცირებელი.
15. მათ, ვინც იმრუშებენ თქვენი ქალებიდან, – მოწმედ დაუყენეთ ოთხი თქვენგანი; და თუ დაამოწმებენ, მაშინ სახლებში შეაკავეთ, ვიდრე სიკვდილი არ მიიბარებს მათ ან სხვა გამოსავალს არ დაადგენს ალლაჰი.
16. რომელი ორიც ამას ჩაიდენს თქვენგან, ორივე მათგანი სასჯელით დაამწუხრეთ; ხოლო თუ მოინანიეს, მაშინ მოეშვით! ჭეშმარიტად, ალლაჰი მონანულთა უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი*.
17. ჭეშმარიტად, ალლაჰი იყაბულებს იმათ სინანულს, რომელნიც უმეცრებით სჩადიან უკეთურობას, მერე კი მალევე ნანობენ; სწორედაც იყაბულებს ალლაჰი მათ სინანულს. ალლაჰი ბრძენია, ყოვლის მცოდნე.
18. არ მიიღება სინანული იმათი, რომლებიც უკეთურებას სჩადიან, ვიდრე რომელიმე მათგანს სიკვდილი არ მოუსწრებდეს და შემდეგ იტყოდეს, რომ ჭეშმარიტად, ახლა მოვინანიეო; და არც იმათი, რომლებიც ურწმუნოებად დაიხოცნენ. სწორედ მათთვის გავამზადეთ მწარე სასჯელი.
19. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ არის თქვენთვის ჰალალი, რომ იძულებით მოიქციოთ ქალები მემკვიდრეობაში* და ქორწინების უფლება შეუზღუდოთ, რათა წაართვათ იმის ნაწილი, რაც მათთვის მიგიციათ (მეჰრის სახით), გარდა იმ შემთხვევისა, თუკი აშკარა უზნეობა ჩაიდინეს. კეთილად მოეპყარით მათ, თუნდაც არ მოგწონდეთ ისინი. შესაძლოა, არ მოგწონდეთ რაღაც, მაგრამ ალლაჰს მასში დიდი სიკეთე ჰქონდეს ჩადებული.
20. და თუ მოიწადინებთ, რომ ერთი ცოლის ნაცვლად შეირთოდ მეორე, და მათგან პირველისთვის* თუნდაც უთვალავი სიმდიდრე გქონდეთ მიცემული, – იქიდან არაფერი გამოართვათ! ნუთუ წაართმევთ მას ცილისწამებითა და ცხადი ბოროტებით?
21. ან როგორღა წაართმევთ (როგორ იკადრებთ წართმევას), როცა თქვენ უკვე განუმარტოვდით ერთმანეთს და მათაც მტკიცე პირობა აიღეს თქვენგან?
22. არ შეირთოთ ის ქალები, რომლებიც თქვენს მამებს ჰყავდათ შერთული, გარდა იმისა, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა. უეჭველად, უზნეობა (ღვთის) წყრომის მიზეზია და ცუდი გზაა იგი.
23. თქვენთვის ჰარამია (რომ შეირთოთ): თქვენი დედები, ქალიშვილები, დები, მამიდები, დეიდები, ძმის ქალიშვილები, დის ქალიშვილები, (ის) ძიძები, რომლებმაც ძუძუ გაწოვათ, ძუძუმტე დები, თქვენი ცოლების დედები, (ის) გერი ქალიშვილები, რომლებიც თქვენს სახლში იზრდებიან, – იმ ცოლებიდან, რომლებსაც უკვე ეთანაცხოვრეთ, ხოლო თუ მათთან არ გიცხოვრიათ (და ისე გაეყარეთ), მაშინ (მათი შერთვა) არ არის ცოდვა თქვენთვის. ასევე (თქვენთვის ჰარამია), თქვენს შთამომავალ ვაჟთა ცოლები და ორი და რომ ერთდოულად შეირთოთ*, გარდა იმისა, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მწყალობელი.
24. (გეკრძალებათ) ასევე გათხოვილი ქალები, გარდა იმისა, რაც მოიპოვა თქვენმა მარჯვენამ*. ეს ყველაფერი ალლაჰის მიერ თქვენზე დაკისრებული ვალდებულებებია, ხოლო აქ ჩამოთვლილის მიღმა რაც დარჩა, – თუ თქვენი ქონებით ეძიებთ პატიოსნურად (შერთვას) და არა სიძვის მიზნით, მაშინ ჰალალია. რა სარგებელიც მიიღოთ მათგან (შეუღლებით), შესაბამისი გადასახადიც მიეცით (მეჰრი). განსაზღვრული გადასახადის მიცემის შემდეგ თუ მორიგდებით ურთიერთკმაყოფილებით, – ამაში ცოდვა არ დაგედებათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია.
25. ხოლო რომელ თქვენგანსაც არ ყოფნის სახსრები თავისუფალი მორწმუნე ქალების შესართავად, – ის მორწმუნე გოგო შეირთოს, რაც მოიპოვა მისმა მარჯვენამ. ალლაჰმა უკეთ იცის თქვენი რწმენის შესახებ, თქვენ ხომ ერთი–მეორისგან ხართ. მაშ, თუ იქნებიან პატიოსნად და არავის გაიჩენენ მემრუშედ და საყვარლად, – შეირთეთ ისინი თავიანთი მეურვეების თანხმობით და გადაუხადეთ მეჰრი წესისამებრ, ხოლო შეუღლების შემდეგ თუ იმრუშეს, – მათი სასჯელი თავისუფალი ქალების სასჯელის ნახევარია. ეს მათთვისაა,* ვისაც სიძვის ეშინია; რომ მოითმინოთ, უფრო ხეირიანია თქვენთვის. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მწყალობელი.
26. ალლაჰს უნდა, რომ ცხადად განგიმარტოთ*, დაგაყენოთ თქვენზე ადრე მყოფთა გზებზე და იყაბულოს თქვენი სინანული. ალლაჰი ყოვლის მცოდნე ბრძენია.
27. ალლაჰს უნდა, რომ თქვენი სინანული იყაბულოს, ხოლო ვნებებს აყოლილთ უნდათ, რომ დიდი ცდომილებით გადაიხაროთ (ჭეშმარიტებისგან).
28. ალლაჰს უნდა, რომ შეგიმსუბუქოთ, – ადამიანი ხომ სუსტ არსებადაა შექმნილი.
29. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ შეჭამოთ ერთმანეთის ქონება უსამართლოდ, ურთიერთკმაყოფილებით ვაჭრობის გარეშე, და არც თქვენი სულები დახოცოთ*. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა თქვენ მიმართ.
30. ხოლო ვინც ეს ჩაიდინოს მტრობითა და უსამართლობით, – ცეცხლში შევიყვანთ მას. ეს კი იოლია ალლაჰისთვის.
31. თუ დიდ ცოდვებს მოერიდებით, რომლებიც გეკრძალებათ, – მაშინ დავფარავთ თქვენს (მცირე) უკეთურობებს და სიუხვით გამორჩეულ შესასვლელში შეგიყვანთ.
