37. As-Saaffat

1. ვფიცავ, განლაგებულთ მწკრივებად ,
2. შეყვირებით გადამრეკავთ ,
3. შეხსენების მკითხველთ!
4. უეჭველად, თქვენი ღვთაება ერთადერთია,
5. ღმერთი ცათა და მიწისა და რაც მათ შორისაა და ღმერთი აღმოსავლეთთა .
6. უეჭველად, ჩვენ უახლოესი ზეცა ვარსკვლავებით მოვკაზმეთ.
7. და დაცვად ყოველი თავგასული ეშმაკისგან.
8. მათ არ შეუძლიათ ყურის დაგდება უზენაესი დასისთვის, რამეთუ იდევნებიან ყოველი მხრიდან
9. გასაძევებლად, და მათთვისაა სასჯელი მოუშორებელი!
10. მაგრამ ვინც მოპარვით გამოიტაცოს, უმალ დაედევნება მას მწველი ცეცხლი.
11. მაშ, ჰკითხე მათ: მათი გაჩენა უფრო ძნელია, თუ ჩვენს მიერ სხვა გაჩენილების? უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ისინი წებოვანი ტალახისგან.
12. იქნებ გიკვირს შენ, ისინი კი ერთობიან!
13. და როცა შეგონებულ იქნებიან, არ შეიგონებენ.
14. და როცა დაინახავენ რომელიმე სასწაულს, მასხრად იგდებენ.
15. და თქვეს: „ეს არაფერია, თუ არა ცხადი ჯადოქრობა!
16. განა როცა მოვკვდებით და გარდავიქცევით მიწად და ძვლებად, მართლა უნდა აღვდსგეთ?
17. ან ჩვენი წინაპრები?“
18. უთხარი: „დიახ , ოღონდ დამცირებულნი.
19. საკმარისია ერთი საშინელი ხმა და უმალ გაახელენ თვალს!“
20. და თქვეს: „ვაი, ჩვენს თავს! ეს განკითხვის დღეა!“
21. ეს არის დღე გამიჯვნისა, რომელსაც ცრუდ რაცხავდით.
22. შეკრიბეთ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს და მათი მეუღლეები და რასაც ეთაყვანებოდნენ,
23. მაგიერ ალლაჰისა. მაშ, გაუყენეთ ისინი ჯოჯოხეთის გზას!
24. და გააჩერეთ ისინი, რამეთუ უნდა განიკითხონ.
25. „რა მოგდით, ერთმანეთს რატომ არ შეეწევით“?
26. არამც და არამც! ისინი დღეს მორჩილ იქმნენ.
27. და მიმართავენ ერთმანეთს კინკლაობით.
28. ეუბნებიან: „უეჭველად, თქვენ მარჯვნიდან მოდიოდით ჩვენთან“.
29. პასუხობენ: „არა, თქვენ ისედაც არ იყავით მორწმუნენი.
30. და არ გვქონია ჩვენ თქვენზე მეუფება, პირიქით, თქვენ თავად იყავით ზღვარგადასული ხალხი.
31. ამგვარად, სიტყვა ჩვენი უფლისა ახდა ჩვენზე. მაშ, უთუოდ, ვიგემებთ,
32. რამეთუ ჩვენ აგაცდინეთ თქვენ! უეჭველად, ჩვენ ზღვარგადასულნი ვიყავით.
33. უეჭველად, ისინი ყველა იმავ დღეს იქნებიან სასჯელში თანაზიარნი.
34. უეჭველად, ასე მოვექცევით ცოდვილთ!
35. რამეთუ როცა მათ ეტყოდნენ „არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა!“ ურჩობდნენ
36. და ამბობდნენ: „განა ჩვენი ღვთაებების მიმტოვებელნი ვართ გიჟი პოეტის გამო?“
37. არამც და არამც! იგი მოვიდა ჭეშმარიტებითურთ და დაადასტურა შუამავალნი.
38. უეჭველად, თქვენ იგემებთ მწარე სასჯელს,
39. და არ მოგეზღვებათ, გარდა თქვენივე ჩადენილისა.
