36. Ya Seen

1. ია. სინ.
2. ვფიცავ, ბრძენ ყურანს!
3. უეჭველად, შენ ერთ-ერთი მოვლინებულთაგანი ხარ
4. ჭეშმარიტ გზაზე.
5. ზემოვლინებული ძლევამოსილისა, მოწყალისა.
6. რათა შეაგონო ხალხი, რომელთა მამები არავის შეუგონებია, რამეთუ ისინი დაუდევარნი არიან.
7. ვფიცავ, სისრულეში მოვიდა სიტყვა უმეტესზე, რამეთუ მათ არ ირწმუნეს!…
8. უეჭველად, ჩვენ დავადეთ მათ კისრებზე ბორკილები ნიკაპამდე, ამიტომაც თავები აღმა აქვთ აწეულნი!
9. დავადგინეთ ზღუდე მათ წინ და ზღუდე მათ უკან, ამგვარად შევფუთეთ, უკვე ვერღა დაინახავენ!
10. სულერთია მათთვის შეაგონებ თუ არ შეაგონებ, ისინი მაინც არ ირწმუნებენ!
11. მხოლოდ შეაგონებ, ვინც მიჰყვა შეხსენებას და შიში აქვს უხილველად მოწყალისა. მაშ, ახარე მას მიტევება და საზღაური კარგი!
12. უეჭველად, ჩვენ ვაცოცხლებთ მკვდრებს და ვწერთ, რაც წაიმძღოლეს და რა ნიშანიც დატოვეს მათ. და ყველაფერი ჩვენ აღვრიცხეთ ცხად დავთარში.
13. და მოუყევი მათ მაგალითი სოფლის მკვიდრთა, აკი იქ მივიდნენ შუამავალნი!
14. აკი, წარვგზავნეთ მათთან ორი, უმალ ცრუდ შერაცხეს, ამიტომაც გავაძლიერეთ მესამეთი და უთხრეს (შუამავლებმა): უეჭველად, თქვენთან ვართ წარმოგზავნილნი“.
15. უთხრეს: „ისეთივე ადამიანები ხართ, როგორც ჩვენ. მოწყალეს არაფერი ზეგარდმოუვლენია, თქვენ მხოლოდ ცრუობთ!“
16. მიუგეს: „ჩვენი ღმერთი უწყის, უეჭველად, თქვენთან წარმოგზავნილები ვართ.
17. არ არის ჩვენი ვალი, თუ არა ცხადი უწყებისა“.
18. თქვეს: „უეჭველად, ჩვენი ნავსი თქვენგანაა. თუ არ შეწყვეტთ, უთუოდ, ქვებით ჩაგქოლავთ და უთუოდ, შეგეხებათ ჩვენგან მწარე სასჯელი!“
19. მიუგეს: „ნავსი თქვენი თქვენიდანვეა, განა შეგონებისგან? არა, თქვენ ხართ ზღვარგადასული ხალხი!“
20. და მოვიდა ქალაქის გარეუბნიდან კაცი სირბილით. სთქვა: „ჰეი, ხალხო ჩემო! გაჰყევით წარმოგზავნილებს!
21. გაჰყევით, ვინც საზღაურს არ ითხოვს თქვენგან და ჭეშმარიტ გზაზე ადგანან!
22. და რა მიშლის მე ხელს, რომ არ ვეთაყვანო, რომელმაც გამაჩინა და (ვისთანაც) მიიქცევით თქვენ?
23. განა დავიდგინო მის გარდა ღვთაება? რამეთუ თუ მოწყალე ინებებს ავი მომიზღოს, მათი შეწევნა ვერღა დამეხმარება და ვერ მიხსნიან ისინი.
24. მაშინ, უეჭველად, ცხად გზააბნევაში აღმოვჩნდები.
25. უეჭველად, მე ვირწმუნე თქვენი ღმერთი. მაშ, ყური დამიგდეთ! “
26. ეთქვა მას: „შედი სამოთხეში“. თქვა: „ნეტავ, ჩემს ხალხს სცოდნოდა,
27. რომ მაპატია ჩემმა ღმერთმა და დამადგინა ერთ-ერთ პატივმიგებულთაგან!“
28. მის მერე არ გარდმოგვივლენია მის ხალხზე ლაშქარი ზეციდან და არც ვიყავით მომვლენი.