32. და არ ისურვოთ ის, რითაც ალლაჰმა თქვენ შორის ზოგიერთი ზოგიერთზე უპირატესჰყო*. კაცები მიიღებენ ხვედრს იქიდან, რაც მოუხვეჭავთ; და ქალებიც მიიღებენ ხვედრს იქიდან, რაც მოუხვეჭავთ**. მაშ, ალლაჰს სთხოვეთ წყალობა, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
33. ჩვენ თითოეულს დავუდგინეთ მემკვიდრეობა იმაში, რაც მშობლებსა და ნათესავებს დაუტოვებიათ მათთვის. ხოლო ვისთანაც ფიცი დაგიდვიათ, მათაც მიეცით კუთვნილი წილი*. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყველაფრის მოწმეა.
34. მამაკაცები ქალების მეურვეები არიან იმით, რაც ალლაჰმა მათზე მეტი უწყალობათ* და იმით, რასაც ხარჯავენ თავიანთი ქონებიდან. პატიოსანი ქალები მორჩილნი არიან და თვალსმიფარებულ მდგომარეობაშიც კი იცავენ იმას, რაც ალლაჰის მხრიდანაა დაცული**, ხოლო რომელთა თავხედობასაც შიშობთ, მათ ჯერ შეაგონეთ***, შემდეგ საწოლიდან განუცალკევდით, ბოლოს კი (თუ წინა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო) მსუბუქად დაარტყით****, და თუ დაგმორჩილდებიან, – ნუღარ დაიწყებთ მიზეზების ძიებას მათ საწინააღმდეგოდ. ჭეშმარიტად ალლაჰი უზენაესი და უდიადესია.
35. და თუ შიშობთ, რომ მათ შორის მოხდება განხეთქილება, მაშინ წარგზავნეთ ერთი მსაჯული ქმრის ოჯახიდან და მეორე მსაჯული ცოლის ოჯახიდან. თუკი ორივე გამოსწორებას ისურვებენ, ალლაჰი მათ თანხვედრაში მოიყვანს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა; ყოვლისმცნობი.
36. მაშ, იყავით ალლაჰის მოთაყვანენი და არაფერი უთანაზიაროთ… და კეთილი იყავით მშობელთა, ახლობელთა, ობოლთა, ღატაკთა, ახლო მეზობელთა*, შორეულ მეზობელთა**, გვერდში მდგომ მეგობართა***, მგზავრთა და იმათ მიმართ, ვისაც ფლობს თქვენი მარჯვენა. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს იგი, ვინც თავმომწონე და მედიდურია.
37. – რომელნიც ძუნწობენ და ხალხსაც სიძუნწეს მოუწოდებენ; მალავენ იმას, რაც მათთვის ალლაჰს უბოძებია თავისი წყალობიდან. ამიტომ დამამცირებელი სასჯელი გავამზადეთ ურწმუნოებისთვის;
38. – და ისინიც, რომელნიც ქონებას ხალხის დასანახად ხარჯავენ და არ სწამთ ალლაჰი, არც დღე უკანასკნელი; ასევე ის, ვისაც მეგობრად ეშმაკი ეყოლება. რაოდენ ცუდი მეგობარია იგი.
39. რა სიმძიმედ დააწვებოდათ, თუკი ირწმუნებდნენ ალლაჰსა და უკანასკნელ დღეს, და გაიღებდნენ იქიდან, რაც ალლაჰმა უწყალობა? ალლაჰმა ხომ ყველაფერი იცის მათ შესახებ.
40. ჭეშმარიტად, ალლაჰი ერთ სახე უსამართლობასაც არ იზამს, ხოლო ვინც რაიმე სიკეთეს იზამს, – გაუმრავალკეცებს მას და უდიდეს ჯილდოს მიაგებს თავისი წიაღიდან.
41. მაშინ კი რა მოხდება, როცა მოწმეებს მოვიყვანთ ყოველი თემიდან და შენც მოგიყვანთ მოწმედ ამათ წინააღმდეგ?!
42. – იმ დღეს, ვინც არ ირწმუნეს და შუამავალს ეურჩნენ, ისინი ინატრებენ, რომ მიწად ქცეულიყვნენ… და მათ ალლაჰს ერთი სიტყვაც კი ვერ დაუმალონ.
43. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ მიუახლოვდეთ ნამაზს მაშინ, როცა ხართ მთვრალი, – მანამ, ვიდრე არ გაგეგებათ, თუ რას ამბობთ; და არც უწმინდურობისას*, სანამ არ განიბანებით, გარდა მგზავრებისა**; ხოლო თუ ავად იქნებით, ან მგზავრობაში, ან საპირფარეშოდან გამოხვალთ, ან კიდევ ქალებს შეეხებით*** და წყალს ვერ იპოვით, მაშინ სუფთა მიწით თეიმმუმი**** გააკეთეთ და სახესა და ხელებზე ჩამოისვით. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა; უსაზღვროდ მპატიებელი.
44. განა ვერ ხედავ იმათ, ვისაც წილი ხვდა წიგნისა? გზააცდენილობას ყიდულობენ და უნდათ, რომ თქვენც ასცდეთ გზას.
45. ალლაჰმა უკეთ იცის თქვენი მტრები; კმარა ალლაჰი მფარველად და კმარა ალლაჰი დამხმარედ.
46. იუდეველთაგან ზოგიერთნი ადგილს უცვლიან სიტყვებს და ამბობენ: მოვისმინეთ და ვეურჩეთ; მოგვისმინე და არამც გსმენოდეს; რა’ინა* – ასე ამახინჯებენ მათი ენით, რათა შეურაცხყონ სარწმუნოება. მათ რომ ეთქვათ, მოვისმინეთ და დავემორჩილეთ; მოგვისმინე და მოგვხედეო, რათქმაუნდა ეს მათთვისვე უფრო ხეირიანი და სამართლიანი იქნებოდა. მაგრამ დასწყევლა ისინი ალლაჰმა თავიანთი ურწმუნოების გამო და არ ირწმუნებენ, გარდა მცირედისა.
47. ეი, თქვენ, რომელთაც წიგნი გებოძათ! ირწმუნეთ ის (ყურანი), რაც თქვენთან არსებულის (თორას) დამამოწმებლად ჩამოვავლინეთ, ვიდრე (თქვენი) სახეები წაგვიშლია და უკუ შეგვიბრუნებია, ან ვიდრე დაგვიწყევლია ისე, როგორც შაბათის ხალხი დავწყევლეთ. ალლაჰის ბრძანება აღსრულებადია.
48. ჭეშმარიტად, არ აპატიებს ალლაჰი, როცა მას უთანაზიარებენ, და ამის გარდა ყველაფერს პატიობს მათ, ვისაც მოისურვებს. და ვინც ალლაჰს უთანაზიარა, მან მართლაც დიდი ცოდვა დასწამა.
49. განა არ გინახავს ისინი, რომელთაც თავი უცოდველებად მოაქვთ? – პირიქით, ალლაჰი განწმენდს მას, ვისაც ისურვებს, და ფეთილისოდენა* უსამართლობასაც კი არ გადაეყრებიან.
50. შეხედე, როგორ თხზავენ სიცრუეს ალლაჰის შესახებ, და ეს საკმარისია აშკარა ცოდვის დადებისთვის.
51. განა ვერ ხედავ მათ, რემელთაც წილი ხვდათ წიგნიდან, – ჯიბთისა* და ტაღუთისა** სწამთ და ურწმუნოთა შესახებ ამბობენ, რომ ესენი უფრო ჭეშმარიტ გზაზე დგანან, ვიდრე ისინი, ვინც ირწმუნესო?!
