40. Ghafir

1. ჰა. მიმ.
2. ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ყოვლისმცოდნისა.
3. ცოდვის მიმტევებლისა, შენანების შემწყნარებლისა, მკაცრსასჯელიანისა, მოწყალისა. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი, მასთანაა მისაქციელი.
4. არ დაიწყებენ ცილებას ალლაჰის აიათების შესახებ, გარდა მათი, რომელთაც უარყვეს. მაშ, არ შეგაცდინოს შენ მათმა მიმოსვლამ ქვეყნებში.
5. ცრუდ შერაცხეს მათ უწინ ნუჰის ხალხმა და თემებმა მათ შემდგომ. და შემოესია ყოველი თემი თავიანთ შუამავალს, რომ შეეპყრათ იგი. და ეჭიდილავებოდნენ ამაოებით, რათა წარეხოცათ ჭეშმარიტება. ამიტომაც შევიპყარი ისინი. მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი?!
6. ამგვარად, ახდა შენი ღმერთის სიტყვა მათსა ზედა, რომელთაც უარყვეს, რომ ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი.
7. რომელნიც ზიდავენ ტახრევანს და ვინც მის გარშემოა, ადიდებენ ქებით თავიანთ ღმერთს, სწამთ მისი და შესთხოვენ შენდობას იმათთვის, რომელთაც ირწმუნეს: „ღმერთო ჩვენო! შენ გარემოიცავ ყველაფერს წყალობითა და ცოდნით. მაშ, მიუტევე მათ, რომელთაც მოინანიეს და გაჰყვნენ შენს გზას და დაიფარე ისინი ჯოჯოხეთის სასჯელისგან!
8. ღმერთო ჩვენო! შეიყვანე ისინი სამოთხის ბაღებში, რომელიც აღუთქვი მათ და ვინც კეთილი ჰქმნა მათ მამებთაგან, მეუღლეთაგან და შთამომავალთაგან. უეჭველად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.
9. და დაიფარე ისინი სიავეთაგან, რამეთუ ვისაც შენ დაფარავ იმ დღეს სიავეთაგან, უეჭველად, მხოლოდ ის იქნება მიტევებული შენგან. და სწორედ ეს არის დიადი ნეტარება.
10. უეჭველად, რომელთაც უარყვეს, შესძახებენ: უთუოდ, ალლაჰის რისხვა უფრო დიდია ერთურთისადმი წყრომაზე. აჰა, გიხმობენ რწმენისაკენ, მაგრამ თქვენ უარყოფთ.
11. თქვეს: „ღმერთო ჩვენო! შენ ამოგვხადე სული ორჯერ და გაგვაცოცხლე ორჯერ. ამგვარად ჩვენ ვაღიარეთ ჩვენი ჩადენილი ცოდვები. ნეტავ არის გზა გასასვლელისკენ?“
12. სწორედ ესაა საბაბი, როცა მოგიწოდებდნენ მხოლოდ ალლაჰისკენ, თქვენ უარყავით. ხოლო თუ თანაზიარს უდგენდნენ მას, გწამდათ. მსჯავრი მხოლოდ ალლაჰისაა, უზენაესისა, დიადისა“.
13. იგია, რომელიც გაჩვენებთ თავის აიათებს და გარდმოავლენს თქვენთვის ზეციდან სარჩოს, მაგრამ შეისმენენ შეგონებას, მხოლოდ ისინი, რომელნიც მიიქცევიან გულით ღვთისკენ.
14. მაშ, შეევედრეთ ალლაჰს წრფელი რწმენით, თუნდაც ეს არ მოსწონდეთ ურწმუნოებს.
15. ამმაღლებელია ხარისხების და მფლობელია ტახტრევნის. იგი ზეგარდმოავლენს სულს თავისი ბრძანებებით თავის მსახურთაგან იმაზე, ინებებს ვისაც, რათა შეაგონოს შეხვედრის დღის თაობაზე.
16. იმ დღეს, როცა ისინი აღმოცენდებიან, არაფერი დაიმალება ალლაჰის წინაშე. მაშ, ვისია დღეს მეუფება? უეჭველად, ალლაჰს ეკუთვნის, ერთადერთს, ძლევამოსილს!