29. (რისთვის არის საჭირო ლაშქარი) მხოლოდ ერთი საშინელი ხმა (საკმარისია) და მაშინვე ჩაკვდნენ!
30. აფსუს იმ მსახურთ! არ მისულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ მასხრად არ აეგდოთ!
31. განა ვერ ხედავენ, რამდენი თაობა გავანადგურეთ მათ უწინ და რომ ისინი არ მიუბრუნდნენ მათ?
32. უეჭველად, ყველა მათგანი ჩვენთან იქნება მობრუნებული!
33. და სასწაულია მათთვის მკვდარი მიწა. ჩვენ მას გავაცოცხლებთ და მისგან აღმოვაცენებთ მარცვალს, რომელსაც მიირთმევენ!
34. და დავადგინეთ იქ ბაღები ხურმისა და ვაზის და აღმოვაფრქვიეთ მისგან წყაროები!
35. რათა მიირთვან ნაყოფი მისი, და არ უქმნიათ თავიანთი ხელებით. ნუთუ არღა იქნებიან მადლიერნი?!
36. დიდება იმას, რომელმაც გააჩინა ყველა ის წყვილი, რომელსაც მიწა იძლევა, და მათი სული, და რასაც არ უწყიან!…
37. სასწაულია მათთვის ღამე; ავაცლით მას დღეს, უმალ ჩაიძირებიან წყვდიადში!
38. და მზე დაცურავს თავის სამოძრაო გზაზე . სწორედ ესაა ძლევამოსილის, ბრძენის განგება!
39. და დავუდგინეთ მთვარეს ფაზები. სანამ იგი არ გახდება მოხრილი, პალმის ხის ტოტსავით!
40. ვერც მზე დაეწევა მთვარეს და ვერც ღამე გაასწრებს დღეს. ყველა თავის სამოძრაო გაზაზე დაცურავს.
41. და სასწაულია მათთვის ის, რომ ჩვენ გადავიყვანეთ მათი შთამომავლობა გადავსებული ხომალდით!
42. და ჩვენ დავადგინეთ მსგავსი მისი, რაშიც სხდებიან!
43. და თუ ვინებებთ, დავახრჩობთ მათ. მაშინ მათთვის არ იქნება საშველად მომხმობი და არც უშველიან მათ,
44. გარდა ჩვენს მიერ წყალობად და დადგენილ ვადამდე სარგებლად (თუკი იქნება ჩვენი ნება).
45. და აკი ეთქვათ მათ: „გეშინოდეთ იმის, რაც თქვენს წინაა და იმისიც, რაც თქვენს უკანაა, ეგების შეწყალებულ იქმნეთ!“
46. და არ მოევლინება არც ერთი აიათი, რომ არ შეიქციონ პირი მისგან.
47. და როცა ეთქვათ: „გაიღეთ იქიდან, რაც გიბოძათ ალლაჰმა“, უთხრეს ურწმუნონმა მორწმუნენს: „განა გამოვკვებოთ ის, რომელსაც დააპურებს ალლაჰი, თუკი იქნება ნება მისი? თქვენ მხოლოდ აშკარა გზააბნევაში ხართ“.
48. და ამბობენ: „თუკი სიმართლისმთქმელნი ხართ, როდისღა დადგება ეს აღთქმა“?
49. ისინი არაფერს ელოდებიან, თუ არა ერთი საშინელი ხმისა, რომელიც კინკლაობაში გართულთ შეიპყრობს.
50. მაშინ ისინი ვერ შეძლებენ ერთურთისადმი რჩევას, და ვერც თავიანთ ოჯახთან დაბრუნებას.
51. და ჩაიბერება საყვირში, მაშინ ისინი სამარეებიდან (წამომდგარნი) თავიანთი ღმერთისკენ გაემართებიან!
52. იტყვიან: „ვაი, ჩვენ! ვინ წამოგვაყენა, სადაც გვეძინა?“ ესაა, რაც აღუთქვა მოწყალემ, რამეთუ შუამავალთ ჭეშმარიტება უღაღადიათ!
53. მხოლოდ ერთი საშინელი ხმა და მაშინვე ყველანი ჩვენს წინაშე წარსდგებიან!
54. იმ დღეს უკვე არ დაიჩაგრება არც ერთი სული. და არ მოგეზღვებათ, გარდა რასაც სჩადიოდით!
55. უეჭველად, სამოთხის მკვიდრნი იმ დღეს კმაყოფილნი არიან დაკავებული საქმით.
