48. Al-Fath

1. უეჭველად, ჩვენ გიბოძეთ შენ ცხადი გამარჯვება.
2. მოგიტევოს ალლაჰმა შენი ცოდვები, როგორც წარსულის, ასე მომავლის, რომ სრულად მოიღოს თავისი წყალობა შენზე და დაგადგინოს ჭეშმარიტ გზაზე,
3. და რომ შეგეწიოს შენ ალლაჰმა უძლიერესი შეწევნით.
4. იგია, რომელმაც ზეგარდმოავლინა სიმშვიდე მორწმუნეთა გულებში, რათა განემტკიცებინა მათი რწმენა. ალლაჰს ეკუთვნის ლაშქარნი ცათა და ქვეყნის. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
5. შეიყვანოს მორწმუნე კაცნი და მორწმუნე ქალნი სამოთხის ბაღებში, სადაც ძირს ნაკადულები მოედინება, და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან და დაფაროს მათგან ავი საქმენი მათი. და ეს ალლაჰის წიაღ უდიდესი ნეტარებაა.
6. და დასაჯოს თვალთმაქცნი კაცები და თვალთმაქცნი ქალები, წარმართნი კაცები და წარმართნი ქალები, მოეჭვენი ალლაჰის შესახებ ავი ეჭვით. მათ ეწევათ ბედის სიმუხთლე. განურისხდა მათ ალლაჰი და დაწყევლა ისინი და გაუმზადა მათ ჯოჯოხეთი. და რა საძაგელი თავშესაფარია?!
7. ალლაჰს ეკუთვნის ლაშქარნი ცათა და ქვეყნის და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
8. უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად!
9. რათა ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი. შეეწიოთ მას , პატივი დასდოთ და ადიდოთ იგი დილით და საღამოს!
10. უეჭველად, რომელნიც შენ გმორჩილებენ, მხოლოდ ალლაჰს ჰმორჩილებენ. ხელი ალლაჰისა მათ ხელთა ზედაა. ამის შემდგომ ვინც დაარღვევს, არღვევს თავისი სულის წინააღმდეგ. ხოლო ვინც აღასრულებს იმას, რა აღთქმაც ალლაჰის წინაშე დადო, მაშინ მას მიეგება საზღაური უდიდესი.
11. გეტყვიან შენ ურჩები ბედუინთაგან: „მოგვაცდინა ჩვენმა ქონებამ და ჩვენმა ოჯახებმა. შესთხოვე ჩვენთვის პატიება.“ ამბობენ თავიანთი ენით იმას, რაც არ აქვთ გულებში. უთხარი: „ვის ძალუძს ალლაჰის დაბრკოლება თქვენგან, თუ ინება მან თქვენზე სიავის ან სიკეთის მოტანა?!“ დიახაც, რომ ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
12. მაგრამ თქვენ გეგონათ, რომ შუამავალი და მორწმუნენი ვერასდროს დაუბრუნდებოდნენ თავიანთ ოჯახებს. და ეს ვარაუდი თქვენს გულებში ამოიქარგა და იზრახეთ ავი ზრახვა. ასე შეიქმენით წაწყმედილ ხალხად!
13. და ვინც არ ირწმუნებს ალლაჰსა და მის შუამავალს, იცოდეს, რომ ჩვენ მოვამზადეთ ურწმუნოთათვის აალებული ცეცხლი.
14. ცათა და დედამიწის მეუფება ალლაჰს ეკუთვნის. და მიუტევებს, ინებებს ვისაც, და დასჯის, ინებებს ვისაც. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
15. გეტყვიან შენ ურჩები , როცა გაეშურებით ალაფისაკენ, რათა აიღოთ იგი : „ნება მოგვეცით გამოგყვეთო.“ სურთ, რომ შეცვალონ სიტყვა ალლაჰის. უთხარი: „თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოგვყვებით. თქვენს შესახებ ალლაჰმა ასე ბრძანა წინათ.“ მაშინ ისინი იტყვიან: „არა, გშურთ ჩვენი.“ არა, ისინი არაფერს შეიმეცნებენ , თუ არა მცირედისა .
16. უთხარი ურჩ ბედუინებს: „თქვენ მოხმობილ იქნებით ძალღონით აღსავსე ხალხის წინაშე. თქვენ შეებრძოლებით მათ ან ჩაგბარდებიან ისინი. ამის შემდეგ თუ დამორჩილდებით , მოგაგებთ ალლაჰი ჩენებულ საზღაურს. და თუ ზურგს იბრუნებთ, როგორც უწინ, იგი დაგსჯით მწარე სასჯელით.“
17. ცოდვად არ ეთვლება ბრმას, კოჭლს, ავადმყოფს. ხოლო ვინც მორჩილებს ალლაჰს და მის შუამავალს, შეიყვანს იმას სამოთხეში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. ხოლო ვინც ზურგს იბრუნებს, იგი დასჯის მას მწარე სასჯელით.
