3. Āl-‘Imrān

1. ელიფ ლაამ მიიმ.
2. ალლაჰი… – არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – მარად ცოცხლისა და მსუფევისა.
3. ნაწილ–ნაწილ ჩამოავლინა შენზე წიგნი (ყურანი) ჭეშმარიტებით, დამამოწმებლად იმისა, რაცაა მის უწინარეს; და ჩამოავლინა თევრათიც და ინჯილიც.
4. ადრე, – ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად ადამიანებისთვის; და ჩამოავლინა ფურყანიც*. ჭეშმარიტად, ვინც უარყვეს ალლაჰის აიათები, მათთვისაა მძიმე სატანჯველი. და ალლაჰი უძლეველია, საზღაურმგები.
5. ჭეშმარიტად, არაფერია დაფარული ალლაჰისთვის – არც დედამიწაზე და არც ზეცაში.
6. იგია, ვინც ისე გსახავთ საშვილოსნოებში, როგორც ნებავს. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – უძლეველის, ბრძენისა*.
7. იგია, ვინც ჩამოავლინა შენზე წიგნი, მასშია მუჰქემი* აიათები, როგორც წიგნის დედაბოძი, და დანარჩენი – მუთეშაბიჰი**. ისინი კი, ვისაც გულებში უზით სიმრუდე, – ფითნას გამოწვევისთვისა და მათი განმარტების სურვილით მხოლოდ იმ ნაწილს მიჰყვებიან, რაც მუთეშაბიჰია***, რომლის ახსნაც არავინ იცის, გარდა ალლაჰისა. ღრმადმცოდნენი ამბობენ: ჩვენ გვწამს ის (ყურანი), ყველა ჩვენი ღმერთისგანააო (მუჰქემიც და მუთეშაბიჰიც). სხვა ვინ გაიაზრებს ამას, თუ არა გონიერნი.
8. ღმერთო ჩვენო! არ გაგვიმრუდო გულები, მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტ გზაზე დაგვაყენე*, და წყალობა მოიღე ჩვენზე შენი წიაღიდან, ჭეშმარიტად, შენა ხარ უხვმწყალობი.
9. ღმერთო ჩვენო! უეჭველად, შენ ხარ შემკრები ხალხისა იმ დღისთვის, რომელშიც ეჭვი არ არსებობს. ჭეშმარიტად, არ დაარღვევს აღთქმას ალლაჰი.
10. ჭეშმარიტად, მათ, ვინც არ ირწმუნეს, თავიანთი ქონება და შვილები ვერაფერს არგებენ ალლაჰის წინაშე, და ცეცხლის საწვავნი იქნებიან ისინი.
11. მსგავსად ფარაონის მოდგმისა და იმათი, ვინც იყვნენ მათზე ადრე. მათ უარყვეს ჩვენი აიათები/სასწაულები, მერე ალლაჰმა სასჯელით შეიპყრო ისინი, თავიანთი ცოდვების გამო. ალლაჰი მკაცრსასჯელიანია.
12. უთხარი მათ, ვინც არ ირწმუნეს: ,,აუცილებლად დამარცხდებით და ჯოჯოხეთში შეირეკებით!”… და რა ცუდი სარეცელია იგი.
13. მართლაც საოცრება იყო თქვენთვის იმ ორ ჯგუფში, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათგან ერთი ჯგუფი ალლაჰის გზაზე იბრძოდა, მეორე კი იყო ურწმუნო. ისინი თავიანთი თვალით ხედავდენენ, რომ ორჯერ მეტნი იყვნენ, მაგრამ ალლაჰი მას გააძლიერებს შემწეობით, ვისაც ინებებს. ჭეშმარიტად, თვალსაჩინო მაგალითია ეს მათთვის, ვისაც განჭვრეტა შეუძლია*.
14. მოკაზმულა და მიმზიდველად ქცეულა ადამიანებისთვის ქალების, შვილების, უთვალავი ოქრო-ვერცხლის, ლამაზი ცხენების, შინაური პირუტყვისა და სახნავ-სათესის მიმართ სიყვარული. ეს ყველაფერი ამქვეყნიური ცხოვრების დროებითი სარგებელია, საუკეთესო მისაქციელი კი ალლაჰთანაა.
15. უთხარი: გინდათ გაცნობოთ ამაზე უკეთესის შესახებ? ვინც (ღვთის) მოშიშია, მათთვის სამოთხეები თავიანთ ღმერთთანაა, რომლის ქვეშაც მდინარეები მიედინებიან და იქ იქნებიან მარადჟამს – განწმენდილი მეუღლეებითა და ალლაჰის კმაყოფილებით. ალლაჰი მსახურთა მხედველია.
16. მათ, რომელნიც ამბობენ: ,,ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ ჩვენ, გვაპატიე ჩვენი ცოდვები და დაგვიფარე ცეცხლის სატანჯველისგან”.
17. მომთმენთ, მართალთ, მორჩილებს, მოწყალებისთვის მხარჯველებს და განთიადისას პატიების მავედრებლებს.
18. დაამოწმა ალლაჰმა, რომ არ არსებობს მის გარდა სხვა ღვთაება, ასევე ამოწმებენ ანგელოზები და ცოდნის მფლობელნი, რომლებიც მტკიცედ იცავენ სამართლიანობას. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – ძლევამოსილის, ბრძენისა.
19. ჭეშმარიტად, ალლაჰის წინაშე (მიღებული) სარწმუნოება არის ისლამი. ვისაც წიგნი ებოძათ, მათ მოშურნეობით მხოლოდ მას შემდეგ გამოავლინეს უთანხმოება, რაც ცოდნა მიეცათ*. და ვინც უარყოფს ალლაჰის აიათებს, ჭეშმარიტად, ალლაჰი მსწრაფლანგარიშმგებია.
20. და თუ შემოგედაონ, მაშინ უპასუხე: პიროვნულობა ჩემი – ალლაჰს დავუმორჩილე, და იმათაც (დაუმორჩილეს), ვინც ჩემი მიმდევარიაო. და უთხარი მათ, ვისაც წიგნი ებოძათ, ასევე, უწიგნურებს (წარმართებს): ,,თქვენც დაემორჩილეთ?” – და თუ დაემორჩილნენ, მაშინ ცხადია, ჭეშმარიტ გზაზე დამდგარან*, ხოლო თუ პირი იბრუნეს, ჭეშმარიტად, შენი მოვალეობა მხოლოდ მიწვდენაა. ალლაჰი მსახურთა მხედველია.
21. ჭეშმარიტად, ვინც უარყოფენ ალლაჰის აიათებს, უსამართლოდ ხოცავენ მაცნეებს და ხოცავენ იმ ადამიანებსაც, ვინც სამართლიანობისკენ მოუწოდებს, – მიახარე მათ მწარე სატანჯველი.
22. ზუსტად ეგენი არიან, რომელთა ნამოქმედარიც უქმად გადაიქცა – ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და არავინ ჰყავთ დამხმარე.
23. განა ვერ ხედავ იმათ, ვისაც ხვედრი ერგოთ წიგნისა? აკი, მოიხმეს ისინი ალლაჰის წიგნთან, რათა მას განესაჯა მათ შორის*? შემდეგ პირი იბრუნა ერთმა ნაწილმა, და ისინი არიან ზურგშემქცევნი.
24. ასე იმიტომ იქცევიან, რომ თქვეს: ვერ შეგვეხება ცეცხლი ჩვენ, გარდა რამდენიმე გათვლილი დღისაო*. ამრიგად, მათივე შეთხზულმა ცილისწამებამ შეაცდინა ისინი თავიანთ რწმენაში.
25. და რა იქნება მაშინ, როცა შევკრებთ მათ იმ დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის, ყველა სულს სრულად მიეზღვება იმის შესაბამისად, რაც მას მოუხვეჭავს, – და მათ არ შეეხებათ უსამართლობა (სიკეთეების დაკარგვით ან დაუმსახურებელი სასჯელის მატებით)?
26. თქვი: ღმერთო ჩემო, მფლობელო სამფლობელოთა! მას აძლევ ხელმწიფებას, ვისაც ინებებ და მას ართმევ ხელმწიფებას, ვისაც ინებებ; მას აწინაურებ, ვისაც ინებებ და მას აქვეითებ, ვისაც ინებებ; შენს ხელთაა სიკეთე ყოველმხრივი, ჭეშმარიტად, შენა ხარ ყოვლისშემძლე.
