1. | თი, ანუ წყვეტილა ასობგერებით იწყება, რომლებიც ინიციალის მსგავსად თავთავიანთი სახელებით იკითხებიან, თუმცა სურათა დასაწყისში მათი მოთავსების სიბრძნე და დანიშნულება უზენაესი ალლაჰის გარდა დანამდვილებით არავინ იცის. მუფესსირები სხვადასხვა განმარტებებით ცდილობენ მათი მნიშვნელობების ახსნას, თუმცა ყველა განმარტება სავარაუდოა, რადგანაც ალლაჰსა და მის შუამავალს ამ ასობგერების შესახებ არაფერი უთქვამთ. |
2. | აი, წიგნი: ეჭვი არ არის მასში და სწორი გზის მაჩვენებელია ღვთისმოშიშთათვის. |
3. | რომელთაც სწამთ უხილავისა, აღასრულებენ ნამაზს და გაიღებენ* იმას, რაც ვუწყალობეთ საზრდოდ; |
4. | ასევე ისინი, რომელთაც სწამთ – რაც ჩამოგევლინა და რაც შენამდე ჩამოვლენილა… და ღრმად სწამთ უკანასკნელი დღისა. |
5. | აი, თავიანთი ღმერთის მიერ მითითებულ ჭეშმარიტ გზაზე მდგომნი, – ეგენი არიან გადარჩენილნი. |
6. | უეჭველად, – რომელთაც არ ირწმუნეს, მათთვის სულერთია, გააფრთხილებ თუ არ გააფრთხილებ, – მაინც არ ირწმუნებენ; |
7. | ბეჭედი დაასვა ალლაჰმა გულებსა და სასმენელზე, საფარველი აქვთ თვალებზეც… და მათთვისაა დიდი სასჯელი. |
8. | ადამიანთა შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ამბობენ – ვირწმუნეთ ალლაჰი და დღე უკანასკნელიო, მაგრამ ისინი არ არიან მორწმუნენი; |
9. | ცდილობენ, მოატყუონ ალლაჰი და ისინი, რომელთაც ირწმუნეს, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ ვერავის მოატყუებენ, გარდა საკუთარი თავისა; |
10. | სნეულებაა მათ გულებში და ალლაჰმა უარესად დაასნეულა… და მათთვისაა მწარე სასჯელი, ვინაიდან ცრუობდნენ; |
11. | და როცა უთხრეს – ქვეყნად უკეთურებას ნუ ეწევითო, მათ მიუგეს: უეჭველად, ჩვენ პირიქით, – გამომსწორებელნი* ვართო. |
12. | დაე, იცოდეთ, რომ სწორედ ეგენი ეწევიან უკეთურებას, მაგრამ არ შეიგნებენ. |
13. | და როცა უთხრეს – ირწმუნეთ ისე, როგორც ირწმუნა ხალხმაო, მათ მიუგეს: ,,ნუთუ ვირწმუნოთ ისე, როგორც სწამთ ჭკუასუსტებს?”… იცოდეთ, რომ სწორედ ეგენი არიან ჭკუასუსტები, თუმცა არ იციან. |
14. | და როცა მორწმუნეებს შეხვდებიან, ამბობენ, ჩვენც ვირწმუნეთო, ხოლო როდესაც თავიანთ სატანებთან* განმარტოვდებიან, ეუბნებიან: რა თქმა უნდა, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და რაღა თქმა უნდა, მათი დამცინავნი ვართო. |
15. | ალლაჰი დასცინებს მათ და ხეტიალს გაუხანგრძლივებს თავიანთ ზღვარგადასულობაში. |
16. | ეგენი არიან, რომელთაც გზააცდენილობა იყიდეს ჭეშმარიტი გზის ფასად, მაგრამ არ მოიგო მათმა ვაჭრობამ და არც ჭეშმარიტ გზაზე მდგარნი ყოფილან. |
17. | მათი საქციელი ჰგავს იმის მაგალითს, ვინც ცეცხლი დაანთო და, როცა ამ ცეცხლმა ირგვლივ სინათლე მოჰფინა, – ალლაჰმა წარტაცა მათ მხედველობა და ბნელეთში დატოვა უსინათლოდ. |
18. | ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი… ეგენი არ მობრუნდებიან. |
19. | ან, მაგალითს – წყვდიად ღამეში თავსხმა წვიმისა და ჭექა-ქუხილის ქვეშ მოყოლილთას, მეხის დროს რომ თითებს ყურებში იცობენ – სიკვდილის შიშით მოცულნი, თუმცა ურწმუნოებს – ალლაჰი გარემოიცავს*; |
20. | ლამის წარტაცოს ელვამ მხედველობა; როგორც კი გაიელვებს, მაშინვე მასში* ამოძრავდებიან და, სიბნელე რომ ჩამოწვება, – უმალ იყუჩებენ. ალლაჰს რომ ენება, აუცილებლად წაართმევდა სმენასაც და ხედვასაც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა. |
21. | ეი, ადამიანებო! თქვენს ღმერთს ეთაყვანეთ, გაგაჩინათ რომელმაც – თქვენ და თქენზე ადრე მყოფნი; – იქნებ რიდი გქონდეთ; |
22. | რომელმაც თქვენთვის გაფინა დედამიწა საწოლივით, ხოლო ზეცა საბურველად ააგო, შემდეგ ციდან წყალი გადმოადინა და მოსავალი აღმოაცენა თქვენს საზრდოდ. ასე რომ, არ გაუჩინოთ ალლაჰს თანაზიარნი, შეგნებულად. |
23. | თუკი რაიმე დაგაეჭვებთ იმაში, რაც ჩვენს მონა–მორჩილს* ჩამოვუვლინეთ, მაშინ მოუხმეთ ყველა თქვენს მოწმეს, გარდა ალლაჰისა, და იმისი სწორი თუნდაც ერთი სურა მოიტანეთ, თუ ხართ მართალნი. |
24. | და თუ ვერ შეძლოთ, – და რა თქმა უნდა ვერ შეძლებთ, – მაშ, გეშინოდეთ ცეცხლის, – მზამზარეულისა ურწმუნოთათვის, რომლის საწვავიც ადამიანები და ქვებია. |
25. | და ახარე იმათ, ვინც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, რომ მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ქვეშაც – დიან მდინარენი. ისინი, ყოველთვის, როცა იქაური ხილით ისაზრდოებენ, ასე იტყვიან – ეს ისაა, რაც უწინ* გვესაზრდოვაო, თუმცაღა ამისი მსგავსი ებოძათ მხოლოდ; იქ იქნებიან უმწიკვლო მეუღლეებიც, – მარადჟამს დამკვიდრებულნი. |
26. | უეჭველად, ალლაჰს არ ერიდება იგავი მოიყვანოს კოღოსი ან კიდევ მასზე უპირატესი არსების შესახებ. ვინც ირწმუნეს, იციან, რომ იგი* ჭეშმარიტებაა მათი ღმერთისგან, ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს, იტყვიან – რა უნდა (ეთქვა) ალლაჰს ამ იგავითო? – ამ იგავით გზას ააცდენს ბევრს და ჭეშმარიტ გზას უჩვენებს მრავალს ამითვე… და გზიდან არავის გადაიყვანს, თუ არა უღირსებს. |
27. | რომელნიც არღვევენ ალლაჰის აღთქმას მისი განმტკიცების შემდეგ და წყვეტენ იმ კავშირებს, რომელთა გამყარებაც ბრძანა ალლაჰმა, და ქვეყნად თესავენ უკეთურებას… ეგენი არიან, ნამდვილად, – წაგებულნი. |
28. | როგორ უარჰყოფთ ალლაჰს, როცა მკვდარნი იყავით და მან მოგანიჭათ სიცოცხლე, შემდეგ ისევ მოგაკვდინებთ, შემდეგ კი დაგაცოცხლებთ და მას დაუბრუნდებით. |
29. | იგია, ყველაფერი თქვენთვის ვინც გააჩინა, რაც კი დედამიწაზე არსებობს, შემდეგ ზეცისკენ მიეშურა და შვიდ ცად განალაგა ისინი*; – იგია ყოვლისმცოდნე. |
30. | აკი, შენმა ღმერთმა ანგელოზებს უთხრა: აუცილებლად უნდა გავაჩინო ხალიფა* დედამიწაზეო. მათ მიუგეს: ,,ნუთუ იქ გააჩენ ისეთს, ვინც სისხლს დაღვრის და იქმს უკეთურებას, როცა ჩვენი ღაღადისი შენს დიდებაშია და სულ შენს სიწმინდესა და უნაკლოებას ვაღიარებთ?”. (ალლაჰმა) უთხრა: უეჭველად, მე ვიცი ის, რაც თქვენ არ იცითო. |
31. | და ადამს ყველა (მისი ქმნილების) სახელი შეასწავლა, შემდეგ ისინი (ქმნილებები) ანგელოზებს წარუდგინა და უბრძანა: აბა, მაუწყეთ ამათი სახელები, თუკი მართალნი ხართო. |
32. | (ანგელოზებმა) თქვეს: შენა ხარ მხოლოდ ყოვლად უნაკლო, ხოლო ჩვენ არ ვფლობთ სხვა ცოდნას, გარდა იმისა, რაც შენ გისწავლებია, ჭეშმარიტად, – შენა ხარ ბრძენი – ყოვლისმცოდნეო. |
33. | (ალლაჰმა) ბრძანა: ,,ადამ, აუწყე მათ იმათი სახელები!”… და როცა აუწყა (მათ იმათი სახელები), – უთხრა: განა არ გითხარით, რომ მე ნამდვილად ვიცი უხილავთა შესახებ ცათა და დედამიწისა, ასევე, ვიცი, რასაც ამხელთ ან რასაც მალავთო? |
34. | აკი, ვუბრძანეთ ანგელოზებს, რომ ადამისთვის სეჯდეზე* თავდახრილიყვნენ, და უმალ სეჯდეზე ჩაემხნენ, გარდა იბლისისა** , რომელმაც გადიდგულდა, უარზე დადგა და გახდა ურწმუნოთაგანი. |
35. | და ვუთხარით: ,,ადამ! შენ და შენი ცოლი სამოთხეში დასახლდით და უხვად მიირთვით, სადაც რა გენებოთ, თუმცა ამ ხეს ნუ მიუახლოვდებით, თორემ თქვენ იქნებით უსამართლოთაგანნი”. |
36. | მერე აცდუნა ისინი სატანამ და გამოაძევა იქიდან, სადაც იმყოფებოდნენ. ჩვენ მათ ვუთხარით: ,,(ქვეყნად) დაეშვით მტრებად ერთურთისა! დროებითი სამკვიდრო და საბადებელი თქვენთვის –დედამიწაზეა”. |
37. | და ადამმა შეისწავლა სიტყვები* თავისი ღმერთისაგან და ღმერთმაც – მიუტევა; ჭეშმარიტად, – ისაა მიმტევებელი, მწყალობელი. |
38. | ვუბრძანეთ: ,,დაეშვით იქიდან ყველა ერთიანად! ვინც გაჰყვება ჩემგან ნაჩვენებ ჭეშმარიტ გზას მაშინ, როცა სწორი გზის მაჩვენებელი მოგევლინებათ, – მათთვის არც შიში იქნება, არცა მწუხარება”; |
39. | ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნეს და ცრუდ მიიჩნიეს ჩვენი აიათები, აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს. |
40. | ეი, ისრაელის მოდგმავ! ჩემი წყალობა გაიხსენეთ, რომელიც თქვენთვის მიბოძებია, და ჩემს წინაშე დადებულ აღთქმას უერთგულეთ, რომ აღგისრულოთ თქვენზე დანაპირებიც; (თქვენ) მხოლოდ ჩემი შიში გქონდეთ. |
41. | და ირწმუნეთ ის (ყურანი), რაც ჩამოვავლინე თქვენთან არსებულის (თორას) დამამოწმებლად, ნუ იქნებით მისი პირველი უარმყოფელნი და ნურც გაყიდით ჩემს აიათებს მცირე ფასის სანაცვლოდ. ასე რომ, მხოლოდ ჩემი რიდი გქონდეთ. |
