46. Al-Ahqaf

1. ჰა. მიმ.
2. ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა.
3. არ გაგვიჩენია ჩვენ ცანი და დედამიწა და რაც მათ შორისაა, თუ არა ჭეშმარიტებისთვის და მხოლოდ განსაზღრული ვადით. ხოლო რომელთაც უარყვეს, ზურგს აქცევენ იმას, რითიც შეაგონეს.
4. უთხარი: „შეხედეთ ერთი, რას მოუხმობთ მაგიერ ალლაჰისა? მაჩვენეთ მიწის რა ნაწილი გააჩინეს მათ? თუ მათთვის ერთგვარი წილხვედრაა ცათა? თუკი თქვენ ხართ მართალნი, მომიტანეთ წიგნი ან ცოდნის რაიმე კვალი წინამდებარე ამისა .“
5. და ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტ გზააბნევაში, ვინც მოუხმობს ალლაჰის გარდა სხვას, ვინც ვერ შეისმენს მათსას აღდგომის დღემდე და ისინი უგულისყურონი არიან მათი ვედრების მიმართ.
6. და როცა შეკრებილ იქნება ხალხი, ისინი შეიქმნებიან მათ მტრებად და შეიქმნებიან უარმყოფნი მათი თაყვანისცემისა.
7. და როცა ეკითხებოდათ მათ ჩვენი ცხადი აიათები, თქვეს, რომელთაც უარყვეს ჭეშმარიტება, როცა მოევლინა მათ: „ეს ცხადი ჯადოქრობაა!“
8. ან ამბობენ: „იგი მან შეთხზაო.“ უთხარი: „თუ იგი შევთხზე მე, მაშინ თქვენ ვერ დამიცავთ ალლაჰისგან. იგი უკეთ უწყის იმას, რაშიც ხართ ჩაძირულნი. საკმარისია იგი მოწმედ ჩემსა და თქვენ შორის, რამეთუ იგი შემნდობია, მწყალობელია.
9. უთხარი: „მე არ ვყოფილვარ უპირველესი შუამავალთაგან და არ ვუწყი რა მომელის მე ან თქვენ. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემომევლინა და მხოლოდ შემგონებელი ვარ ცხადი!
10. უთხარი: „რას იტყვით, თუკი ეს (ყურანი) არის ალლაჰის წიაღიდან და თქვენ უარყავით იგი, როცა ისრაილის ძეთაგან დაამოწმა მსგავსი მისი და ირწმუნა? თქვენ კი გამედიდურდით. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!
11. უთხრეს ურწმუნონმა მორწმუნენს: „ეს რომ სიკეთე ყოფილიყო, ჩვენ ვერავინ გაგვასწრებდა მისადმი (რწმენისკენ).“ და რადგან ვერ ჰპოვეს მისით ჭეშმარიტება, ამიტომაც იტყვიან: „ეს ძველი შენათხზიაო.“
12. და მის წინ მუსას წიგნი წინამძღოლად და წყალობად. და ეს წიგნი დამადასტურებლად არაბულ ენაზე, რათა შეაგონო ისინი, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს და ხარებად კეთილისმქმნელთათვის.
13. უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი , არცა შიში ექნეთ და არცა სადარდებელი.
14. სწორედ, ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი, იქ დარჩებიან სამუდამოდ, საზღაურად იმისა, რასაც სჩადიოდნენ.
15. და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლების მიმართ. ატარა დედამ თავისმა გაჭირვება-გაჭირვებით, მოავლინა ქვეყანას ტანჯვით, ხოლო ფეხმძიმობა და ძუძუდან მოშორება ოცდაათ თვეს გრძელდება. ბოლოს როცა მიაღწევს სრულწლოვანებას და შეიქმნება ორმოცი წლის, იტყვის: „ღმერთო ჩემო! შთამაგონე, რომ მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მიბოძე მე და ჩემს მშობლებს, და რომ ვჰქმნა კეთილი საქმე, რომელსაც მოიწონებ. და მომმადლე სიკეთე ჩემს შთამომავლობაში. უეჭველად, შენ გთხოვ შენდობას და უეჭველად, მე ერთ-ერთი მუსლიმთაგანი ვარ!
16. სწორედ ეგენი არიან სამოთხის ბინადარნი, რომელთაგანაც შევიწყნარებთ საუკეთესოს, რაც ჰქმნეს და მივუტევებთ თავიანთ სიავენთ, ჭეშმარიტი აღთქმის თანახმად, რომელიც აღეთქვათ.
17. და რომელმაც უთხრა თავის მშობლებს: „ოჰ, თქვენ ! განა მპირდებით, რომ მე აღმოვცენდები , როცა უკვე განვლეს ჩემამდე თაობებმა ?“ ისინი შეწევნას შესთხოვენ ალლაჰს : „ვაი, შენ ! ირწმუნე ! უეჭველად, აღთქმა ალლაჰისა ჭეშმარიტია!“ მაშინ იტყვის: რაა ეს, თუ არა ლეგენდები ძველი ხალხისა!“
18. სწორედ ეგენი არიან, რომლებზეც განცხადდა სიტყვა და იმ ყველა თემზე, რომელთაც განვლეს მათ უწინ, ჯინთაგან და ადამიანთაგან. უეჭველად, ისინი აღმოჩდნენ წაგებულნი.
19. და ყველასთვისაა ხარისხები , რაც უკეთებიათ, რათა სრულად მიეგოთ მათ თავიანთი საქმეებისთვის და არ დაიჩაგრებიან ისინი.