27. ღამე შეგყავს დღეში და დღე შეგყავს ღამეში*; და ცოცხალი გამოგყავს მკვდრისგან და მკვდარი გამოგყავს ცოცხლისგან**; და უთვალავ საზრდოს უწყალობებ მას, ვისაც ინებებ.
28. არ დაიმეგობრონ მორწმუნეებმა ურწმუნოები, ნაცვლად მორწმუნეებისა, ხოლო მას, ვინც ამას იზამს, – აღარანაირი კავშირი ექნება ალლაჰთან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფრთხილობთ მათმიერ ხიფათზე. და ალლაჰი გახსენებთ სიფრთხილეს მისდამი*, და ალლაჰთანაა საბოლოო მისაქციელი.
29. უთხარი: გინდ დამალეთ და გინდ გამოამჟღავნეთ, ალლაჰმა მაინც იცის იმის შესახებ, რაც გაქვთ გულებში; და ისიც იცის, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე. ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
30. ყოველ სულს, იმ დღეს, – წინ დახვდება თავისი ნამოქმედარი, რაც თუ კარგი უკეთებია და ცუდი ჩაუდენია, და ინატრებს, რომ იმასა* და მას შორის იყოს უსასრულო სიშორე. ალლაჰი გახსენებთ სიფრთხილეს მისდამი; ალლაჰი თავის მსახურთა მიმართ უსაზღვროდ მწყალობელი და შემბრალებელია.
31. უთხარი*: ,,თუ გიყვართ თქვენ ალლაჰი, მაშინ მე გამომყევით, რათა უყვარდეთ ალლაჰსაც და მოგიტევოთ ცოდვები. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი**”.
32. უთხარი: ,,დაემორჩილეთ ალლაჰსა და შუამავალს”, და თუ პირი იბრუნეს, ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ურწმუნოები*.
33. ჭეშმარიტად, ალლაჰმა ამოარჩია (იმდროინდელ) სამყაროთა წინაშე ადამი და ნუჰი, ასევე, იბრაჰიმისა და იმრანის მოდგმა.
34. როგორც შთამომავლობა ერთმანეთისა. ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
35. აკი, იმრანის ქალმა თქვა: ღმერთო! ჭეშმარიტად, შენთვის შემომიწირავს ის, რაც ჩემს მუცელშია, ვინც, სხვა ყველაფრისაგან გათავისუფლებული, – მხოლოდ შენი მსახურებით დაკავდება. მაშ, მიიღე იგი ჩემგან. ჭეშმარიტად, შენა ხარ ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
36. და როცა დაბადა, თქვა: ღმერთო! ჭეშმარიტად, მე დავბადე მდედრიო. ალლაჰმა კარგად იცის, რაც დაბადა. ვაჟი არ არის მდედრის მსგავსი და მე მას დავარქვი მარიამი. ჭეშმარიტად, შემოგაფარებ შენ, – მასა და მის შთამომავლობას, – განდევნილი ეშმაკისაგან.
37. იყაბულა თავისმა ღმერთმა კეთილი ყაბულობით, აღზარდა იგი მშვენიერი მცენარესავით და დააკისრა მასზე მზრუნველობა ზექერიას. ყოველთვის, როცა ზექერია მიჰრაბში შედიოდა მასთან, – სარჩოს პოულობდა მის წინ. შეეკითხა: ,,ო, მერიემ, შენ ეს საიდან გაქვს?” უპასუხა: ,,ეს ალლაჰისგანაა”. ჭეშმარიტად, ალლაჰი ურიცხვ სარჩოს უწყალობებს იმას, ვისაც ინებებს*.
38. მაშინ თავის ღმერთს შეევედრა ზექერია*: ,,ღმერთო, მიწყალობე შენი წიაღიდან სპეტაკი შთამომავლობა. ჭეშმარიტად, შენ ხარ შემსმენი ვედრებისა”.
39. შემდეგ, როცა მიჰრაბში ლოცულობდა, ანგელოზებმა* შეატყობინეს: ჭეშმარიტად, ალლაჰი გმახარობლობს იაჰიას**, როგორც ალლაჰის მიერ მოვლენილი სიტყვის*** დამამოწმებელს, წინამძღოლს, თავშეკავებულს და მაცნეს სათნოთაგანო.
40. თქვა*: ,,ღმერთო, ვაჟი როგორ მეყოლება, მე ხომ სიბერე მეწია და ჩემი ცოლი უნაყოფოა?” მიუგო: ,,ასეა, ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს”.
41. (ზექერიამ) თქვა: ,,ღმერთო, ნიშანი მომეცი”. უთხრა: შენი ნიშანი ის არის, რომ სამ დღეს არ უნდა ესაუბრო ხალხს, გარდა მინიშნებებისა. ხშირად ახსენე შენი ღმერთი და მის უნაკლოებაზე იღაღადე დღის ბოლოსა და დასაწყისში.
42. აკი, ანგელოზებმა* უთხრეს: ეი, მერიემ! უეჭველად, აგირჩია შენ ალლაჰმა, განგწმინდა და სამყაროთა ქალებს შორის გამოგარჩია**.
43. ეი, მერიემ! მოწიწებით ჰმორჩილებდე შენს ღმერთს, დაემხე სეჯდეზე და მოიხარე რუქუ’ზე – რუქუ’ზე მყოფებთან ერთად.
44. (ო, მუჰამმედ!) ესაა (შენთვის) უხილავ ამბავთაგან, რომელსაც ვაჰით გაცნობებთ. არ ყოფილხარ შენ მომსწრე, როცა ისინი კალმებს ისვროდნენ იმის წილისყრისთვის, თუ რომელი იკისრებდა მერიემის მზრუნველობას; და არც მაშინ იყავი მათთან ერთად, როდესაც უთანხმოებდნენ.
45. აკი ანგელოზებმა* უთხრეს: ეი, მერიემ! ჭეშმარიტად, ალლაჰი გმახარობლობს თავის სიტყვას, რომლის სახელია მესიჰი ‘ისა ძე მერიემისა. იქნება ის ღირსეული ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და ერთ-ერთი – დაახლოებულთაგან (ღმერთთან).
46. იგი ხალხს დაელაპარაკება აკვანშიც* და ზრდასრულ ასაკშიც**, და იქნება ერთ-ერთი სათნოთაგან.
47. (გაკვირვებულმა) თქვა: ,,ღმერთო, როგორ მეყოლება ვაჟი, როცა კაცი არ შემხებია?” უთხრა: ასეა, – იმას გააჩენს, რასაც ინებებს; ალლაჰი, რის ქმნასაც გადაწყვეტს , – მხოლოდ ეტყვის მას: „იყავ!“ – და უმალვე შეიქმნება.
48. ასწავლის მას – წიგნსა და სიბრძნეს; თევრათსა და ინჯილს.
49. და შუამავლად წარიგზავნება ისრაელის მოდგმასთან (და ეტყვის მათ): ჭეშმარიტად, თქვენთან მე თქვენივე ღმერთის სასწაულით მოვედი; ჭეშმარიტად, ტალახიდან შევქმნი ჩიტის გამოსახულებას, ჩავბერავ მასში სულს და ჩიტად იქცევა ნებით ალლაჰისა; და ალლაჰის ნებით განვკურნავ ბრმად დაბადებულებს, კეთროვნებს, გავაცოცხლებ მკვდრებს, გაუწყებთ, თუ რას მიირთმევთ და რას ინახავთ სახლებში. ჭეშმარიტად, ესენი თქვენთვის სასწაულებია, თუ ხართ თქვენ მორწმუნენი.
50. ასევე (მოვედი) იმის დამამოწმებლად, რაც იყო თევრათში ჩემამდე, და მათგან ნაწილის ჰალალად დამწესებლად, – რაც გქონდათ აკრძალული. სასწაულებით მოვედი თქვენივე ღმერთისგან, მაშ, რიდი გქონდეთ ალლაჰისა და მე დამემორჩილეთ.
51. ჭეშმარიტად, ალლაჰია ჩემი ღმერთიც და თქვენი ღმერთიც, ამიტომ მას ეთაყვანეთ, ესაა სწორი გზა.
