42. Ash-Shura

1. ჰა. მიმ.
2. ღაინ. სინ. ყაფ.
3. სწორედ, ასე ზეშთაგაგონებს შენ და რომელნიც იყვნენ შენ უწინ. ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია.
4. მას ეკუთვნის ყოველივე, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და იგი უზენაესია, დიდებულია.
5. ლამისაა ცანი გაიპონ ზევიდან. და ანგელოზები ადიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს და შენდობას შესთხოვენ იმისათვის, ვინც ქვეყანაზეა. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია.
6. და რომელთაც დაიდგინეს მის გარდა მეგობრები, ალლაჰი მეთვალყურეა მათი, შენ კი სულაც არა ხარ თავდები მათი.
7. სწორედ, ასე ზეშთაგაგონეთ შენ ყურანი არაბულ ენაზე, რათა შეაგონო უმმულ ყურა და ვინცაა მის შემოგარენში და შეაგონო შეკრების დღის შესახებ, რომლის თაობაზე ეჭვი არ არსებობს. ერთი ჯგუფი სამოთხეში და ერთი ჯგუფი კი აალებულ ცეცხლში.
8. და რომ ყოფილიყო ნება ალლაჰისა, უთუოდ, დაადგენდა მათ ერთ თემად, მაგრამ შეიყვანს თავის წყალობაში, ინებებს ვისაც. ხოლო უსამართლოებს არ ეღირსებათ მოყვასი და შემწე.
9. ნუთუ აიყვანეს მის გარდა მფარველები? თუმცაღა ალლაჰი, სწორედ იგია ჭეშმარიტი მფარველი, რამეთუ იგი აცოცხლებს მკვდრებს და იგი ყოვლისშემძლეა.
10. და რაშიც არ უნდა მოგივიდეთ უთანხმოება, მისი მსჯავრი ალლაჰს ეკუთვნის. „სწორედ ესაა ალლაჰი, ჩემი ღმერთი! მხოლოდ მას ვსასოებ და მისკენ მივიქცევი!“
11. იგი გამჩენია ცათა და ქვეყნის! დაადგინა თქვენთვის მეუღლენი თქვენი სულიდანვე, და ასევე საქონელი წყვილებად. გამრავლებთ თქვენ იქ. არაფერია მსგავსი მისი, რამეთუ იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!
12. მას ეკუთვნის გასაღებნი ცათა და მიწის, შეუმცირებს და უხვად უბოძებს სარჩოს, ინებებს ვისაც. უეჭველად, იგი უწყის ყველაფერს.
13. დააკანონა თქვენთვის სარწმუნოებაში, რაც უბრძანა ნუჰს და რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ, რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და ღისას: „რომ დაიცავით სარწმუნოება და არ დაიყოთ მასთან მიმართებაში“. მძიმეა კერპთაყვანისმცემლებისთვის იგი, რისკენაც შენ მოუწოდებ. ალლაჰი გამოარჩევს იმისკენ , ინებებს ვისაც და ჭეშმარიტებას აზიარებს, ვინც მიიქცევა მისკენ.
14. და არ დაყოფილან იმის შემდგომ, რაც ებოძათ ცოდნა, გარდა მათ შორის აღვირახსნილთა. და რომ არ გადმომხდარიყო სიტყვა შენი ღმერთისგან , უთუოდ, დადგენილ ვადამდე გადაწყდებოდა მათ შორის არსებული . და უეჭველად, რომელთაც მემკვიდრეობად მიეცათ წიგნი მათ მერე, ეგენი მის მიმართ ორჭოფობენ.
15. სწორედ ამიტომ მოუწოდე და მტკიცედ დადექი, როგორც გებრძანა და არ აჰყვე მათ წადილს და თქვი: „ვირწმუნე იგი, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა წიგნთაგან და მებრძანა, რომ სამართლიანად განვსაჯო თქვენს შორის. ალლაჰი ჩვენი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. ჩვენთვისაა ჩვენი საქმენი და თქვენთვისაა თქვენი საქმენი. არ არს დავა ჩვენსა და თქვენს შორის. ალლაჰი შეკრებს ყოველ ჩვენთაგანს და მასთანაა მისაქციელი.“
16. და რომელნიც დაობენ ალლაჰის თაობაზე, მას მერე, რაც შეისმინეს იგი, მათი მოსაზრება ამაოა თავიანთი ღმერთის წინაშე, რამეთუ მათზეა რისხვა და მათთვისაა სასჯელი სასტიკი.
17. ალლაჰია იგი, რომელმაც ზეგარდმოავლინა წიგნი ჭეშმარიტებით და სასწორი . შენ რა იცი, იქნებ საათი ახლოა?!
