33. Al-Ahzab

1. ჰეი, შუამავალო! გეშინოდეს ალლაჰის და არ დაემორჩილო ურწმუნონს და პირმოთნეებს. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
2. მისდიე იმას, რაც ზეშთაგეგონა შენი ღმერთისგან. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც თქვენ სჩადიხართ!
3. და მიენდე ალლაჰს, რამეთუ ალლაჰი კმარა მფარველად!
4. და არ დაუდგენია ალლაჰს კაცისთვის ორი გული ერთ სხეულში. და არ დაუდგენია თქვენს დედებად თქვენ ცოლთაგან ისინი, ვისაც აკრძალულად აცხადებთ თქვენთვის და არ დაუდგენია თქვენი შვილობილები თქვენს შვილებად. ეს მხოლოდ სიტყვებია თქვენი პირით წარმოთქმული, რამეთუ ალლაჰი ჭეშმარიტებას ბრძანებს და ჭეშმარიტ გზაზე ადგენს იგი!
5. მოიხმეთ ისინი თავიანთი მამების სახელით, რამეთუ ეს უფრო სამართლიანია ალლაჰის წინაშე. და თუ არ იცნობთ მათ მამებს, მაშინ ისინი თქვენი ძმები არიან სჯულში და მოყვასნი. არ არის თქვენდა ცოდვა, რაც შეცდომით ჩაიდინეთ, თუ არა განზრახ გულით ჩადენილისა. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
6. შუამავალი მორწმუნეებისთვის უფრო ახლობელია, ვიდრე თავიანთი სულნი და მისი ცოლები, მათი დედები არიან. ალლაჰის წიგნის თანახმად, სისხლით ნათესავები უფრო ახლობლები არიან ერთმანეთისთვის, ვიდრე მორწმუნეები და მუჰაჯირები, გარდა თუ იქმთ თქვენი მეგობრებისთვის რამენაირ სიკეთეს. ეს, ჩაწერილია წიგნში!
7. და აკი, ავიღეთ შუამავალთაგან აღთქმანი: შენგან, ნუჰისგან, იბრაჰიმისგან, მუსასგან და ისასგან, მარიამის ძისგან. დიახ, ჩვენ ავიღეთ მათგან მტკიცე აღთქმა!
8. რათა ჰკითხოს მართალთ სიტყვის ერთგულება. და გაამზადა ურწმუნოთათვის მწარე სასჯელი!
9. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გახსოვდეთ ალლაჰის წყალობა თქვენდა, აკი, მოგადგათ ლაშქარნი . მაშინ ჩვენ მოვავლინეთ მათზე ქარი და ლაშქარნი, რომელსაც ვერ ხედავდით. და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ სჩადიხართ!
10. აკი, დაგესხმნენ ისინი თქვენ ზევიდან და ქვევიდან და მაშინ მზერა გაიყინა უიმედობის გამო, გულნი ყელს მიებჯინა და თქვენ ალლაჰის შესახებ ნაირ-ნაირი ეჭვი გამოთქვით.
11. სწორედ იქ გამოიცადნენ მორწმუნენი და განიცადეს დიდი თრთოლვა!
12. და აკი, ამბობდნენ თვალთმაქცნი და რომელთა გულებშიც სენია: „რაც აღგვითქვა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა არაფერია, გარდა ფუჭი შეცდენისა!“
13. და აკი, თქვა მათგან ერთმა ჯფუფმა: „ჰეი, იასრიბის (მედინას) მკვიდრნო! ვერ გაუმკლავდებით, უკან მიბრუნდით!“ მათგან ერთმა ჯგუფმა შუამავლისგან ნებართვა აიღო და თქვა: „ჩვენი სახლები დაუცველი დაგვრჩაო“. არ იყო ისინი დაუცველი, მხოლოდ გაქცევა სურდათ.
14. და რომ შეჭრილიყვნენ იქ მათ წინააღმდეგ ყოველი მხრიდან, მერე მოეთხოვათ ცდუნდითო, დაუფიქრებლად უმალ დასთანხმდებოდნენ.
15. და ვფიცავ, მანამდე აღთქმა ჰქონდათ ალლაჰთან დადებული, რომ არ იქცევდნენ ზურგს. იცოდეთ, რომ ალლაჰის წინაშე დადებული აღთქმა აუცილებლად მოგეკითხებათ!