52. როცა შეამჩნია მათში ‘ისამ ურწმუნოება, ჰკითხა: ,,ვინ იქნებიან ჩემი დამხმარენი ალლაჰისკენ მიმავალ გზაზე?” – მოწაფეებმა მიუგეს: ჩვენ ვართ ალლაჰის დამხმარენი*, ვირწმუნეთ ალლაჰი და დაამოწმე შენც, რომ ჩვენ ვართ მუსლიმები/მორჩილებიო.
53. ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ ის, რაც ჩამოავლინე და მივყევით შუამავალს, მაშ, ჩაგვწერე (ჭეშმარიტების) დამმოწმებელთა რიგებში!
54. ვერაგული მახე გაამზადეს*, და ალლაჰმაც გაამზადა მახე (ვერაგთა საწინააღმდეგოდ), და ალლაჰია საუკეთესო მათგან, ვინც მახე გაამზადეს (– ვერაგთავე საწინააღმდეგოდ რომ შეატრიალებს მახეს).
55. აკი, ალლაჰმა უთხრა: ეი, ‘ისა! მე ვარ შენი მომკვდინებელიც, ჩემს წინაშე ამამაღლებელიცა და ურწმუნოთაგან მხსნელიც*. ხოლო მათ, ვინც შენი მიმყოლია, უმაღლესვყოფ ურწმუნოებზე – დღემდე განკითხვისა, ბოლოს კი ჩემთან დაბრუნდებით და განვსჯი თქვენ შორის იმას, რაზეც უთანხმოებდით.
56. ხოლო მათ, ვინც არ ირწმუნეს, უმკაცრესად დავსჯი ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და არავინ ჰყავთ დამხმარე.
57. ხოლო ისინი, ვინც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, უნაკლოდ მიიღებენ თავიანთ საზღაურს. ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი.
58. ამგვარია ბრძნული შეგონება და აიათები*, რასაც შენ გიკითხავთ.
59. ჭეშმარიტად, ალლაჰისთვის ‘ისას მდგომარეობა მსგავსია ადამის მდგომარეობისა: მიწისგან შექმნა იგი, შემდეგ უთხრა – „იყავ!“ – და იგიც იქმნა*.
60. ჭეშმარიტება შენი ღმერთისგანაა, მაშ, ნუ იქნები დაეჭვებულთაგან.
61. ხოლო მას, ვინც იმის (‘ისას) შესახებ შეგედავოს, მას შემდეგ, რაც ცოდნა გებოძა, უთხარი: ,,მოდით, მოვუხმოთ ჩვენს ვაჟებსა და თქვენს ვაჟებს, ჩვენს ქალებსა და თქვენს ქალებს, და ჩვენცა და თქვენც მხურვალე ვედრება აღვავლინოთ, რათა ალლაჰის წყევლა ვაწიოთ მატყუარებს*”.
62. ესენი ჭეშმარიტად, მართლაც ნამდვილი ამბებია. არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და, უეჭველად, ალლაჰია ძლევამოსილი, ბრძენი.
63. ხოლო პირი თუ იბრუნეს, ჭეშმარიტად, ალლაჰი იცნობს უკეთურებს.
64. უთხარი: ,,ეი, წიგნბოძებულნო! მოდით შევთანხმდეთ სიტყვაზე, რომელიც საერთოა ჩვენსა და თქვენს შორის, – რომ არავის ვეთაყვანოთ, გარდა ალლაჰისა; არაფერი ვუთანაზიაროთ და არ გავაღმერთოთ – ვინმემ ვინმე, – ნაცვლად ალლაჰისა”. ხოლო თუ პირი იბრუნეს, მაშინ უთხარით: დაამოწმეთ, რომ ჩვენ ვართ მუსლიმები/მორჩილებიო*.
65. ეი, წიგნბოძებულნო! რატომ კამათობთ იბრაჰიმის შესახებ? თევრათიც და ინჯილიც ხომ მხოლოდ მის შემდეგ ჩამოევლინნენ, ნუთუ გონებას არ მოუხმობთ?
66. აი, ისინი ხართ თქვენ, ვინც იმის შესახებ კამათობდით, რაც უკვე იცოდით, და რატომღა კამათობთ იმის შესახებ, რის ცოდნასაც არ ფლობთ?* ალლაჰმა იცის, თქვენ კი არ იცით.
67. იბრაჰიმი არც იუდეველი ყოფილა და არც ნაზარეველი, არამედ ის იყო ჰანიფი მუსლიმი/მორჩილი, და არ ყოფილა ღმერთზე თანამზიარებელთაგან.
68. ჭეშმარიტად, იბრაჰიმთან ყველაზე ახლოს მყოფნი ის ადამიანები არიან, – ვინც მიმდევარია მისი; და ამ მაცნისა (მუჰამმედისა); და ისინიც, ვინც ირწმუნეს. ალლაჰი მეგობარია მორწმუნეებისა.
69. წიგნბოძებულთა ერთ ჯგუფს თქვენი ცდუნება განუზრახავს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ სხვას ვერავის აცდუნებენ, გარდა საკუთარი სულებისა.
70. ეი, წიგნობძებულნო! რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს მაშინ, როცა თქვენ ხართ მოწმენი?
71. ეი, წიგნბოძებულნო! რატომ მოსავთ ჭეშმარიტებას სიცრუით და მალავთ მაშინ, როცა თქვენ იცით?
72. და თქვა ნაწილმა წიგნბოძებულთაგან: დღის დასაწყისში ირწმუნეთ ის, რაც მორწმუნეებს ჩამოევლინათ, ხოლო დღის ბოლოს უარყავით იგი, იქნებ უკუმოიქცნენო.
73. და არავის ერწმუნოთ მათ გარდა, ვინც თქვენი რჯულის მიმდევარია. (ო, მუჰამმედ) უთხარი: უეჭველად, ჭეშმარიტი გზა ალლაჰის მიერ მითითებული გზაა. რადგან სხვასაც (მუჰამმედს) მიეცა იმის მსგავსი, რაც (ერთ დროს) თქვენც მოგეცათ, ან რადგან გედავებიან და თქვენი ღმერთის წინაშე გამხელენ, – ასე იმიტომ იქცევით?* უთხარი: ჭეშმარიტად, მადლი ალლაჰის ხელთაა და უწყალობებს მას, ვისაც ინებებს. ალლაჰი უხვმწყალობია, ყოვლისმცოდნე.
74. თავის წყალობას ის მხოლოდ მათ მიაკუთვნებს, ვისაც მოისურვებს. ალლაჰი უდიდესი წყალობის მქონეა.
75. წიგნბოძებულთა შორის არის ისეთი, ვისაც უთვალავი სიმდიდრე რომ მიანდო, – უკლებლივ დაგიბრუნებს; და მათგანაა ისეთიც, ვისაც ერთი დინარიც* რომ მიანდო, არ დაგიბრუნებს მას, თუ თავზე არ დაადექი. ასე იმიტომ იქცევიან, რომ მათ თქვეს: ცოდვად არ დაგვედება, თუკი უწიგნურებს წავართმევთო. და შეგნებულად ტყუიან ალლაჰის შესახებ.
76. დიახ, ვინც უერთგულა თავის აღთქმას და იყო ღვთისმოშიში, ჭეშმარიტად, – უყვარს ალლაჰს ღვთისმოშიშნი.
77. ჭეშმარიტად, ვინც მცირე საფასურზე ყიდიან ალლაჰის წინაშე დადებულ აღთქმასა და ფიცს, – ისინი ვერანაირ ხვედრს ეწევიან იმქვეყნად; განკითხვის დღეს არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი, არც შეხედავს და არც განწმენდს, და მწარე სასჯელი – მათთვის!
78. ჭეშმარიტად, მათშია (წიგნბოძებულთა შორისაა) ჯგუფი, – თავიანთი ენით რომ ცვლიან (ღვთიურ) წიგნს, რათა წიგნიერად გეგონოთ (მათი სიტყვები), მაგრამ არ არის იგი (ღვთიური) წიგნისეული; და ამბობენ, რომ იგი ალლაჰისმიერიაო, თუმცა არ არის ალლაჰისმიერი, და შეგნებულად ტყუიან ალლაჰის შესახებ.
