35. Fatir

1. ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, გამჩენსა ცათა და მიწისა, დამდგენს ელჩად ანგელოზთა ორ, სამ და ოთხ ფრთიანთ. იგი გააჩენს, ინებებს რასაც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
2. ვერავინ შეაკავებს წყალობას, რომელსაც ალლაჰი ხალხს უბოძებს. ხოლო რასაც ის შეაკავებს, ვერავინ ზეგარდმოავლენს მას შემდგომ, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია!
3. ჰეი, ხალხო! გაიხსენეთ წყალობა ალლაჰისა თქვენდამი. არის განა კიდევ სხვა გამჩენი, გარდა ალლაჰისა, რომელიც გაძლევთ საზრდოს ციდან და მიწიდან? არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი! მაშ, რატომ არღა მოიქცევით?!
4. და თუ ისინი ცრუდ შეგრაცხავენ, შენამდეც ხომ ცრუდ შერაცხულ იქნენ შუამავალნი. და ყველა საქმეები ალლაჰთან მიიქცევა.
5. ჰეი, ხალხო! უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. მაშ, არ შეგაცდინოთ ამქვეყნიურმა ცხოვრებამ და დაე, არ გაცდუნოთ მაცდუნებელმა ალლაჰის თაობაზე!
6. უეჭველად, ეშმაკი თქვენი მტერია. მაშ, თქვენც აღიარეთ მტრად. ის მოუხმობს თავის მოკავშირეებს , რათა გახდნენ ისინი ცეცხლის ბინადარნი.
7. რომელთაც არ ირწმუნეს, მათთვისაა სასჯელი მტანჯველი, ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა მიტევება და საზღაური დიადი!
8. განა ის, ვისაც თავისი სიავე მოეკაზმა და სიკეთე ჰგონია ? უეჭველად, ღმეღთი აცდენს ჭეშმარიტ გზას, ინებებს ვისაც და დაადგენს სწორ გზაზე, ინებებს ვისაც. მაშ, მათ გამო არ გალიო სული შენი მწუხარებით! უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც ისინი აკეთებენ.
9. იგია ღმერთი, რომელიც გზავნის ქარებს, შემდეგ გადააადგილებენ ღრუბლებს. მერე ჩვენ მივერეკებით მათ მკვდარი მიწისკენ და მისით ვაცოცხლებთ მიწას მისი სიკვდილის შემდეგ. აი, ამგვარად იქნება აღდგომა!
10. თუ ვინმეს სურს ძლიერება, ძლიერება ხომ ალლაჰის წიაღშია მთლიანად. მასთან ადის სიტყვა მშვენიერი და იგი აღამაღლებს კეთილ საქმეს. ხოლო რომელნიც სიავ-მზაკვრობას ხლართავენ, მათთვისაა სასჯელი სასტიკი და მათ მიერ შემზადებული მზაკვრობა განწირულია!
11. და ალლაჰმა გაგაჩინათ მიწისგან, მერე სპერმისგან, მერე კი დაგადგინათ წყვილებად. და ვერ დაორსულდება მდედრი და ვერცა შობავს, გარეშე თვისა ცოდნით. ყველა არსების სიცოცხლის ხანგძლივობა და ხანმოკლეობა, უთუოდ, წიგნშია ჩაწერილი.უეჭველად, ეს ალლაჰისთვის იოლია!
12. და არ არის თანასწორი ორი ზღვა. ეს ერთი, მტკნარი, წყურვილსა ახშობს, მეორე კი მლაშე, მწარეა. ყველასგან იკვებებით ქორფა ხორცით, იღებთ სამკაულებს, რომლითაც იკაზმებით. შენ ხედავ როგორ სერავენ მათ გემები, რათა მოიძიოთ მისი წყალობა. ამრიგად, ეგების მადლიერნი იყოთ თქვენ!
13. იგი ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე. და დაუმორჩილა დადგენილ კანონებს მზე და მთვარე. ყველა დაცურავს დათქმულ ვადამდე. სწორედ ესაა ალლაჰი, თქვენი ღმერთი. მას ეკუთვნის მეუფება. ხოლო რომელთაც მოუხმობთ თქვენ, გარეშე მისა, კურკის აპკსაც არ ფლობენ.