16. უთხარი: „გაქცევა არას გარგებთ, თუ სიკვდილს ან დაღუპვას გაურბიხართ. სიკეთეებით მცირე ხანს დატკბებით!“
17. უთხარი: „ვის ძალუძს აღუდგეს ალლაჰისგან, თუ ის თქვენთვის სიავის შეხებას ან მოწყალების მომადლებას ინებებს?“ და ვერ ჰპოვებენ მათთვის შემწეს და მფარველს, გარდა ალლაჰისა!
18. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რომელნიც უკეთურობას სთესენ და რომელნიც ეუბნებიან თავიანთ ძმებსაც: „მოდით ჩვენთანო!“ და არ მოვლენ, თუ არა მცირედისა;
19. რამეთუ მოშურნეობენ თქვენდამი. შემდეგ როცა შიში ეწევათ, ხედავ როგორ გიყურებენ თვალების ცეცებით, როგორც ადამიანი, რომელსაც სიკვდილის წინ გული მისდის. ხოლო როცა შიში გაუვლით, გულს გტკენენ მწარე ენით, მოშურნეობენ სიკეთის წინაშე. სწორედ ეგენი არიან, რომელთაც არ ირწმუნეს და ალლაჰმა ფუჭად ჰქმნა მათი საქმენი. და ეს ალლაჰისთვის იოლია!
20. ფიქრობენ, რომ მოკავშირეები არ წასულან. მოკავშირეები რომც მოვიდნენ, მომთაბარე არაბებთან ისურვებენ ცხოვრებას და თქვენს ამბავს შორიდან მოიკითხავენ, თქვენთანაც რომ იყვნენ, არ იბრძოლებენ, გარდა მცირედისა!
21. ვფიცავ, ალლაჰის შუამავალი კარგი მაგალითი იყო თქვენთვის, ვინც ისწრაფვოდა ალლაჰისკენ და უკანასკნელი დღისკენ და ხშირად ახსენებდა ალლაჰს!
22. და როცა დაინახეს მორწმუნეებმა მოკავშირე ერთეულები , თქვეს: „ესაა, რაც აღგვითქვა ალლაჰმა და მისმა შუამავალმა . და ჭეშმარიტება გვამცნო ალლაჰმა და მისმა შუამავალმა “. და ეს მათ არაფერს შეჰმატებს თუ არა რწმენას და მორჩილებას!
23. მორწმუნეებს შორის არიან კაცნი, რომელნიც ალლაჰთან დადებული აღთქმის ერთგულნი დარჩნენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც უკვე მოიხადა თავისი მოვალეობა და ისინიც, ვინც ჯერ კიდევ მოელის , მაგრამ არაფრით არღვევენ !
24. (ეს იმისთვის) რათა მიუზღას ალლაჰმა მართალთ მათი სიმართლისათვის და დასაჯოს პირმოთნენი , ინებებს თუკი, ან მიუტევოს. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
25. და უკან გააბრუნა ალლაჰმა ისინი, რომელთაც უარყვეს , თავიანთ ბრაზითურთ, მათ ვერ ეწიენ სიკეთეს . და ალლაჰმა ომის მძიმე ტვირთისგან დაიხსნა მორწმუნენი. და ალლაჰი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსილია!
26. და წიგნის ხალხთაგან, რომელნიც დაეხმარნენ მათ, გამოაძევა თავიანთი ციხე-სიმაგრეებიდან და ჩააგდო მათ გულებში შიში. მათ ნაწილს ხოცავდით თქვენ და ტყვედ აგყავდათ ნაწილი.
27. და დაგიმკვიდრა თქვენ მათი მიწები, სახლები, ქონება და ის მიწებიც, რომელზეც ფეხიც კი არ გქონდათ დადგმული. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
28. ჰეი, შუამავალო! უთხარი შენს ცოლებს: თუ გსურთ ამქვეყნიური ცხოვრება და სამშვენისები მისი, მაშ, მოდით, მოგცემ განქორწინების საფასურს და მშვენივრად გაგიშვებთ!
29. და თუ თქვენ ირჩევთ ალლაჰს, მის შუამავალს და უკანასკნელ დღეს, უეჭველად, ალლაჰმა თქვენგან კეთილისმქმნელთათვის მზადჰყო საზღაური დიადი!