42. | არ შემოსოთ სიცრუით ჭეშმარიტება და არც დამალოთ იგი, შეგნებულად. |
43. | აღასრულეთ ნამაზი, გაიღეთ ზექათი* და მოიხარეთ რუქუ’ზე – რუქუ’ზე** მყოფებთან ერთად. |
44. | ნუთუ ხალხს სიკეთისკენ მოუწოდებთ, საკუთარ თავთ კი დაივიწყებთ, მითუმეტეს, როცა წიგნს (თორას) კითხულობთ; ნუთუ გონებას არ მოუხმობთ? |
45. | მოთმინებითა და ნამაზით ეძიეთ ღვთისშემწეობა, – რთულია უთუოდ, ოღონდ არა ღვთისმოშიშთათვის. |
46. | რომელთაც გულდაჯერებით სწამთ, რომ თავიანთი ღმერთის წინაშე წარსდგებიან; რომ მას დაუბრუნდებიან. |
47. | ეი, მოდგმავ ისრაელისა! ჩემი წყალობა გაიხსენეთ, რომელიც თქვენთვის მიბოძებია, როცა მე თქვენ სამყაროთა წინაშე გამოგარჩიეთ; |
48. | და რიდი გქონდეთ იმ დღისა, როცა სული სხვა სულს ვერაფერში ემაგივრება, არც მისი შუამდგომლობა მიიღება, არცა სადამხსნელო და ვერც სხვისგან მიიღებს დახმარებას. |
49. | აკი, გიხსენით ფარაონის ხალხისგან, – გსჯიდნენ როცა, უსასტიკესი სასჯელით: თავებს აცლიდნენ თქვენს ვაჟებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალიშვილებს; – თქვენი ღმერთისგან განსაცდელი იყო ამაში, უდიდესი. |
50. | აკი, თქვენთვის ზღვა გავაპეთ და გადაგარჩინეთ, ხოლო ფარაონის ხალხი დავახრჩვეთ და თქვენც – შესცქეროდით (მომხდარს). |
51. | აკი, ორმოცი ღამე* აღვუთქვით მუსას, მისი წასვლის შემდეგ კი ხბო დაიდგინეთ თაყვანსაცემად (კერპად); – უსამართლონი ხართ ამიტომ. |
52. | ამის მიუხედავად მერე გაპატიეთ, რომ იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით. |
53. | აკი, წიგნი და ფურყანი* ვუბოძეთ მუსას, იქნებ ჭეშმარიტ გზას დასდგომოდით თქვენ. |
54. | აკი, მუსამ თავის ხალხს მიმართა: ეი, ხალხო! უეჭველად, ხბოს (კერპად) დადგენით, საკუთარ სულებს უყავით უსამართლობა, ამიტომ: მოინანიეთ იგი თქვენი გამჩენის წინაშე და დახოცეთ ერთმანეთი*, რადგან ეს უფრო ხეირიანია თქვენთვის, თქვენივე გამჩენის წინაშეო. შემდეგ მან ესეც გაპატიათ. ჭეშმარიტად, – ისაა მიმტევებელი, მწყალობელი. |
55. | აკი უთხარით: ეი, მუსა! არავითარ შემთხვევაში არ დაგიჯერებთ, ვიდრე აშკარად არ ვიხილავთ ალლაჰსო. მაშინვე მეხი დაგემხოთ და თქვენც – შესცქეროდით (მომხდარს). |
56. | მერე აღგადგინეთ სიკვდილის შემდგომ, – იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით; |
57. | და მოგიჩრდილეთ ღრუბელი მაღლიდან და ზეციური მანანა* და მწყერიც ჩამოგივლინეთ. მიირთვით იმათგან, რაც სუფთაა (ჰალალი) და რაც თქვენთვის სარჩოდ გვიწყალობებია… ჩვენ კი არ მოგვქცევიან უსამართლოდ, – ისინი თავიანთ სულებს მოექცნენ უსამართლოდ. |
58. | აკი, გითხარით: ,,შედით ამ ქალაქში და უხვად მიირთვით, სადაც რა გენებოთ; შედით (ამ ქალაქის) კარიბჭეში ქედმოხრილნი და თქვით – „შენდობა!“”… – შეგინდობთ თქვენს ცოდვებს და (წყალობას) გავუზრდით – საქმით კეთილსა და რწმენით იჰსანის მქონეთ*; |
59. | მაგრამ მათ, ვინც უსამართლობდნენ, (ჩვენ მიერ დავალებული) სიტყვა შეცვალეს იმით, რაც არ ჰქონდათ დავალებული, და ვინც უსამართლოდ მოიქცა, ციდან სასჯელი ჩავუვლინეთ, ვინაიდან ურჩობდნენ. |
60. | აკი, ითხოვა მუსამ დარწყულება თავისი ხალხისა და მას ვუთხარით – დაჰკარი კლდეს შენი ჯოხითო, და მაშინვე თორმეტმა წყარომ ამოხეთქა იქიდან. ყველა გვარმა გაიგო ამგვარად – თავიანთი დასარწყურებელი ადგილი. ჭამეთ და სვით ალლაჰის მიერ ბოძებული საზრდოდან და ნუ იბოროტებთ ქვეყნად უკეთურები. |
61. | აკი, თქვით: ,,ეი, მუსა! ვეღარ მოვითმენთ ერთი და იგივე სახეობის საკვებზე ყოფნას და შენს ღმერთს შეევედრე, აღმოგვიცენოს ის, რაც მიწაზე ამოდის: ბოსტნეული, კიტრი, ნიორი, ოსპი და ხახვი”. (მუსამ) გიპასუხათ: ,,ნუთუ გსურთ, შეცვალოთ უფრო ცუდით ის, რაც უკეთესია? (მაშ) ჩადით ქალაქში და, უეჭველად, ყველაფერია იქ თქვენთვის, რასაც ითხოვთ”. (იქ კი) თავს დაატყდათ დამცირება, სიღარიბე და რისხვა ალლაჰისა, რამეთუ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს/სასწაულებს და უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავლებს. ეს ყველაფერი იმისთვის მიეზღოთ, რომ ურჩობდნენ და ზღვარგადასულობდნენ. |
62. | ჭეშმარიტად, მათთვის, ვინც ირწმუნა, და მათთვისაც, ვინც იყო იუდეველი, ნაზარეველი და საბიელი*, ვინც ირწმუნა – ალლაჰი და დღე უკანასკნელი და აკეთა სიკეთე, – სწორედ მათთვისაა ჯილდო – ღმერთთან თავიანთისა… და არც შიში ექნებათ, არცა დამწუხრდებიან (ისინი). |
63. | აკი, ავიღეთ თქვენგან აღთქმა და მთა* აღვმართეთ თქვენს ზემოთ. მთელი სიმტკიცითა და გულისხმიერებით აიღეთ ის, რაც (თევრათის სახით) გადმოგეცით და გახსოვდეთ, რაცაა მასში, – იქნებ რიდი გქონდეთ. |
64. | მერე, პირი იბრუნეთ მაინც ამის* შემდეგ და, რომ არა ალლაჰის მადლი და წყალობა თქვენდა, – უთუოდ იქნებოდით განადგურებულთაგან. |
65. | ვფიცავ, კარგად უწყით იმათზე, რომ შაბათი* დაარღვიეს; რომ მათ ვუთხარით – საძაგელ მაიმუნებად გადაიქეცითო. |
66. | შემდეგ, სამაგალითოდ ვაქციეთ იგი მათი თანამედროვენისა და შემდგომი თაობებისთვის, ასევე, შეგონებად – ღვთისმოშიშთათვის. |
67. | აკი, თავის ხალხს უთხრა მუსამ – ჭეშმარიტად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ დაკლათ ძროხაო. მათ მიუგეს: ,,ნუთუ მასხრად გვიგდებ?”. უთხრა: ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიყო უვიცთაგანიო. |
68. | მათ თქვეს: შეევედრე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ გაგვარკვიოს, – როგორია იგი. მიუგო: ,,ჭეშმარიტად, ის(ალლაჰი) ამბობს, რომ უეჭველად, იგია ძროხა: არც ხნიერი და არც დეკეული, არამედ ამათ შორის – საშუალო ხნისა. მაშ, აღასრულეთ იგი, რაც გებრძანათ”. |
69. | მათ თქვეს: შეევედრე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ გაგვარკვიოს, – რა ფერისაა იგიო. მიუგო: ,,ჭეშმარიტად, ის ამბობს, რომ იგია ძროხა –ხასხასა ყვითელი ფერისა, რომელსაც შეჰხარიან მნახველნი”. |
70. | მათ თქვეს: შეევედრე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ (უკეთ) გაგვარკვიოს – როგორია იგი, რადგანაც ბევრია ჩვენთვის იგივენაირი ძროხა და, ალლაჰი თუ ინებებს, უეჭველად, ჩვენ ვიქნებით ჭეშმარიტ გზაზე მდგომნიო; |
71. | მიუგო: ჭეშმარიტად, ის ამბობს, რომ იგია ძროხა: არა დამცრობილი – მიწის ხვნასა და ნათესის რწყვაში; ყოვლად უვნებელი, რომელსაც რაიმე თვალსაჩინო ლაქა არ გააჩნიაო. მათ თქვეს: ,,აი, ახლა მოხვედი ჭეშმარიტებით”. ბოლოს დაკლეს იგი, თუმცა, ცოტაც და ვეღარ შეძლებდნენ*(პოვნას). |
72. | აკი, ერთი კაცი მოკალით და მერე ერთმანეთს გადააბრალეთ, არადა, რასაც მალავდით, – ალლაჰია გამომააშკარავები. |
73. | და ვუთხარით: ,,დაკლული ძროხის ზოგიერთი ნაწილი მიცვალებულს შეახეთ”… ასე აცოცხლებს ალლაჰი მიცვალებულებს, ასე გიჩვენებთ თავის აიათებს/სასწაულებს, იქნებ გონს მოეგოთ. |
74. | მერე მაინც, – გულნი გაგიხდათ სალი კლდესავით ან კიდევ უფრო შეუღწეველი, ვინაიდან: კლდეთაგანია ის, საიდანაც მდინარეები მოჩხრიალებენ; მათგანიცაა, რანიც სკდებიან და გადმოსჩქეფენ შიგნიდან წყლები; კიდევ მათგანი, რანიც ალლაჰის შიშისგან გორვით ქვეეშვებიან… – ხოლო ალლაჰი უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ. |
75. | ნუთუ იმედოვნებთ, რომ თქვენსას ირწმუნებენ (იუდეველნი)? უეჭველად, მათგან ერთ–ერთნი ალლაჰის სიტყვებს ისმენდნენ და, როცა გაიაზრებდნენ ხოლმე, – მას შემდგომ შეგნებულად ასხვაფერებდნენ. |
76. | და როცა მურწმუნეებს შემოხვდებიან, ამბობენ, რომ ჩვენც ვირწმუნეთო, ხოლო როდესაც ერთმანეთთან განმარტოვდებიან, ეუბნებიან: ნუთუ უამბობთ იმას, რაც ალლაჰს თქვენთვის უცნობებია, მერე თქვენი ღმერთის წინაშე რომ მოგიყვანონ მტკიცებულებად;* ნუთუ გონებას არ მოუხმობთო? |
77. | განა არ იციან, რომ ალლაჰმა იცის ყველაფერი, რასაც მალავენ და რასაც აცხადებენ?! |
78. | და მათგან არიან წერა–კითხვის უცოდინარნი, რომელთაც არაფერი გაეგებათ წიგნის შესახებ, გარდა შეთხზული ამბებისა და ისინი მხოლოდ ვარაუდობენ. |
79. | ვაი იმათ, რომელნიც საკუთარი ხელებით წერენ წიგნს და მერე ამბობენ, ალლაჰისგანააო, რათა მცირე საფასურად გაყიდონ იგი. ვაი იმათ იმისთვის, რაც დაწერეს მათმა ხელებმა და ვაი იმათ იმისთვის, რაც ასე მოიხვეჭეს. |