17. დღეს მიეზღვება ყოველივე სულს, რაც მოიხვეჭა და არ იქნება უსამართლობა ამავ დღეს. უეჭველად, ალლაჰი მსწრაფლგანმკითხველია!
18. და შეაგონე ისინი მოახლოებული დღით, როცა შიშით გულნი ყელს მიებჯინება. უსამართლოთათვის არც მოსიყვარულე ნათესავი იქნება და არც შემწე გამგონი.
19. იგი უწყის თვალთა სიმუხთლეს და რასაც გულები მალავენ .
20. და ალლაჰი განსჯის ჭეშმარიტებით. ხოლო რომელნიც მოუხმობენ მის მაგიერ, ვერაფერს განსჯიან. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია!
21. განა არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ, ისინი მათზე მტკიცენი იყვნენ ძალით და კვალნით მიწაზე, მაგრამ ალლაჰმა დასაჯა ისინი თავიანთი ცოდვებიდან გამომდინარე და არ იქნება მათთვის მფარველი ალლაჰისგან .
22. ეს იმიტომ, რომ მათთან მიდიოდნენ შუამავალნი ცხადი მტკიცებანით, მათ კი უარყვეს. ამიტომაც ალლაჰმა დასაჯა ისინი, რამეთუ იგია ძლევამოსილი, მკაცრსასჯელიანი.
23. და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებით და ცხადი მტკიცებანით
24. ფარაონთან, ჰამანთან და ყარუნთან. მათ თქვეს: „(იგი) ცრუ ჯადოქარია!“
25. ხოლო როცა მათ მიუტანა ჭეშმარიტება ჩვენი წიაღიდან, თქვეს: „მოკალით ძენი მათი, რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად და ცოცხლები დატოვეთ მათი ქალები!“ არაფერია მზაკვრობა ურწმუნოთა, გარდა ამაოებისა.
26. ფარაონმა თქვა: თავი მანებეთ მე, რომ მოვკლა მუსა და დაე, მოუხმოს თავის ღმერთს. „უეჭველად, მე მეშინია, რომ შეგიცვლის ის თქვენს რჯულს ან გაავრცელებს დედამიწაზე უკეთურებას“.
27. და თქვა მუსამ: „უეჭველად, მე მივეკედლე ჩემს ღმერთს და თქვენს ღმერთს ყოველ მედიდურთაგან, რომელსაც არ სწამს ანგარიშსწორების დღე“.
28. და თქვა კაცმა მორწმუნემ ფარაონის სახლეულისგან, რომელიც მალავდა თავის რწმენას: „ნუთუ მოკლავთ კაცს იმის გამო, რომ ამბობს: „ჩემი ღმერთი ალლაჰია? რამეთუ იგი მოვიდა თქვენთან ცხადი სასწაულებით თქვენი ღმერთისგან. და თუ იგი მატყუარაა, თავისი სიცრუე მხოლოდ მას დააზარალებს და თუ მართალია, გეწევათ თქვენ ზოგი ის, რაც აღგეთქვათ. უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე იმას, ვინც აღვირახსნილი და ცრუა.
29. ჰეი, ხალხო ჩემო! დღეს თქვენ გაქვთ ძალაუფლება და თქვენ ბატონობთ ქვეყანაზე. მაგრამ ვინ შეგვეწევა თუ ალლაჰის სასჯელი დაგვატყდება“?თქვა ფარაონმა: „რაზეც თქვენ მიგითითებ , მხოლოდ ჩემი შეხედულებაა. და თქვენ დაგადგენ ჭეშმარიტ გზას.
30. და თქვა, რომელმაც ირწმუნა: „ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, მე მეშინია თქვენსა ზედა დაჯგუფებათა დღისა,
31. მსგავსი ნუჰის ხალხის მდგომარეობისა, ადიელთა, სემუდეველთა და რომელნიც იყვნენ მათ შემდგომ, რამეთუ არ არს ნება ალლაჰისა მსახურებისადმი უსამართლობა.
32. ხალხო ჩემო! უეჭველად, მე მეშინია თქვენსა ზედა გოდებათა დღისა.
33. ამავ დღისა, როცა გაბრუნდებით ზურგშექცეულნი, რამეთუ არ არს მფარველი ალლაჰისგან. ხოლო ალლაჰი ვისაც ცდომილებაში დატოვებს, უკვე აღარ მოეძებნება მას ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი.
