49. Al-Hujraat

1. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! წინ ნუ გაასწრებთ ალლაჰს და მის შუამავალს და გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმომსმენია, ყოვლისმცოდნეა.
2. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აუწევთ ხმას შუამავლის ხმაზე მაღლა და არ მიმართოთ მას ისევე ხმამაღლა, როგორც მიმართავთ ერთმანეთს. რომ არ შეიქმნას თქვენი საქმენი ამაოდ და ვერც კი იგრძნოთ თქვენ.
3. უეჭველად, რომელნიც ხმას იმდაბლებენ ალლაჰის შუამავლის წინაშე, სწორედ ეგენი არიან, რომელთა გულებიც ალლაჰმა გამოსცადა ღვთისმოშიშობისთვის. მათთვისაა შენდობა და უდიდესი საზღაური.
4. უეჭველად, რომელნიც მოგიხმობენ შენ ოთახების გარედან, უმრავლესობას მათგან არაფერი გაეგებათ!
5. და რომ მათ მოეთმინათ, ვიდრეღა მათთან გამოხვიდოდი, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელია, მწყალობელია.
6. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი მოვა თქვენთან გზასამცდარი რაიმე ამბით, მაშინვე გამოიკვლიეთ, რათა არ უქმნათ სიავე ხალხს უმეცრებით და მერე არ ჩავარდეთ სინანულში იმის გამო, რაც გააკეთეთ.
7. იცოდეთ, რომ თქვენს წიაღ შუამავალია ალლაჰისა. თუ იგი დაგემორჩილებოდათ მრავალ საქმეში, უთუოდ, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით. მაგრამ ალლაჰმა გაგიღვივათ სიყვარული სარწმუნოებისა და შეამკო იგი თქვენს გულებში. და შეგაძულათ ურწმუნოება, უწმინდურობა და ურჩობა. სწორედ ისინი არიან სწორ გზაზე მდგომნი,
8. წყალობად ალლაჰისგან და სიკეთედ, რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
9. და თუ ორი ჯგუფი მორწმუნეთაგან ერთმანეთს შეებრძოლება, მაშინ გამოასწორეთ მათ შორის არსებული. მაგრამ თუკი ზღვარს გადავა მათგან ერთ-ერთი მეორის მიმართებაში, მაშინ შეებრძოლეთ იმ ჯგუფს, რომელიც ზღვარს გადავიდა, ვიდრეღა დაუბრუნდებოდეს ალლაჰის ბრძანებას. ამის შემდეგ თუ შემობრუნდება, გამოასწორეთ მათ შორის არსებული პატიოსნად და იყავით სამართლიანნი, რამეთუ ალლაჰს უყვარს სამართლიანნი,
10. რამეთუ მორწმუნენი ძმები არიან . მაშ, გამოასწორეთ თქვენს ძმებს შორის არსებული და გეშინოდეთ ალლაჰისა, ეგებ შეწყალებული იქმნეთ თქვენ!
11. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაე, ერთმა ხალხმა არ დასცინოს მეორე ხალხს, იქნებ ისინი უკეთესნი არიან მათზე. და არც ქალებმა სხვა ქალებს, ეგებ ისინი უკეთესნი არიან მათზე. და არ მოსცხოთ ჩირქი ერთმანეთს და არ მოუხმოთ ერთმანეთს შეურაცხმყოფელი მეტსახელებით. რწმენის მიღების შემდგომ რაოდენ ცუდი თვისებაა სისაძაგელე. ხოლო ვინც არ მოინანიებს, სწორედ, რომ ეგენი არიან უსამართლონი.
12. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავსებით მოერიდეთ ვარაუდს, რამეთუ ზოგი ვარაუდი ცოდვაა. და არ გამოიკვლიოთ ერთიმეორის შეცდომები და არ გაკილოს ზურგსუკან თქვენგან ზოგმა სხვები. განა სურს თქვენგან რომელიმეს, რომ მიირთვას ხორცი თავისი მკვდარი ძმისა? რა თქმა უნდა ვერ აიტანთ მას. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის! უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
13. ჰეი, ადამიანნო! უეჭველად, ერთი მამრიდან და ერთი მდედრიდან გაგაჩინეთ თქვენ და რომ შეიცნოთ ერთმანეთი, დაგადგინეთ ერებად და ტომებად. უეჭველად, თქვენგან ყველაზე პატივდებული ალლაჰის წინაშე თქვენში ყველაზე უფრო ღვთისმოშიშია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ყველაფრისმცოდნეა!
14. თქვეს ბედუინებმა: „ვირწმუნეთ!“ უთხარი: „არ გირწმუნიათ, არამედ თქვით „დავმორჩილდით“. რწმენა ჯერ არ შესულა თქვენს გულში. თუ თქვენ დაჰმორჩილდებით ალლაჰს და მის შუამავალს, არაფერს მოაკლებს თქვენს საქმეებს. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
15. მორწმუნეები მხოლოდ ისინი არიან, რომელთაც ირწმუნეს ალლაჰი და შუამავალი მისი. მერე არ ჩავარდნილან ეჭვში და იბრძოლეს თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულით ალლაჰის გზაზე. სწორედ ეგენი არიან მართალნი.
16. უთხარი: „განა ასწავლით ალლაჰს თქვენს სარწმუნოებას? მაშინ, როცა ალლაჰი უწყის იმას, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
17. ისინი გაყვედრიან შენ, რომ მიიღეს ისლამი. უთხარი: „ნუ მაყვედრით, რომ გამუსლიმდით. არამედ, ალლაჰი იღებს თქვენზე მადლს, რომ დაგადგინოს თქვენ რწმენას, თუკი ხართ მართალნი.“
18. უეჭველად, ალლაჰი უწყის უხილავს ცათა და ქვეყნის. და ალლაჰი ხედავს, რასაც სჩადიან!