45. Al-Jathiya

1. ჰა. მიმ.
2. ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა.
3. უეჭველად, ცათა შინა და ქვეყანასა ზედა სასწაულებია მორწმუნეთათვის.
4. თქვენს გაჩენასა და იმაში, რაც მიმოასახლა ცოცხალი არსებებისგან, სასწაულებია იმ ხალხისთვის, ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ელტვის.
5. ღამისა და დღის ცვლაში და მასში, რაც გარდმოავლინა ალლაჰმა ზეციდან სარჩოდ, რისი მეშვეობითაც გააცოცხლა მიწა სიკვდილის მერე, ასევე ქართა მონაცვლეობაში სასწაულებია იმ ხალხისთვის, რომელნიც გონებას მოუხმობენ.
6. აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ შენ . მაშ, ისინი ალლაჰის აიათების შემდგომ სხვა სიტყვას ირწმუნებენ?
7. ვაი, ყოველ ცრუ ცოდვილს!
8. ისმენს ალლაჰის აიათებს, რომელიც ეკითხება, მერე გამედიდურებული დაიჟინებს თავისას, თითქოს არც კი გაეგონოს იგი. მაშ, ამცნე მას სასჯელი მწარე!
9. და როცა გაიგებს რამეს ჩვენი აიათებიდან, აბუჩად იგდებს მას. სწორედ მათთვისაა, სამარცხვინო სასჯელი.
10. და მათ უკან ჯოჯოხეთია. და ვერ იხსნის მათ ის, რაც მოიხვეჭეს და ვერც ის, რაც დაიდგინეს მოყვასად ალლაჰის მაგიერ. და მათთვისაა მტანჯველი სასჯელი.
11. ესაა ჭეშმარიტი გზა. ხოლო რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთის აიათები, მათთვისაა სასჯელი მტანჯველი, მწარე!
12. ალლაჰი, რომელმაც თქვენს განკარგულებაში მოგცათ ზღვა, რათა იცურაონ მასზე გემებმა მისი ბრძანებით, რომ თქვენ ეძიოთ მისი სიკეთე და ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
13. და თქვენს განკარგულებაში მოგცათ ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად, ამაში სასწაულებია გულისხმიერ ხალხთათვის.
14. უთხარი მათ, რომელთაც ირწმუნეს, მიუტევონ იმათ, რომელნიც არ იმედოვნებენ ალლაჰის დღეთა , როცა მიეზღოს უნდა ხალხს იმის გამო, რაც მოიხვეჭეს.
15. ვინც ჰქმნა სიკეთე, თავის სასიკეთოდაა. ხოლო ვინც ჰქმნა ავი, იგი თავის საზიანოდაა. მერე კი თქვენს ღმერთთან იქნებით მიბრუნებულნი!
16. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ ისრაილის ძეთ წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა, სარჩოდ ვუბოძეთ სიკეთეთაგან და (ერთ დროს) გყავით რჩეულნი სამყაროსა ზედა.
17. ჩვენ ვუბოძეთ მათ ცხადი ცნობარი ბრძანებისაგან. და არ ჰქონიათ უთანხმოება, ვიდრე ცოდნა არ ებოძათ, რის შემდეგაც ზღვარს გადავიდნენ. უეჭველად, აღდგომის დღეს შენი ღმერთი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ!
18. მერე ჩვენ დაგადგინეთ შენ გზაზე ბრძანებიდან. მაშ, მისდიე მას და არ აჰყვე სურვილებს იმათსას, რომელნიც არ უწყიან.
19. უეჭველად, ისინი ვერაფერს შეგეწევიან ალლაჰის წინაშე. უეჭველად, უსამართლონი ერთურთის შემწენი არიან, ხოლო ალლაჰი შემწეა ღვთისმოშიშთა.
20. ესაა ცხადი მტკიცებულება ხალხთათვის, ჭეშმარიტ გზად და წყალობად, ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ელტვოდა.
21. ნუთუ ჰგონიათ, რომელთაც ჩაიდინეს სიავენი, რომ დავადგენთ მათ იმათ მსგავსად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი და მათი სიცოცხლე და სიკვდილი თანასწორი იქნება? და რა საზიზღარია მათი განაჩენი!