79. კაცმა, ვისაც ალლაჰმა წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა უბოძა, – გამორიცხულია, უთხრას ხალხს, რომ ალლაჰის ნაცვლად ჩემი მსახურნი იყავითო; არამედ (იტყვის): რასაც წიგნზე დაყრდნობით ასწავლით და მეცადინეობთ, მისი პირნათლად შემსრულებელი სწავლულნი იყავითო*.
80. არც იმას გიბრძანებთ, რომ მაცნენი და ანგელოზნი დაიდგინოთ ღმერთებად. განა ურწმუნოებას გიბრძანებთ მას შემდგომ, რაც უკვე მუსლიმები/მორჩილები ხართ?
81. აკი, მაცნეებისგან აიღო აღთქმა ალლაჰმა, რომ თქვენთვის ბოძებული (ყოველი) წიგნისა და სიბრძნის შემდეგ თქვენთან მოვიდოდა (ახალი) შუამავალი, – დამმოწმებელი იმისა, რაცაა თქვენთან, – რომელზეც უთუოდ უნდა დაგეჯერათ და დახმარებოდით. (შემდეგ) უთხრა: ეთანხმებით და ღებულობთ ამ აღთქმას ჩემგან – თქვენზე პირობად წამოყენებულს? თქვეს: ვეთანხმებითო. თქვა: მაშ დაამოწმეთ და მეც ვიქნები თქვენთან ერთად დამმოწმებელიო.
82. – ხოლო ვინც პირი იბრუნა შემდგომ ამისა, – სწორედ ისინი არიან უღირსები.
83. ნუთუ ალლაჰის რჯულის გარდა სხვა რჯულსაც ეძებენ, როცა ნებით თუ უნებურად მას ჰმორჩილებს, რაც არის ცათა შინა და დედამიწაზე, და მასთან იქნებიან მიბრუნებულნი?
84. უთხარით: ვირწმუნეთ ალლაჰი და ის, რაც ჩვენზე ჩამოევლინა, და ისიც, რაც იბრაჰიმს, ისმა’ილს, ისჰაყს, ია’ყუბს და (მის) შთამომავლებს ჩამოევლინათ, რაც მიეცა მუსას და ‘ისას, და რაც მიეცათ მაცნეებს, თავიანთი ღმერთისგან. მათგან არცერთს არ განვასხვავებთ, და ჩვენ მორჩილნი/მუსლიმნი ვართ მისი.
85. ხოლო ვინც ისლამის გარდა სხვა რჯული ეძიოს, – არ მიიღება იგი მისგან და განკითხვის დღეს ის იქნება წაგებულთაგან.
86. როგორ უჩვენებს ალლაჰი სწორ გზას – ხალხს, რომლებმაც რწმენა უარყვეს მას შემდეგ, რაც ირწმუნეს, დაამოწმეს შუამავლის ჭეშმარიტება და მიიღეს ცხადი მტკიცებულებები. ალლაჰი უსამართლო ხალხს არ დააკვალიანებს ჭეშმარიტ გზაზე.
87. სწორედ მათი სასჯელია ის, რომ მათზეა წყევლა ალლაჰისა, ანგელოზებისა და ადამიანებისა, ყველასი.
88. – მუდმივად მასში* იქნებიან. მათ არც სასჯელი შეუმსუბუქდებათ და არც შესვენებას დააცდიან.
89. – გარდა მათი, ვინც მოინანიეს და გამოასწორეს შემდგომში. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
90. ჭეშმარიტად, არ მიიღება მათი მონანიება*, ვინც ჯერ ირწმუნეს, შემდეგ უარყვეს რწმენა და შემდეგ უმატეს ურწმუნოებასაც. სწორედ ისინი არიან გზააცდენილნი.
91. ჭეშმარიტად, მათ, ვინც უარყვეს რწმენა და დაიხოცნენ ურწმუნოდ, – დედამიწის ავსებამდე ოქროს გაღებაც რომ შეეძლოთ გამოსასყიდად, – არ მიიღება იგი არცერთი მათგანისაგან. სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი და არავინაა მათი დამხმარე.
92. სიკეთეს* მანამდე ვერ ეწევით, სანამ არ გაიღებთ იმისგან, რაც ძალიან გიყვართ, ხოლო რა მოწყალებაც გაიღოთ, ჭეშმარიტად, იცის ალლაჰმა იმის შესახებ.
93. ისრაელის ძეთათვის თევრათის ჩამოვლინებამდე ყოველგვარი საჭმელი იყო ჰალალი, გარდა იმისა, რაც თავად აიკრძალა ისრაელმა (ი’აყუბმა). უთხრა: ,,მაშ, მოიტანეთ თევრათი და წაიკითხეთ, თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ*”.
94. ხოლო ამის შემდეგ სიცრუის შეთხზვით ვინც ცილი დასწამა ალლაჰს, სწორედ ისინი არიან უსამართლონი.
95. უთხარი: სიმართლე თქვა ალლაჰმა, მაშ, მიჰყევით რჯულს ჰანიფი* იბრაჰიმისა, – არ ყოფილა ის წარმართთაგანი.
96. ჭეშმარიტად, პირველი (სამლოცველო) სახლი, რომელიც ხალხისთვის იქნა აგებული, – ბექქაში (მექქაში) არსებული ბარაქიანი და სამყაროთათვის ჭეშმარიტი გზის მაჩვენებელი სამლოცველოა (მექქა)*.
97. მასშია ცხადი სასწაულები, ნადგომი* იბრაჰიმისა, და ვინც მასში შევა, ის იქნება უსაფრთხოდ. ადამიანებს, ვისაც იქ მისასვლელი გზის დაფარვა შეუძლიათ, ალლაჰისგან დაეკისრათ ამ სახლში ჰაჯობის შესრულება, ხოლო ვინც უარყოფს, ჭეშმარიტად, ალლაჰი იმდენად მდიდარია, რომ ის არაფერს საჭიროებს სამყაროთაგან.
98. უთხარი: ეი, წიგნბოძებულნო! რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს/სასწაულებს? – ალლაჰი მოწმეა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
99. უთხარი: ეი, წიგნბოძებულნო! რატომ გინდათ, რომ სწორი გზა ალლაჰისა მრუდედ წარმოაჩინოთ და ააცდინოთ მისგან ისინი, ვინც ირწმუნეს, ამავე დროს, თქვენ მოწმენი ხართ ამისა; და ალლაჰი უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ.
100. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ წიგნბოძებულთაგან რომელიმე ჯგუფს დაემორჩილებით, ისევ ურწმუნოებად გაქცევენ, მას შემდეგ, რაც ირწმუნეთ.
101. როგორ არ უნდა ირწმუნოთ, როდესაც გეკითხებათ ალლაჰის აიათები და თქვენს შორისაა მისი შუამავალი? ვინც ალლაჰს (მის სარწმუნოებას) ჩაეჭიდება, მას ეჩვენება სწორი გზა, უსათუოდ.
102. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რიდი გქონდეთ ალლაჰისა, როგორც მას შეეფერება*, და ნუ აღესრულებით სხვანაირად, გარდა – მუსლიმებად/მორჩილებად.
103. ყველამ ერთად ჩაეჭიდეთ თოკს ალლაჰისა (ყურანსა და სუნნეთს) და ნუ დაიყოფით. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როცა მტრები იყავით, მერე მან გულები მოგილბოთ ერთმანეთის მიმართ და მისივე წყალობით იქეცით ძმებად, მანამდე კი ცეცხლის უფსკრულის პირას იყავით და (ალლაჰმა) იქიდან გიხსნათ*. თქვენთვის ალლაჰი ასე ცხადყოფს თავის აიათებს, რომ იქნებ ჭეშმარიტ გზას დადგომოდეთ თქვენ.
104. და იყოს ერთი ჯგუფი თქვენში (ყოველთვის), რომლებიც სიკეთისკენ მოუწოდებენ და დაგმობენ ბოროტებას; – სწორედ ეგენი არიან გადარჩენილნი.
105. და ნუ იქნებით მსგავსი მათი, რომლებიც დანაწევრდნენ და უთანხმოებდნენ, მას შემდეგ, რაც მიუვიდათ ცხადი მტკიცებულებები; სწორედ მათთვისაა სასჯელი* უდიდესი.