18. დაჩქარება სურთ მისი, რომელთაც არ სწამთ იგი. ხოლო რომელთაც ირწმუნეს, მოკრძალებულნი არიან მისადმი და უწყიან, რომ იგი ჭეშმარიტებაა. უეჭველად, რომელნიც ეჭვობენ საათის თაობაზე, ნამდვილად ღრმა ცდომილებაში არიან.
19. ალლაჰი სიკეთის მბოძებელია თვისი მსახურისადმი და მიაგებს სარჩოს, ინებებს ვისაც, რამეთუ იგი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსილია.
20. და ვისი სურვილიცაა მონაგარი საიქიოს, ვუმრავლებთ მას თავის საწადელს. ხოლო ვისი სურვილიცაა მონაგარი სააქაოს, ვუბოძებთ მას იქიდან, რამეთუ არ ექნება წილი საიქიოში.
21. ან იქნებ ჰყავთ მათ თანაზიარნი, რომლებმაც დაუკანონეს(შარიათი) მათ სარწმუნოებაში ის, რისი უფლებაც ალლაჰს არ მიუცია? და რომ არა სიტყვა გადავადებისა, უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული . და უეჭველად, უსამართლოთათვისაა მწარე სასჯელი.
22. და დაინახავ უსამართლოებს, შეშინებულთ იმის გამო, რაც მოიხვეჭეს, რამეთუ იგი თავს დაატყდებათ. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, (იხილავ) სამოთხის ბაღებში. მათთვისაა, რასაც ისურვებენ თავიანთი ღმერთის წინაშე. სწორედ ესაა დიდი წყალობა!
23. სწორედ ეს არის, რასაც ახარებს ალლაჰი თავის მსახურთ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. უთხარი: მე არ ვითხოვ თქვენგან საზღაურს, თუ არა ახლობლებისადმი სიყვარულისა. და ვინც მოიხვეჭს სიკეთეს, ვუმრავლებთ იმას. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მადლობის შემსმენია.
24. ნუთუ ამბობენ, სიცრუე შეთხზა ალლაჰზეო? ამასთან ერთად, რომ იყოს ნება ალლაჰისა, შენს გულს დაახშობს, რამეთუ მოგვის ალლაჰი ამაოებას და თავისი სიტყვებით განამტკიცებს ჭეშმარიტებას. უეჭველად, იგი უწყის გულისნადებს!
25. და იგია, რომელიც შეიწყნარებს მონანიებას თავის მსახურთაგან, მიუტევებს სიავეებს და უწყის, რასაც სჩადიხართ.
26. და იგი შეისმენს იმათსას, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. და გაუმრავლებს მათ თავის მადლს. და ურწმუნოთათვისაა სასტიკი სასჯელი.
27. და რომ გაუზარდოს ალლაჰმა სარჩო თავის მსახურთ, უთუოდ, გადავიდოდნენ ზღვარს. მაგრამ იგი თანაზომიერად ზეგარდმოავლენს, ინებებს რასაც. უეჭველად, იგი თავის მსახურთაგან ყველაფერს უწყის და ხედავს.
28. და იგია, რომელიც ზეგარდმოავლენს წვიმას მას მერე, რაც სასოწარკვეთას მიეცნენ და განავრცობს თავის წყალობას, რამეთუ იგია ჭეშმარიტი მფარველი, ყოვლად ქების ღირსი.
29. და მის სასწაულებს განეკუთვნება გაჩენა ცათა და მიწის, ასევე ცოცხალი არსებების, რომლებიც განასახლა მასზე. და მას ძალუძს მათი შეკრება, როცა ინებებს.
30. და რაც სიავეთაგან გეწიათ იმისთვისაა, რაც მოიხვეჭა თქვენმა ხელებმა და მოგიტევებთ მრავალთა.
31. და თქვენ ვერ სძლევთ მას ქვეყნად და არ არს თქვენთვის არც მოყვასი და არცა შემწე, გარდა ალლაჰისა.
32. და მის სასწაულებს განეკუთვნება ხომალდები ზღვაში, უშველებელი მთების დარნი.
33. თუ ინებებს, დააწყნარებს ქარს და მაშინ ისინი დარჩებიან უძრავად მის ზედაპირზე. უეჭველად, ამაშია სასწაულები ყოველ მომთმენელთა და მადლიერთათვის!
34. ან დაღუპავს მათ იმის გამო, რაც მოიხვეჭეს და მიუტევებს მრავალთ.
35. და იცოდნენ, რომელნიც დაობენ ჩვენი აიათების შესახებ, არ არს მათთვის გადარჩენა.
36. სწორედ, რომ ყოველივე, რაც გებოძათ, ამქვეყნიური წარმავალი საბადებელია. ხოლო ის, რაც ალლაჰის წიაღშია, უკეთესია და მარადიული მათთვის, რომელთაც ირწმუნეს და თავიანთ ღმერთს სასოებენ.