52. ეგენი არიან ისინი, ვინც ალლაჰმა დაწყევლა და ალლაჰმა ვინც დაწყევლოს, მისთვის ვერავინ ჰპოვო დამხმარედ.
53. ან იქნებ წილი ეკუთვნით ხელმწიფებაში? – ასე რომ ყოფილიყო, ხალხისთვის ნაყირსაც* კი არ გაიმეტებდნენ.
54. ან იქნებ შურთ ხალხისა, იმის გამო, რაც ალლაჰმა თავისი წყალობიდან მიჰმადლა? ჭეშმარიტად, იბრაჰიმის მოდგმას ჩვენ წიგნი და სიბრძნე მივეცით და უზარმაზარი ხელმწიფებაც ვუბოძეთ.
55. მათგან არიან, ვინც ირწმუნეს იგი და მათგან არიან ისინი, ვინც ზურგი შეაქციეს. ჯოჯოხეთი საკმარისია მათთვის (ურწმუნოებისთვის) აგიზგიზებული ცეცხლით.
56. ჭეშმარიტად, ვინც არ ირწმუნეს ჩვენი აიათები/სასწაულები, – ბოლოს მათ ცეცხლში შევიყვანთ; ყოველ ჯერზე, როგორც კი კანი დაეწვებათ, ახალი კანით ჩავუნაცვლებთ, რათა კარგად იგემონ მათი სასჯელი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ბრძენია, ძლევამოსილი.
57. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, მათ შევიყვანთ სამოთხეებში, რომლთა ქვეშაც – დიან მდინარენი. იქ იქნებიან მარადჟამს. იქ არიან მათთვის უმწიკვლო მეუღლეები და ჩრდილში შევიყვანთ – მარადიულ საჩრდილობელში.
58. ჭეშმარიტად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ ამანათი პატრონს დაუბრუნოთ და როცა ადამიანებს შორის მსაჯულობთ, სამართლიანად იმსაჯულეთ. მართლაც, რა მშვენიერია ის, რითაც ალლაჰი შეგაგონებთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მხედველია*.
59. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს, დაემორჩილეთ შუამავალს და თქვენ შორის მყოფ მეთაურებს*, ხოლო თუ რომელიმე საკითხში უთანხმოება მოგივიდეთ, მაშინ ალლაჰთან და მის შუამავალთან მიიტანეთ იგი. თუკი გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ეს უფრო ხეირიანი და უმშვენიერესი შედეგის მომტანი იქნება.
60. განა ვერ ხედავ იმათ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ სწამთ ის, რაც შენ ჩამოგევლინა და რაც ჩამოევლინათ შენზე ადრე? მათ უნდათ, რომ ტაღუთის წინაშე განისაჯონ*, არადა მისი უარყოფა ქონდათ ნაბრძანები. ეშმაკს უნდა, რომ სწორი გზიდან შორს გადაიყვანოს, გზააბნევაში**.
61. როცა ეტყვიან: მოდით იმასთან, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა, და შუამავალთანო, მაშინ დაინახავ, თუ როგორ იბრუნებენ პირს შენგან და გაგეცლებიან – ფარისეველნი.
62. და რა იქნება მაშინ, როცა განსაცდელი ეწევათ იმის გამო, რაც ჩაიდინეს მათმა ხელებმა; შემდეგ შენთან მოვლენ და ალლაჰის დაფიცებას დაიწყებენ, რომ ჩვენ ამით სხვა არაფერი გვსურდა, გარდა სიკეთისა და თანხმობისაო?
63. ეგენი არიან, რომელთა შესახებაც იცის ალლაჰმა, თუ რა არის მათ გულებში. მაშ, მოერიდე მათ, შეაგონე და სულშიჩამწვდომი სიტყვა უთხარი.
64. ჩვენ ყველა შუამავალი მხოლოდ იმისთვის წარმოვგზავნეთ, რომ ალლაჰის ნებით მას დამორჩილებოდნენ. როცა ისინი (ფარისეველნი) უსამართლოდ მოექცნენ თავიანთ სულებს, – მაშინვე რომ შენთან მოსულიყვნენ და ალლაჰისთვის პატიება ეთხოვათ, და შუამავალიც რომ მათი პატიებისთვის ვედრებას აღავლენდა, ისინი უთუოდ ჰპოვებდნენ ალლაჰს – მონანულთა უსაზღვროდ მპატიებელს, მწყალობელს.
65. – არა და არა! ვფიცავ შენს ღმერთს, რომ ისე ვერ ირწმუნებენ, სანამ არ აგირჩევენ მსაჯულად იმაში, რაშიც უთანხმოებაა მათ შორის, და სანამ სავსებით არ დამორჩილდებიან შენ მიერ მიღებულ განაჩენს ისე, რომ მცირედი საჭოჭმანოც ვერ ჰპოვონ თავიანთ გულებში.
66. თუნდაც დაგვეკისრა მათთვის, რომ დახოცეთ* ერთმანეთი ან მიატოვეთ თქვენი სამშობლოო, ამას მცირედის გარდა არცერთი მათგანი არ იზამდა. რა რჩევებსაც ღებულობდნენ** ისინი, მართლაც რომ შეესრულებინათ, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ხეირი და სიმტკიცე იქნებოდა ეს მათთვის.
67. და მაშინ ჩვენი წიაღიდან აუცილებლად მივაგებდით მათ უდიდეს ჯილდოს (სამოთხეს).
68. და უთუოდ, სწორი გზით დავაკვალიანებდით მათ.
69. ხოლო ვინც მორჩილია ალლაჰისა და შუამავლისა, სწორედ ეგენი იქნებიან იმათთან ერთად, ვისზეც წყალობა მოიღო ალლაჰმა: მაცნეებთან, ერთგულებთან, შეჰიდებთან და სათნოებთან. რა მშვენიერი თანმხლებნი არიან ისინი*.
70. ესაა მადლი ალლაჰისა და კმარა ალლაჰი ყოვლისმცოდნედ.
71. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! (საბრძოლო მზადყოფნა და) სიფრთხილე მოიკრიბეთ და (მტრის წინააღმდეგ) ჯგუფ-ჯგუფად გაემართეთ ან ერთიანად გაეშურეთ.
72. უეჭველად, აუცილებლად იქნება თქვენში ვინმე ისეთი, ვინც ფეხს აითრევს (ბრძოლისას). ხოლო თუ უბედურება შეგემთხვათ, მაშინ იტყვის: ჭეშმარიტად, ალლაჰმა წყალობა მოიღო ჩემზე, რომ მათთან ერთად არ ვიყავი იმის მომსწრე.
73. და თუ წყალობა გხვდათ ალლაჰისგან, მაშინ ისე იტყვის, თითქოს თქვენსა და მას შორის სულაც არ ყოფილიყო სიყვარული: ,,მათთან ერთად რომ ვყოფილიყავი, მეც დიდ წარმატებას მოვიპოვებდი”–ო.
74. მაშ, ალლაჰის გზაზე იომონ მათ, რომლებიც ამქვეყნიურ ცხოვრებას იმქვეყნიურის ფასად ყიდიან. ხოლო ვინც იომოს ალლაჰის გზაზე და მოკვდეს ან გაიმარჯვოს, – მას მივაგებთ უდიდეს ჯილდოს.