106. იმ დღეს, როდესაც გაბრწყინდებიან სახეები და გაშავდებიან* სახეები, – ვისი სახეებიც გაშავდება, მათ ეტყვიან: ნუთუ მას შემდეგ უარყავით, რაც უკვე ირწმუნეთ? მაშინ იგემეთ იმის სასჯელი, რასაც უარყოფდით**.
107. ხოლო რომელთაც სახეები გაუბრწყინდებათ, ალლაჰის წყალობაში (სამოთხეში) იქნებიან ისინი და იქ დარჩებიან მარადჟამს.
108. ეს არის ალლაჰის აიათები, რომელთაც გიკითხავთ შენ ჭეშმარიტებით და არ ნებავს ალლაჰს უსამართლობა სამყაროთათვის.
109. ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე, და ყოველი საქმე ისევ ალლაჰს დაუბრუნდება.
110. საუკეთესო თემად ხართ თქვენ მოვლენილი კაცობრიობისთვის: მოუწოდებთ სიკეთისკენ, გმობთ ბოროტებას და გწამთ ალლაჰი. თუკი წიგნბოძებულნიც ირწმუნებენ, ეს სწორედ მათთვის იქნება კარგი. არიან მათში მორწმუნეებიც, თუმცა მათი უმრავლესობა უღირსია.
111. – ვერას გავნებენ ისინი, გარდა შეწუხებისა, ხოლო თუკი გეომებიან, მაშინ (დამარცხებულნი) ზურგს მოგაქცევენ (და გაიქცევიან), შემდეგ კი აღარ გაეწევათ მათ დახმარება;
112. – სადაც არ უნდა იყვნენ, თავს დამცირება დაატყდებათ, გარდა – თუ ალლაჰის თოკს (სარწმუნოებას) ან ხალხის თოკს (მფარველობას) შეეკედლებიან. ალლაჰის რისხვა დაიმსახურეს და სიღარიბე დაატყდათ თავს. ეს იმიტომ, რომ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს/სასწაულებს და ხოცავდნენ მაცნეებს უსამართლოდ. ეს იმისთვის, რასაც ურჩობდნენ და ზღვარგადასულობდნენ.
113. ყველა ერთი არაა წიგნბოძებულთაგანაც. მათ შორის არის მტკიცე ჯგუფი, ვინც ღამის საათებში ალლაჰის აიათებს კითხულობს და სეჯდეს აღასრულებს*.
114. მათ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი; სიკეთისკენ მოუწოდებენ, ბოროტებას გმობენ და ხეირიან საქმეებში ერთმანეთს ეჯიბრებიან. სწორედ ეგენი არიან სათნოთაგანნი.
115. და არ დაეკარგებათ – სიკეთის სახით რასაც მოიმოქმედებენ. ალლაჰმა ყველაფერი იცის ღვთისმოშიშთა შესახებ.
116. ჭეშმარიტად, მათ, ვინც არ ირწმუნეს, თავიანთი ქონება და შვილები ვერაფერს არგებენ ალლაჰის წინაშე; ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი და იქ დარჩებიან მარადჟამს.
117. მაგალითი, რასაც ისინი ამქვეყნიურ ცხოვრებაში სამოწყალოდ ხარჯავენ, – ჰგავს მაგალითს ყინულოვანი ქარიშხლისა, რომელმაც ეკვეთა და გაანადგურა – თავიანთი სულების მიმართ უსამართლო ხალხის ნათესები. ალლაჰი კი არ მოექცა მათ უსამართლოდ, არამედ საკუთარ სულებს თვითონ ექცევიან უსამართლოდ.
118. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სხვას ნუ გაიხდით მესაიდუმლედ, გარდა თქვენიანისა, რადგანაც ისინი არაფერს დაიშურებენ თქვენს საზიანოდ, და ნატრობენ იმას, რაც ურთულესია თქვენთვის, და სიძულვილი გადმოდის მათი ბაგეებიდან, და ის უფრო დიდია, რასაც მათი გულები მალავენ. საკმარისად ნათელვყეთ თქვენთვის აიათები, თუკი გონს მოეგებით.
119. აი, გიყვართ თქვენ ისინი, მაგრამ მათ არ უყვარხართ, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ სრულად გწამთ (ყველა ღვთიური) წიგნი; თქვენთან შეხვედრისას ამბობენ, ვირწმუნეთო, მაგრამ როდესაც განმარტოვდებიან, თითის წვერებს იკვნეტენ თქვენ მიმართ სიძულვილისგან. უთხარი: ,,დაიხოცეთ თქვენივე სიძულვილით”. ჭეშმარიტად, უნაკლოდ იცის ალლაჰმა გულებში არსებულის შესახებ.
120. თუკი სიკეთეს გადაეყრებით , სამწუხაროა მათთვის, ხოლო თუკი უბედურება დაგატყდებათ, მაშინ – უხარიათ. და თუ მოითმენთ და ღვთისმოშიშობას გამოიჩენთ, ვერას გავნებთ მათი ვერაგობა. ჭეშმარიტად, ალლაჰი გარემოიცავს ყველაფერს, რასაც ისინი აკეთებენ.
121. აკი, გახვედი დილაადრიანად ოჯახიდან და საბრძოლო მწყობრში ამაგრებდი* მორწმუნეებს. ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა.
122. აკი, შიშმა შეიპყრო* ორი ჯგუფი თქვენგან, არადა ალლაჰი იყო მათი შემწე. მორწმუნეები მხოლოდ ალლაჰს მიენდონ!
123. დიახაც შეგეწიათ ალლაჰი ბედირში*, – როცა უძლურნი იყავით. მაშ, რიდი გქონდეთ ალლაჰისა, იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით თქვენ.
124. აკი, მორწმუნეებს ეუბნებოდი: ,,ნუთუ თქვენი ღმერთის მიერ (ციდან) ჩამოვლენილი სამი ათასი ანგელოზით შეწევნა თქვენთვის არ არის საკმარისი*?”
125. – რა თქმა უნდა (საკმარისია)! თუ მოითმენთ და რიდი გექნებათ, უეცრადაც რომ დაგესხნენ თავს, თქვენი ღმერთი (შემწედ) დანიშნული ხუთი ათასი ანგელოზითაც შეგეწევათ.
126. – სხვა არაფრისთვის უქმნია ეს ალლაჰს, გარდა სამახარობლოდ და დასამშვიდებლად თქვენი გულებისა. არანაირი შეწევნა არ არსებობს, გარდა ბრძენი და ძლევამოსილი ალლაჰისმიერობისა.
127. – (ასევე იმისთვის შეგეწიათ) რათა მოეკვეთა მათი ნაწილი, ვინც არ ირწმუნეს ან დაემარცხებინა და გაწბილებულნი უკუქცეულიყვნენ.
128. – (შუამავალო!) შენ არ გეკუთვნის ამ საქმის გადაწყვეტილება: ან მიიღებს მონანიებას, ან კიდევ, დასჯის მათ ალლაჰი. უთუოდ, – ისინი არიან უსამართლონი*.
129. ალლაჰისაა ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანაზე. ის აპატიებს მას, ვისაც ინებებს და დასჯის მას, ვისაც ინებებს*. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი.
130. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ ჭამოთ ვახში, მრავალმაგად გაძვირებული; რიდი გქონდეთ ალლაჰისა, იქნებ გადარჩეთ.
131. მაშ, გეშინოდეთ ცეცხლისა, რომელიც ურწმუნოებისთვისაა გამზადებული.
132. მაშ, დაემორჩილეთ ალლაჰსა და შუამავალს, რომ იქნებ შეწყალებულიყავით.
133. და ისწრაფეთ თქვენი ღმერთის პატიებისა* და სამოთხისაკენ, რომლის უკიდეგანობაც ჰგავს ცებისა და დედამიწისას და გამზადებულია ღვთისმოშიშთათვის.
134. – მათთვის, ვინც ღვთივსათნოდ ხარჯავენ სიმდიდრესა თუ სიდუხჭირეში, ბრაზს სძლევენ და მპატიებელნი არიან ხალხის მიმართ. ალლაჰს უყვარს კეთილმორწმუნენი.