34. და ვფიცავ, მანამდე მოვიდა თქვენთან იუსუფი ცხადი მტკიცებებით, მაგრამ გააგრძელეთ ეჭვში ყოფნა იმის შესახებ, რაც მან მოგიტანა, ვიდრეღა არ აღესრულა. თქვით: „არასოდეს წარმოგზავნის ალლაჰი მის შემდგომ შუამავალს“. სწორედ ასე ააცდენს ალლაჰი იმას, ვინც აღვირახსნილია, ეჭვიანია.
35. რომელთაც არ ჰბოძებიათ არანაირი მტკიცებულება, დაობენ ალლაჰის აიათების თაობაზე. რისხვა ალლაჰის წინაშე და მათ წინაშე, რომელთაც ირწმუნეს, დიდია. ასრე ასვამს ალლაჰი ბეჭედს ყოველ ამპარტავან მედიდურთა გულებს!
36. და თქვა ფარაონმა: „ჰეი, ჰამან! ააგე ჩემთვის კოშკი. ეგების მივწვდე ალაგთ !
37. ალაგთა ცათა, რათა მივაღწიო მუსას ღვთაებამდე. უეჭველად, მე მას ცრუდ ვთვლი. აი, ასე მოკაზმულ მოეჩვენა ფარაონს თავისი ავი საქმენი და გადაუხვია გზიდან. და არაფერია მზაკვრობა ფარაონისა, გარდა ამაოებისა.
38. და თქვა, რომელმაც ირწმუნა: „ჰეი, ხალხო ჩემო, გამომყევით მე, რათა წაგმართო ჭეშმარიტი გზით!
39. ჰეი, ხალხო ჩემო! უეჭველად, ეს ქვეყანა მხოლოდ დრობითი საბადებელია, რამეთუ საიქიოა მარადიული სამყოფელი.
40. ვინც ჰქმნა სიავე, მხოლოდ მიეგება მსგავსი მისი. ხოლო ვინც ჰქმნა სიკეთე, მამაკაცმა თუ დედაკაცმა და იგი მორწმუნეა, სწორედ ისინი შევლენ სამოთხეში, სადაც უთვალავ სარჩოს მიიღებენ.
41. ჰეი, ხალხო ჩემო! რა საოცარია, მე მოგიხმობ თქვენ გადარჩენისკენ და თქვენ მომიხმობთ ცეცხლისკენ?
42. მომიხმობთ, რათა ვუარყო ალლაჰი და ზიარ ვუქმნა მას ის, რისი ცოდნაც არ მაქვს. და მე მოგიხმობ თქვენ ძლევამოსილისკენ, ყოვლისმიმტევებლისკენ!
43. უეჭველად, რისკენაც მომიხმობთ თქვენ , არ აქვს ხმობა არც ამქვეყნიურ და არც იმქვეყნიურ ცხოვრებაში. და რომ ჩვენი მისაქციელი ალლაჰთანაა. და რომ სწორედ მფლანგველნი არიან ცეცხლის ბინადარნი.
44. დაე, თქვენ გაიხსენებთ ჩემს ნათქვამს. და დავუშთობ ჩემს საქმეს ალლაჰს. უეჭველად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურთ.
45. ეგრეთ დაიცვა იგი ალლაჰმა იმ სიავეთაგან, რაც უმზაკვრეს, რამეთუ გარს შემოერტყა ფარაონის სახლეულს საშინელი სასჯელი.
46. ცეცხლი, სადაც შენივთებულ იქნებიან დილით და საღამოს. ხოლო დღეს, საათის დადგომის (ებრძანებათ): „შეიყვანეთ ფარაონის სახლეული მწარე სასჯელში“!
47. და აჰა, ერთმანეთში დაიწყობენ ცილობას ცეცხლსა შინა, მაშინ სუსტნი ეტყვიან იმათ, რომელნიც იყვნენ მედიდურნი: „უეჭველად, ჩვენ თქვენ მოგყვებოდით. მაშასადამე, თუ შეგიძლიათ ჩვენი დაცვა ნაწილობრივ მაინც ცეცხლის სასჯელისგან“?