75. და რა გემართებათ, რომ ალლაჰის გზაზე არ ომობთ მაშინ, როცა უძლური კაცები, ქალები და ბავშვები ამბობენ: ,,ღმერთო ჩვენო! გვიხსენი ამ ქალაქიდან, რომლის მკვიდრნიც მჩაგვრელები არიან, შენი წიაღიდან მოგვივლინე მხსნელი და შენი წიაღიდანვე დაგვიდგინე დამხმარე.”
76. ისინი, ვინც ირწმუნეს, ალლაჰის გზაზე ომობენ, ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს, ტაღუთის გზაზე ომობენ. მაშ, ეომეთ ეშმაკის მომხრეებს. ჭეშმარიტად, ეშმაკის ხრიკები უსუსურია.
77. განა ვერ ხედავ იმათ, რომლებსაც უთხრეს: ხელი აიღეთ (ბრძოლაზე), ნამაზი აღასრულეთ და ზექათი გაეცითო. ხოლო როდესაც სავალდებულოდ დადგინდა მათზე ომი, მაშინ, მათ ნაწილს ისე შეეშინდათ ხალხის, როგორც ალლაჰისა ეშინოდათ, ან უფრო ძლიერმა შიშმა შეიპყრო, და თქვეს: ,,ღმერთო ჩვენო! რატომ დაგვიდგინე ომი სავალდებულოდ? ნეტავ ახლო მომავლამდე გადაგევადებინა იგი ჩვენთვის*”. უთხარი: ამქვეყნიური სარგებელი მცირეა, ხოლო იმქვეყნიური უმჯობესია მისთვის, ვინც ღვთისმოშიშია, ხოლო თქვენ ფეთილისოდენა** უსამართლობასაც კი არ გადაეყრებით.
78. სადაც არ უნდა იყოთ, სიკვდილი მაინც მოგწვდებათ, – თუნდაც მტკიცე და მაღალ ციხესიმაგრეებში… – და თუ სიკეთე ხვდათ, ამბობენ: ,,ეს ალლაჰისგანაა”; ხოლო თუ უბედურება შეემთხვათ, მაშინ ამბობენ: ,,ეს შენი ბრალია (მუჰამმედ)”. უთხარი: ყველაფერი ალლაჰისგანაა. რა ჭირს ამ ხალხს, რომ არ ცდილობენ სიტყვის შესმენას.
79. – ,,რა სიკეთეც გხვდა, ალლაჰისგანაა, ხოლო რა უბედურებაც შეგემთხვა, – შენგან”: ჩვენ წარგგზავნეთ შუამავლად ხალხისთვის და კმარა მოწმედ ალლაჰი*.
80. ვინც ჰმორჩილებს შუამავალს, ის უთუოდ, მორჩილია ალლაჰისა, ხოლო ვინც პირს იბრუნებს, – რა თქმა უნდა, ჩვენ არ წარმოგვიგზავნიხარ მათ მეთვალყურედ.
81. (ფარისეველნი) მორჩილებას გიცხადებენ, მაგრამ როცა შენგან მიდიან, მათი ნაწილი სულ სხვას გეგმავს ღამით, ვიდრე შენ ამბობ. ალლაჰი იწერს ყველაფერს, რასაც ისინი ღამით გეგმავენ. მაშ, განუდექი მათ და ალლაჰს მიენდე… და კმარა ალლაჰი ვექილად.
82. ნუთუ ყურანს არ გაიაზრებენ? იგი სხვაგნიდან რომ მოსულიყო, გარდა ალლაჰისა, – აუცილებლად ჰპოვებდნენ უამრავ შეუსაბამობას.
83. და როცა რაიმე ცნობა აღწევს მათთან უსაფრთხოების ან საფრთხის შესახებ, – მაშინვე ავრცელებენ მას*. მაგრამ შუამავალთან ან თავიანთ მმართველებთან (სწავლულებთან) რომ მიეტანათ იგი, უთუოდ დაკვალიანდებოდნენ** ისინი, რომლებსაც მისი სათანადო შეფასების უნარი გააჩნიათ. ალლაჰის სიკეთე და წყალობა რომ არ ყოფილიყო თქვენზე, უთუოდ ეშმაკს გაჰყვებოდით, გარდა მცირედისა.
84. მაშ, იბრძოლე ალლაჰის გზაზე; არავინ აიძულო, გარდა საკუთარი თავისა, და შეაგულიანე მორწმუნეები (საბრძოლველად)! რა თქმა უნდა, შეაკავებს ალლაჰი მათ ძალას, რომელთაც არ ირწმუნეს. ალლაჰი ყველაზე დიდი ძალისა და სასჯელის მქონეა.
85. ვინც კეთილად იშუამდგომლებს, მას ხვედრი ექნება მისგან; ხოლო ვინც ბოროტად იშუამდგომლებს, მასაც ექნება წილი*. უზენაესი ალლაჰი ყოვლისმხედველია.
86. და როცა გესალმებიან, თქვენ უკეთესად მიესალმეთ ან იგივენაირად. ჭეშმარიტად, ალლაჰი აღმრიცხველია ყოველივესი.
87. ალლაჰი… – არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი, – აუცილებლად შეგკრებთ იგი განკითხვის დღეს, რაშიც ეჭვი არ არსებობს… და ვინაა ალლაჰზე უფრო სიტყვა–მართალი?
88. და რა გემართებათ, რომ ფარისევლებთან მიმართებაში ორ ჯგუფად იყოფით? ალლაჰმა უკუაქცია ისინი იმისთვის, რაც მათ მოიხვეჭეს*. გინდათ, რომ სწორ გზაზე დააყენოთ ის, ვინც გზას ააცდინა ალლაჰმა? ვისაც ააცდენს ალლაჰი, (შენ) ვერანაირ გამოსავალს გამონახავ იმათთვის!**
89. – ნატრობენ, ნეტა თქვენც ურწმუნოდ გადაიქცეთ, როგორც თვითონ არ ირწმუნეს, და იყოთ მათი თანასწორნი. ამიტომ არავინ აიყვანოთ მათგან მეგობრად, ვიდრე ჰიჯრას* არ გააკეთებენ ალლაჰის გზაზე, ხოლო თუ პირი იბრუნეს, მაშინ შეიპყარით და დახოცეთ, სადაც წააწყდებით. არც მეგობარი იყოლიოთ მათგან და არც დამხმარე.
90. – გარდა იმათი, რომლებიც თავს აფარებენ ხალხს, რომლებთანაც (სამშვიდობო) შეთანხმება გაქვთ, ან იმათი, რომლებიც მოვიდნენ და გული არ მიუდით ომზე თქვენთან ან თავიანთ ხალხთან. ალლაჰს რომ ენება, ისინი უთუოდ გაძლიერდებოდნენ თქვენზე და გეომებოდნენ კიდეც*. ამიტომ, თუკი გაგეცლებიან, ხელს აიღებენ ომზე თქვენს წინააღმდეგ და მშვიდობას შემოგთავაზებენ, – ალლაჰი არ გაძლევთ გზას მათ წინააღმდეგ (საბრძოლველად).