135. და მათ, ვინც ავზნეობა* ჩაიდინეს ან თავიანთ სულებს უსამართლოდ მოეპყრნენ და, (მაშინვე) ალლაჰი გაიხსენეს და პატიება შესთხოვეს თავიანთი ცოდვებისთვის, – ვინ აპატიებს ცოდვებს, თუ არა ალლაჰი? – თუ კვლავ არ დაიჟინებენ იგივეს შეგნებულად, რაც მათ ჩაუდენიათ.
136. პატიებაა მათი საზღაური თავიანთი ღმერთისგან და სამოთხეები, რომლის ქვეშაც მდინარეები მიედინებიან, და იქ იქნებიან მარადჟამს… და რა მშვენიერია მშრომელთა საზღაური.
137. თქვენამდე მართლაც მრავალი წეს-ჩვეულება* გარდასულა. მაშ, ჩამოიარეთ დედამიწაზე და დაინახეთ, თუ რა ბედი ეწიათ ცრუდ შემრაცხველებს.
138. ეს (ყურანი) არის ცხადება ადამიანთათვის და ჭეშმარიტი გზის მიმართულება და შეგონება – ღვთისმოშიშთათვის.
139. ხელს ნუ ჩაიქნევთ (ნუ დაუძლურდებით) და ნურც დამწუხრდებით, რადგანაც თუკი (ნამდვილ) მორწმუნეობას გამოიჩენთ, მაშინ გამარჯვებულიც თქვენ იქნებით.
140. (უჰუდის ბრძოლაში) თუ ჭრილობები იგემეთ (ამით გული არ გაიტეხოთ), – ასეთი ჭრილობები სხვა ხალხსაც (მექელ ყურეიშელებს) უგემიათ (ბედირის ბრძოლაში).ადამიანებში ასეთ (მარცხიან) დღეებს მონაცვლეობით ვადგენთ ხოლმე, რათა ალლაჰმა გამოამჟღავნოს ისინი, რომლებმაც ირწმუნეს, და მოწმეები/შაჰიდები აიყვანოს თქვენ შორის. ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი (თუნდაც გძლიონ).
141. ასევე იმისთვისაა (ასეთი მარცხიანი დღეები), რომ ალლაჰმა განწმინდოს ისინი, ვინც ირწმუნეს, და გაანადგუროს ურწმუნოები*.
142. ნუთუ ფიქრობდით, – ისე შეხვიდოდით სამოთხეში, რომ არ გამოამჟღავნებდა ალლაჰი მათ, რომლებმაც იბრძოლეს, და არ გამოამჟღავნებდა მომთმენთ?
143. თქვენ მართლაც ნატრობდით სიკვდილს (შაჰიდობას) მანამდე, ვიდრე (უჰუდის ბრძოლაში) მის წინაშე აღმოჩნდებოდით. უეჭველად, ხედავდით მას და შესცქეროდით*.
144. მუჰამმედი სხვა არავინაა, თუ არა შუამავალი, უეჭველად, მასზე წინაც განვლეს შუამავლებმა; და თუ მოკვდა ან მოკლეს, მაშინ უკან მიბრუნდებით – თქვენივე ქუსლების მიმართულებით (ურწმუნოებაში)? და ვინც უკან მიბრუნდება თავისი ქუსლების მიმართულებით (ურწმუნოებაში), – ვერაფერს ავნებს იგი ალლაჰს. ალლაჰი – მადლიერებს დააჯილდოვებს.
145. შეუძლებელია, რომელიმე სული მოკვდეს ალლაჰის ნების გარეშე – განსაზღვრული დროისთვის დაწერილისა. ვისაც ამქვეყნიური სარგებელი სწადდეს, ჩვენ მას მივაგებთ მისგან, ხოლო ვისაც იმქვეყნიური ჯილდო სწადდეს, ჩვენ მასაც მივაგებთ მისგან და მადლიერებს დავაჯილდოვებთ.
146. რამდენ მაცნესთან ერთად იბრძოდა მრავალი ღვთისნიერი და არ შემდრკალან იმის გამო, რაც თავს დაატყდათ ალლაჰის გზაზე, არც სისუსტე გამოუვლენიათ და არც დანებებულან. ალლაჰს უყვარს მომთმენნი.
147. მათი სიტყვა სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა ეს ღაღადისი: ,,ღმერთო ჩვენო! გვაპატიე ჩვენი ცოდვები და გადაცდომები ჩვენს საქმეებში; ფეხები გაგვიმდგრადე და შეგვეწიე ურჯულო ხალხის წინააღმდეგ”.
148. ამგვარად, უწყალობა მათ ალლაჰმა: საზღაური – ამქვეყნიური* და საუკეთესო ჯილდო – იმქვეყნიური**. ალლაჰს უყვარს კეთილმორწმუნენი.
149. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი ურწმუნოებს დაემორჩილებით, მაშინ ისინი უკან მიგაბრუნებენ – თქვენი ქუსლების მიმართულებით (ურწმუნოებაში) და წაგებულებად გადაიქცევით.
150. დიახაც, ალლაჰია თქვენი მფარველი და დამხმარეთაგან – იგია საუკეთესო.
151. შიშს ჩავაგდებთ ურწმუნოთა გულებში, რადგანაც ალლაჰს იმათ უთანაზიარებენ, რომელთა შესახებაც არანაირი მტკიცებულება არ ჩავლენილა მათთან. ცეცხლია მათი თავშესაფარი, და რაოდენ ცუდია უსამართლოთა სამყოფელი.
152. ჭეშმარიტად, ალლაჰმა ერთგულად აღგისრულათ თავისი აღქმა, როცა მისი ნებით ხოცავდით მათ, ვიდრე დაუდევრად მოიქცეოდით: კამათს დაიწყებდით მისი (შუამავლის) ბრძანების თაობაზე და სიურჩეს გამოავლენდით, მას შემდეგ, როცა გიჩვენათ ის (გამარჯვება), რაც ძალიან გინდოდათ. თქვენში არიან ისეთები, ვისაც სურს ეს ქვეყანა და თქვენში არიან ისეთებიც, ვისაც სურს ის ქვეყანა. გამოცდის მიზნით, ამ ყველაფრის შემდეგ (ალლაჰმა) მათგან უკუგაქციათ, მაგრამ ბოლოს მაინც შეგიწყალათ. ალლაჰი დიდი წყალობის მქონეა მორწმუნეთა მიმართ*.
153. აკი (უჰუდის კალთებზე) აღმა გარბოდით და არავისკენ იხედებოდით, ხოლო შუამავალი უკნიდან გიხმობდათ, და მწუხარებაზე მწუხარება დაგემატათ, რომ არ დაღონებულიყავით იმისთვის, რაც დაკარგეთ ან თავს დაგატყდათ. ალლაჰი მცოდნეა ყოველივესი, რასაც თქვენ აკეთებთ*.
154. მწუხარების შემდეგ (ალლაჰმა) თქვენში ძილის მომგვრელი სიმშვიდე ჩამოავლინა, რომელმაც ერთი ჯგუფი მოიცვა თქვენგან, ხოლო მეორე ჯგუფს მხოლოდ თავიანთი სულები ადარდებდათ. ისინი ალლაჰის შესახებ უსამართლოდ ფიქრობდნენ – უმეცრულ ფიქრებს აუყვნენ და ამბობდნენ: ,,განა ვფლობთ ჩვენ რამეს ამ საქმეში?” უთხარი: ჭეშმარიტად, ეს საქმე მთლიანად ალლაჰს ეკუთვნისო. (ისინი) თავიანთ სულებში მალავენ იმას, რასაც შენ არ გიმხელენ. (გულში) ამბობენ: ჩვენი ნებით რომ ყოფილიყო რაიმე ამ საქმეში, მაშინ აქ არ დავიღუპებოდითო. უთხარი: ,,საკუთარ სახლებშიც რომ ყოფილიყავით, ვისთვისაც სიკვდილი იყო დაწერილი, ისინი მაინც გავიდოდნენ იქ, სადაც უნდა დაღუპულიყვნენ”. თქვენს მკერდებში არსებულის გამოსაცდელად და თქვენს გულებში არსებულის განსაწმენდად ჰქმნა ალლაჰმა ეს ყოველივე. ალლაჰი მცოდნეა თქვენი გულისხმისა*.