30. ჰეი, შუამავლის ცოლებო! თუ რომელიმე თქვენგანი ჩაიდენს აშკარა სიბილწეს, მისი სასჯელი გაორმაგდება! ეს ალლაჰისთვის იოლია.
31. და თქვენგან ის, ვინც მორჩილი იქნება ალლაჰის და მისი შუამავალის, და იქმს სიკეთეს, მივაგებთ მას თავის საზღაურს ორმაგს და გავამზადეთ მისთვის საუკეთესო სარჩო!
32. ჰეი, შუამავლის ცოლებო! თქვენ არა ხართ სხვა ნებისმიერი ქალის დარი. თუკი თქვენ ძრწოლა გაქვთ, ნუ გამოაჩენთ ალერსიანობას საუბარში, რომ არ განიზრახოს თქვენი ნდომა იმან, ვისი გულიც დასნეულებულია, და ისაუბრეთ თავდაჭერილად!
33. დარჩით თქვენს სახლებში, და არ გამოიპრანჭოთ ისე, როგორც უვიცობის ხანის გამოპრანჭვა, და აღავლინეთ ლოცვა და გაეცით სავალდებულო მოწყალება და ჰმორჩილებდეთ ალლაჰსა და მის შუამავალს. ჰეი, სახლის ბინადარნო, ალლაჰის ნება თქვენგან სისაძაგლის აცილებაა და უმწიკვლოდ დადგინებაა თქვენი!
34. და გაიხსენეთ რაც იკითხება თქვენს სახლებში ალლაჰის აიათთაგან და სიბრძნე. უეჭველად, ალლაჰი სიკეთის მომგებია, ყოვლისმცოდნეა!
35. უეჭველად, მუსლიმი კაცებისა და ქალებისათვის, მორწმუნე კაცებისა და ქალებისათვის, მორჩილი კაცებისა და ქალებისთვის, მართალი კაცებისა და ქალებისთვის, მომთმენი კაცებისა და ქალებისთვის, თავმდაბალი კაცებისა და ქალებისთვის, მოწყალების გამცემი კაცებისა და ქალებისთვის, მომარხულე კაცებისა და ქალებისთვის. უმანკოების შემნახველი კაცებისა და ქალებისთვის, ალლაჰის ხშირად მომხსენებელი კაცებისა და ქალებისთვის, ალლაჰმა გაამზადა მათთვის პატიება და უდიდესი საზღაური!
36. მორწმუნე კაცს და მორწმუნე ქალს გადაწყვეტილების მიღებისას არ აქვთ არჩევანი, თუ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება. და ის, ვინც ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს, ცხად გზააბნევაშია ჩავარდნილი!
37. და აკი, ეუბნებოდი მას, ვისზეც წყალობა მოიღო ალლაჰმა და სიკეთე უყავი შენ : „დაიტოვე შენთან შენი ცოლი და გეშინოდეს ალლაჰისა“. და გულში ინახავდი იმას, რასაც ალლაჰი ცხადყოფდა, ხალხის შიშით, თუმცა ალლაჰი მეტად იმსახურებს, რომ გეშინოდეს. და როცა ზეიდმა ქალთან გაწყვიტა ურთიერთობა , ჩვენ შეგრთეთ ის ცოლად, რომ მორწმუნეებისთვის ცოდვა არ გამხდარიყო მათი შვილობილების ცოლების შერთვა, მათი გაშვების შემდეგ . და ალლაჰის ბრძანება აღსრულდა!
38. (მაშ,) არ არის შუამავალზე ცოდვად, რაც ალლაჰმა განგებად დაწერა მისთვის. ასეთივე იყო ალლაჰის კანონი აწ გარდასულთა მიმართაც. ალლაჰის ბრძანება, უთუოდ, განგების გამოვლინებაა!
39. რომელნიც უნაკლოდ გადასცემენ ალლაჰის ბრძანებებს და ეშინიათ მისი. არ ეშინიათ არავისი, გარდა ალლაჰისა. და ალლაჰი კმარა ანგარიშმგებად!
40. და არ არის მუჰამმედი არც ერთი თქვენგანის მამა, მაგრამ იგი ალლაჰის წარმოგზავნილი და შუამავალთა ბეჭედია. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
41. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიხსენეთ ალლაჰი მრავალგზის!