14. თუკი მოუხმობთ მათ , არ ესმით თქვენი ვედრება, და რომც გაიგონ, ვერ გიპასუხებენ. ხოლო აღდგომის დღეს უარყოფენ თქვენს მრავალღმერთიანობას. და ვერ გამცნობს შენ ისე, როგორც ყოვლისმცოდნე!
15. ჰეი, ხალხო! თქვენ ალლაჰის წინაშე ღატაკნი ხართ, ხოლო ალლაჰი ყოვლადმდიდარია, ყოვლადქებულია!
16. თუკი ინებებს, მოგგვით თქვენ და მოიყვანს ახალ ხალხს.
17. რამეთუ ეს ალლაჰისთვის არ არის ძნელი!
18. და არ იტვირთავს არც ერთი სული სხვის ტვირთს და თუ მოუხმოს ტვირთით დამძიმებულმა, არაფერს შეუმსუბუქებს მას, თუნდ ახლო ნათესავი იყოს. შენ შეაგონებ მხოლოდ მათ, რომელთაც უხილველადაც კი ეშინიათ თავიანთი ღმერთის და ჭეშმარიტად აღავლენენ ლოცვას. და ვინც განიწმინდება, საკუთარი თავისთვის განიწმინდება და ფინიში ალლაჰთანაა!
19. და არ არიან თანასწორი ბრმა და მხედველი.
20. და არც ბნელნი და ნათელი.
21. და არც ჩრდილი და პაპანაქება.
22. და არ არიან თანასწორნი ცოცხლები და მკვდრები. უეჭველად, ალლაჰი შეასმენს ჭეშმარიტებას, ინებებს ვისაც და შენ ვერ შეძლებ გააგონო იმათ, ვინც სამარეშია!
23. შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ!
24. უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ ჭეშმარიტებითურთ მახარობლად და შემგონებლად; არ არს თემი, რომ არ ყოფილიყო იქ შემგონებელი!
25. და თუ ცრუდ შეგრაცხავენ შენ, მათ უწინაც ხომ ცრუდ შერაცხეს. მიდიოდნენ მათთან შუამავალნი მათი წიაღიდან აშკარა მტკიცებულებებით, წერილებით და მანათობელი წიგნით.
26. მერე შევიპყარით, რომელთაც უარყვეს. მაშ, როგორი იყო ჩემი რისხვა!…
27. ნუთუ ვერ ხედავ, როგორ გარდმოავლენს ალლაჰი ზეციდან წყალს, რომლის მეშვეობით ჩვენ აღმოვაცენებთ სხვადასხვა ფერის ნაყოფს. მთებშიც არის ბილიკები სხვადასხვაგვარი: თეთრი, წითელი და სრულიად შავი.
28. ადამიანები, ცხოველები და სხვა სულიერები სხვადასხვა ფერის არსებობს. ეშინიათ ალლაჰის მის მსახურთაგან ცოდნის მქონეთ. უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, შემნდობია!
29. უეჭველად, რომელნიც კითხულობენ ალლაჰის წიგნს და აღავლენენ ჭეშმარიტად ლოცვას და გაიღებენ იმისგან, რაც ვუბოძეთ, ფარულად თუ ცხადად, იმედი აქვთ გარიგების, რომელიც არ იქნება ამაო.
30. რათა მიაგოს მათ თავიანთი საზღაური და შეჰმატოს მათ თავის წყალობიდან. უეჭველად, იგი შემნდობია, მადლობის შემსმენია!
31. და რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ ღვთიურ წიგნთაგან, ჭეშმარიტებაა იგი, დასტურად წინათ არსებულისა. უეჭველად, ალლაჰი ყველაფერს უწყის და ხედავს თავის მსახურთაგან!
32. შემდგომ ჩვენ დავუმკვიდრეთ იგი წიგნი მათ, რომელნიც ავირჩიეთ ჩვენ მსახურთაგან: მათგანაა უსამართლო თავისი სულისადმი, მათგანაა ზომიერნიც და მსწრაფველი სიკეთის ქმნაში, ნებითა ალლაჰითა. სწორედ ესაა დიდი წყალობა!
33. ისინი, მარადიულ ბაღებში შევლენ, სადაც შემკულნი იქნებიან ოქროს სამაჯურებით, მარგალიტებით და აბრეშუმის სამოსით.