80. | და თქვეს: ,,ვერ შეგვეხება ცეცხლი ჩვენ, გარდა გათვლილი დღეებისა”. უთხარი: ,,ხომ არ აგიღიათ აღთქმა ალლაჰისგან? – ალლაჰი ხომ არ გადავა თავისი აღთქმიდან, არავითარ შემთხვევაში, – თუ, ალლაჰის შესახებ იმას ამტკიცებთ, რაც თქვენ არ იცით?”. |
81. | პირიქით! ვინც სიავენი მოიხვეჭა და ვინაც ცოდვებმა გარემოიცვა, აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს. |
82. | ხოლო ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი, აი, ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს. |
83. | აკი, აღთქმა ავიღეთ ისრაელის მოდგმისგან, რომ არავის ეთაყვანოთ გარდა ალლაჰისა, სიკეთე უკეთეთ მშობლებს, ნათესავებს, ობლებს, ღატაკებს, ტკბილად ესაუბრეთ ხალხს,ნამაზი აღასრულეთ და ზექათი გაეცით. თქვენ კი შემდეგ პირი იბრუნეთ მაინც, გარდა მცირედნისა; თქვენ სულ ზურგშექცეულნი ხართ. |
84. | აკი, აღთქმა ავიღეთ თქვენგან, რომ არ დაღვაროთ ერთმანეთის სისხლი და არ გაყაროთ ერთმანეთი საკუთარი სახლებიდან. ეს ყველაფერი შემდეგ აღიარეთ და თქვენვე მოწმობთ ამაზე. |
85. | ამის შემდეგ, თქვენ ერთმანეთს ხოცავთ მაინც და აძევებთ საკუთარი სახლებიდან ზოგიერთს და ზურგს უმაგრებთ მათ წინააღმდეგ ერთმანეთს, მტრობითა და ბოროტებით. და თუ ტყვეებად მოგივიდნენ, გამოსასყიდს ითხოვთ მათგან, არადა მათი გაძევება აკრძალული გქონდათ თქვენ. ნუთუ წიგნის ნაწილი გწამთ და ნაწილს უარყოფთ? და რა იქნება საზღაური, რომელი თქვენგანიც ამას სჩადის, თუ არა დამცირება ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, და განკითხვის დღესაც უმკაცრეს სასჯელს მიეცემიან, რადგან ალლაჰი არაა უგულისყურო იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ. |
86. | ეგენი არიან, ვინც ამქვეყნიური ცხოვრება იყიდეს იმ ქვეყნის ფასად. ამიტომ არ შეუმსუბუქდებათ მაგათ სასჯელი და არც დახმარება გაეწევათ. |
87. | და, რა თქმა უნდა, – მუსას მივეცით წიგნი და შემდეგ მივადევნეთ შუამავლები. ცხადი მტკიცებულებანი ვუბოძეთ მერიემის ძე ‘ისასაც და წმინდა სულით* განვამტკიცეთ იგი. განა ყოველთვის, როცა მოგდიოდათ შუამავალნი ისეთი გზავნილებით, რაც იყო მოუწონარი თქვენი გემოვნებისთვის, – თქვენ არ მედიდურობდით და მათგან ნაწილს ცრუდ არ რაცხავდით და ნაწილს არ ხოცავდით? |
88. | და თქვეს: ჩვენს გულებს ადევს საფარველიო. – პირიქით, ალლჰამა თავიანთი ურწმუნოების გამო დასწყევლა და, აი, – უმცირესია, რასაც ისინი რწმუნობენ. |
89. | და როცა მათთან არსებულის (თევრათის) დამამოწმებელი წიგნი (ყურანი) მიუვიდათ ალლაჰისგან, – უარჰყვეს იგი, არადა მანამდე დახმარებას ელოდნენ* ურწმუნოთა წინააღმდეგ. როცა მიუვიდათ ის, რასაც უკვე (თევრათიდან) იცნობდნენ, – აღარ ირწმუნეს და, ალლაჰის წყევლა ურწმუნოებს, – ამიტომ! |
90. | რაოდენ ცუდია ის, რის გამოც თავიანთი სულები გაყიდეს: შურდათ, რომ ალლაჰი თავის მადლს ჩამოავლენს იმ მსახურებზე, ინებებს ვისზეც, – და არ ირწმუნეს ის, რაც ჩამოავლინა, რის გამოც რისხვაზე რისხვა* დაიმსახურეს… და ურწმუნოთათვისაა სასჯელი დამამცირებელი. |
91. | და როდესაც უთხრეს, ირწმუნეთ ის, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო, მიუგეს: გვწამს ის, რაც ჩვენზეა ჩამოვლენილიო და, მის გარდა სხვა დანარჩენს – უარყოფენ. არადა ის (ყურანი) მათთან არსებულის დამამოწმებელი ჭეშმარიტებაა. უთხარი: მაშ, რად ხოცავდით ალლაჰის მაცნეებს, თუკი იყავით (თევრათის) მორწმუნენი? |
92. | ჭეშმარიტად, მუსა მოვიდა თქვენთან ცხადი მტკიცებულებებით, მერე კი ხბო დაიდგინეთ კერპად მას შემდეგ* და გახდით უსამართლონი. |
93. | აკი, ავიღეთ აღთქმა თქვენგან და აღვმართეთ მთა (სინასი) თქვენს ზემოთ; (გიბრძანეთ რომ:) – მთელი სიმტკიცითა და გულისხმიერებით აიღეთ, რაც (თევრათის სახით) გადმოგეცით და შეისმინეთ. მათ თქვეს – გვესმა და ვეურჩეთო, რადგან თავიანთი ურწმუნოების გამო ხბოს თაყვანისცემით ჰქონდათ გულები გაჟღენთილნი. უთხარი: ,,რა ცუდია ის, რასაც თქვენი რწმენა გიბრძანებთ, თუკი თქვენ ხართ მორწმუნენი”. |
94. | უთხარი: ,,თუკი ალლაჰთან, სხვა ხალხის გარეშე, – (მხოლოდ) თქვენთვისაა განკუთვნილი იმქვეყნიური სამკვიდრებელი*, მაშინ სიკვდილი ისურვეთ, თუ ხართ ნამდვილად გულწრფელნი”. |
95. | მაგრამ ამას არასოდეს ისურვებენ იმის გამო, რაც უკვე ჩაუდენიათ მათ ხელებს… ალლაჰი იცნობს უსამართლოებს. |
96. | ვფიცავ, უთუოდ ჰპოვო ეგენი, – სიცოცხლის მიმართ ყველაზე დახარბებულნი, იმ ხალხზე ჭარბადაც კი, რომლებიც ღმერთს უთანაზიარებენ*. ყოველ მათგანს სურს, ათასი წელი იცოცხლოს, თუმცა ხანგრძლივი სიცოცხლეც ვერ განარიდებს მათ სასჯელისგან. ყველაფერს ხედავს ალლაჰი, რასაც ისინი აკეთებენ. |
97. | უთხარი იმას, ვინცა მტერია ჯიბრილისა, – რომ ჭეშმარიტად, ალლაჰის ნებით მან (ჯიბრილმა) ჩამოავლინა იგი* შენს გულზე: დამამოწმებლად იმისა, რაც იყო ადრე; ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად და ხარებად მორწმუნენისა. |
98. | ვინცა მტერია ალლაჰისა, მისი ანგელოზებისა, (მისი) შუამავლებისა, ჯიბრილისა და მიქაილისა, – უეჭველად, ალლაჰიც მტერია ურწმუნონისა. |
99. | ჭეშმარიტად, ჩვენ ჩამოგივლინეთ ნათელი აიათები/სასწაულები და მათ არავინ უარყოფს, გარდა უღირსებისა. |
100. | როდესაც აღთქმას დადებდნენ, ნაწილი მათი მუდამ არღვევდა; უფრო მეტიც, – უმრავლესობას არა სწამს. |
101. | და როცა მიუვიდათ მათ ალლაჰისგან შუამავალი, – იმის დამამოწმებელი, რაც იყო მათთან (თევრათი), – მათმა ნაწილმა, ვისაც (ეს) წიგნი ებოძა, – ზურგს უკან მოისროლა ალლაჰის წიგნი, ვითომც არ იცოდნენ (მისი შინაარსი)*. |
102. | – და გაჰყვნენ იმას, რასაც უყვებოდნენ სატანები სულეიმანის სამეფოს შესახებ. – სულეიმანი კი არ ყოფილა ურწმუნო (ჯადოსანი), – სატანები იყვნენ ურწმუნონი. ისინი ხალხს ასწავლიდნენ ჯადოსნობასა და იმას, რაც ორ ანგელოზს – ჰარუთსა და მარუთს ჩამოევლინათ ბაბილონში. ეს ორნი არ ასწავლიდნენ ისე არავის, თუ არ ეტყოდნენ, რომ ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ საცდურად და (ჯადოსნობის შესწავლით) ნუ იქცევით ურწმუნოებადო. ხალხი მათგან იმას სწავლობდა, რაც გააშორებდა კაცს თავისი ცოლისგან. – ვერავის ავნებდნენ ამით ისინი, რომ არა – ნება ალლაჰისა. ისინი სწავლობდნენ იმას, რაც მავნე იყო მათთვის და არ ყოფილა სარგებლის მომტანი. ვფიცავ, მათ იცოდნენ, რომ ამას* ვინც შეიძენდა, არანაირი ხვედრი არ ერგებოდა მას იმქვეყნად. ნეტა სცოდნოდათ, თუ რა ცუდია ის, რის სანაცვლოდაც გაყიდეს სულები, თავიანთი; |
103. | ნეტა სცოდნოდათ, რომ რწმენა და რიდი თუ ექნებოდათ, – ალლაჰის წინაშე დამსახურებული მადლი უთუოდ უკეთესია. |
104. | ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, აღარ წარმოთქვათ სიტყვა „რა’ინაა“ (დაგვმწყემსე), არამედ თქვით – „უნზურნაა“* (შემოგვხედე და ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინე) და შეისმინეთ, ხოლო ურწმუნოთათვის – მწარე სასჯელია. |
105. | არ ისურვებენ ისინი, ვინც არ ირწმუნა წიგნბოძებულთაგან* და არც წარმართნი, რომ თქვენზე სიკეთე ჩამოევლინოს თქვენი ღმერთისგან. ალლაჰი კი მხოლოდ მას მიაკუთვნებს თავის წყალობას, ვისაც მოისურვებს. – ალლაჰია მფლობელი უდიდესი წყალობისა. |
106. | რომელ აიათსაც ვაუქმებთ/ვცვლით* ან ვავიწყებინებთ, ჩვენ მოგვაქვს ხოლმე იმის სწორი ან მასზე უკეთესი. განა არ იცოდი, რომ ალლაჰი ნამდვილად ყოვლისშემძლეა?! |
107. | განა არ იცი, რომ მართლაც ალლაჰს ეკუთვნის ცათა და დედამიწის ხელმწიფება? – ასე რომ, არავინაა თქვენი ქომაგი და დამხმარე, გარდა ალლაჰისა. |
108. | ან იქნებ გსურთ, რომ (უადგილო და ფუჭი) კითხვები დაუსვათ თქვენს შუამავალს ისე, – უწინ რომ მუსას ეკითხებოდნენ? – უთუოდ, სწორ გზას ასცილდეს იგი, ვინც რწმენა გაცვალოს ურწმუნოებაში. |
109. | ბევრია მსურველი წიგნბოძებულთაგან, რომ თქვენი რწმენის შემდგომ (ისევ) ურწმუნოებად უკუგაქციონ, თავიანთ სულებში დამკვიდრებული შურის გამო – ჭეშმარიტება რომ გაუცხადდათ. მაშ, მიუტევეთ და განერიდეთ, ვიდრე არ მოვა ბრძანება ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა. |