42. და ადიდეთ დილით და საღამოს!
43. იგია, რომელიც გლოცავთ თქვენ და მისი ანგელოზებიც, რათა გამოგიყვანონ სიბნელეებიდან სინათლეში. და სწორედ იგია მწყალობელი მორწმუნეთა!
44. იმ დღეს, როცა შეხვდებიან მას, მათი მისალმება იქნება: „მშვიდობა“! და გაამზადა მათთვის საზღაური მშვენიერი.
45. ჰეი, შუამავალო! უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად!
46. და მომწოდებლად ალლაჰისკენ, ნებითა თვისა და მანათობელ ლამპრად!
47. და უმახარობლე მორწმუნეებს, რომ მათთვისაა ალლაჰთან უდიდესი წყალობა!
48. და არ დამორჩილდე ურწმუნოებს და თვალთმაქცებს, დაივიწვე მათგან ტანჯვა და სასოებდე ალლაჰს. და კმარა ალლაჰი მფარველად!
49. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი დაქორწინდებით მორწმუნე ქალებზე, მერე გაშორდებით მათ მანამ, სანამ შეეხებოდით, მოვალენი აღარ არიან თქვენს წინაშე ვადას დაელოდონ. მაშ, ისინი დაასაჩუქრეთ და გაუშვით კეთილად!
50. ჰეი შუამავალო! უეჭველად, ნებადართული ვყავით შენთვის შენი ცოლები, რომელთაც გადაუხადე საზღაური , და რომლებიც ალლაჰმა მოგმადლა და დაეუფლა შენი მარჯვენა; ასევე ასულები ბიძისა მამისა და დედის მხრიდან და ასულები მამიდისა და დეიდისა, რომლებიც შენთან ერთად გადმოსახლდნენ; ასევე ნებისმიერი მორწმუნე ქალი, რომელიც აჩუქებს თავის თავს შუამავალს, თუკი შუამავალი მოინდომებს მის შერთვას. – მხოლოდ შენთვის, და არა სხვა მორწმუნეთათვის. უეჭველად ვუწყით, რაც დავუდგინეთ მათ მათი ცოლების ან მათი მარჯვენით მოპოვებული ქალების თაობაზე. გამონაკლისი შენთვის, რამეთუ არ იგრძნო არანაირი შევიწროება. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
51. შენ შეგიძლია, შენი სურვილით გაერიდო ნებისმიერ მათგანს და დატოვო შენთან, ინებებ ვისაც. თუ მოიწადინებ იმას, რომელიც მანამდე შორს დატოვე, ცოდვად არ ჩაგეთვლება. ასე აჯობებს, იმიტომ რომ ყველა მათგანს უხაროდეს, არ იდარდოს და დაკმაყოფილდნენ იმით, რასაც უწყალობებ. ალლაჰი უწყის, რაც თქვენს გულებშია, რამეთუ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, უდიდესი შემწყნარებელია!
52. ამიერიდან გეკრძალება სხვა ქალები და იმათი შეცვლა სხვა ცოლებით, თუნდ მათმა სილამაზემ მოგაჯადოვოს. ეს არ ეხება მხევლებს, რომლებიც შენი მარჯვენით მოიპოვე. და ალლაჰი ყოვლისმეთვალყურეა!
53. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ შეხვიდეთ შუამავლის სახლში, თუ სადილად არ ხართ მიპატიჟებული, დროის მიუხედავად. და თუ მიწვეული იქნებით, შედით, და სადილის მერე დაიშალეთ, არ დარჩეთ სალაპარაკოდ, ამით აწუხებთ შუამავალს. მას ერიდება თქვენი, მაგრამ ალლაჰს არ ერიდება ჭეშმარიტების. თუ თქვენ თხოვთ მათ (ცოლებს) რაიმე ნივთს, სთხოვეთ ჩადრის საფარველქვეშიდან. ეს უფრო წმინდაა როგორც თქვენთვის, ასევე მათი გულებისთვის. არ გეკადრებათ ალლაჰის შუამავლის წყენინება და არც, რომ იქორწინოთ მის ცოლებზე მის შემდეგ ოდესმე. უეჭველად, ეს თქვენთვის უდიდესი ცოდვაა ალლაჰის წინაშე!
54. თუკი გააცხადებთ რამეს ან დამალავთ მას, იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰი უწყის ყველაფერს!