56. ისინი და მათი მეუღლეები ჩრდილში იქნებიან სავარძლებზე მიწოლილნი.
57. მათთვისაა იქ ხილი. და მათთვისაა რასაც მოითხოვენ!
58. მოწყალე ღმერთის სიტყვაა ერთი: „სალამი – მშვიდობა!“
59. გამოერჩიეთ დღეს, ჰეი ცოდვილნო!
60. განა არ გიბრძანეთ თქვენ, ადამის ძენო, რომ არ სცეთ თაყვანი ეშმაკს? უეჭველად, იგი აშკარა მტერია თქვენთვის!…
61. და რომ თაყვანი მეცით მე, ესაა ჭეშმარიტი გზა!
62. ვფიცავ, მან აცდუნა თქვენგან უამრავი თაობა. განა არ მოუხმობდით გონებას?
63. სწორედ ესაა თქვენზე აღთქმული ჯოჯოხეთი.
64. შეენთეთ დღეს მასში, საზღაურად უარყოფისა!
65. დღეს ჩვენ დავასვამთ ბეჭედს მათ ბაგეებზე და დაგველაპარაკება მათი ხელები და დაამოწმებს მათი ფეხები, რასაც იხვეჭდნენ.
66. და რომ გვენება, თვალის ჩინს წავართმევდით და მაშინ ისინი გაიქცეოდნენ გზისკენ. მაგრამ როგორ დაინახავდნენ?
67. და რომ გვენება, ადგილზევე ვუცვლიდით სახეს და მაშინ ისინი ვერც წინ წავიდოდნენ და ვერც უკან დაბრუნდებოდნენ!
68. და ვისაც ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუბოძებთ, საწინააღმდეგო იერს ვაძლევთ, განა გონს არ მოეგებიან?
69. და არ შეგვისწავლებია მისთვის პოეზია, რამეთუ ეს არ შეეფერებოდა მას. იგი მხოლოდ შეხსენება და ცხადი ყურანია!
70. რათა შეაგონოს, ვინც არის ცოცხალი და ურწმუნოთა ზედა გაცხადდეს სიტყვა !
71. განა ვერ ხედავენ, რომ ჩვენ გავაჩინეთ საქონელი ჩვენი ძლევამოსილების ნიშნად, რომელსაც ისინი ფლობენ?
72. და მორჩილ ვჰქმენით იგი მათთვის. მის ერთ ნაწილზე სხედან, მეორეთი იკვებებიან.
73. და მათში მათთვისაა სარგებელი და სასმელი. ნუთუ არღა იქნებიან მადლიერნი?
74. და დაიდგინეს ალლაჰის ნაცვლად სხვა ღვთაება იმ იმედით, რომ დახმარებას გაუწევენ.
75. არ შეუძლიათ მათი დახმარება, რამეთუ ისინი მათ დასაცავად გამზადებული ლაშქარია.
76. მაშ, არ დაგაღონოს საუბარმა მათმა. უეჭველად, ჩვენ ვუწყით რასაც მალავენ და ამჟღავნებენ რასაც!
77. განა ადამიანი ვერ ხედავს, რომ ჩვენ გავაჩინეთ ერთი წვეთი წყლისგან? შემდეგ იგი გამოგვეცხადა ცხად მოწინააღმდეგედ!
78. განიზრახა ჩვენთვის იგავის მოტანა, დაივიწყა თავის გაჩენა. თქვა: „ვინ გააცოცხლებს ძვლებს, რომელიც გაიხრწნა?“
79. უთხარი: „გააცოცხლებს მას, რომელმაც გააჩინა თავდაპირველად, რამეთუ იგი ყველა გაჩენილს უწყის.
80. რომელმაც დაადგინა თქვენთვის მწვანე ხე ცეცხლად, ახლა თქვენ აჩაღებთ მისით ცეცხლს.
81. რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა, განა არ ძალუძს, რომ გააჩინოს მსგავსი მათი? რა თქმა უნდა ძალუძს, რამეთუ იგი ყველაფრის გამჩენი და ყოველივეს მცოდნეა!
82. როცა მას რამე ნებავს, საკმარისია უთხრას მას: „იქმენ!“ და უმალ იქმნება ისიც.
83. დაე, ქება-დიდება მას, რომლის ხელთაა მეუფება ყველაფრის! და მასთან იქნებით მობრუნებულნი.