22. და გააჩინა ალლაჰმა ცანი და მიწა ჭეშმარიტებით, რათა მიეზღოს ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ დაიჩაგრებიან ისინი.
23. განა არ გინახავს ის, ვინც დაიდგინა ღვთაებად თავისი ვნება? ცოდნის მიუხედავად აცდუნა ალლაჰმა იგი, და დაასვა ბეჭედი თვისა სასმენელსა ზედა და თვისა გულსა და დაუდგინა თვალსა საფარველი. მაშ, ვინღა დაადგენს მას ჭეშმარიტ გზაზე შემდგომ ალლაჰისა? ნუთუ არღა დაფიქრდებით?!
24. და თქვეს: „იგი მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებაა. ვკვდებით და ვცოცხლობთ, რამეთუ არაფერი დაგვღუპავს ჩვენ, გარდა დროისა.“ ამის თაობაზე მათ არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ. ისინი მხოლოდ ვარაუდობენ.
25. და როცა მათ ჩვენი აიათები აშკარა სასწაულებად ეკითხებოდათ, არაფერი იყო მათი მოთხოვნა, გარდა იმისა, რაც თქვეს: „მოიყვანეთ ჩვენი მამები, თუკი თქვენ ხართ მართალნი!“
26. უთხარი: „ალლაჰი გაცოცხლებთ, მერე მოგაკვდინებთ, მერე შეგკრებთ აღდგომის დღისთვის, რომელშიც არ არსებობს ეჭვი.“ მაგრამ არ უწყის ხალხის უმეტესობამ.
27. ცათა და დედამიწის ბატონობა ალლაჰს ეკუთვნის. და დღეს, როცა დადგება ჟამი, იმ დღეს ამაოს მქმნელნი წააგებენ.
28. და შენ იხილავ ყოველ თემს მუხლმოყრილს. ყოველი თემი მიხმობილ იქნება თავის წიგნთან: „დღეს მოგეზღვებათ იმისთვის, რასაც სჩადიოდით.“
29. სწორედ ეს ჩვენი წიგნი ამეტყველდება თქვენს წინააღმდეგ ჭეშმარიტებით, რამეთუ ჩვენ აღვნუსხავდით იმას, რასაც სჩადიოდით.
30. ხოლო იმათ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ღმერთი მათი შეიყვანს თავისივე წყალობაში. სწორედ ეს არის აშკარა ნეტარება.
31. ხოლო რაც შეეხება იმათ, რომელთაც უარყვეს, (ებრძანებათ): „განა არ გეკითხებოდათ ჩემი აიათები? მაშინ თქვენ გამედიდურდით და გარდაიქეცით ცოდვილ ხალხად.
32. და როცა გემცნოთ: „უეჭველად, აღთქმა ალლაჰისა ჟამი ჭეშმარიტია, რომელშიც არ არსებობს ეჭვი“, თქვენ მიუგეთ: „არ ვიცით რა არის ჟამი. ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია. და არ ვართ დარწმუნებულნი !“
33. და გამომჟღავნდება მათთვის სიავენი, რაც ჩაიდინეს. ხოლო ის, რასაც დასცინოდნენ, გარსშემოერტყმის მათ.
34. და ებრძანა: „დღეს დაგივიწყებთ ისევე, როგორც დაივიწყეთ შეხვედრა თქვენს დღესთან. თქვენი სადგომი იქნება ცეცხლი და არ გეყოლებათ მეოხე!“
35. ეს იმიტომ, რომ ალლაჰის აიათები დაიდგინეთ სამასხროდ და გაცდუნათ ამქვეყნიურმა ცხოვრებამ. მაშ, დღეს იქიდან ვერ შეძლებენ თავის დაღწევას და არც სინანული მიიღება მათი.
36. მაშ, ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, ღმერთს ცათა და ღმერთს ქვეყნისა, ღმერთს სამყაროთა!
37. და მას ეკუთვნის განდიდებანი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და იგი ძლევამოსილია, ბრძენია!