55. არ არის მათდა ცოდვა მათი მამების, ძეების, ძმების, ძმისწულების, დისწულების, ქალების და იმათ წინაშე, ვინც მათმა მარჯვენამ მოიპოვა. გეშინოდეთ ალლაჰის, რამეთუ იგი ყოვლისმოწმეა!
56. უეჭველად, ალლაჰი და მისი ანგელოზები ლოცავენ შუამავალს. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ილოცეთ მასზე და მიესალმეთ მხურვალედ!
57. უეჭველად, რომელნიც აწყენენ ალლაჰსა და მის შუამავალს, დაწყევლა ისინი ალლაჰმა ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც და გაამზადა მათთვის სასჯელი დამამცირებელი!
58. ხოლო რომელნიც დაუმსახურებლად გულს სტკენენ მორწმუნე კაცებსა და ქალებს, უეჭველად, იტვირთეს ცილისწამება და აშკარა ცოდვა!
59. ჰეი შუამავალო! უთხარი შენს ცოლებს, ქალიშვილებს და მორწმუნე კაცთა ცოლებს, რომ მოისხან საბურველი! ეს უფრო ახლოსაა, რომ უკეთ გამოსაცნობი იყვნენ და არ მიაყენონ შეურაცხყოფა. და ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
60. თუ თვალთმაქცნი და რომელთა გულებში სენია და რომელნიც ჭორს ავრცელებენ ქალაქში არ შეწყვეტენ, უეჭველად, ჩვენ მათ წინაშე ძალაუფლებას მოგაგებთ შენ, მერე ვერ იქნებიან შენს მეზობლად იქ, გარდა მცირედი ხნისა,
61. დაწყევლილნი არიან და ალლაჰის წყალობისგან მოშთობილნი. სადაც გამოჩნდებიან,ხელთ იგდებენ და სათითაოდ ამოძირკვავენ!
62. (ეს) ალლაჰის კანონია აწ გარდასულთა და ვერ ნახავ ალლაჰის კანონში ცვლილებას!
63. ხალხი გეკითხება შენ საათზე , უთხარი: „მისი ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა“. შენ რა იცი, იქნებ საათი ახლოა?
64. უეჭველად, ალლაჰმა დაწყევლა ურწმუნონი და გაამზადა მათთვის ცხარე ცეცხლი!
65. მარად იქნებიან იქ მარადისობაში. ვერ ჰპოვებენ მფარველს და ვერც შემწეს!
66. იმ დღეს მათი სახეები შიგადაშიგ იცვლის იერს ცეცხლში და ისინი იტყვიან: „ვაი, ჩვენს თავს! ნეტავ, მორჩილნი ვყოფილიყავით ალლაჰის და მისი შუამავალის!“
67. და იტყვიან: „ღმერთო ჩვენო! უეჭველად, ჩვენ ვმორჩილებდით ჩვენს დიდებულებს და უფროსებს, მაგრამ მათ გვაცდუნეს გზიდან.
68. ღმერთო ჩვენო! გაუორმაგე მათ სასჯელი და დაწყევლე ისინი დიდი წყევლით!“
69. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ დაემსგავსოთ მათ, რომელთაც აწყენინეს მუსას. ალლაჰმა გაამართლა იმისგან, რასაც ისინი ამბობდნენ. და იყო იგი პატივდებული ალლაჰის წინაშე!
70. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის და ჭეშმარიტი სიტყვა თქვით!
71. თქვენი საქმეები გამოასწოროს და სასარგებლო ჰქმნას და მოგიტევოს ცოდვანი თქვენი. და ვინც ჰმორჩილებს ალლაჰს და მის შუამავალს, ჭეშმარიტად, მან დიად ნეტარებას მიაღწია!
72. უეჭველად, ჩვენ შევთავაზეთ პასუხისმგებლობა აეღო ცანსა და დედამიწას და მთებს, მაგრამ უარი თქვეს და შეეშინდათ მისგან, კაცმა კი იტვირთა იგი. უეჭველად, იგი უსამართლოა , უგუნურია!
73. რათა ალლაჰს (ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე) დაესაჯა თვალთმაქცი კაცები და ქალები, კერპთაყვანისმცემელი კაცები და ქალები და შეენდო მორწმუნე კაცებისთვის და ქალებისთვის. ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!