110. | შეასრულეთ ნამაზი, გაეცით ზექათი და, თქვენი სულებისთვის რა სიკეთესაც წინასწარ გაიმზადებთ, – იმასვე ჰპოვებთ ალლაჰის წინაშე. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც თქვენ აკეთებთ. |
111. | და თქვეს: ვერავინ შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინცაა იუდეველი ან ნაზარეველიო. ეს მხოლოდ ოცნებაა მათი. უთხარი: ,, თუკი ნამდვილად გულწრფელნი ხართ, მაშ, მოიტანეთ ცხადი მტკიცებულებანი”. |
112. | პირიქით: – მისთვის, ვინც ალლაჰს დაუმორჩილა მთელი თავისი პიროვნულობა და ვინც თავად არს კეთილმოქმედი, – სწორედ მისთვისაა ჯილდო თავისი ღმერთის წინაშე და არც შიში ექნება, არცა მწუხარება. |
113. | არანაირ ჭეშმარიტებას არ ადგანან ნაზარეველნიო, – თქვეს იუდეველებმა; არანაირ ჭეშმარიტებას არ ადგანან იუდეველნიო, – თქვეს ნაზარეველებმაც. არადა ისინი (ღვთიურ) წიგნს კითხულობენ (სადაც მსგავსი არაფერი უწერიათ) და, მათი სიტყვის მსგავსად იმათმა თქვეს, – რომელთაც არაფერი იციან (ღვთიური წიგნების შესახებ ცოდნა არ მიუღიათ)… და განკითხვის დღეს ალლაჰი განსჯის მათ შორის იმას, რაშიც უთანხმოებდნენ. |
114. | ვინაა იმაზე უფრო უსამართლო, რომელიც აბრკოლებს სამლოცველოებში, რომ იქ ალლაჰის სახელი იხსენიებოდეს და მიილტვის მათ დასაქცევადაც. ეგენი სხვანაირნი ვერ უნდა შედიოდნენ მასში, თუ არა შიშით შეპყრობილნი და, მათთვისაა: ამქვეყნად დამცირება და იმქვეყნად – სასჯელი უდიდესი. |
115. | ალლაჰისაა აღომსავლეთიცა და დასავლეთიც და, საითკენაც მიმობრუნდებით, – იქ ჰპოვებთ (კმაყოფილ) სახეს ალლაჰისა, ჭეშმარიტად, – ალლაჰია ყოვლისმცოდნე, უუხვესწყალობიანი. |
116. | და თქვეს: ალლაჰმა შვილი იყოლიაო. ის ყოვლად უნაკლოა*! – პირიქით, – მისია ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და დედამიწაზე; მას უდრეკს ქედს ყოველივე; |
117. | გამჩენელია ცათა და დედამიწისა და რის ქმნასაც გადაწყვეტს, მას მხოლოდ ეტყვის – „იყავ“ და მაშინვე იქნება. |
118. | და თქვეს მათ, რომელთაც არაფერი იცოდნენ: ჩვენ დაგვლაპარაკებოდა ალლაჰი ან ერთი აიათი მაინც მოგვსვლოდაო. მათზე ადრე მყოფნიც ასე ამბობდნენ, ამგვარი სიტყვებით, და მათი გულებიც – ერთმანეთს დაემსგავსნენ… – მართლაც ნათელვყავით ჩვენ აიათები – ღრმადმორწმუნე ხალხისათვის. |
119. | უეჭველად, ჩვენ წარგაგზავნეთ შენ ჭეშმარიტებით, – ხარებადა და გაფრთხილებად და, არ მოგეკითხება შენ – ცეცხლის ბინადართა შესახებ. |
120. | არც იუდეველნი და არც ნაზარეველნი არ იქნებიან შენით კმაყოფილნი, – ვიდრე იმათ რჯულს არ გაჰყვები. უთხარი: ,,ჭეშმარიტად, ალლაჰის მიერ მითითებული გზაა – გზა ჭეშმარიტი”. ვფიცავ, თუკი დაჰყვები იმათ გემოვნებას მას შემდეგ, რაც ცოდნა* მოგივიდა, – არ გეყოლება შენ ალლაჰისგან არცა ქომაგი, არცა დამხმარე. |
121. | იმათ, – ვისთვისაც წიგნი გვიბოძებია და ღირსეული კითხვით კითხულობენ მას, – სწორედ იმათ სწამთ მისი, ხოლო რომელნიც უარყოფენ, – ეგენი არიან წაგებულნი. |
122. | ეი, მოდგმავ ისრაელისა! ჩემი წყალობა გაიხსენეთ, რომელიც თქვენთვის მიბოძებია, როცა მე თქვენ სამყაროთა* წინაშე გამოგარჩიეთ. |
123. | და რიდი გქონდეთ იმ დღისა, როცა სული სხვა სულს ვერაფერში ემაგივრება, არც მისი შუამდგომლობა მიიღება, არცა სადამხსნელო და ვერც სხვისგან მიიღებს დახმარებას. |
124. | აკი, ზოგი სიტყვით/ბრძანებით გამოსცადა იბრაჰიმი თავისმა ღმერთმა და მანაც შეასრულა ისინი. ღმერთმა უთხრა: ჭეშმარიტად, მე შენ დაგადგენ ხალხის წინამძღვრადო. იბრაჰიმმა უთხრა (სთხოვა) – ჩემი შთამომავლებიდანაცო (დაადგინეო). ღმერთმა მიუგო: ,,ჩემი აღთქმა არ ეხება უსამართლოთ”. |
125. | აკი, ეს სახლი (ქააბა) ხალხის თავშეყრისა და უსაფრთხოების ადგილად დავადგინეთ, მაშ, იბრაჰიმის ნადგომიდან* დაიდგინეთ სამლოცველო. და ჩვენ დავავალეთ იბრაჰიმსა და ისმა’ილს, რომ ჩემი სახლი განეწმინდათ(კერპებისგან) იმათთვის, ვინც ტავაფს** აკეთებს, ღვთისმასუხებას მიეცა ან რუქუღითა და სეჯდეთია დაკავებული. |
126. | აკი, თქვა იბრაჰიმმა: ღმერთო, აქციე ეს (მექქა) უსაფრთხო ქალაქად და მისი მკვიდრნი ასაზრდოვე (სხვადასხვა) ხილეულით, ისინი, ვინც ალლაჰსა და უკანასკნელ დღეს ირწმუნებენო. ღმერთმა მიუგო: მცირედით* იმათაც ვასარგებლებ, რომელთაც (რწმენა) უარყვეს, მერე კი ცეცხლის სასჯელში შესვლას ვაიძულებ… და რა ცუდი სამყოფელია მათი საბოლოო მისაქციელი. |
127. | აკი, იბრაჰიმი და ისმა’ილი რომ სახლის (ქააბას) საძირკვლებს ამაღლებდნენ (თან ამბობდნენ): ღმერთო ჩვენო, მიიღე ეს ჩვენგან, – ჭეშმარიტად, შენა ხარ ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეო. |
128. | ღმერთო ჩვენო! დაე, გვამყოფე (ჩვენ ორნი) შენდა მორჩილნად/მუსლიმებად და შენდამი მორჩილი/მუსლიმი ამყოფე თემი – ჩვენი შთამომავლებისაც, გვიჩვენე ჩვენი მოვალეობები და მოგვიტევე ჩვენ, ჭეშმარიტად, შენა ხარ მიმტევებელი და მწყალობელი. |
129. | ღმერთო ჩვენო! წარგზავნე მათთან შუამავალი მათივე წრიდან, ვინც წაუკითხავს შენს აიათებს, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს* და განწმინდავს მათ. ჭეშმარიტად, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენთა ბრძენი. |
130. | და ვინ განუდგა იბრაჰიმის რჯულს, თუ არა ის, ვინც უგუნურად მოექცა სულს თავისივეს? ვფიცავ, ჩვენ ის* ამქვეყნად ამოვარჩიეთ და უსათუოდ, ის იმქვეყნადაც სათნოთაგანია. |
131. | აკი, მას უთხრა თავისმა ღმერთმა: იყავი მორჩილიო/მუსლიმიო. მან მიუგო: მორჩილი/მუსლიმი ვარ სამყაროთა ღმერთისაო. |
132. | ამითვე დაარიგა თავისი შვილები იბრაჰიმმა და ია’ყუბმაც: ,,ეი, ჩემო ძენო! ჭეშმარიტად, თქვენთვის ალლაჰმა (ისლამის) რჯული ამოარჩია, დაე, ნუ მოკვდებით ისე, რომ თქვენ არ იყოთ მუსლიმები/მორჩილები”. |
133. | ნუთუ მოწმენი იყავით,* როცა სიკვდილი ეწვია ია’ყუბს? – როდესაც უთხრა თავის შვილებს – ვის ეთაყვანებით ჩემს შემდეგო? (მათ) მიუგეს: ჩვენ (მხოლოდ) შენს ღმერთს ვეთაყვანებით, – ღმერთს შენი მამა-პაპისა, იბრაჰიმის, ისმა’ილის და ისჰაყისა; – ღმერთს ერთადერთისა, და ჩვენ მისი მორჩილნი/მუსლიმნი ვართო. |
134. | ეგ არის თემი – აწ გარდასული. მათია ის, რაც მოიხვეჭეს და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ. არ მოგეკითხებათ თქვენ ის, რასაც ისინი აკეთებდნენ. |
135. | და თქვეს: ,,იყავით იუდეველნი ან ნაზარეველნი, რომ დაადგეთ გზას ჭეშმარიტებისა”. უთხარი: – პირიქით, – (უნდა იყო) ჰანიფი*, იბრაჰიმის რჯულის მიმდევარი! ის არ ყოფილა წარმართთაგანიო. |
136. | უთხარით: ვირწმუნეთ ალლაჰი და ის, რაც, ჩვენზე ჩამოევლინა, ასევე, რაც იბრაჰიმს, ისმა’ილს, ისჰაყს, ია’ყუბს და (მის) შთამომავლობას ჩამოევლინა, რაც მუსასა და ‘ისას მიეცათ, ასევე, რაც მაცნეებს მიეცათ – თავიანთი ღმერთისაგან; მათგან არცერთს არ განვასხვავებთ და ჩვენ მისი მორჩილნი/მუსლიმები ვართო. |
137. | თუ ისე ირწმუნეს, როგორც თქვენა გწამთ მისი, მაშინ ნამდვილად ჭეშმარიტ გზას დასდგომიან, ხოლო თუ პირი იბრუნეს, უეჭველად, დიდ ცილობაში იქნებიან. იმათ წინაშე – შენთვის ალლაჰი საკმარისია, რამეთუ ისაა ყოვლისმსმენელი, ყოვლისმცოდნე. |
138. | ალლაჰის საღებავი*… – აბა, ვინაა საღებავის მფლობელი – მჯობნი ალლაჰისაზე? და ჩვენ ვართ – მისი მოთაყვანენი. |
139. | უთხარი: ნუთუ ალლაჰის (და მისი რჯულის) შესახებ გვეკამათებით, ის ხომ ჩვენი და თქვენი ღმერთია? ჩვენია ჩვენი ნამოქმედარი და თქვენი – თქვენი ნამოქმედარი, ხოლო ჩვენ – მისი ერთგულნი ვართო. |
140. | იქნებ ამბობთ, რომ იბრაჰიმი, ისმა’ილი, ისჰაყი, ია’ყუბი და (მისი) შთამომავლები – იუდეველნი ან ნაზარეველნი იყვნენ? უთხარი: ,,თქვენ უკეთ იცით თუ ალლაჰმა”? ვინაა იმაზე უსამართლო, ვინცა მოწმობა დამალა, რომელიც ალლაჰისგან იყო მასთან? ხოლო ალლაჰი არაა უგულისყურო იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ. |
141. | ეგ არის თემი – აწ გარდასული. მათია ის, რაც მოიხვეჭეს და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ. არ მოგეკითხებათ თქვენ ის, რასაც ისინი აკეთებდნენ. |
142. | ხალხთაგან ჭკუასუსტნი იტყვიან: რამ შეაბრუნა ისინი თავიანთი ყიბლისგან,* რომლისკენაც იყვნენ მიმართულნი?** მიუგე: ,,ალლაჰისაა აღმოსავლეთიცა და დასავლეთიც; ვისაც მოისურვებს, მას დააკვალიანებს გზისკენ – ჭეშმარიტი”. |