40. თვინიერ მსახურთა ალლაჰისა წრფელთა,
41. სწორედ მათთვისაა სარჩო ცხადი:
42. სხვადასხვა სახის ხილი და ისინი იქნებიან პატივდადებულნი
43. ნეტარების ბაღებში,
44. ერთურთის პირისპირ სავარძლებზე,
45. და ჩამოატარებენ წყაროდან ფიალით სასმელს
46. ქათქათას, სასიამოვნოს მსმელთათვის,
47. არ არის მასში ცნობამიხდილობა და ისინი მისგან არც დათვრებიან.
48. და მათ გვერდით, მზერამიპყრობილი, დიდთვალება ლამაზმანები,
49. როგორც ხელუხლებელი კვერცხები
50. და მიმართავან ერთმანეთს შეკითხვით.
51. იტყვის მათგან ერთი: „მყავდა მე მეგობარი,
52. რომელიც ამბობდა: „ნუთუ დამმოწმებელთა შორის ხარ?
53. ნუთუ, როცა მოვკვდებით და ვიქმნებით მიწად და ძვლებად, უნდა განვიკითხოთ?“
54. თქვა: „ნუთუ თქვენ გსურთ დანახვა?“
55. მაშინ შეხედავს და დაინახავს მას ჯოჯოხეთის შუაგულში.
56. იტყვის: „ვფიცავ ალლაჰს! კინაღამ წარმწყმიდე
57. და რომ არა წყალობა ჩემი ღმერთისა, ჩაგდებულთა შორის აღმოვჩნდებოდი!“
58. კეთილი! მაშ, ჩვენ აღარ მოვკვდებით,
59. გარდა პირველი სიკვდილისა და არღა დავისჯებით.
60. უეჭველად, ეს დიდი ნეტარებაა!
61. დაე, ამისთვის იღვაწონ მშრომელთა!
62. მაშ, ეს უმჯობესია სარჩოდ თუ ხე ზაყუმისა?
63. უეჭველად, დავადგინეთ იგი გამოცდად უსამართლოთათვის.
64. უეჭველად, იგი ხე ამოდის ჯოჯოხეთის წიაღიდან.
65. ნაყოფი მისი, თითქოს თავნია ეშმაკთა.
66. უეჭველად, ისინი მისგან მიირთმევენ, ამგვარად ამოიქოლავენ მისით მუცლებს.
67. მერე, უეჭველად, მათთვის მასზე დამატებით მდუღარე წყლიდან შეზავებული სასმისია.
68. ამის მერე მათი მისაბრუნები უთუოდ, გაცხარებული ცეცხლისკენაა!
69. უეჭველად, მათ მამა-პაპანი ჰპოვეს შემცდარნი.
70. და ისინიც მათ კვალდაკვალ მიისწრაფვიან.
71. და ვფიცავ, აცდნენ მათ უწინაც მრავალნი ძველთაგან!
72. და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ მათ წიაღში შემგონებელნი!
73. მაშ, შეხედე, როგორი იყო აღსასრული შეგონებულთა!
74. გარდა ალლაჰის მსახურთა წრფელთა.
75. და ვფიცავ, შემოგვღაღადა ჩვენ ნუჰმა. რა დიდებული შემსმენელი ვართ (ვედრების)!…
76. ვიხსენით იგი და მისი ოჯახი უდიდესი მწუხარებისგან.
77. და მისი მოდგმა დავადგინეთ განმგრძობნად.
78. და დავტოვეთ სახელი მისი მომდევნო თაობებში.
79. სალამი ნუჰს, სამყაროთა შორის!
80. უეჭველად, ასე მივუზღავთ სიკეთის მქმნელთ!
81. უეჭველად, იგი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო.
82. მერე დავახრჩეთ სხვა დანარჩენი!
83. და უეჭველად, მისი შტოდანაა იბრაჰიმი.
84. აკი, მიიქცა თავის ღმერთთან სპეტაკი გულით!
85. აკი,უთხრა თავის მამას და თავის ხალხს: „თქვენ რაებს ეთაყვანებით?
86. განა ცილისწამებად გინდათ სხვა ღვთაებები, მაგიერ ალლაჰისა?!
87. მაშ, თქვენ რა გგონიათ სამყაროთა ღმერთი?“
88. უმალ ახედა ვარსკვლავებს,
89. მერე თქვა: „მე, უეჭველად, ავად ვარ!“
90. მაშინ გაეცალნენ ზურგშექცეულნი.
91. შემდეგ უჩუმრად მიუახლოვდა მათ კერპებს და უთხრა: „განა არ მიირთმევთ ?