155. ჭეშმარიტად, ორი ჯგუფის შეხვედრის დღეს, ვინც თქვენგან გაიქცნენ, ეშმაკმა აცდუნა ისინი ზოგი საქციელის გამო, რაც მათ ჩაედინათ. მართლაც აპატია მათ ალლაჰმა. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი*
156. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით მსგავსნი მათი, რომლებმაც არ ირწმუნეს და სამოგზაუროდ ან საბრძოლველად წასული თავიანთი ძმების შესახებ თქვეს: ჩვენთან ერთად რომ დარჩენილიყვნენ, არც მოკვდებოდნენ და არც დაიხოცებოდნენო. (ასე ამბობენ) რათა ალლაჰმა ეს სინანულად უქციოს თავიანთ გულებში. ალლაჰია მაცოცხლებელიც და მაკვდინებელიც, და ყველაფერს ხედავს ალლაჰი, რასაც თქვენ აკეთებთ.
157. ვფიცავ, ალლაჰის გზაზე თუ დაიღუპებით ან მოკვდებით, – ალლაჰის მიტევება და წყალობა მართლაც უმჯობესია, ვიდრე ის, რასაც იხვეჭენ (ამ ქვეყნად ყოფნით).
158. ვფიცავ, თუკი მოკვდებით ან დაიღუპებით, – ალლაჰის წინაშე შეიკრიბებით, უსათუოდ.
159. ლმობიერი იყავი მათ მიმართ – წყალობით ალლაჰისმიერი. შენ რომ უხეში და გულქვა ყოფილიყავი, მაშინ ირგვლივ მყოფნი უთუოდ გაგეცლებოდნენ. მაშ, აპატიე, პატიება ითხოვე მათთვის და მათი აზრიც მოისმინე (ამქვეყნიური) საკითხების შესახებ. როცა რამეს გადაწყვეტ, მხოლოდ ალლაჰს მიენდე. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მისდამი მინდობილნი.
160. ალლაჰი თუ დაგეხამრებათ, მაშინ ვერავინ დაგამარცხებთ; ხოლო თუკი დახმარებას შეგიწყვეტთ, მაშინ ვინაა ისეთი, ვინც ამის შემდეგ დაგეხმარებათ? მაშ, მხოლოდ ალლაჰს მიენდონ მორწმუნეები*.
161. შეუძლებელია, მაცნე რამეს მალულად ღებულობდეს ნადავლიდან, ხოლო ვინც რამეს მალულად აიღებს ნადავლიდან, განკითხვის დღეს თან მოიტანს იმას, რაც აიღო*; შემდეგ ყველა სულს სრულად მიეზღვება იმის შესაბამისად, რაც მას მოუხვეჭია და ისინი არ გადაეყრებიან უსამართლობას (სიკეთეების დაკარგვით ან დაუმსახურებელი სასჯელის მატებით).
162. განა, ვინც ალლაჰის კმაყოფილების მიმყოლია, ის ისეთივეა, ვინც ალლაჰის რისხვა დაიმსახურა და ჯოჯოხეთია მისი თავშესაფარი? რა ცუდი სამყოფელია მათი საბოლოო მისაქციელი.
163. სხვადასხვა ხარისხს ფლობენ ისინი ალლაჰის წინაშე*. ყველაფერს ხედავს ალლაჰი, რასაც ისინი აკეთებენ.
164. ჭეშმარიტად, წყალობა მოიღო ალლაჰმა მორწმუნეებზე, როდესაც თავიანთი წრიდან წარგზავნა მათთან შუამავალი, რომელიც უკითხავდა მის (ალლაჰის) აიათებს, განწმენდდა (ცრუ რწმენებისგან) და წიგნსა (ყურანს) და სიბრძნეს (სუნნეთს) ასწავლიდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მანამდე იყვნენ ცხად გზააცდენილობაში.
165. ნუთუ (უჰუდში) თავს დამტყდარ უბედურებას კითხულობთ, ეს საიდან გვეწვიაო? თქვენ ხომ (ბედირში) მათ ორჯერ მეტი უბედურება დაატეხეთ*. უთხარი: ეს (უბედურება) თქვენი მხრიდანაა**. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
166. რაც თავს დაგატყდათ ორი ჯგუფის შეხვედრის დღეს, – ალლაჰის ნებით იყო ყოველივე, რათა მორწმუნეები გამოემჟღავნებინა.
167. – და რომ გამოემჟღავნებინა ისინიც, ვინც ფარისევლობდნენ. უთხრეს: ,,წამოდით, ალლაჰის გზაზე იბრძოლეთ ან თავი დაიცავით”. მათ მიუგეს: ჩვენ რომ ვიცოდეთ, ბრძოლა გაიმართება, აუცილებლად შემოგიერთდებოდითო. ისინი იმ დღეს, ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე რწმენასთან. პირით იმას ამბობდნენ, რაც გულებში არ ჰქონდათ. უკეთ იცის ალლაჰმა, რასაც ისინი მალავენ.
168. მათ, ვინც (სახლებში) ისხდნენ და თავიანთ ძმებზე ამბობდნენ – ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, არ დაიხოცებოდნენო, – უთხარი: ,,მაშ, სიკვდილი აიცილეთ თავიდან, თუკი მართლა ხართ გულწრფელნი”.
169. ისინი, ვინც ალლაჰის გზაზე დაიღუპნენ, არ იფიქრო, მკვდრები არიანო, – არანაირად. პირიქით, ცოცხლები არიან და თავიანთი ღმერთის წინაშე საზრდოობენ.
170. – იმ სიხარულით აღსავსენი, რაც ალლაჰმა უბოძა თავისი წყალობის ნიშნად. და ახარებენ იმათ, რომლებიც მათ უკან იმყოფებიან (ცოცხლები) და ჯერ არ შეერთებიან, – რომ მათ არც შიში ელით, არცა მწუხარება.
171. – ახარებენ ალლაჰისგან ბოძებულ მადლსა და წყალობას; რომ არ წაახდენს ალლაჰი მორწმუნეთა საზღაურს.
172. – ალლაჰისა და მისი შუამავლის მოწოდებას მათ მაშინაც დადებითად უპასუხეს, როცა ჭრილობა და ტკივილი განიცადეს*. თითოეული მათგანისთვის, ვინც სიკეთეს აკეთებს და ვისაც ღვთის შიში აქვს, – საზღაურია უდიდესი.
173. მათ, რომელთაც ხალხმა უთხრეს: უეჭველად, ხალხი თქვენს წინააღმდეგ შეიკრიბა და გეშინოდეთ მათიო,* – რწმენა შეემატათ და თქვეს: ,,ჩვენთვის ალლაჰი საკმარისია; რა კარგი ვექილია იგი”.
174. ალლაჰის წყალობისა და მადლის მეშვეობით, ისინი უკან ისე დაბრუნდნენ, რომ ცუდი არაფერი მოსვლიათ და გაჰყვნენ – ალლაჰის კმაყოფილებას. ალლაჰი უდიდესი წყალობის მქონეა.
175. ეს მხოლოდ ეშმაკია, რომ თავისი მეგობრებით გაშინებთ, და ნუ შეუშინდებით მათ, ჩემი კი გეშინოდეთ, თუკი ხართ თქვენ მორწმუნენი.
176. და ნუ დაგამწუხრებენ ისინი, ვინც მიისწრაფვიან ურწმუნოებისკენ. ჭეშმარიტად, ვერაფერს დააკლებენ ალლაჰს ისინი. ალლაჰს ნებავს, რომ არაფერი ერგოთ მათ იმქვეყნად; მათთვის მხოლოდ ტანჯვაა უდიდესი.
177. ჭეშმარიტად, ვერაფერს ავნებენ ალლაჰს ისინი, რომლებმაც რწმენის ფასად იყიდეს ურწმუნოება, და მათთვისაა მწარე სასჯელი.
178. არანაირად არ იფიქრონ ურწმუნოებმა, რომ თუკი დავაცადეთ, კარგია ეს მათთვის*. უეჭველად, ჩვენ მათ დავაცადეთ, რათა უმატონ ცოდვებს, და მათთვისაა სასჯელი დამამცირებელი.