91. ასევე ჰპოვებთ სხვებს, რომლებსაც უსაფრთხოება სურთ – თქვენგანაც და თავიანთი ხალხისგანაც. ყოველთვის, როცა ფითნასკენ მოუწოდებენ, მაშინვე ცვივდებიან მასში*. თუკი არ გაგეცლებიან, არ შემოგთავაზებენ მშვიდობას და არ მოიშლიან ხელის აღმართვას, მაშინ დაიჭირეთ და იქვე დახოცეთ, სადაც წააწყდებით. სწორედ ეგენი არიან, ვის წინააღმდეგაც აშკარა სამხილი მოგვიცია თქვენთვის**.
92. დაუშვებელია, მორწმუნემ მოკლას მორწმუნე, გარდა შეცდომისა. ხოლო ვინც შეცდომით მოკლას მორწმუნე, მისი ვალია, მორწმუნე მონის გათავისუფლება და (მოკლულის) ოჯახისთვის სისხლის გამოსასყიდის გადახდა, თუკი (მოკლულის ოჯახმა) მოწყალების სახით არ აპატია. ხოლო თუ (მოკლული) იმ ხალხიდანაა, რომელიც თქვენი მტერია, მაგრამ თვითონ მორწმუნეა, მაშინ (მხოლოდ) მორწმუნე მონის გათავისუფლება. ხოლო თუ იმ ხალხიდანაა, რომელთანაც ზავი დაგიდვიათ, მაშინ მისი ოჯახისთვის სისხლის გამოსასყიდის გადახდა და მორწმუნე მონის გათავისუფლება. ხოლო ვისაც არ მოეპოვება (გამოსასყიდის საშუალება), მან ორი თვე უწყვეტლივ იმარხოს, ალლაჰის წინაშე სინანულის ნიშნად. ალლაჰი ყოვლის მცოდნე ბრძენია.
93. და ვინც განზრახ მოკლას მორწმუნე, – მისი სასჯელი ჯოჯოხეთია და იქ იქნება მარადჟამს. ალლაჰი გაუწყრა მას, დასწყევლა და უდიდესი სასჯელი გაამზადა მისთვის.
94. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა ალლაჰის გზაზე (საბრძოლველად) გაემართებით, კარგად განასხვავეთ (მორწმუნე და ურწმუნო), და ვინც მოგესალმებათ, ამქვეყნიური სარგებლის მიზნით არ უთხრათ მას – შენ არ ხარ მორწმუნეო. ალლაჰის წინაშეა ურიცხვი ალაფი (ნადავლი). ადრე თქვენც ასე იყავით* და შემდეგ ალლაჰმა მადლი მოიღო თქვენზე. ასე რომ, კარგად გაარკვიეთ. ჭეშმარიტად, იცის ალლაჰმა, რასაც თქვენ აკეთებთ.
95. მორწმუნეთა შორის უმიზეზოდ შინ მსხდომნი ვერ უთანასწორდებიან მათ, ვინც ალლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და სულებით იბრძვიან. თავიანთი ქონებითა და სულით მებრძოლნი – უპირატესჰყო ალლაჰმა შინ მსხდომებზე. ალლაჰმა ორივეს სიკეთე აღუთქვა, თუმცა მებრძოლები შინ მსხდომებთან შედარებით უდიდესი ჯილდოთი უპირატესჰყო.
96. მისგანაა სხვადასხვა ხარისხი, პატიება და წყალობა. ალლაჰი უსაზღვროდ მიმტევებელი და მწყალობელია.
97. ჭეშმარიტად, როცა მიიბარეს ანგელოზებმა ისინი, რომლებიც უსამართლონი იყვნენ თავიანთი სულების მიმართ, – ჰკითხეს: რით იყავით დაკავებულნი? მათ თქვეს: უძლურნი ვიყავით დედამიწაზეო. (ანგელოზებმაც) უთხრეს: განა ალლაჰის დედამიწა არ იყო განიერი, რომ სხვაგან გადასახლებულიყავით? აი, მათი სამყოფელია ჯოჯოხეთი, და რა ცუდი მისაქციელია იგი.
98. – გარდა უძლური კაცების, ქალების და ბავშვებისა, რომლებსაც მოხერხება არ ჰყოფნით, რომ რაიმე გზას დაადგნენ.
99. – აი, მათთვისაა იმედი, რომ ალლაჰი აპატიებს; ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მიმტევებელი.
100. და ვინც ჰიჯრას გააკეთებს ალლაჰის გზაზე, ის ჰპოვებს დედამიწაზე მრავალ თავშესაფარსა და სიუხვეს; და ვინც თავისი სახლიდან გავა, როგორც ალლაჰისა და მისი შუამავლისკენ მიმავალი მუჰაჯირი, შემდეგ კი (გზაში) სიკვდილი ეწევა, უეჭველად, მისი მადლი ალლაჰზეა; ალლაჰი უსაზღვროდ მიმტევებელია, მწყალობელი.
101. და როცა ქვეყნად სამოგზაუროდ გაეშურებით, ცოდვა არ დაგედებათ, ნამაზი რომ შეამოკლოთ, თუკი მათ თავდასხმას შიშობთ, რომელთაც არ ირწმუნეს*. ჭეშმარიტად, აშკარად გმტრობენ თქვენ ურწმუნოები.
102. როცა მათ შორის იქნები და მათთვის ლოცვის წინამძღვრობას დააპირებ, შენთან ერთად ერთი ჯგუფი დადგეს იმათგან, – თან იარაღები ეჭიროთ; როცა სეჯდეს აღავლენენ, შემდეგ თქვენს უკან გადავიდნენ, ხოლო მეორე ჯგუფი, რომელსაც ჯერ არ ულოცავს, მოვიდეს და შენთან ერთად ილოცოს, თან სიფრთხილე იქონიოს და იარაღიც; ურწმუნოები ნატრობენ, რომ ყურადღება მოსწყვიტოთ იარაღსა და საჭირო ნივთებს, რათა მოულოდნელი თავდასხმა მოგიწყონ. ცოდვად არ დაგედებათ, წვიმით ან ავადმყოფობით შეწუხებულნი თუ იარაღს ჩამოიხსნით, მაგრამ სიფრთხილე მაინც გმართებთ*. ჭეშმარიტად, ალლაჰმა დამამცირებელი სასჯელი გაამზადა ურწმუნოებისთვის.
103. ხოლო როდესაც (საფთხის ქვეშ) ლოცვას მორჩებით, ახსენეთ ალლაჰი – დგომისას, ჯდომისას თუ მხარზე წამოწოლილნი, და როცა გულს დაიმშვიდებთ უსაფრთხოებით, მაშინ (სრულად) აღავლინეთ ნამაზი. ჭეშმარიტად, განსაზღვრულ დროებში ნამაზი სავალდებულოა მორწმუნეთათვის.
104. თავს ნუ დაისუსტებთ (მომტრო) ხალხის დევნაში: თქვენ თუ გტკივათ, უთუოდ, მათაც სტკივათ; (მაგრამ) თქვენ გაქვთ ალლაჰისგან იმის მოლოდინი, რისი მოლოდინიც მათ არ გააჩნიათ. ალლაჰი ყოვლისმცოდნე ბრძენია.