18. უეჭველად, ალლაჰი კმაყოფილი გახდა მორწმუნეებიდან მაშინ, როცა აღთქმა დაგიდეს ხის ქვეშ. იგი უწყოდა იმას, რაც ედოთ გულებში. ამრიგად ზეგარდმოავლინა მათზე სიმშვიდე, მიჰმადლა მათ ახლო გამარჯვება
19. და დიდძალი ალაფი, აიღებენ რომელსაც , რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
20. აღგითქვათ თქვენ ალლაჰმა ურიცხვი ალაფი, აიღებთ რომელსაც. მან თქვენთვის დააჩქარა ეს და მოგაშორათ ხალხის ხელი, რათა გამხდარიყო სასწაულად მორწმუნეთათვის და თქვენ დაედგინეთ ჭეშმარიტ გზას.
21. და სხვა, რომელსა ზედა ჯერ არ მიგიღწევიათ. მაგრამ ალლაჰმა გარემოიცვა იგი, რამეთუ ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
22. და თუ შეგებრძოლებოდნენ, რომელთაც უარყვეს, უსათუოდ ზურგს იქცევდნენ, მერე ისინი ვერღა იპოვიან ვერცა მფარველს და ვერცა შემწეს.
23. (ეს) ალლაჰის კანონია აწ გარდასული და ვერ ნახავ ალლაჰის კანონში ცვლილებას!
24. და იგია, რომელმაც მოგაშორათ თქვენ მათი ხელები და თქვენი ხელები მათ მექას ველზე , მას მერე, რაც გაგამარჯვებინათ მათზე. და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ სჩადიხართ!
25. სწორედ ისინი არიან, რომელთაც უარყვეს და თქვენ მესჯიდი ჰარამის მონახულება და შესაწირი ცხოველების სამსხვერპლო ადგილამდე მიღწევა აღგიკვეთეს. და რომ არ ყოფილიყვნენ მორმუნე კაცნი და მორწმუნე ქალნი , რომელთაც ჯერ არ იცნობდით, შესაძლოა გადაგეთელათ ისინი და მათ გამო დაგტყდომოდათ შეცოდება, ცოდნის გარეშე , რათა შეიყვანოს ალლაჰმა თავისივე წყალობაში, ინებებს ვისაც. მაგრამ ისინი რომ გამიჯნულიყვნენ ერთმანეთისგან, უთუოდ, ჩვენ დავსჯიდით მწარე სასჯელით მათგან, რომელთაც უარყვეს.
26. აკი, ჩანერგილი ჰქონდათ მათ, რომელთაც უარყვეს, თავიანთ გულებში ქედმაღლობა უმეცრების ხანისა. ამ დროს ზემოავლინა ალლაჰმა სიმშვიდე თვისი თავის შუამავალზე და მორწმუნეებზე და დაავალდებულა ისინი ღვთისმოშიშობის სიტყვით, რამეთუ ისინი იმსახურებდნენ ამას და ღირსი იყვნენ მისი. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
27. ვფიცავ, ჭეშმარიტ ჰყო ალლაჰმა თავისი შუამავლის სიზმარი. თუკი ინებებს ალლაჰი, უთუოდ, შეხვალთ თქვენ მესჯიდი ჰარამში უშიშრად და მშვიდობით, თავგადაპარსულნი და გაკრეჭილნი. იგი უწყოდა იმას, რაც არ იცოდით თქვენ. და მოგმადლათ, ამის გარდა ახლო გამარჯვება.
28. იგია, რომელმაც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღმატებულ ჰქმნას იგი ყველა რწმენაზე , რამეთუ კმარა ალლაჰი მოწმედ!
29. მუჰამმედი, შუამავალი ალლაჰის. ხოლო მასთან ერთად რომელნიც არიან მკაცრნი ურწმუნონის წინაშე და მოწყალენი ერთმანეთთან მიმართებაში, მათ დაინახავ რუქუღის და სეჯდეს აღმრულებლებად, რომელნიც ალლაჰისგან მადლსა და წყალობას მიელტვიან. მათი ნიშნები მათ სახეებზეა, როგორც ნაკვალევი სეჯდისა. სწორედ ასეთია მათი მდგომარეობა თევრათში და ინჯილში: როგორც ნათესი, რომელმაც აღმოცენდა, შემდეგ განამტკიცდა და გამსხვილდა, მერე ტანი აიყარა თავის ღეროზე და ახარებს მთესველთ, რითიც იბოღმებიან ურწმუნონი. რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, აღუთქვა ალლაჰმა შენდობა და უდიდესი საზღაური!