92. რა გჭირთ, რომ არ ლაპარაკობთ?“
93. შემდეგ მიუახლოვდა და მარჯვენა დაჰკრა.
94. ცოტა ხნის შემდეგ აჩქარებით მიეჭრნენ მას.
95. უთხრა: „ნუთუ ეთაყვანებით, რასაც თქვენვე ძერწავთ?
96. თუმცა ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენც და რასაც თქვენ აკეთებთ“.
97. თქვეს: „ააგეთ მისთვის ნაგებობა და ჩააგდეთ იგი მძვინვარე ცეცხლში!“
98. ამგვარად, მასზე ზიანის მიყენება ინებეს. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ ისინი უბადრუკებად!
99. და თქვა: „უეჭველად, მე მივემართები ჩემი ღმერთისკენ, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზას!
100. ღმერთო ჩემო, მიბოძე მე კეთილთაგან!
101. სწორედ მაშინ ვახარეთ მას ძე მორჩილი.
102. როცა მიაღწია მასთან ერთად სეირნობის ასაკს, უთხრა: „შვილო ჩემო, უეჭველად, სიზმარში ვიხილე, რომ მსხვერპლად გწირავდი. მაშ, გაიაზრე, აბა რას ჭვრეტ?“ მიუგო: „მამაჩემო! ჰქმენ რაც გებრძანა. მე მიხილავ მომთმენთაგან თუ იქნება ნება ალლაჰისა!“
103. როცა ორივე დამორჩილდა და მას შუბლი დაადებინა ძირს,
104. მაშინ ვუხმეთ: ჰეი, იბრაჰიმ!
105. „უთუოდ, ერთგულება გამოიჩინე სიზმართან მიმართებაში“. უეჭველად, ჩვენ ასე მივუზღავთ კეთილის მქმნელთ!
106. უეჭველად, ეს ცხადი გამოცდაა!
107. და გამოსასყიდად ვუბოძეთ მას უდიდესი შესაწირი.
108. და დავტოვეთ სახელი მისი მომდევნო თაობებში.
109. სალამი იყოს იბრაჰიმსა ზედა!
110. სწორედ ასე მივუზღავთ სიკეთის მქმნელთ!
111. უეჭველად, იგი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო.
112. და ჩვენ გავახარეთ იგი ისჰაყით, შუამავლად კეთილისმქნელთაგან.
113. და გარდმოვსხით მადლი მასზე და ისჰაყზე. მათ შთამომავალთა შორისაა კეთილისმქმნელი და საკუთარი თავისადმი აშკარა უსამართლო.
114. და ვფიცავ, ჩვენ წყალობა მოვავლინეთ მუსასა და ჰარუნსა ზედა!
115. და ჩვენ გადავარჩინეთ ორივე და მათი ხალხიც უდიდესი განსაცდელისგან.
116. თანაც შევეწიეთ მათ, რომ ყოფილიყვნენ ისინი გამარჯვებულნი!
117. და ვუბოძეთ მათ იგი წიგნი ცხადმყოფი!
118. და დავადგინეთ სწორ გზაზე!
119. და დავტოვეთ სახელი მათი მომდევნო თაობებში!
120. სალამი იყოს მუსასა და ჰარუნსა ზედა!
121. უეჭველად, ჩვენ ასე მივუზღავთ სიკეთისმქმნელთ!
122. უეჭველად, ისინი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყვნენ.
123. და უეჭველად, ილიასიც ერთ-ერთი შუამავალი იყო.
124. აკი, უთხრა თავის ხალხს: „განა არ გაფრთხილდებით?
125. განა მოუხმობთ ბეღლს და თავს ანებებთ საუკეთესო გამჩენს
126. ალლაჰს, თქვენს ღმერთს და თქვენი წინაპრების ღმერთს?“
127. მაგრამ ცრუდ შერაცხეს იგი, ამიტომაც გარეკილნი იქნებიან (ჯოჯხეთში),
128. გარდა ალლაჰის მსახურთა წრფელთა!
129. და დავტოვეთ სახელი მისი მომდევნო თაობებში.
130. სალამი ილიასსა და მის მიმდევართა ზედა!
131. სწორედ ასე მივუზღავთ კეთილისმქმნელთ!
132. უეჭველად, იგი ჩვენი მორწმუნე მსახურთაგანი იყო.
133. და უეჭველად, ლუტი ერთ-ერთი შუამავალი იყო.