48. თქვეს, რომელნიც იყვნენ მედიდურნი: უეჭველად, ჩვენ ყველანი მასში ვართ. უეჭველად, ალლაჰმა უკვე განსაჯა მსახურთა შორის“.
49. და უთხრეს, რომელნიც ცეცხლში არიან, მცველებს ჯოჯოხეთისას: „შესთხოვეთ თქვენს ღმერთს, შეგვიმსუბუქოს ჩვენ ტანჯვა, თუნდაც ერთი დღით“.
50. ჰკითხეს: „განა არ მოსულან თქვენთან შუამავალნი ცხადი მტკიცებებით?“ მიუგეს: „დიახ!“ უთხრეს: „მაშ, თავად შესთხოვეთ“. მაგრამ ურწმუნოთა ღაღადი ფუჭია.
51. უეჭველად, ჩვენს შუამავალთ და რომელთაც ირწმუნეს ჩვენ შევეწევით ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმ დღესაც, როცა წარსდგებიან მოწმეები.
52. იმ დღეს თავის მართლება არ უშველით უსამართლოებს. რამეთუ იწვნიეს წყევლა და მათთვისაა ავი სამყოფელი.
53. და ვფიცავ, ვუბოძეთ მუსას ჭეშმარიტი გზა და მივეცით მემკვიდრეობად ისრაილის ძეთ წიგნი,
54. ჭეშმარიტ გზად და შეხსენებად ბრძენკაცთთათვის, ჭკუასაკითხთათვის.
55. მაშ, მოითმინე. უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. და ითხოვე მიტევება შენი ცოდვებისთვის და ქებით განადიდე შენი ღმერთი საღამოს და დილას.
56. უეჭველად, რომელთაც არ ჰბოძებიათ არანაირი მტკიცებულება, დაობენ ალლაჰის აიათების თაობაზე. მათ გულებში სხვა არაფერია, გარდა ქედმაღლობისა, რასაც ისინი ვერ მიაღწევენ. მაშ, შენ ალლაჰს მიეკედლე. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველი!
57. უსათუოდ, ცათა და მიწის გაჩენა უდიდესია, ვიდრე ადამიანების გაჩენა, მაგრამ არ უწყის ხალხის უმეტესობამ.
58. და არ არის თანასწორი ბრმა და მხედველი, როგორც ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი და მქმნელნი სიავისა. და რაოდენ მწირია თქვენი თვალთახედვა!
59. უეჭველად, ის საათი , რომელიც ეჭვს არ ბადებს, უთუოდ დადგება. მაგრამ ხალხის უმეტესობა არ ირწმუნებს.
60. თქვენმა ღმერთმა ბრძანა: მომიხმეთ (შემევედრეთ) და გიპასუხებთ! ისინი, ვისაც თავისი სიამაყით არ სურთ თაყვანი მცენ, შევლენ ჯოჯოხეთში შერცხვენილნი.
61. ალლაჰია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის ღამე, რათა მოისვენოთ მასში და დღე გასანათებლად. უეჭველად, ალლაჰი სიკეთით აღსავსეა ხალხის მიმართ, მაგრამ ხალხის უმეტესობა უმადურია!
62. იგია ალლაჰი, ღმერთი თქვენი, გამჩენი ყველაფრის. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მაშ, როგორღა უარყოფთ?!
63. ამგვარად დაებინდებათ გონება, რომელნიც ალლაჰის აიათებს განზრახ უარყოფენ.
64. ალლაჰია იგი, რომელმაც თქვენთვის დედამიწა საცხოვრებლად გაფინა და ზეცა კამარად. ვინც გამოგსახათ თქვენ, შემდეგ მოგანიჭათ საუკეთესო ფორმა და მოგმადლათ სიკეთენი, სწორედ იგია ალლაჰი, თქვენი ღმერთი. რაოდენ დიადია ალლაჰი, სამყაროთა ღმერთი!
65. იგი უკვდავია! არ არის ღვთაება, გარდა მისა. მაშ, შეევედრეთ ალლაჰს წრფელი რწმენით. ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს!
66. უთხარი: „უეჭველად, ამეკრძალა, რომ თაყვანი ვცე, რომელთაც ალლაჰის ნაცვლად მოუხმობთ თქვენ, რამეთუ მებოძა ცხადი მტკიცებანი ჩემი ღმერთისგან და ნაბრძანები მაქვს, რომ ვჰმორჩილო სამყაროთა ღმერთს!
67. იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ მიწისგან, შემდეგ წვეთისგან, შემდეგ სისხლის კოლტებისგან . მერე გამოჰყავხართ ჩვილად, მერე მიაღწევთ ზრდასრულ ასაკამდე და რომ მერე შეიქნათ მოხუცნი. თუმც თქვენ შორის არიან ისეთნიც, ვინც კვდება უფრო ადრე. და რომ მიაღწიოთ განსაზღვრულ ვადას, ეგების მოუხმოთ გონებას.
68. იგია, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს. როცა რამეს განიზრახავს, საკმარისია უთხრას მას: იქმენ! და უმალ იქმნება.
69. განა არ გინახავს, რომელნიც დაობენ ალლაჰის აიათების თაობაზე? როგორღა უკუიქცევიან .
70. რომელთაც ცრუდ შერაცხეს წიგნი და იგი, რითიც წარმოვგზავნეთ ჩვენი შუამავალნი, სულ მალე შეიტყობენ,
71. როცა ბორკილებით კისერზე და ჯაჭვებით გარეკავენ
72. მდუღარეში, მერე ცეცხლში იქნებიან შენთებული.
73. მერე კი ეტყვიან: „სად არიან ისინი, რომელთაც ზიარად იდგენდით,
74. მაგიერ ალლაჰისა? იტყვიან: „მიიკარგნენ ჩვენგან… არა! ჩვენ ადრეც არავის ვსცემდით თაყვანს . სწორედ ასე ააცდენს ალლაჰი ურწმუნოებს.
75. სწორედ ეს იმისთვის, რომ ხარობდით დედამიწაზე ყოველგვარი უფლების გარეშე და იმისთვის, რომ მედიდურობდით.
76. შედით კარიბჭენში ჯოჯოხეთის, მარად დაჰყავით იქ. და რა საშინელი სამყოფელია მედიდურთა!…
77. მაშ, მოითმინე. უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. ჩვენ გახილვინებთ ნაწილს იმისას, რომელსაც აღვუთქვამთ მათ, ან (მანამდე) მიგიბარებთ. და ბოლოს ჩვენთან იქნებიან მოქცეულნი.
78. და ვფიცავ, წარმოვგზავნეთ შუამავალნი შენამდეც. მათ შორის, ვისზეც გიამბეთ და ვისზეც არაფერი გვითქვამს შენთვის. და არ ყოფილა რომელიმე შუამავალი , რომ მოეტანა აიათი, თუ არა ალლაჰის ნება. როცა მოევლინება ალლაჰის ბრძანება, გადაწყდება ჭეშმარიტებით და მაშინ წააგებენ იქ ამაოს მქმნელნი.
79. ალლაჰია იგი, რომელმაც დაადგინა თქვენთვის საქონელი, რათა ზოგზე ამხედრდეთ და ზოგი მიირთვათ.
80. თქვენთვის მათში მრავალი სარგებელია. და რომ მიაღწიოთ საწადელს, რაც თქვენს გულებშია, მათით და ხომალდებით გადაადგილდებით.
81. და იგი გაჩვენებთ თავის სასწაულებს. მაშ, ალლაჰის რომელ სასწაულს უარყოფთ?
82. განა, არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ , ისინი მათზე მტკიცენი იყვნენ ძალით და კვალნით მიწაზე, თუმცაღა მაგათ არ გამოადგათ, რასაც იხვეჭდნენ.
83. როცა მათთან მივიდნენ შუამავლები ცხადი მტკიცებებით, გათამამდნენ იმით, რისი ცოდნაც ჰქონდათ და გარს შემოერტყა იგი, რასაც აბუჩად იგდებდნენ.
84. შემდეგ როცა იხილეს ჩვენი საშინელი სასჯელი, თქვეს: „ვიწამეთ ალლაჰი და მისი ერთადერთობა და ვუარყავით იგი, რასაც ზიარვუქმნიდით მას!
85. უკვე ვეღარ არგო მათ თავიანთმა რწმენამ, როცა იხილეს ჩვენი საშინელი სასჯელი. კანონი ალლაჰის, აწ გარდასული თავის მსახურთა მიმართ. სწორედ იქ განადგურდნენ ურწმუნოები!