32. As-Sajda

1. ელი. ლამ. მიმ.
2. ეჭვგარეშეა, რომ ეს წიგნი სამყაროთა ღმერთის მხრიდან ზეგარდმოვლენილია.
3. რამეთუ იქნებ სთქვან: „მან შეთხზაო?“ არამც და არამც! იგი ჭეშმარიტებაა შენი ღმერთისგან, რათა შეაგონო მისით ხალხი, რომელთაც არ მისვლია შენამდე შემგონებელი. ეგების ჭეშმარიტი გზა გაიგნონ მათ!
4. იგია ალლაჰი, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა და ის, რაც მათ შორისაა ექვს დღეში, მერე კი ძლევამოსილება და მესვეურობა ზემო აღაპყრო. არა გყავთ თქვენ მის გარდა არც მფარველი და არც შემწე. ნუთუ არღა შეიგონებთ?
5. იგი განაგებს საქმეებს ციდან მიწამდე, მერე კი ისინი მასთან ამაღლდება ერთ დღეში, რომლის ხანგრძლივობაც ათასი წელია თქვენი ათვლით!
6. სწორედ, იგია დაფარულისა და ცხადის მცოდნე, ძლევამოსილი, მწყალობელი!
7. რომელმაც სრულყოფილჰყო ყოველივე და იწყო ადამიანის გაჩენა ტალახისგან.
8. შემდგომ დაადგინა მისი შთამომავლობა ჩვეულებრივი წყლის არსისგან.
9. მერე მისცა ფორმა და ჩაბერა მასში მისი სულისგან. და დაადგინა თქვენთვის სმენა, თვალთახედვა და გული. ამისდა მიუხედავად, რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება!
10. და თქვეს: ნუთუ მას მერე, რაც მიწაში დავიფარებით, ნამდვილად, ახალ ქმნილებად აღვსდგებით? რამეთუ ისინი თავიანთ ღმერთთან შეხვედრას უარყოფენ!
11. უთხარი: მიგიბარებთ სიკვდილის ანგელოზი, რომელიც თქვენთვის დავადგინეთ, მერე კი თქვენს ღმერთთან იქნებით მიბრუნებულნი!“
12. ნეტავ განახა, როგორ ჩახრიან თავს ცოდვილნი თავიანთი ღმერთის წინაშე: „ღმერთო ჩვენო! ჩვენ დავინახეთ და გავიგონეთ! მაშ, უკან დაგვაბრუნე, ვჰქმნათ სიქველე, რამეთუ უკვე ვუწყით ჭეშმარიტებას!“
13. ჩვენ რომ გვენებებინა, უთუოდ, მივჰმადლიდით ყოველ სულს ჭეშმარიტ გზას, მაგრამ აღსრულდა სიტყვა ჩემგან: „უსათუოდ ამოვავსებ ჯოჯოხეთს მთლიანად ჯინებითა და ხალხით!“
14. მაშ იგემეთ, რამეთუ დაივიწყეთ თქვენ ამ დღესთან შეხვედრა. უეჭველად, ჩვენც დაგივიწყეთ. დაე, იგემეთ მარადიული სასჯელი იმისთვის, რასაც სჩადიოდით!
15. ჩვენს აიათებს მხოლოდ ისინი იწამებენ, რომელნიც სეჯდეს აღასრულებენ შეხსენებისთანავე და განადიდებენ თავიანთ ღმერთს ქება-დიდებით და ეგენი არც გაგოროზდებიან!
16. ისინი საწოლებს განშორდებიან თავიანთ ღმერთზე შესავედრებლად ძრწოლვით და სასოებით, და რა სარჩოც ვუბოძეთ, გაიღებენ იქიდან!
17. ვერც ერთი სული ვერ უწყის რა სიამეებია დაფარული მათ თვალთაგან იმის საზღაურად, რასაც ისინი იქმდნენ!
18. განა მორწმუნე მსგავსია უკეთურისა? ისინი არ არიან თანაბარნი!
19. მაგრამ რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სამოთხის სავანე და სარჩო ჯილდოდ თვისი საქმეებისთვის!
20. ხოლო რომელთაც უკეთურობა ჰქმნეს, მათი თავშესაფარი ცეცხლია! ყოველთვის, როცა ისინი იქიდან გამოსვლას შეეცდებიან, უკან დააბრუნებენ და ებრძანებათ: „იგემეთ ცეცხლის სასჯელი, რომელსაც ცრუდ რაცხავდით!“
21. და უთუოდ, რათა ვაწიოთ სასჯელი მცირე , გარეშე დიდი სასჯელისა , ეგების უკუმოიქცნენ!
22. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს მისი ღმერთის აიათები, მან კი ზურგი აქცია მას? უეჭველად, მივუზღავთ ცოდვილთ!
23. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი, და ეჭვი არ შეგეპაროს, რომ შეხვდები მას. და ჩვენ დავადგინეთ იგი ჭეშმარიტ გზად ისრაილის ძეთათვის!
24. და ჩვენ დავადგინეთ მათგან წინამძღოლები. ისინი ჩვენი ბრძანებით ჭეშმარიტ გზაზე ადგენდნენ, რადგან იყვნენ მომთმენნი და მტკიცედ სწამდათ ჩვენი აიათები!
25. უეჭველად, შენი ღმერთი განსჯის მათ შორის აღდგომის დღეს იმას, რაშიც უთანხმოებდნენ!
26. ნუთუ არ დააყენა ისინი სწორ გზაზე იმან, რომ ჩვენ მათ უწინ დავღუპეთ მრავალი თაობა, რომელთა სახლებშიც ახლა თვითონ დადიან? უეჭველად, ამაშია სასწაულები. ნუთუ არღა შეისმენენ?
27. განა ვერ ხედავენ, რომ გადავსხამთ წყალს მშრალი მიწისკენ და მისი მეშვეობით ამოგვყავს ნათესები, რომლითაც საზრდოობენ თავად და მათი საქონელიც? ნუთუ არღა დაინახავენ?
28. და ამბობენ: „როდის იქნება ეს განკითხვა, თუ სიმართლეს ამბობთო?“
29. უთხარი: „რომელთაც უარყვეს მათი რწმენა, განკითხვის დღე ვერ წაადგებათ და არც გადაუვადდებათ!“
30. მაშ, ზურგი აქციე მათ და დაელოდე! რამეთუ ისინიც ელიან.