105. უეჭველად, ჩვენ ეს წიგნი ჩამოგივლინეთ ჭეშმარიტებითურთ, რათა ადამიანთა შორის განსაჯო იმით, რაც ალლაჰმა გიჩვენა, და ნუ იქნები მოღალატეთა ქომაგი*.
106. და შესთხოვე ალლაჰს პატიება. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია; მწყალობელი.
107. და ნურც მათ დასაცავად გაირჯები, საკუთარ სულებს რომ ღალატობენ. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს, ვინც ვერაგი და ცოდვილია.
108. ისინი ხალხს უმალავენ, თუმცა ალლაჰს ვერაფერს დაუმალავენ, რადგან ის მათთანაა (მაშინაც), როცა ღამ–ღამობით ჩუმ–ჩუმად ბჭობენ იმაზე, რაც მისთვის მოუწონარია. ნამდვილად, ალლაჰია ყოვლის გარემომცველი, რასაც ისინი სჩადიან.
109. დიახ, ცდილობთ, თქვენ დაიცვათ ისინი ამიერ სოფელში, მაგრამ ალლაჰის წინაშე ვინ დაიცავს ან ვინ იქნება მათი ვექილი განკითხვის დღეს?
110. და ვინც უკეთურებას ჩაიდენს ან უსამართლოდ მოექცევა საკუთარ სულს, – თუ შემდეგ ალლაჰს პატიებას შესთხოვს, ის ალლაჰს ჰპოვებს უსაზღვროდ მპატიებელსა და მწყალობელს.
111. და ცოდვას ვინც მოიხვეჭს, – იგი მხოლოდ თავისი სულის საწინააღმდეგოდ მოიხვეჭს. ალლაჰი ყოვლის მცოდნე ბრძენია.
112. და ვინც შეცდომას დაუშვებს ან ცოდვას ჩაიდენს, შემდეგ კი უდანაშაულოს გადააბრალებს, უეჭველად, იგი ცილისწამებასა და ცხად ცოდვას იტვირთავს.
113. ალლაჰის მადლი და წყალობა რომ არა შენდამი, – მათ ერთ ჯგუფს შენი ცდუნება მართლაც ეწადა, მაგრამ სხვას ვერავის შეაცდენენ, გარდა საკუთარი სულისა, და ვერც ვერაფერს გავნებენ. ალლაჰმა შენ წიგნი და სიბრძნე* ჩამოგივლინა და გასწავლა ის, რაც არ იცოდი… და მადლი ალლაჰისა უდიდესია შენდამი.
114. უხეიროა მათ საიდუმლო ბჭობათაგან უმეტესობა, გარდა იმისა, ვინც ადამიანებს მოწყალების გაღების, ან სიკეთის კეთების, ან კიდევ ურთიერთობების გამოსწორებისკენ* მოუწოდებს, და ვინც ამას ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების მიზნით გააკეთებს, ჩვენ მას უდიდეს ჯილდოს მივაგებთ.
115. და ვინც შუამავალს შეეცილოს, მას შემდეგ, რაც უკვე გაცხადდა მისთვის გზა ჭეშმარიტი, და გაუყვეს იმ გზას, რომელიც არ არის მორწმუნეებისა, – მივაქცევთ მას იქით, საითკენაც გეზი აიღო და შევუძახებთ ჯოჯოხეთში… და რა ცუდი სამყოფელია იგი.
116. ჭეშმარიტად, არ აპატიებს ალლაჰი, როცა მას უთანაზიარებენ, ამის გარდა კი ყველაფერს პატიობს მათ, ვისაც მოისურვებს, და ვინც ალლაჰს უთანაზიარა, მან მართლაც დიდი ცილობით გადასცდა სწორი გზიდან.
117. მხოლოდ ქალღმერთებს ეთაყვანებიან, ნაცვლად მისი (ალლაჰისა), და მხოლოდ უტიფარ ეშმაკს ევედრებიან.
118. დასწყევლა იგი (ეშმაკი) ალლაჰმა, მან კი მიუგო: გარკვეულ ხვედრს აუცილებლად მივიღებ შენს მსახურთაგან;
119. – ვაცდუნებ მათ აუცილებლად, გავართობ ამქვეყნიური ოცნებებით, ვუბრძანებ, რომ ყურები დააჭრან საქონელს და სახე უცვალონ ალლაჰის ქმნილებას… და ვინც ეშმაკი აირჩია მფარველად, ნაცვლად ალლაჰისა, სწორედ მან წააგო ცხადი წაგებით.
120. – აბრმავებს მათ ოცნებებით და დაპირებებით, მაგრამ ეშმაკი (სინამდვილეში) სხვა არაფერს ჰპირდება, გარდა მოტყუებისა.
121. სწორედ იმათი სამყოფელია ჯოჯოხეთი და გასაქცევსაც ვერ ნახავენ იქიდან.
122. და მათ, ვინც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, სამოთხეებში შევიყვანთ, რომელთა ქვეშაც – დიან მდინარენი, და იქ იქნებიან მარადჟამს. ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა… და ვინ არის ალლაჰზე უფრო სიტყვამართალი?!
123. არც თქვენი ოცნებით და არც წიგნბოძებულთა ოცნებით*, არამედ: ვინც უკეთურებას გააკეთებს, მას მიეზღვება – იგივე, და ვერც მფარველს ჰპოვებს და ვერც დამხმარეს, გარდა ალლაჰისა.
124. ხოლო ყოველი კაცი თუ ქალი, ვინც სიკეთეს გააკეთებს და მორწმუნეც იქნება, სწორედ ეგენი შევლენ სამოთხეში, და ნაყირისოდენა უსამართლობასაც* არ გადაეყრებიან.
125. მაშ, ვინაა იმაზე უკეთესი სარწმუნოების მქონე, ვინც ალლაჰს დაუმორჩილა მთელი თავისი პიროვნულობა, კეთილისმქმნელია და გაჰყვა ჰანიფი* იბრაჰიმის რჯულს? და იბრაჰიმი ალლაჰმა აირჩია მეგობრად.
126. ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე, და ალლაჰია ყველაფრის გარემომცველი.
127. განმარტებას გთხოვენ ქალების შესახებ, – უთხარი: ალლაჰი განგიმარტავთ მათ შესახებ და იმაზეც, რაც წიგნში გეკითხებათ –ობოლი ქალების შესახებ, რომლებსაც არ აძლევთ იმას, რაც დაგეკისრათ და ისე ცდილობთ მათ შერთვას, და უძლური ბავშვების შესახებაც, – სამართლიანი რომ უნდა იყოთ ობლების მიმართ. ხოლო რა სიკეთესაც გააკეთებთ, ჭეშმარიტად, – იცის ის ალლაჰმა.
128. და თუ ქალი ქმრისგან თავხედობას ან ზურგის შექცევას შიშობს, მათ არ დაედებათ ცოდვად, თუკი მორიგდებიან და დაზავდებიან; – ზავი უკეთესია. სულებს სიხარბეც თან სდევს ხოლმე. თუ კეთილად მოექცევით და რიდს გამოიჩენთ, ჭეშმარიტად, – იცის ალლაჰმა, რასაც თქვენ აკეთებთ.
129. თუნდაც მოიწადინოთ, მაინც ვერ შეძლებთ ცოლების მიმართ სამართლიანად მოქცევას, ამიტომ არ გადაიხაროთ მთელი ლტოლვით ერთისკენ და არ მიატოვოთ მეორე, როგორც უგულებელყოფილი. თუკი მორიგდებით და რიდს გამოიჩენთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელი და მწყალობელია.