37. და რომელნიც გაურბიან მძიმე ცოდვებს და სიბილწეს, როცა განრისხდებიან, პატიობენ.
38. და რომელთაც შეისმინეს თავიანთი ღმერთის, ჭეშმარიტად აღავლინეს ლოცვა და საქმე მათი ბჭობაა ერთმანეთ შორის და რაც ვუწყალობეთ, გაიღებენ იქიდან.
39. და ისინი, როცა ეწევათ უსამართლო მძლავრობა, ერთმანეთს შეეწევიან.
40. სიავის საზღაური მისი ტოლფასი სიავეა. მაგრამ ვინც მიუტევებს და მშვიდობას დაამყარებს, მაშინ გასამრჯელო მისი ალლაჰთანაა. უეჭველად, მას არ უყვარს უსამართლონი.
41. უსათუოა, რომ უსამართლობის შემდეგ ვინც ღირსება და უფლება დაიცვა, აი მათზე არ არის არანაირი პასუხისმგებლობა.
42. მაგრამ პასუხისმგებლობა იმათზეა, რომელნიც უსამართლოდ ექცევიან ხალხს და უსამართლოდ აღვირახსნილობენ დედამიწაზე. სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი!
43. და უთუოდ, ვინც მოითმენს და აპატიებს, სწორედ ეს ფასდაუდებელ საქმეთაგანია.
44. და ალლაჰი ვისაც ცდომილებაში დატოვებს, უკვე აღარ მოეძებნება ამის შემდგომ შემწე. და როცა იხილავენ სასჯელს, დაინახავ უსამართლოებს, რომლებიც იტყვიან: „განა არ არის დასაბრუნებლად გზა?“
45. და დაინახავ მათ, როცა მასთან წარდგენილ იქნებიან, დამცირებისგან შეშინებულნი ქვეშ-ქვეშ იყურებიან. და თქვეს, რომელთაც ირწმუნეს: „უეჭველად, წაგებულნი არიან ისინი, რომელთაც წააგეს საკუთარი თავი და ოჯახი აღდგომის დღეს“. იცოდეთ, რომ უეჭველად, უსამართლონი აღმოჩნდებიან დაუსრულებელ ტანჯვაში.
46. და არ იქნება მათთვის მოყვასი, რომელიც შეეწევა მათ, გარდა ალლაჰისა. და ვისაც გზა აუბნია ალლაჰმა, არ მოეძებნება მას გზა.
47. შეისმინეთ თქვენი ღმერთის, ვიდრე დადგებოდეს დღე, რომლის ალლაჰისგან უკან გაბრუნება არავის შეუძლია. იმ დღეს არ იქნება თქვენთვის თავშესაფარი და არ იქნება თქვენთვის უარყოფა .
48. და თუ კიდევ ზურგს იქცევენ, ჩვენ ხომ არ წარგვიგზავნიხარ მათდა გუშაგად, რამეთუ შენზე ვალად მხოლოდ უწყების გადაცემაა. და უეჭველად, ჩვენ როცა ვაგემებთ კაცს ჩვენგან წყალობას, ხარობს მისით და თუ ვაწევთ მას სიავეს იმის გამო, რაც წაიმძღვარეს მათმა ხელებმა, მაშინ, უეჭველად, ადამიანი სავსებით უმადური ხდება.
49. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნის. აჩენს, ინებებს რასაც; სჩუქნის ასულებს, ინებებს ვისაც და სჩუქნის ძეებს, ინებებს ვისაც;
50. ან ადგენს მათ წყვილებად, მამრებად და მდედრებად. ხოლო ადგენს უნაყოფოდ, ინებებს ვისაც. უეჭველად, იგი ყოვლისმცოდნეა, ყოვლისშემძლეა!
51. და არ ყოფილა ადამიანისთვის, რომ დალაპარაკებოდა მას ალლაჰი, თუ არა ზეშთაგონებად ან საფარველის მიღმა, ან წარმოგზავნის შუამავალს , და მაშინ ზეშთააგონებს მისი ნებით. უეჭველად, იგი უზენაესია, ბრძენია.
52. და სწორედ ამგვარად ზეშთაგაგონეთ შენ სული ჩვენი ბრძანებისგან. არ იცოდი შენ რა არის წიგნი და არც რწმენა. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ იგი ნათელად. დავადგენთ მისით ჭეშმარიტ გზას, ვინებებთ ვისაც, რამეთუ, უეჭველად, შენ უწინამძღვრებ ჭეშმარიტი გზისკენ.
53. იგია გზა ალლაჰისა, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნის. განა ალლაჰს არ უბრუნდებიან საქმენი?!