143. | და ამგვარად, ზომიერ თემად გაქციეთ, რათა მოწმენი იყოთ ხალხის შესახებ და შუამავალიც – თქვენს შესახებ იყოს მოწმე. სხვა არაფრისთვის დაგვიდგენია ის ყიბლა, რომლისკენაც იყავით მიმართულნი, – თუ არა იმისთვის, რომ ნათელგვეყო*: ვინ დამყოლია შუამავლისა და ვინ – უკან მიბრუნდა, თავისივე ქუსლების მიმრთულებით (ურწმუნოებაში). დიდი სირთულეა იგი უთუოდ, თუმცა არა იმათთვის, ვინაც ალლაჰმა ჭეშმარიტი გზით დააკვალიანა. ალლაჰი არ დაგიკარგავთ თქვენს რწმენას,** ჭეშმარიტად, ალლაჰი ადამიანების მიმართ უსაზღვროდ მწყალობელი და შემბრალებელია. |
144. | რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ შენი სახის ზეცისკენ მიმობრუნებას და, რაღა თქმა უნდა, – მიგაბრუნებთ ყიბლისკენ, რომლითაც კმაყოფილი იქნები. მაშ, აწი სახე მესჯიდი ჰარამისკენ* მიაქციე; სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, – (ლოცვის დროს) თქვენი სახეები მისი მიმართულებით მიაპყარით! და ისინი, რომელთაც წიგნი ებოძათ, ზუსტად უწყიან, რომ ეს**უზუსტესი ჭეშმარიტებაა მათი ღმერთისგან, ხოლო ალლაჰი უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც ისინი აკეთებენ. |
145. | და ვფიცავ, ყველა მტკიცებულება რომც აჩვენო, მაინც არ მიჰყვებიან შენს ყიბლას წიგნბოძებულნი*; არც შენა ხარ მათი ყიბლის მიმყოლი; არც ერთმანეთის ყიბლას მიჰყვებიან ისინი; ვფიცავ, თუკი აჰყვები იმათ გემოვნებას იმის შემდეგ, რაც უკვე ცოდნით აღიჭურვე, მაშინ, უთუდ, შენ იქნები უსამართლოთაგანი. |
146. | ისინი, რომელთაც წიგნი ვუბოძეთ, ისე იცნობენ მას*, როგორც საკუთარ შვილებს იცნობენ. უეჭველად, მათგან ზოგიერთი შეგნებულად მალავს ჭეშმარიტებას. |
147. | ჭეშმარიტება შენი ღმერთისგანაა და არ იყო იმათგანი, ვინც ორჭოფობს. |
148. | ყველას თავისი მხარე (ყიბლა) აქვს, რომლისკენაც სახეს მიაქცევს. მაშ, სიკეთისყოფაში შეეჯიბრეთ ერთმანეთს. ყველას ერთად შეგკრებთ ალლაჰი, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ; – ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა. |
149. | სადაც არ უნდა გახვიდე (გზაში მყოფმა), სახე მიმართე მესჯიდი ჰარამისკენ (ლოცვისას), – უეჭველად, ჭეშმარიტებაა იგი შენი ღმერთისგან და ალლაჰიც – უგულისყურო არაა იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ. |
150. | სადაც არ უნდა გახვიდე (გზაში მყოფმა), სახე მიმართე მესჯიდი ჰარამის მხარეს (ლოცვისას) და სადაც არ უნდა იყოთ, – მისკენ მიაქციეთ თქვენი სახეები, რათა (საკამათო) საბაბი აღარ ჰქონდეს ხალხს თქვენს წინააღმდეგ, გარდა იმათი, ვინც მათ შორის უსამართლოა, და არ შეუშინდეთ მათ, (მხოლოდ) ჩემი გეშინოდეთ, რათა სრულვყო ჩემი წყალობა თქვენდამი… და იქნებ ჭეშმარიტ გზას დასდგომოდით თქვენ. |
151. | როგორც წარმოვგზავნეთ თქვენთან შუამავლად ერთ–ერთი თქვენგანივე, რომელიც გიკითხავთ ჩვენს აიათებს, გწმენდთ (ყოველგვარი უკეთურებისგან) და გასწავლით წიგნსა და სიბრძნეს, – გასწავლით იმას, რაც არ იცოდით. |
152. | მაშ, გამიხსენეთ და გაგიხსენებთ; მემადლიერეთ და არ მეუმადუროთ! |
153. | ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მოთმინებითა და ნამაზით ეძიეთ ღვთისშემწეობა; – ნამდვილად, ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა. |
154. | და ნუ მოიხსენიებთ მკვდრებად იმათ, ვინც ალლაჰის გზაზე დაიღუპნენ. პირიქით, ისინი ცოცხლები არიან, თუმცა თქვენ ვერ გააცნობიერებთ. |
155. | ვფიცავ, ჩვენ რაღაცით აუცილებლად გამოგცდით: შიშით, შიმშილით, ქონების, სულთა და ნაყოფთა ნაკლულობით; – მომთმენთ კი ახარე. |
156. | რომლებიც თავს დამტყდარი უბედურების ჟამს ამბობენ: ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და უთუოდ, ჩვენ ისევ მას მივბარდებითო. |
157. | აი, ეგენი არიან, ვისზეცაა მათი ღმერთის ლოცვანი და წყალობა, და სწორედ ეგენი არიან ჭეშმარიტ გზაზე მდგარნი. |
158. | ჭეშმარიტად, საფა და მერვა* ალლაჰის (მორჩილების) ნიშანთაგანნია. ვინც (ქააბას წმინდა) სახლს ეწვევა ჰაჯობისა ან ‘უმრასთვის, იმისთვის ცოდვა არ იქნება ამ ორივეზე (წეს–ჩვეულებისამებრ) გარსშემოვლა, ხოლო ვინც თავისი სურვილით იზამს სიკეთეს, ჭეშმარიტად, ალლაჰი მადლიერია, ყოვლისმცოდნეა. |
159. | უეჭველად, მათ, ვინც ჩვენ მიერ ჩამოვლენილ ცხად მტკიცებულებებსა და ჭეშმარიტ გზას მალავენ მას შემდეგ, რაც ხალხს წიგნში განვუმარტეთ იგი, – სწორედ მათ სწყევლის ალლაჰი და სწყევლიან მაწყევარნი. |
160. | იმათ გარდა, ვინც მოინანიეს (შეცდომები), გამოასწორეს და გამოააშკარავეს (რასაც მალავდნენ). აი, იმათ მივუტევებ, რადგანაც მე ვარ მიმტევებელი და მწყალობელი. |
161. | უეჭველად, იმათზე, ვინც არ ირწმუნეს და ურწმუნოებადვე დაიხოცნენ, – აი, სწორედ იმათზეა წყევლა ალლაჰისა, ანგელოზებისა და ადამიანებისა, ყველასი. |
162. | მუდმივად მასში* იქნებიან. მათ არც სასჯელი შეუმსუბუქდებათ და არც შესვენებას დააცდიან. |
163. | და ღმერთი თქვენი – ერთი ღმერთია. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – მოწყალისა, მწყალობელისა. |
164. | უეჭველად, – ცათა და დედამიწის გაჩენაში, დღეთა და ღამეთა მიმოქცევაში, ხალხის საკეთილდღეოდ ზღვად მიმომცურავ გემებში და იმაშიც, ალლაჰმა რომ ციდან წყლად ჩამოასხურა და იმის* სიკვდილის შემდეგ მისით* რომ მიწა გამოაცოცხლა და ყოველგვარი სულდგმული მასზე მიმოფინა, და ცასა და დედამიწას შორის მიმომქროლ ქარებსა და მორჩილად მიმომსვლელ ღრუბლებში – ნადმვილად სასწაულებია გონიერი ხალხისთვის. |
165. | ადამიანთა შორის არიან ისეთნიც, ვინც დაიდგინეს სხვა თანაზიარნიც, გარდა ალლაჰისა, და ისე უყვართ ისინი, როგორც უყვართ ალლაჰი; ხოლო ვინც ირწმუნეს, მათ უყვართ ალლაჰი – ზეაღსავსებით. ნეტა იმათ, ვინც უსამართლოდ იქცევიან, (აქვე) – დაენახათ მთელი ძალაუფლება, როგორც სასჯელის მიღებისას დაინახევენ. უეჭველად, ალლაჰი მძიმესასჯელოსანია. |
166. | როცა ისინი, ვისაც ჰმორჩილებდნენ,* განუდგებიან იმათ, ვინაც ჰმორჩილებდნენ; სასჯელს იხილავენ და მათი კავშირებიც დაიმსხვრევა, |
167. | მაშინ, ვინც ჰმორჩილებდნენ, ისინი ამოიძახებენ: ნეტა გვქონოდა უკან დაბრუნების შესაძლებლობა და მათგან თავი შორს დაგვეჭირა, როგორც თვითონ განგვიდგნენო. ალლაჰი იმათ ამგვარად უჩვენებს თავიანთ ნამოქმედარს – მათივე სანანებლად, მაგრამ ვერ გამოაღწევენ ისინი ცეცხლიდან. |
168. | ეი, ადამიანებო! ჭამეთ ის, რაც სუფთა და ჰალალია დედამიწაზე და არ გაჰყვეთ სატანის ნაკვალევს, უეჭველად, აშკარა მტერია ის თქვენი. |
169. | ის გიბრძანებთ მხოლოდ ავზნეობასა და უკეთურებას, და ალლაჰის შესახებ იმის თქმას, რაც თქვენ არ იცით. |
170. | და როცა მათ უთხრეს: მიჰყევით იმას, რაც ალლაჰმა ჩამოავლინაო, მიუგეს: არანაირად! – ჩვენ მივყვებით იმას, რაზედაც ვპოვეთ ჩვენი მამებიო… – განა მაინც, მათ მამებს რომ არაფერი გაეგებოდეთ და არც ჭეშმარიტ გზაზე იდგნენ? |
171. | ურწმუნოთა მდგომარეობა ჰგავს იმის მაგალითს, ვინც იმას უყვირის, ვისაც არაფერი ესმის, გარდა მოხმობისა და ძახილის გაუაზრებელი ხმებისა.* ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი – ეგენი ვერ აზროვნებენ. |
172. | ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მიირთვით ის, რაც სუფთაა (ჰალალი) და საზრდოდ გვიწყალობებია თქვენთვის, და მადლიერება გამოხატეთ ალლაჰის მიმართ, თუ ხართ თქვენ მისი თაყვანისმცემელნი. |
173. | ის გიკრძალავთ მხოლოდ ლეშს, სისხლსა და ღორის ხორცს, და იმასაც, რაც სხვისთვის დაიკლა, გარდა ალლაჰისა; ხოლო ვინც იძულებული შეიქმნას და არ იურჩოს და არ გადაამეტოს, – მას ცოდვად არ ექმნას (აკრძალულის ჭამა). ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელია. |
174. | უეჭველად, ისინი, ვინც მალავენ იმას, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა წიგნით და უმცირეს საფასურს ღებულობენ ამით, – აი, ისინი სხვა ვერაფრით ამოიძღობენ მუცლებს, გარდა ცეცხლისა. ამიტომ განკითხვის დღეს არ დაელაპარაკება, არ განწმენდს მათ ალლაჰი… და მწარე სასჯელი – მათთვის! |