130. და თუ გაიყრებიან, – ორივე მათგანს სიმდიდრეს უწყალობებს ალლაჰი თავისი სიუხვიდან. ალლაჰი უუხვესწყალობიანი, ბრძენია.
131. ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე… – და ჩვენ ვუანდერძეთ მათ, რომლებსაც თქვენზე ადრე მიეცათ წიგნი, და თქვენც, რათა რიდი გქონდეთ ალლაჰისა, და თუ უარყოფთ, ჭეშმარიტად, ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე, და ალლაჰი ქებულია, ყოვლადმდიდარი.
132. ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე, და კმარა ალლაჰი ვექილად.
133. ეი, ადამიანებო! ის თუ ინებებს, – თქვენ წაგიყვანთ და სხვებს მოიყვანს, – შეუძლია ეს ალლაჰს.
134. ვისაც ამქვეყნიური კეთილდღეობა სურს, – ალლაჰთანაა კეთილდღეობა – ამქვეყნიურიც და იმქვეყნიურიც; ალლაჰია ყოვლისმსმენელი და ყოვლისმხედველი.
135. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სამართლიანობის აღმდგენი მოწმეები იყავით ალლაჰისთვის, თუნდ იყოთ წინააღმდეგ საკუთარი თავის, ან მშობლების, ან ნათესავების მიმართ, მდიდარი იქნება თუ ღარიბი, – ალლაჰი უფრო ახლოსაა ორივესთან; და არ აჰყვეთ გემოვნებას, რომ არ მოიქცეთ უსამართლოდ; და თუ გაამრუდებთ ან ზურგს აუქცევთ (მოწმობას), ჭეშმარიტად, – იცის ის ალლაჰმა, რასაც თქვენ აკეთებთ.
136. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ალლაჰი ირწმუნეთ, მისი შუამავალი და წიგნი, რომელიც თავის შუამავალს ჩამოუვლინა, და წიგნი, რომელიც ადრე ჩამოავლინა*; ხოლო ვინც არ ირწმუნებს ალლაჰს, მის ანგელოზებს, წიგნებს, შუამავლებსა და უკანასკნელ დღეს, ის მართლაც გადასცდება სწორი გზიდან დიდი ცილობით.
137. უეჭველად, იმათ, რომელთაც ირწმუნეს, შემდეგ უარყვეს, შემდეგ ისევ ირწმუნეს, შემდეგ ისევ უარყვეს და შემდეგ გადააჭარბეს ურწმუნოებაში, – არ აპატიებს ალლაჰი და არც გზას გაუკვლევს.
138. ახარე ფარისევლებს, რომ მათთვისაა მწარე სასჯელი!
139. მორწმუნეების ნაცვლად რომ ურწმუნოებს იმეგობრებენ, – ნუთუ ისინი ღირსებას ეძებენ მათთან? ჭეშმარიტად, ღირსება – ალლაჰს ეკუთვნის მთლიანად.
140. მან ამ წიგნში* ნათლად ჩამოგივლინათ, რომ ალლაჰის აიათების უარყოფა და მათი მასხრად აგდება თუ მოგესმებათ, ნუ დასხდებით მათთან ერთად, ვიდრე სხვა საუბრით არ დაკავდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც მათნაირი იქნებით. უეჭველად, ალლაჰი ერთად შემკრებია ფარისევლებისა და ურწმუნოებისა – ჯოჯოხეთში.
141. – რომელნიც თქვენს მოლოდინში არიან: ალლაჰისგან თუ გამარჯვება გერგებათ, გეტყვიან: ,,განა თქვენთან ერთად არ ვიყავით?”, ხოლო თუკი ურწმუნოებს ერგებათ, მაშინ ეტყვიან: ,,განა თქვენ არ გეხმარებოდით და არ გიცავდით მორწმუნეებისგან?”. ალლაჰი განსჯის თქვენს შორის განკითხვის დღეს და ალლაჰი არ მისცემს გზას ურწმუნოებს – მორმუნეთა წინააღმდეგ.
142. უეჭველად, ფარისევლები ალლაჰს ატყუებენ, მაგრამ ისაა მათი მომტყუებელი*. როცა ნამაზზე დგებიან, – დგებიან ზანტად, ხალხის დასანახად და არ ახსენებენ/იხსენებენ ალლაჰს, გარდა მცირედისა.
143. – მერყევნი არიან – არც ამათკენ და არც იმათკენ. – ვისაც ალლაჰი ააცდენს, ვერანაირ გამოსავალს ვერ ჰპოვებ მისთვის!
144. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ დაიმეგობროთ ურწმუნოები მორწმუნეების სანაცვლოდ. ნუთუ გინდათ, ცხადი სამხილი მისცეთ ალლაჰს თქვენს წინააღმდეგ?
145. უეჭველად, ფარისევლები ყველაზე დაბლა იქნებიან ცეცხლში და ვერ ჰპოვებ მათთვის დამხმარეს.
146. – გარდა იმათი, რომლებმაც მოინანიეს, გამოასწორეს (თავიანთი საქციელი), ალლაჰს მიეჯაჭვნენ და თავიანთი რწმენა ხალასად მიუძღვნეს ალლაჰს, აი, ისინი იქნებიან მორწმუნეებთან ერთად. შემდეგ ალლაჰი უდიდეს ჯილდოს მიაგებს მორწმუნეებს.
147. რატომ უნდა დაგსაჯოთ ალლაჰმა, თუკი იქნებით მადლიერნი და ირწმუნებთ?! ალლაჰი მადლიერია; ყოვლისმცოდნეა.
148. ალლაჰს არ მოსწონს ავი სიტყვის განცხადება , გარდა იმათი , ვინც უსამართლობის მსხვერპლი გამხდარა. და ალლაჰი ხომ ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
149. ცხადად იქმთ სიკეთეს თუ ფარულად, ან თუ მიუტევებთ სიავეს, უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემნდობია, ყოვლისშემძლეა!
150. უეჭველად, რომელნიც უარყოფენ ალლაჰსა და მის შუამავალთ და სურთ განაცალკევონ ალლაჰი და მისი შუამავალნი , და ამბობენ: ჩვენ გვწამს ზოგი და ზოგს უარვყოფთ. და სურთ ამათ შორის გაიდონ გზა,
151. სწორედ ეგენი არიან ნამდვილად ურწმუნონი. და ურწმუნოთათვის ჩვენ მზად ვყავით სასჯელი დამამცირებელი !
152. და რომელთაც, ირწმუნეს ალლაჰი და შუამავალნი მისი და არ გამოარჩევენ მათ შორის არც ერთს, მათ შემდგომში უბოძებს თავიანთ საზღაურს, და ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია!
153. შენგან სურთ წიგნის ხალხს , ზემოავლინო მათთთვის ზეციდან წიგნი , და ადრე ამაზე მეტი ითხოვეს მუსადან, უთხრეს: ცხადად გვახილვინე ალლაჰი ჩვენ! ამიტომაც ელვა ეკვეთათ თავიანთი უსამართლობისთვის. მერე ხბო გაიხადეს კერპად, მას შემდეგ, რაც ცხადი აიათები ებოძათ. და ჩვენ მივუტევეთ მათ ეს და ვუბოძეთ მუსას აშკარა მეუფება .