34. და იტყვიან: „ქება-დიდება ღმერთს ეკუთვნის, რომელმაც წუხილი გვაშორა! უეჭველად, ჩვენი ღმერთი შემნდობია, მადლობის შემსმენია!
35. რომელმაც დაგვამკვიდრა თავისი წყალობით წარუვალ სავანეში, სადაც არ შეგვეხება არც დაღლა და არც მობეზრება“.
36. ხოლო რომელთაც უარყვეს, მათთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი. და არ იქნება განჩინება, რომ მოკვდნენ ან შეუმსუბუქდეთ სასჯელი. ასე მივუზღავთ ყველა უმადურს!
37. და მოთქვამენ: „ღმერთო ჩვენო! გამოგვიყვანე აქედან და ვიქმთ სიკეთეს და არღა ვიქმთ, რასაც ვაკეთებდით“. განა თქვენთვის არ გვიბოძებია საკმაო სიცოცხლე იმისათვის, რომ შეგეგონებინათ იმათ მსგავსად, ვინც შეიგონა? და თანაც თქვენთან შემგონებელი მოვიდა. მაშ, იგემეთ, რამეთუ არ ჰყავთ უსამართლოებს მეოხე!
38. უეჭველად, ღმერთი მცოდნეა ცათა და მიწის დაფარულის. უეჭველად, იგი უწყის, რაც არის გულებში!
39. იგია, რომელმაც დაგადგინათ დედამიწაზე მემკვიდრეებად. მაშ, ვინც უარყო, თავისივე ურწმუნოება მის წინააღმდეგაა. და არაფერს შეჰმატებს ურჯულოება ურწმუნოებს მათი ღმერთის წინაშე, გარდა სასჯელის მომატებისა. და არაფერს შეჰმატებს ურჯულოება ურწმუნოებს, გარდა ზიანისა!
40. უთხარი: შეხედეთ ერთი თქვენს მოზიარენს, რომლებსაც მოუხმობთ ღმერთის მაგიერ! მაჩვენეთ მიწის რა ნაწილი გააჩინეს მათ? თუ მათთვის ერთგვარი წილხვედრაა ცათა? თუ ვუბოძეთ მათ წიგნი, და უკვე ცხად მტკიცებებს ემყარებიან? არა! უსამართლონი არაფერს აღუთქვამენ ერთურთს, გარდა სიცრუისა!
41. უეჭველად, რომ არ მოისპოს ცანი და მიწა, ალლაჰი იცავს. და თუ დაიძრებიან, ვერღა შეაკავებს მის გარდა ვერავინ. უეჭველად, იგი შემწყნარებელია, შემნდობია!
42. და დაიფიცეს ღმერთის წინაშე უმტკიცესი ფიცით, თუკი მივიდოდა მათთან შემგონებელი, უთუოდ, დაადგებოდნენ ისინი სწორ გზას სხვა თემებამდე. და როცა მივიდა მათთან შემგონებელი, არაფერი შეჰმატა, გარდა სიძულვილისა,
43. გამედიდურება ქვეყანაზე და საშინელი მზაკვრობისა. და არავის შემოეხვევა საშინელი მზაკვრობა, გარდა მზაკვრისა. მაშ, ნუთუ ელოდნენ, გარდა აწ გარდასულთა კანონისა? და ვერ ჰპოვებ ალლაჰის კანონში ცვლილებას და ვერ ჰპოვებ ალლაჰის კანონში გადაცდენას!
44. ნუთუ არ უმოგზაურიათ მათ ქვეყანაზე და არ უნახავთ როგორი იყო აღსასრული მათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ? ისინი მათზე ძლიერნი იყვნენ, მაგრამ არავინაა არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, რომ ალლაჰის დაუძლურება შეძლოს. უეჭველად, იგი ყოვლისმცოდნეა, ყოვლისშემძლეა!
45. ღმერთს ხალხი რომ დაესაჯა იმისათვის, რაც მოიხვეჭეს, არ დარჩებოდა მის(დედამიწის) ზურგზე არც ერთი ცოცხალი, მაგრამ გადაუვადებს მათ დადგენილ ვადამდე. ბოლოს, როცა მათი ვადა დადგება, უეჭველად, ალლაჰი ხედავს მსახურთა თვისსა!