175. | ეგენი არიან, ვინც გზააცდენილობა იყიდეს ჭეშმარიტი გზის ფასად და სასჯელი – შეწყალების ფასად… და რა მომთმენები ყოფილან ცეცხლის მიმართ! |
176. | ეს იმისთვის (დაიმსახურეს), რომ ალლაჰმა წიგნი ჭეშმარიტებით ჩამოავლინა, ხოლო ისინი, ვინც (ამ) წიგნის თაობაზე უთანხმოებენ, მართლაც უშორი–შორეს ცილობაში იმყოფებიან. |
177. | სიკეთე ის კი არაა, რომ აღმოსავლეთით ან დასავლეთით მიაქციოთ თქვენი სახეები, არამედ ისაა სიკეთე: ვინც ირწმუნა ალლაჰი, დღე უკანასკნელი, ანგელოზები, წიგნი, მაცნეები, და მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ უყვარს ქონება, – მაინც ურიგებს – ნათესავებს, ობლებს, ღატაკებს, მგზავრებსა და მათხოვრებს, და გაიღებენ ტყვეების გამოსასყიდადაც; აღასრულებენ ნამაზს, გასცემენ ზექათს და ერთგულობენ აღთქმას – როდესაც დებენ პირობას, და მომთმენნი არიან – გასაჭირისა, ავადმყოფობისა და ომის სირთულეებისა. აი, ეგენი არიან ერთგულნი და ღვთისმოშიშნი. |
178. | ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ვალდებულებად დაწერილია თქვენზე – ყისასი* (საიგივეო) მოკლულთათვის: თავისუფალი თავისუფლის წილ, მონა მონის წილ, ქალი ქალის წილ. ხოლო ვისაც იმისი ძმისგან (მოკლულის ჭირისუფლისგან) ეპატიოს, – მისი ვალია კეთილად მორჩილება და საუკეთესო სახით ანაზღაურება. ეს წყალობა და შემსუბუქებაა თქვენი ღმერთისგან, ხოლო ამის შემდეგ ვინც ზღვარს გადავა და უსამართლოდ მოიქცევა, – მწარე სასჯელი მისთვის. |
179. | ეი, გონიერნო! თქვენთვის სიცოცხლეა საიგივეოს წესით დასჯადობაში (ყისასი), – იქნებ რიდი გქონდეთ. |
180. | თქვენდა სავალდებულოდ დაწერილია, რომ თუ რომელიმე თქვენგანი, სიკვდილმოწეული (მომაკვდავი), ტოვებს საკმაო ქონებას, – გონივრულად უანდერძოს (დაუტოვოს) იგი მშობლებსა და ნათესავებს; – ვალია ეს, ღვთისმოშიშთა. |
181. | და ვინც მას შეცვლის იმის შემდეგ, რაც უკვე მოისმინა, უეჭველად, – მათ ეკისრებათ ამის ცოდვა, ვინც მას შეცვლიან. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა. |
182. | ხოლო ვინც შიშობს მოანდერძის მხრიდან (უნებურ) შეცდომაზე ან უსამართლობაზე და მათ შორის არსებულ გაურკვევლობას გამოასწორებს, – მას (ეს) ცოდვად არ დაეკისროს. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი. |
183. | ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენდა სავალდებულოდ დაწერილია მარხვა, – როგორც დაწერილა თქვენზე ადრე მყოფთათვის, იქნებ რიდი გქონდეთ. |
184. | (ეს მარხვა) განსაზღვრული დღეებია, და თუ რომელიმე თქვენგანი ავად ან მგზავრად მყოფია, მან იმდენივე დღე სხვა დღეებში იმარხოს; ხოლო მათ, ვისაც ღონე შესწევთ მასზე* (მაგრამ არ მარხულობენ), გამოსასყიდად ეკისრებათ უპოვართა დაპურება; ხოლო ვინც დამატებით (დაკისრებულზე ჭარბ) იქმს სიკეთეს, ეს მისთვისაა უკეთესი… და რომ იცოდეთ: თუ იმარხავთ, ეს თქვენთვის იქნება უმჯობესი. |
185. | რამადანის მთვარეა ის, რომელშიც ყურანი ჩამოევლინა – ადამიანთათვის ჭეშმარიტი გზის მაჩვენებლად და სწორი გზის (მრუდესგან) განმასხვავებელ ცხად მტკიცებულებად. ვინც მოესწროს ამ მთვარეს თქვენგან, – მარხვით გაატაროს იგი, ხოლო ვინც ავად ან მგზავრად მყოფია, მან იმდენივე დღე სხვა დღეებში იმარხოს. არ უნდა ალლაჰს თქვენთვის სიძნელე, – მას შეღავათი სურს თქვენთვის, რათა (იოლად) აღასრულებდეთ გათვლილი ოდენობით (განსაზღვრულ დღეებში) და ალლაჰს განადიდებდეთ იმისთვის, რითაც ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენათ, იქნებ მადლიერნი ყოფილიყავით. |
186. | და თუ ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ გკითხავენ, (უთხარი, რომ) – ჭეშმარიტად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მავედრებლის ვედრებას, როცა შემთხოვს. მაშ, მისმინონ მე და სწამდეთ ჩემი, იქნებ სწორ გზას დაადგნენ. |
187. | მარხვის ღამეებში ნება დაგერთოთ თქვენს ქალებთან სიახლოვისა. ისინი სამოსელნია თქვენი და თქვენც სამოსელნი ხართ მათი. ალლაჰმა იცოდა, რომ საკუთარ სულებს უღალატებდით (თუ ნებას არ დაგრთავდით, მაინც იურთიერთებდით) თქვენ, ამიტომ მიიღო თქვენი სინანული და მოგიტევათ. აწი შეგიძლიათ ეთანაცხოვროთ მათ და ეძიოთ იგი, რაც ალლაჰმა დაგიწერათ. ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადის თეთრი ძაფი შავი ძაფისაგან* განირჩეოდეს თქვენთვის და შემდეგ საღამომდე მარხვა დაიცავით, და ნუ ეთანაცხოვრებით მათ, როცა თქვენ ი’თიქაფს** ასრულებთ მეჩეთებში… – ესენი ალლაჰის საზღვრებია და ნუ მიუახლოვდებით მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი ხალხს თავის აიათებს, რომ იქნებ რიდი ჰქონდეთ მათ. |
188. | არ შეუჭამოთ ერთმანეთს ქონება უსამართლოდ და არ მიმართოთ მისი (ქრთამის) გამოყენებით მოსამართლეებს – იმისთვის, რომ მიითვისოთ ხალხის ქონების ნაწილი ბოროტებით, – ისე, რომ იცოდეთ (რომ ეს ჰარამია). |
189. | გეკითხებიან შენ ნახევარმთვარეთა შესახებ. უთხარი, რომ იგია დროის საზომი ხალხისთვის და ჰაჯობისთვის. სათნოება ის კი არაა, უკანა მხრიდან შეხვიდეთ სახლებში,* არამედ სათნოდ ის იქცევა, ვინც მოკრძალებულია. ამიტომ სახლებში შესასვლელი კარიდან შედით და ალლაჰის რიდი გქონდეთ, რათა ბედნიერება ჰპოვოთ. |
190. | ალლაჰის გზაზე ეომეთ იმათ, ვინც თქვენ გეომებათ, მაგრამ ზღვარს არ გადახვიდეთ,* ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი. |
191. | სადაც წააწყდებით, იქვე დახოცეთ და გაყარეთ იქიდან, საიდანაც თვითონ გამოგყარეს, – ფითნა* უარესია, ვიდრე დახოცვა, და არ ეომოთ მათ მესჯიდი ჰარამთან, ვიდრე თვითონ არ გეომონ იქ, ხოლო თუ ისინი დაგიწყებენ ხოცვას, მაშინ თქვენც – დახოცეთ. ასეთია ურწმუნოთა სასჯელი. |
192. | ხოლო თუ შეწყვეტენ (ფითნას), ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი. |
193. | და მანამ ეომეთ მათ, ვიდრე არ აღმოიფხვრება ფითნა და მთლიანად ალლაჰს არ მიეძღვნება სარწმუნოება, ხოლო თუ შეწყვეტენ (ფითნას), მაშინ მტრობაც აღარ გაგრძელდეს, გარდა უსამართლოთა მიმართ. |
194. | ნაკრძალი მთვარე* ნაკრძალი მთვარის სამაგიეროა,** ნაკრძალთა დარღვევა*** კი ყისასს საჭიროებს. ვინც თქვენ შემოგიტევენ, თქვენც იგივენაირად შეუტიეთ, როგორც თვითონ შემოგიტიეს. რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა. |
195. | ხარჯეთ ალლაჰის გზაზე და დამღუპველ საფრთხეში არ ჩაიგდოთ თავი თქვენივე ხელით* და სიკეთე აკეთეთ, ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს კეთილმორწმუნენი. |
196. | მაშ, აღასრულეთ ჰაჯობა და ‘უმრა ალლაჰისთვის, ხოლო თუ რამე დაგაბრკოლებთ*(მგზავრობისას), მაშინ შესაწირი საკლავი გაგზავნეთ, რომელიც გეადვილებათ**, და არ გაიპარსოთ თავი მანამდე, ვიდრე აღსრულების ადგილს არ მიაღწევს შესაწირი, ხოლო ვისაც თავის ჩივილი აქვს ან ავადაა (და გადაიპარსავს), მან მარხვით, მოწყალებით ან შეწირვით გამოისყიდოს, და თუ თავს იგრძნობთ უსაფრთხოდ და რომელიმე თქვენგანი ჰაჯობამდე ‘უმრას შეასრულებს, მან შესაწირი დაკლას, რომელიც ეადვილება, ხოლო ვინც (შესაწირის სახსრები) ვერ ჰპოვოს, მან სრული ათი დღე იმარხოს: სამი ჰაჯობის დღეებში და შვიდი – როცა დაბრუნდება (შინ). ეს მათთვისაა, ვისი ოჯახიც არ ცხოვრობს მესჯიდი ჰარამთან. რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰი მკაცრსასჯელიანია. |
197. | ჰაჯობა გარკვეულ მთვარეებშია*. ვინც მათში ჰაჯობა იტვირთოს (იჰრამის შემოსვით), მან არ მიუახლოვდეს ქალს, არ იურჩოს და არ იჩხუბოს ჰაჯობისას. რა სიკეთესაც იქმთ, – იცის ალლაჰმა. მაშ, საგზალი გაიმზადეთ, ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშობაა საგზალი საუკეთესო. ეი, გონიერნო, ჩემი რიდი გქონდეთ. |
198. | ცოდვად არ დაგედოთ, თქვენი ღმერთის წყალობა თუ ეძიეთ (ჰაჯობისას ვაჭრობით), ხოლო როცა ‘არაფათიდან* გაემართებით, მაშ’არი ჰარამთან (ნაკრძალ ნიშნულთან)** ალლაჰი ახსენეთ.*** მაშ, ახსენეთ იგი, როგორც უჩვენებია თქვენთვის, რამეთუ მანამდე თქვენ იყავით გზააცდენილნი; |
199. | შემდეგ გაემართეთ იქითკენ, საითაც ხალხი მიემართება* და პატიება შესთხოვეთ ალლაჰს. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი. |