179. არარსებულია, ისე დატოვოს ალლაჰმა მორწმუნეები, რა მდგომარეობაშიც თქვენ იმყოფებით და არ განასხვავოს უსუფთური სუფთისგან*. და არარსებულია, ალლაჰმა უხილავი გაცოდინოთ, მაგრამ ალლაჰი იმას ირჩევს შუამავლად, ვისაც ინებებს. მაშ ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალნი. თუკი (ნამდვილად) გწამთ და (მისი) რიდი გაქვთ, თქვენთვისაა საზღაური უდიდესი.
180. და ნუ ეგონებათ იმათ, რომელნიც ძუნწობენ იმაში, რაც ალლაჰმა თავისი წყალობით უბოძა, – რომ ეს კარგია მათთვის; პირიქით, ეს მათთვის უბედურებაა. განკითხვის დღეს კისერზე შემოეხვევათ ის ყოველივე, რისთვისაც ძუნწობდნენ*. ალლაჰისაა ცათა და დედამიწის მემკვიდრეობა და მცოდნეა ალლაჰი იმ ყველაფრისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
181. ვფიცავ, ესმა ალლაჰს მათი სიტყვები, რომლებმაც თქვეს: უეჭველად, ღარიბია ალლაჰი, ჩვენ კი მდიდრები ვართო*. ჩვენ ჩავიწერთ: იმას, რაც თქვეს; ამბავს მათ მიერ უსამართლოდ დახოცილი მაცნეებისას, და ვეტყვით: ,,იგემეთ მწველი სასჯელი”.
182. ეს (სასჯელი) იმისთვისაა, რაც თქვენს ხელებს ჩაუდენია. ჭეშმარიტად, ალლაჰი არაა უსამართლო მსახურთა მიმართ.
183. ვინც თქვეს:ჭეშმარიტად, ალლაჰმა გვიბრძანა, რომ არ გვერწმუნა (არც ერთი) შუამავალი, ვიდრე ჩვენთან არ მოვიდოდა შესაწირავით, რომელსაც (ყაბულობის ნიშნად ციდან ჩამოსული) ცეცხლი მიირთმევსო* , – უთხარი: ,,თქვენთან ჩემზე ადრე მართლაც მოვიდნენ შუამავალნი ცხადი მტკიცებულებებითა და იმით, რაც თქვით. მაშ, რატომ დახოცეთ ისინი**, თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ?”
184. ხოლო თუ მაინც ცრუდ მიგიჩნიეს, – შენზე ადრეც ხომ მიიჩნიეს ცრუდ შუამავლები, რომლებიც ცხადი მტკიცებულებებით, წერილებითა და განმანათლებელი წიგნით მოვიდნენ.
185. ყოველი სული სიკვდილს იგემებს. ჭეშმარიტად, განკითხვის დღეს სრულად მოგეგებათ თქვენი საზღაური. და ვინც იქნება (ჯოჯოხეთის) ცეცხლისგან განრიდებული და სამოთხეში შეყვანილი, ის მართლაც მოგებულია. ამქვეყნიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სარგებელი – წარმავალი და მაცდური.
186. ვფიცავ, თქვენი ქონებითა და სულებით გამოიცდებით აუცილებლად. ვისაც თქვენზე ადრე წიგნი ებოძათ და ვინც არიან წარმართები, – უთუოდ ბევრი შეურაცხყოფა მოგესმებათ მათგან, ხოლო თუ მოითმენთ და (ალლაჰის) რიდი გექნებათ, ჭეშმარიტად, ეს მთელი მონდომებით შესასრულებელი საკითხებიდანაა.
187. აკი, ალლაჰმა აღთქმა დაადებინა იმათ, ვისაც წიგნი ებოძათ, რომ ხალხს აუცილებლად უნდა განუცხადოთ იგი (წმინდა წიგნი) და არ დამალოთო. თუმცა იმათ ზურგს უკან მოისროლეს იგი და მცირე ფასად გაყიდეს. რა ცუდია, რასაც ყიდულობენ.
188. არ გეგონოს, რომ სასჯელს გადაურჩებიან ისინი, ვინც ხარობენ თავიანთი ნამოქმედარით (ავი საქმეებით) და უნდათ, იმისთვის აქებდნენ, რაც არ გაუკეთებიათ. დიახ, არ იფიქრო მათზე ასე; – მწარე სასჯელია მათთვის.
189. ალლაჰს ეკუთვნის ცათა და დედამიწის განმგებლობა. ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
190. ჭეშმარიტად, ცათა და დედამიწის გაჩენაში და დღე-ღამის მონაცვლეობაში – თვალსაჩინო სასწაულებია გონიერთათვის.
191. – რომელნიც ალლაჰს მოიხსენიებენ – მდგომარენი, მჯდომარენი თუ მხარზე მწოლარენი*, და ცათა და დედამიწის გაჩენაზე ფიქრობენ. ღმერთო ჩვენო! ტყუილ-უბრალოდ არ გაგიჩენია შენ ეს ყოველივე! შენ ყოვლად უნაკლო ხარ! დაგვიფარე ცეცხლის სატანჯველისგან!
192. ღმერთო ჩვენო! ჭეშმარიტად, ვისაც შენ ცეცხლში შეიყვან, მართლაც სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდებ მას. და არავინაა დამხმარე – უსამართლოთა.
193. ღმერთო ჩვენო! ჭეშმარიტად, მოგვესმა ჩვენ ხმა მქადაგებლისა, რომელიც რწმენისკენ მოგვიწოდებდა, რომ თქვენი ღმერთი ირწმუნეთო, და ჩვენც ვირწმუნეთ. ღმერთო ჩვენო! გვაპატიე ჩვენი ცოდვები, დაგვიფარე ჩვენ მიერ ჩადენილი უკეთურებანი და კეთილ ხალხთან ერთად მოგვაკვდინე!
194. ღმერთო ჩვენო! მოგვეცი ის, რაც შენი შუამავლების მეშვეობით აღგვითქვი და არ ჩაგვაგდო განკითხვის დღეს სამარცხვინო მდგომარეობაში. ჭეშმარიტად, არ დაარღვევ შენ აღთქმას.
195. თავიანთმა ღმერთმა დადებითად უპასუხათ: ჭეშმარიტად, არ დავკარგავ ღვაწლს მე თქვენსას, – არცერთი მშრომელისას – კაცი იქნება თუ ქალი, – თქვენ (სრულმქმნელი) ნაწილნი ხართ* ერთმანეთისა. ხოლო მათ, ვინც ჰიჯრა გააკეთეს (სარწმუნოების გამო), თავიანთი სამშობლოდან განიდევნენ, ჩემს გზაზე გასაჭირში აღმოჩდნენ, იბრძოლეს და დაიღუპნენ, – აუცილებლად დავუფარავ თავიანთ უკეთურობებს (წარსულში ჩადენილს). აუცილებლად შევიყვან მათ სამოთხეებში, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინებიან, – ალლაჰისმიერი ჯილდოს სახით. ჭეშმარიტად, ალლაჰთანაა ჯილდო – საუკეთესო.
196. არ შეგაშინოს ურწმუნოების ერთი ქვეყნიდან მეორეში ძრწოლამ*!
197. – (ამქვეყნიური კეთილდღეობა) მცირე/წარმავალი სარგებელია. ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, და რაოდენ ცუდი სარეცელია იგი.
198. ხოლო მათთვის, ვისაც რიდი ჰქონდათ თავიანთი ღმერთის, – ალლაჰისგან, ნიშნად პატივისცემისა, – სამოთხეებია მომზადებული, რომელთა ქვეშაც მდინარეები მიედინებიან. იქ იქნებიან მარადჟამს. და რაც ალლაჰის წინაშეა, უკეთესია ის კეთილშობილთათვის.
199. ჭეშმარიტად, წიგნბოძებულთა შორის არიან ისეთნიც, ვისაც სწამთ ალლაჰი; რაც შენ ჩამოგევლინა და რაც მათ ჩამოევლინათ; შიში აქვთ ალლაჰისა და მცირე საფასურად არ ყიდიან* ალლაჰის აიათებს. სწორედ ისინი არიან, ჯილდოს რომ ფლობენ თავიანთი ღმერთის წინაშე. ჭეშმარიტად, ალლაჰი მსწრაფლანგარიშმგებია**.
200. ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მოითმინეთ, გამძლეობა გამოიჩინეთ, სრულ მზადყოფნაში იყავით* და ალლაჰის რიდი გქონდეთ, – იქნებ გადარჩეთ.