154. და აღვმართეთ მათ ზემოთ მთა თანახმად აღთქმისა და ვუთხარით მათ: „შემოდით კარიბჭეში სეჯდეს აღმსრულენი!“ და ვუბრძანეთ: „არ დაარღვიოთ შაბათი !“ და ავიღეთ მათგან მტკიცე აღთქმა.
155. და იმისათვის , რომ დაარღვიეს თავისნი აღთქმა, და ალლაჰის აიათების უარყოფისთვის, და რომ უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალთ; და იმისათვის, რომ თქვეს: ჩვენი გულები დახურულიაო , პირიქით, ალლაჰმა დაასვა ბეჭედი მათ, თავიანთი ურწმუნოების გამო და არ ირწმუნებენ ეგენი, გარდა მცირედისა ;
156. და მათი ურწმუნოებისათვის და იმისთვისაც, რომ უდიდესი ცილი დასწამეს მარიამს;
157. და მათი სიტყვებიდან გამომდინარე, „უეჭველად, ჩვენ მოვკალით მესიჰი ღისა ძე მარიამისა, შუამავალი ალლაჰისა;“ და არ მოუკლავთ იგი და არ გაუკრავთ, მაგრამ მოეჩვენათ მათ , და უეჭველად, რომელნიც ვერ თანხმდებიან მასში, ამის გამო ეჭვში არიან, არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, მხოლოდ ვარაუდს მიყვებიან, და არ მოუკლავთ ნამდვილად იგი,
158. არამედ ალლაჰმა აღამაღლა იგი თავისთან, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
159. და წიგნის ხალხთაგან არავინაა ისეთი, რომ არ სწამებოდა სიკვდილამდე იგი , და აღდგომის დღეს ის იქნება მათ წინააღმდეგ მოწმე ;
160. იუდეველებს, მათი უსამართლობიდან გამომდინარე, ავუკრძალეთ ჩვენ რაც სიკეთენი ჰქონდათ ნებადართული იმისთვის, რომ მათ აღუკვეთეს მრავალს ალლაჰის გზა.
161. და იმისთვის, რომ იღებდნენ ვახშს (პროცენტს), რომელიც კატეგორიულად აკრძალული ჰქონდათ ; და რომ ხალხის ქონებას უსამართლოდ მიირთმევდნენ . და განვუმზადეთ მათგან ურწმუნოებს მწარე სასჯელი.
162. მაგრამ მათგან მტკიცედ მცოდნეებმა და მორწმუნეებმა ირწმუნეს ის, რაც ზემოგევლინა შენ, და რაც ზემოვლენილი იყო შენს უწინ. აღმვლენი ლოცვისა და მიმცემი ზექათისა, და მორწმუნენი ალლაჰისა და უკანასკნელი დღისა, აი ისინი, რომელთაც მივმადლით უდიდეს საზღაურს!
163. უეჭველად, ჩვენ შენ შთაგაგონეთ, როგორც ნუჰს შთავაგონეთ და შუამავლთ მის შემდგომ, და (როგორც) ჩვენ შთავაგონეთ იბრაჰიმს და ისმაილს, ისჰაყს , იაღყუბს და შტოებს, ღისას, ეიუბს, იუნუსს, ჰარუნს და სულეიმანს და მივეცით ზებური (ფსალმუნი) დავუდს ;
164. და შუამავლები , ვისზეც უკვე გიამბეთ შენ და შუამავლები, ვისზეც არაფერი გვითქვამს შენთვის ; და დაელაპარაკა ალლაჰი მუსას სიტყვიერად .
165. და შუამავლები მახარობლებად და შემგონებლებად, შუამავლების შემდგომ რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს მტკიცებულება ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
166. მაგრამ ალლაჰი ადასტურებს , რაც ზემოგივლინა შენ , რომელიც ზემოავლინა თავისი სიბრძნით და ანგელოზები ადასტურებენ . და ალლაჰი კმარა მოწმედ!
167. უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას, უკვე შორეულ ცდომილებაში არიან გადასულნი!
168. უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ცოდვა ჩაიდინეს, არ იქნება ალლაჰმა შეუნდოს მათ და არ იქნება, რომ დაადგინოს ისინი სწორ გზას,
169. თუ არა ჯოჯოხეთის გზას. იქ დამკვიდრდებიან სამუდამოდ! და ეს იოლია ალლაჰისთვის!
170. ჰეი, ადამიანნო ! უკვე მოვიდა თქვენთან შუამავალი ჭეშმარიტებითურთ თქვენი ღმერთისგან, მაშ ირწმუნეთ! თქვენთვისვე იქნება უკეთესი. და თუ უარყოფთ, უეჭველად, ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
171. ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო ! ზღვარს ნუ გადახვალთ თქვენს სარწმუნოებაში და არ თქვათ ალლაჰზე, გარდა ჭეშმარიტებისა . რამეთუ მესიჰი ღისა ძე მარიამისა მხოლოდ და მხოლოდ ალლაჰის შუამავალია და სიტყვაა მისი, რომელიც მიაწვდინა მარიამს და ერთი სულია მისგან. მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალნი და არ თქვათ : სამება ! თავი ანებეთ თქვენდა სასიკეთოდ, რადგან ალლაჰი ღმერთი ერთია. იმაზე უფრო დიდებულია იგი, რომ შვილი ჰყავდეს მას. მისია რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ალლაჰი კმარა მფარველად!
172. არასდროს ითაკილებს მესიჰი, რომ იყოს ალლაჰის მსახური და არც (ალლაჰთან) დაახლოებული ანგელოზები! და ვინც ითაკილებს მისდა მსახურებას და ქედმაღლობს, იმათ ყველას თავისთან შეკრებს იგი.
173. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, იმათ საზღაურს სრულად მიაგებს და მადლს თავისას გაუმრავლებს. და რომელთაც ითაკილეს და გაგოროზდნენ, მაშ, დასჯის მათ მწარე სასჯელით. და ისინი, ვერღა იპოვიან მათთვის ვერცა მფარველს და ვერცა შემწეს, გარდა ალლაჰისა.
174. ჰეი, ადამიანნო! თქვენ უკვე მოგივიდათ საბუთი თქვენი ღმერთისგან და მოგივლინეთ თქვენ ცხადი ნათელი .
175. ასე, რომ რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და მიეჯაჭვნენ მას, სულ მალე შეიყვანს მათ მისსავე წყალობასა და სიკეთეში და დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე!
176. შენგან სურთ განმარტება . თქვი შენ: „ალლაჰი განგიმარტავთ ქელალეთის შესახებ. თუ მოკვდება კაცი და მას არ დარჩება შვილი და დარჩება და, მაშინ მისია დანატოვარი ქონების ნახევარი და იგი (ძმა) ემემკვიდრება მას, თუკი მას არ დარჩა შვილი. თუ დები ორი არიან, მაშინ მათია დანატოვარის ორი მესამედი, და თუ და-ძმანი არიან, მაშინ მამაკაცს იმდენი წილი, რაც ორ ქალს.“ ალლაჰი განგიმარტავთ თქვენ, რათა გზას არ ასცდეთ, და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.