200. | როცა მორჩებით თქვენს წეს–ჩვეულებებს, მაშინ ახსენეთ ალლაჰი ისე, როგორც თქვენს მამებს ახსენებდით, ან უფრო ამაღლებულად. ადამიანთა შორის ბევრია ისეთი, ვინც ამბობს: ღმერთო ჩვენო, მოგვმადლე (სიკეთე) ამქვეყნადო, და მას არაფერი ერგება იმქვეყნად. |
201. | და მათ შორის ბევრია ისეთიც, ვინც ამბობს: ,,ღმერთო ჩვენო, მოგვმადლე სიკეთე ამქვეყნად და სიკეთე – იმქვეყნადაც, და დაგვიფარე სატანჯველისგან ცეცხლისა“. |
202. | სწორედ მათთვისაა ხვედრი იმისა, რაც მოიღვაწეს, და ალლაჰი მსწრაფლანგარიშმგებია. |
203. | და ახსენეთ ალლაჰი გათვლილ დღეებში*. ვინც იჩქაროს და ორ დღეში დაასრულოს (მინაში აღსავლენი ღვთისმსახურებანი), მას ცოდვად არ დაედოს, და ვინც გადადოს (მესამე დღისთვის), არც მას დაედოს ცოდვად. ეს მისთვის, ვისაც რიდი აქვს ალლაჰისა. იცოდეთ, რომ მის წინაშე იქნებით შეკრებილნი, უსათუოდ. |
204. | ადამიანთა შორის ბევრია ისეთიც, ვისი სიტყვებიც გხიბლავს ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ და (ვინც) ალლაჰს იმოწმებს იმაზე, რაც მის გულშია, არადა იგი ყველაზე ულმობელია მტრობაში. |
205. | და გაცლისთანავე უკეთურებას ესწრაფვის ქვეყნად და ცდილობს, გაანადგუროს ნათესიცა და შთამომავალიც. ალლაჰს არ უყვარს უკეთურება. |
206. | და როცა ეტყვიან – ,,გეშინოდეს ალლაჰისა“, – ცოდვა შეიპყრობს ამპარტავნებითურთ. მისთვის ჯოჯოხეთი საკმარისია! – და რა ცუდი სარეცელია იგი. |
207. | და ადამიანთა შორის ბევრია ისეთიც, ვინც თავის სულსაც კი გაიღებს –ალლაჰის კმაყოფილების მოლოდინით. ალლაჰი თავის მსახურთა მიმართ უსაზღვროდ მწყალობელი და შემბრალებელია. |
208. | ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შედით ისლამის სრულ მორჩილებაში და ნუ გაჰყვებით ეშმაკის ნაკვალევს. უეჭველად, იგი აშკარა მტერია თქვენი*. |
209. | თუ (მორჩილების გზიდან) მაინც გადაუქცევთ იმის შემდეგ, რაც უკვე ცხადი მტკიცებულებები მოგივიდათ, მაშინ იცოდეთ, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰი უძლეველია, ბრძენია. |
210. | ნუთუ მარტო იმას მოელიან, რომ ალლაჰი გამოეცხადებათ ღრუბელთა საჩრდილობელში, და ანგელოზებიც, – რათა განეჩინოს მათი საქმენი? – საქმე ყოველი ალლაჰს უბრუნდება! |
211. | ჰკითხე ისრაელის მოდგმას, თუ რამდენი ცხადი აიათი/სასწაული გვიბოძებია მათთვის, და ვინც ცვლის ალლაჰის წყალობას, მას შემდეგ, რაც მიუვიდა იგი, – ჭეშმარიტად, ალლაჰი მკაცრსასჯელიანია. |
212. | ვინც არ ირწმუნეს, – ამქვეყნიური ცხოვრება შემკობილია (მიმზიდველია) მათთვის და ვინც ირწმუნეს, მასხრად იგდებენ მათგან ზოგიერთს*, და განკითხვის დღეს ამაღლდებიან მათზე ისინი, ვინც ღვთისმოშიშია, და ვისაც ინებებს, ალლაჰი უწყალობებს საზრდოს – განუზომელს. |
213. | კაცობრიობა იყო ერთიანი თემი, შემდეგ ალლაჰმა მაცნეები წარგზავნა – მახარობლებად და გამაფრთხილებლებად, და წიგნი ჩამოავლინა მათთან ჭეშმარიტებით, რათა ადამიანებს შორის განესაჯა ის, რაშიც უთანხმოებდნენ, და სხვა არავინ უთანხმოებდა მათში არსებული შურის გამო, თუ არა ისინი, ვისაც ებოძათ იგი მას შემდეგ, რაც მიუვიდათ ცხადი მტკიცებულებები. ალლაჰმა მორწმუნეებს თავისი ნებით სწორი მიმართულება უჩვენა იმ ჭეშმარიტებისკენ, რაზეც ისინი უთანხმოებდნენ… და ჭეშმარიტ გზაზე, ვისაც ინებებს, – ალლაჰი იმას დააკვალიანებს. |
214. | ნუთუ გგონიათ, რომ სამოთხეში შეხვალთ ისე, რომ არ მოგესწრებათ იმის მსგავსი, რაც თქვენზე ადრე მყოფთ მოესწროთ? – მათ თავს დაატყდათ უბედურება და ზიანი, და (ისე) შეირყნენ, რომ შუამავალი და მასთან ერთად მორწმუნეები ამბობდნენ: ,,როდის იქნება ალლაჰის დახმარება?“… და იცოდეთ, რომ ალლაჰის შეწევნა ახლოსაა. |
215. | გეკითხებიან შენ, თუ რა გაიღონ მოწყალებად, – მიუგე: რა მოწყალებაც გაიღოთ ქონების სახით, – ის იყოს მშობელთა, ახლობელთა, ობოლთა, ღატაკთა და მგზავრთათვის; რა მოწყალებაც გაიღოთ სიკეთის სახით, – ჭეშმარიტად, იცის ის ალლაჰმა. |
216. | თქვენდა სავალდებულოდ დაწერილია ომი, არადა ის მოუწონარია თქვენთვის, მაგრამ შესაძლოა, არ მოგწონდეთ რაღაც და ის სასარგებლო იყოს თქვენთვის, და შესაძლოა, გიყვარდეთ რაღაც და ის საზიანო იყოს თქვენთვის. ალლაჰმა იცის, თქვენ კი არ იცით. |
217. | გეკითხებიან შენ ნაკრძალ მთვარეში ომის შესახებ, – მიუგე: მასში ომი დიდი ცოდვაა; (მაგრამ) ალლაჰის გზიდან (ხალხის) ცდუნება/დაბრკოლება; მის მიმართ და მესჯიდი ჰარამის მიმართ ურწმუნოება და იქიდან მის მკვიდრთა გაძევება – უფრო დიდი ცოდვებია ალლაჰის წინაშე, – ფითნა* უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე კვლა. (ურწმუნოები) მანამ არ შეწყვეტენ ომს თქვენს წინააღმდეგ, ვიდრე თქვენი რჯულიდან არ გადაგიყვანებენ, თუკი შეძლეს, და თქვენგან ვინც თავის რჯულს გადაუხვიოს და მოკვდეს ურწმუნოდ, – სწორედ მათი ნაღვაწი გადაიქცეს უშედეგოდ – ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი და იქ იქნებიან მარადჟამს. |
218. | უეჭველად, მათ, ვინც ირწმუნეს, ჰიჯრა* გააკეთეს და ალლაჰის გზაზე იბრძოლეს, – აი, მათ აქვთ იმედი ალლაჰის წყალობისა. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი. |
219. | გეკითხებიან შენ ღვინისა* და აზარტული თამაშების შესახებ, – მიუგე: ორივეში არის დიდი ცოდვა და (მცირე) სარგებელიც ხალხისთვის, მაგრამ ცოდვა უფრო დიდია მათში, ვიდრე სარგებელი; და გეკითხებიან, თუ რა გაიღონ მოწყალებად, – უპასუხე: რაც გაბადიათ ყოველდღიურ საჭიროებებზე მეტი. ალლაჰი ასე ცხადყოფს თქვენთვის აიათებს, რომ იქნებ დაფიქრებულიყავით. |
220. | (ალლაჰი თქვენთვის ცხადყოფს აიათებს, რათა გეფიქრათ) ამქვეყანასა და იმქვეყნაზე. და გეკითხებიან შენ, ობოლთა შესახებ, – უპასუხე: მათთვის ზრუნვა სიკეთეა და თუ გაუერთიანდებით,* – ძმები არიან თქვენი. ალლაჰი არჩევს უკეთურს კეთილისაგან და მას რომ ნდომოდა, გაგირთულებდათ (მათთან ურთიერთობას). ჭეშმარიტად, ალლაჰი უძლეველია; ბრძენია. |
221. | არ შეირთოთ წარმართი ქალები, ვიდრე არ ირწმუნებენ*, – მორწმუნე მხევალი უმჯობესია, ვიდრე წარმართი ქალი, თუნდაც თქვენთვის მოსაწონი; და არც წარმართ კაცებს მიათხოვოთ, ვიდრე არ ირწმუნებენ, – მორწმუნე მონა უმჯობესია, ვიდრე წარმართი კაცი, თუნდაც თქვენთვის მოსაწონი. ისინი ცეცხლისკენ მოუწოდებენ, ხოლო ალლაჰი სამოთხისა და პატიებისკენ მოუწოდებს თავისი ნებით, და ცხადყოფს ხალხისთვის თავის აიათებს, რათა იქნებ შეიგნონ და არ დაივიწყონ. |
222. | გეკითხებიან შენ დედათა წესის შესახებ, – მიუგე: სატკივარია იგი, ამიტომ მოშორდით ქალებს დედათა წესის დროს და მანამდე არ მიუახლოვდეთ მათ, ვიდრე არ გასუფთავდებიან, ხოლო როდესაც განიწმინდებიან, მაშინ მათთან მიდით იქითკენ, საითკენაც ალლაჰმა გიბრძანათ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მონანულნი და უყვარს განწმენდილნიც. |
223. | თქვენი ქალები სათესია თქვენთვის, ამიტომ ისე ეახელით თქვენს სათესთ, როგორც გენებოთ* და თქვენი სულებისთვის წინასწარ გაიმზადეთ (კეთილი საქმეები). რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ მის წინაშე უეჭველად წარსდგებით; მორწმუნეთ კი ახარე. |
224. | ნუ მოიმიზეზებთ ალლაჰს – სიკეთის კეთების, ღვთისმოშიშობისა და ხალხში არსებული უთანხმოებების გამოსწორების დაბრკოლებად – თქვენი ფიცის გამო, რომელიც ალლაჰის სახელით დაიფიცეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა. |
225. | არ გაკისრებთ ალლაჰი პასუხისმგებლობას ფუჭსიტყვოვან (გაუცნობიერებელ) ფიცზე, თუმცა პასუხისმგებლობას გაკისრებთ იმაზე, რაც მოიხვეჭა თქვენმა გულებმა. ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი. |
226. | ვინც დაიფიცონ, რომ თავიანთ ცოლებს აღარ ეთანაცხოვრებიან, – მათთვის ლოდინი – ოთხი თვე, ხოლო თუ დაუბრუნდნენ, ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელია, მწყალობელი. |
227. | და თუ გაყრა გადაწყვიტონ, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა. |
228. | ქმარგაცილებულმა ქალებმა თავი შეიკავონ (ქორწინებისგან) სამი ციკლის ვადით*. მათთვის, – თუკი სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, – ნებადართული არ არის, არანაირად, – იმის დამალვა, რაც ალლაჰმა გააჩინა თავიანთ საშვილოსნოებში**. ამ დროში მათთან დაბრუნებას თავიანთი ქმრები უფრო იმსახურებენ, თუკი გამოსწორებას მოინდომებენ. მათ (ცოლებს) აქვთ გარკვეული უფლებები, იმის თანაბარი, როგორი პასუხისმგებლობებიც აკისრიათ (ქმრების წინაშე), თუმცა მამაკაცები მათზე მაღალ საფეხურს ფლობენ***. ალლაჰი უძლეველია; ბრძენია. |