134. აკი, გადავარჩინეთ იგი და მთელი მისი ოჯახი,
135. გარდა დედაბრისა – დარჩენილებში.
136. მერე გავანადგურეთ ყველა დარჩენილი!
137. უეჭველად, თქვენ გაივლით მათსა ზედა დილაობით
138. და ღამით. განა არ უნდა მოუხმოთ გონს?!
139. და უეჭველად, იუნუსი ერთ-ერთი შუამავალი იყო.
140. აკი, გაიქცა გადაჭედილი გემისკენ.
141. მაშინ წილი ჰყარა და შეიქმნა წაგებულთაგანი.
142. სინანულში ჩავარდნილი, თევზმა გადაყლაპა იგი.
143. და რომ არ ყოფილიყო იგი ღვთისმსახურთაგანი,
144. უთუოდ, დარჩებოდა მის მუცელში იმ დღემდე, ვიდრე აღსდგებოდნენ.
145. მერე გამოვიყვანეთ იგი ბიც ადგილას დასნეულებული.
146. და აღმოვაცენეთ მასთან ხე იეყტვინისა .
147. და წარვგზავნეთ იგი ასი ათასთან ან შეიძლება ამაზე მეტთან.
148. მაშინ ირწმუნეს მათ და ვასარგებლეთ ერთ დრომდე.
149. მაშ, ჰკითხე მათ; „ასულნი შენი ღმერთისთვის და ძეები მათთვის?“
150. თუ ჩვენ გავაჩინეთ ანგელოზები ასულებად და ისინი ესწრებოდნენ?
151. აბა, ფრთხილად!… ისინი უეჭველად, ცილისწამებიდან გამომდინარე იტყვიან:
152. „ალლაჰმა შვა“. უეჭველად, ცრუნი არიან.
153. განა ამჯობინა მან ძეებს ასულნი?
154. რა გემართებათ? როგორ ნსჯით?
155. ნუთუ არღა შეიგონებთ?!
156. ან იქნებ ცხადი მტკიცებულება გაქვთ?
157. მაშ, მოიტანეთ თქვენი წიგნი, თუკი ხართ მართალნი!
158. და დაადგინეს მასსა და ჯინებს შორის კავშირი. თუმცა ჯინებიც უწყიან, რომ წარსდგომილ იქნებიან.
159. დიად არს ალლაჰი იმაზე, რასაც მიაწერენ ისინი,
160. გარდა ალლაჰის მსახურთა წრფელთა!
161. ვერც თქვენ და ვერც ისინი, რასაც ეთაყვანებით,
162. ვერ აცდუნებთ მისგან ვერავის,
163. გარდა იმისა, ვინც მსწრაფველია მწველი ცეცხლისკენ!
164. და არავინაა ჩვენგან, რომ არ იყოს მისთვის განსაზღვრული ადგილი,
165. და, უეჭველად, ჩვენ ვდგავართ მწკრივებში.
166. და, უეჭველად, ჩვენ ვართ ღვთისმსახურნი.
167. უეჭველად, ასე ამბობდნენ:
168. „რომ გვქონოდა შეხსენება პირველთაგან,
169. მაშინ, უთუოდ, ვიქნებოდით ალლაჰის წრფელ მსახურთაგან!“
170. მაგრამ უარყვეს იგი. მალე შეიტყობენ!…
171. და ვფიცავ, ჩვენს მსახურთ – შუამავალთ აღვუთქვით:
172. უეჭველად, ეგენი იქნებიან შეწევნილნი!
173. და უეჭველად, ჩვენნი ლაშქარნი იქნებიან გამარჯვებულნი!
174. მაშ, ზურგი აქციე მათ ერთ დრომდე,
175. და თვალი ადევნე მათ; მალე იხილავენ (სასჯელს)!
176. ნუთუ ჩვენი სასჯელის უმალ დატეხა სურთ?
177. მაგრამ როცა დაატყდება მათ საცხოვრებელთ, მაშინ რაოდენ ცუდია დილა გაფრთხილებულთა!
178. მაშ, ზურგი აქციე მათ ერთ დრომდე.
179. და თვალი ადევნე მათ; მალე იხილავენ (სასჯელს)!
180. რაოდენ დიადია შენი ღმერთი, ღმერთი ძლევამოსილი იმაზე, რასაც მიაწერენ!
181. და სალამი შუამავალთა ზედა!
182. და ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა ღმერთს!