44. Ad-Dukhan

1. ჰა. მიმ.
2. ვფიცავ, ცხად წიგნს!
3. უეჭველად, ჩვენ გადმოვავლინეთ იგი დალოცვილ ღამეს. უეჭველად, ჩვენ ვართ შემგონებელნი.
4. მასში წყდება ყველა ბრძნული საქმე
5. ბრძანებად ჩვენი წიაღიდან. უეჭველად, ჩვენ ვართ წარმომგზავნელნი
6. წყალობად შენი ღმერთისგან. უეჭველად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
7. ღმერთია ცათა და ქვეყნის და იმის, რაცაა მათ შორის, თუკი თქვენ გსურთ ჭეშმარიტების შემეცნება!
8. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. აცოცხლებს და აკვდინებს. ღმერთია თქვენი და ღმერთია თქვენ წინაპართა.
9. მაგრამ ისინი, ეჭვში ჩაფლულნი, ერთობიან.
10. მაშ, დაელოდე დღეს, როცა ზეცა მოვა ცხადი კვამლით.
11. შემოეხვევა ხალხს. სწორედ ესაა მწარე სასჯელი!
12. ღმერთო ჩვენო! აგვაცილე სასჯელი, რამეთუ უკვე მორწმუნენი ვართ.
13. სადაა მათთან შეხსენების შეგონება. და ვფიცავ, მოვიდა მათთან ცხადი შუამავალი.
14. მერე სახე იქციეს მისგან და თქვეს: „განსწავლული, შეშლილიო!“
15. ჩვენ სასჯელი რომ აგაცილოთ მცირე ხნით, უეჭველად, თქვენ დაუბრუნდებით .
16. იმ დღეს შევიპყრობთ მკაცრი შეპყრობით. უეჭველად, მივუზღავთ ჩვენ!
17. და ვფიცავ, გამოვცადეთ მათზე უწინ ხალხი ფარაონისა. და მივიდა მათთან ღირსეული შუამავალი:
18. „წარმოგზავნეთ ჩემთან ერთად ალლაჰის მსახურნი. უეჭველად, სანდო შუამავალი ვარ თქვენთვის.
19. და არ გამედიდურდეთ ალლაჰის წინაშე, რამეთუ მე თქვენთან მოვდივარ ცხადი მტკიცებებით.
20. და უეჭველად, მე მივეკედლე ჩაქოლვილისგან ღმერთს ჩემსას და თქვენსას.
21. და თუ არ გჯერათ ჩემი, განმეშორეთ!“
22. მაშინ შეჰღაღადა თავის ღმერთს: „რომ ესენი ცოდვილნი ხალხი არიან!“
23. „მაშ, გაუდექი გზას ჩემს მსახურებთან ერთად ღამით, რამეთუ უკან დაგედევნებიან!
24. და დატოვე ზღვა გახსნილად. უეჭველად, ეგ ლაშქარი დასახრჩობია.“
25. რამდენი ბაღნი და წყაროს თვალნი დატოვეს,
26. ნათესები და დიდებული ადგილსამყოფელნი
27. და სიკეთენი, რომელშიც ტკბებოდნენ!
28. აი ასე! ჩვენ დავუმკვიდრეთ იგი სხვა ხალხს.
29. და არ უტირია მათზე ზეცას და ქვეყანას , და არც გადაუვადდათ .
30. და ვფიცავ, ჩვენ ვიხსენით ისრაილის ძენი მუხანათური სასჯელისაგან-
31. ფარაონისგან. უეჭველად, იგი თვიმპყრობელი ზღვარგადასულთაგანი იყო.
32. და ვფიცავ, მაშინ ისინი განგებ ამოვარჩიეთ სამყაროთა ზედა.
33. და ვუბოძეთ მათ სასწაულთაგან, რაშიც იყო ცხადი გამოცდა.
34. ისინი უსათუოდ იტყვიან:
35. „არ იქნება სხვა სიკვდილი, გარდა პირველისა და ჩვენ არ ვიქნებით აღმოცენებულნი.
36. მაშ, მოგვიყვანეთ ჩვენი მამები, თუკი ხართ მართალნი!“
37. განა ისინი უკეთესნი არიან თუ ხალხი თუბბასი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ? გავანადგურეთ, რამეთუ ცოდვილნი იყვნენ ეგენი.
38. და ჩვენ არ გაგვიჩენია ცანი და მიწა და რაც მათ შორისაა გართობის მიზნით.
39. არ გაგვიჩენია ჩვენ ისინი, თუ არა ჭეშმარიტებისთვის, მაგრამ მათი უმრავლესობა არ უწყიან.
40. უეჭველად, განშორების დღე ყველასათვის წინასწარ დადგენილი ვადაა.
41. იმ დღეს მეგობარი ვერაფერს შეეწევა მოყვასი და არც იქნება შეწევნა მათი,
42. გარდა ვისზეც წყალობა მოიღო ალლაჰმა. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, მწყალობელია!
43. უეჭველად, იგი ხე ზაყუმისა
44. ცოდვილთა საკვებია…
45. როგორც ლითონის, იგი ადუღდება მათ მუცლებში,
46. ვით მდუღარე წყლის თუხთუხი.
47. შეიპყარით და შეათრიეთ იგი ჯოჯოხეთის შუაგულში.
48. მერე დაასხით თავზე სასჯელად ადუღებული წყალი.
49. აჰა, იგემე! აკი, შენ ძლევამოსილი, პატივდებული იყავი!
50. უეჭველად, ეს ისაა, რაშიც ეჭვი გეპარებოდათ!
51. უეჭველად, ღვთისმოშიშნი უსაფრთხო ადგილას,
52. ბაღებში და წყაროებში იქნებიან.
53. შეიმოსებიან აბრეშუმით და ატლასით, ერთურთის პირისპირ.
54. სწორედ ამგვარად დავაწყვილეთ ისინი ქათქათებთან, დიდთვალებიანებთან.
55. მოითხოვენ იქ ყოველგვარ ხილს უსაფრთხოებაში.
56. აღარ იგემებენ ისინი მასში სიკვდილს, გარდა პირველი სიკვდილისა. დაიფარა ისინი ჯოჯოხეთის სასჯელისგან,
57. წყალობად შენი ღმერთისგან. სწორედ, ეს არის უდიდესი ნეტარება!
58. სწორედ, ასე გავაიოლეთ იგი შენს ენაზე, ეგებ გაიხსენონ და შეისმინონ!
59. მაშ, დაელოდე, რამეთუ ისინიც ელოდებიან!…