20. და იმ დღეს ცეცხლის წინ წარდგენილ იქნებიან ისინი, რომელთაც უარყვეს: „განა თქვენ არ გალიეთ თქვენი სიკეთენი ამიერ ცხოვრებაში და ისარგებლეთ იგი. მაშ, დღეს მოგეგებათ სასჯელი დამამცირებელი იმისთვის, რომ მედიდურობდით დედამიწაზე უსამართლოდ და იმისთვის, რომ იყავით მეამბოხენი.“
21. და გაიხსენე ადიელების ძმა . აკი, შეაგონა თავისი ხალხი აჰყაფიდან , როცა უკვე განვლეს შემგონებლებმა მის უწინ და მის შემდგომაც: „რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა ალლაჰის! უეჭველად, მეშინია მე თქვენს გამო უდიდესი დღის სასჯელისა !“
22. უთხრეს: „განა იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რომ დაგვაშორო ჩვენს ღვთაებებს? მაშ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ მართალი შენ!“
23. უთხრა : „იმის ცოდნა მხოლოდ ალლაჰის წიაღშია, მე კი გამცნობ იმას, რითიც წარმოვიგზავნე. მაგრამ მე გთვლი თქვენ უმეცარ ხალხად !“
24. და როცა დაინახეს იგი ღრუბლის სახით, მიმართული თავიანთი ხეობისკენ, თქვეს: „ეს არის ღრუბელი, რომელიც წვიმას მოგვიტანს.“ არამც და არამც! იგი ისაა, რასაც აჩქარებდით: ქარი, რომელშიც სასჯელია მწარე.
25. გაანადგურებს ყველაფერს ბრძანებითა ღმერთისა თვისა. ამრიგად, დილით ყველაფერი უხილავი შეიქმნა, გარდა სახლთა მათთა. აი, ასე მივუზღავთ ცოდვილ ხალხს.
26. და ვფიცავ, მათ მივეცით ისეთი ძალაუფლება დედამიწაზე, როგორიც თქვენთვისაც კი არ მოგვიცია. ვუბოძეთ მათ სმენა, მხედველობა და გული. თუმცაღა მაგათ არაფერში გამოადგათ მათი, სმენა, მხედველობა და გული. აკი, ისინი განზრახ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს და გარს შემოერტყათ იგი, რასაც აბუჩად იგდებდნენ!
27. და ვფიცავ, ჩვენ გავანადგურეთ სოფელნი თქვენს ირგვლივ და ზედმიწევნით განვუმარტეთ აიათები, ეგების უკუმოქცეულიყვნენ!
28. მაშინ რატომ არ შეეწივნენ ისინი, რომელნიც დაიდგინეს დასაახლოვებელ ღვთაებებად, მაგიერ ალლაჰისა? არა, მიიმალნენ ისინი მათგან. სწორედ ესაა, მათი სიცრუე და ის, რასაც თხზავდნენ!
29. და აკი, წარმოვგზავნეთ შენთან ერთი გუნდი ჯინებიდან, ისმენდნენ ყურანს. როცა წარსდგნენ მის წინაშე, თქვეს: „გაჩუმდით!“ ხოლო როცა დასრულდა, გატრიალდნენ თავიანთ ხალხთან შემგონებლებად.
30. უთხრეს: „ჰეი, ხალხო ჩვენო! უეჭველად, მოვისმინეთ ერთი წიგნი, ზეგარდმოვლენილი მუსას მერე. დამმოწმებელი იმისა, რაც იყო მის წინ. იგი ადგენს ჭეშმარიტებისკენ და სწორი გზისკენ.
31. ჰეი, ჩვენო ხალხო! „შეისმინეთ მხმობელისა ალლაჰისა და ირწმუნეთ მისი, რომ შეგინდოთ ცოდვები თქვენი და დაგიფაროს მწარე სასჯელისგან“.
32. ხოლო ვინც არ შეისმენს ალლაჰის მხმობელს, მაშინ არ არს ძლევა მისი ქვეყნად და არ არს მისთვის მეგობარნი, გარეშე მისა. სწორედ ისინი არიან ცხად გზააბნევაში.
33. ნუთუ ვერ ხედავენ, რომ ალლაჰი იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა და არ დაღლილა მათი გაჩენისას, შემძლეა გააცოცხლოს მკვდრებიც? რა თქმა უნდა ძალუძს, რამეთუ იგი ყოვლისშემძლეა.
34. და იმ დღეს ცეცხლის წინ წარდგენილ იქნებიან ისინი, რომელთაც უარყვეს. (ეტყვის მათ): „განა ეს არ არის ჭეშმარიტება “? მიუგებენ: „დიახ, ვფიცავთ ჩვენს ღმერთს!“ ეტყვის: „მაშ, იგემეთ სასჯელი იმისთვის, რასაც უარყავდით თქვენ !“
35. მაშ, მოითმინე, როგორც მოითმინეს მტკიცე ნების მქონე შუამავლებმა და არ ითხოვო დაჩქარება მათთვის, რამეთუ იმ დღეს იხილავენ იმას, რაც აღთქმული ჰქონდათ, რომ მათ არ დაუყვიათ, გარდა დღის ერთი საათისა. (ეს ყურანი) ცნობარია . განა განადგურდება ვინმე, მეამბოხე ცოდვილი ხალხის გარდა?!