229. | გაყრა (უკანდაბრუნების უფლებამოსილებით) ორჯერაა (ნებადართული). ამის შემდეგ (ქმარმა): უნდა შეინახოს სამართლიანად ანდა გაუშვას სიკეთით. იმისგან (საჩუქრებისგან), რაც მათთვის (ცოლებისთვის) მიგიციათ, არაფრის უკან აღება ჰალალი არ არის თქვენთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ორივე შიშობს, რომ ვერ დაიცავენ ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს*, და თუ შიშობენ, რომ ვერ დაიცავენ ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს, მაშინ ცოდვად არ დაედებათ იმის გამო, რითაც ქალმა თავი დაიხსნა. აი, ესაა ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრები და ნუ გადალახავთ მას. ვინც ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრები გადალახეს, სწორედ ისინი არიან უსამართლონი. |
230. | ხოლო იმის შემდეგ, – თუ ქალს გაეყრება (მესამედაც), – მისთვის ჰალალი აღარ იქნება ის (უკან დაიბრუნოს), ვიდრე სხვა ქმარი არ შეირთავდეს, და თუ (ეს კაციც) გაეყრება მას, მაშინ მათ ცოდვად აღარ დაედოთ ერთმანეთთან დაბრუნება – თუკი ფიქრობენ, რომ (ამის შემდეგ) ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს დაიცავენ. აი, ესაა ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრები, რასაც ცხადყოფს ხალხისთვის, რომლებმაც იციან. |
231. | როდესაც ქალებს გაეყრებით (პირველად ან მეორედ) და თავიანთ ვადას დაასრულებენ*, – ან შეინახეთ ისინი სამართლიანად ან სამართლიანად გაუშვით. არ შეინახოთ ისინი საზიანოდ – ზღვარს რომ გადახვიდეთ და უფლებები შეულახოთ. ვინც ეს ჩაიდინოს, მან მართლაც უსამართლოდ მოექცეს საკუთარ თავს. მასხრად არ აიგდოთ ალლაჰის აიათები და გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა, რომელიც თქვენზე მოიღო და წიგნისა და სიბრძნის სახით რაც ჩამოავლინა თქვენთვის და შეგონებებს გიკითხავთ მისით. რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ ალლაჰი, უსათუოდ, – ყოვლისმცოდნეა. |
232. | როდესაც ქალებს გაეყრებით და თავიანთ ვადას დაასრულებენ ისინი, მაშინ (ქალის მეურვეებმა) არ შეზღუდოთ, რომ კვლავ შეირთონ თავიანთმა (ყოფილმა) ქმრებმა, – თუ ისევ შეთანხმდებიან წესისამებრ და ურთიერთკმაყოფილებას გამოხატავენ. შეგონებაა ეს მათთვის, თქვენგან რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი. თქვენთვის ეს წმინდაა და უკეთესი, და ალლაჰმა იცის, თქვენ კი არ იცით. |
233. | დედები თავიანთ შვილებს სრულ ორ წელიწადს აწოვებენ ძუძუს, – მათთვის, ვისაც (რომელ გაშორებულ ქმარსაც) სურს, რომ ძუძუთი სრულად გამოიკვებოს. მამა ვალდებულია, შემოსოს და გამოკვებოს ისინი (ქალები) შეძლებისდაგვარად. არცერთ სულს არ ეკისრება იმაზე მეტი, რაც მას შეუძლია. არც დედა დაზარალდეს თავისი შვილის გამო და არც მამა… ამის მსგავსი აკისრია (ბავშვის მიმართ) მემკვიდრესაც (მამის გარდაცვალების შემთხვევაში)… და თუ იმსჯელებენ და ურთირთშეთანხმებით ბავშვის ძუძუდან მოწყვეტას ისურვებენ ორივენი, ეს მათ ცოდვად არ დაედებათ. და თუ ისურვებთ, რომ თქვენი შვილები სხვისი ძუძუთი გამოკვებოთ, არც ამით დაგედებათ ცოდვად, თუკი გადაუხდით იმას, რაც მისაცემი გაქვთ წესისამებრ. რიდი გქონდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ უსათუოდ, – ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. |
234. | და ვინც გარდაიცვლებიან თქვენგან და უკან დატოვებენ ცოლებს, მათ (ქვრივებმა) ოთხი თვე და ათი დღე თავი უნდა შეიკავონ*, ხოლო როდესაც თავიანთ ვადას დაასრულებენ, – თქვენ ცოდვად არ დაგედოთ იმის გამო, რასაც ისინი თვითონ იზმენ (აღნიშნული აკრძალვებიდან) წესიერების საზღვრებში… და ალლაჰმა იცის ის, რასაც თქვენ აკეთებთ. |
235. | ცოდვად არ დაგედოთ იმის გამო, რომ ხელის თხოვნაზე მიანიშნოთ (განსაზღვრული – 4 თვე და 10 დღე – ვადის გასვლამდე) ქალებს ან თქვენს გულებში გაიფიქროთ (ის). ალლაჰმა იცოდა, რომ თქვენ მაინც გაიხსენებდით მათ… და არაფერი დაჰპირდეთ ფარულად, გარდა იმისა, რაც უთხრათ წესიერების საზღვრებში, და არ მოიწადინოთ შეუღლების კავშირი, ვიდრე არ დასრულდება უკვე დაწერილი ვადა, და იცოდეთ, რომ ალლაჰმა ყველაფერი იცის, რაცაა თქვენს სულებში. მაშ, უფრთხილდით მას და იცოდეთ, რომ ალლაჰი მართლაც უსაზღვროდ მპატიებელია, ლმობიერი. |
236. | ცოდვად არ დაგედოთ, თუ გაეყაროთ ქალებს, რომლებსაც ჯერ არ შეხებიხართ ან არ დაგიდგენიათ მათთვის მეჰრი*, მაგრამ რაიმე სარგებელი მიეცით მათ. გონივრული სარგებელი რომ გაიღონ: შეძლებულმა – თავისი შესაძლებლობით და ღარიბმაც – თავისი შესაძლებლობით, – ვალია ეს კეთილმორწმუნეთა. |
237. | თუ ქალებს მანამდე გაეყარეთ, ვიდრე მათ შეეხებოდეთ, მაგრამ მათთვის მეჰრი უკვე დადგენილი გაქვთ, მაშინ ნახევარი მათია იმისა, რაც დაგიდგენიათ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ (ქალები) დათმობენ ან დათმობს ის, ვის ხელშიცაა შეუღლების ნასკვი*. დათმობა და პატიება უფრო ახლოა ღვთისმოშიშობასთან, და თქვენს შორის არსებული სიკეთე არ დაივიწყოთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც თქვენ აკეთებთ. |
238. | დაიცავით ნამაზები და (განსაკუთრბით) შუა ნამაზი*, და მორჩილად დადექით ალლაჰის წინაშე. |
239. | და თუ შიშის ქვეშ იმყოფებით (მტრის, მტაცებელი ცხოველის ან მსგავსისა), მაშინ ილოცეთ ფეხით მავალმა ან ამხედრებულმა, ხოლო როცა თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ, მაშინ ისე ახსენეთ ალლაჰი, როგოც მას თქვენთვის უსწავლებია, რაც თქვენ ადრე არ იცოდით. |
240. | და ვინც გარდაიცვლებიან და უკან ცოლებს დატოვებენ, – მათგან ანდერძია თავიანთი ცოლებისთვის – ერთი წლის განმავლობაში იყვნენ უზრუნველყოფილნი სახლიდან გაუსვლელად, ხოლო თუკი თვითონ გავლენ, თქვენ ცოდვა არ გედებათ იმის გამო, რასაც ისინი თვითონ იზმენ წესიერების საზღვრებში* . ალლაჰი უძლეველია; ბრძენია. |
241. | გაშორებულ ქალებს ერგებათ გონივრული სარგებელი და ეს ვალია ღვთისმოშიშთა. |
242. | ასე ცხადყოფს ალლაჰი თქვენთვის თავის აიათებს, – იქნებ გონს მოგებულიყავით. |
243. | ნუთუ არ გინახავს ისინი, ვინც იყვნენ ათასობით და (შავი ჭირით ან ომით მოსალოდნელი) სიკვდილის შიშით თავიანთი სამშოლო მიატოვეს? მაშინ ალლაჰმა უთხრა მათ: ,,დაიხოცეთ!“, შემდეგ ისევ გააცოცხლა ისინი*. ჭეშმარიტად, ალლაჰი მწყალობელია ადამიანთა მიმართ, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა უმადურია. |
244. | მაშ, იომეთ ალლაჰის გზაზე და იცოდეთ, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა. |
245. | ვინაა იგი, ვინც ალლაჰს ასესხოს სესხი* – საუკეთესო? შემდეგ გადაუხდის ჭარბით – უთვალავმაგ. კვეცავს და განავრცობს ალლაჰი და თქვენ მას დაუბრუნდებით. |
246. | ნუთუ არ გინახავს მოწინავენი ისრაელის მოდგმიდან, რომლებმაც მუსას (გარდაცვალების) შემდეგ თავიანთ მაცნეს* უთხრეს: დაგვიდგინე მეფე, რათა ალლაჰის გზაზე ვიომოთო. მიუგო: ომი რომ სავალდებულოდ დაგიწესდეთ, სიურჩეს ხომ არ გამოიჩენთ – ომზე უარის თქმით? მათ თქვეს: ,,რა უნდა დაგვემართოს, რომ ალლაჰის გზაზე არ ვიომოთ მაშინ, როცა მოგვგლიჯეს ჩვენს შვილებსა და სამშობლოს?“… და როცა ომი სავალდებულოდ დაუწესდათ, მაშინ პირი იბრუნეს, გარდა მცირედნისა, თუმცა ალლაჰი იცნობს უსამართლოებს. |
247. | და უთხრა მათ თავიანთმა მაცნემ: ჭეშმარიტად, თქვენ მეფედ ალლაჰმა ტალუთი დაგიდგინათო. მათ მიუგეს: ,,ჩვენ როგორ გვიმეფებს ის, ჩვენ ხომ მასზე მეტად ვიმსახურებთ მეფობას, თან არც ქონებრივი სიუხვე მიჰმადლებია მას“. (მაცნემ) უთხრა: ჭეშმარიტად, გამოარჩია ის თქვენზე ალლაჰმა და ძლიერებაც შეჰმატა ცოდნასა და სხეულშიო… ალლაჰი მეფობას მას მიანიჭებს, ვისაც ინებებს; – ალლაჰია სიუხვის მომნიჭებელი, ყოვლისმცოდნე. |
248. | და უთხრა მათ თავიანთმა მაცნემ: ჭეშმარიტად, მისი მეფობის ნიშანია კიდობნის თქვენთან დაბრუნება,* მასშია თქვენი ღმერთისგან მომავალი სიმშვიდე; და მუსასა და ჰარუნის ოჯახის დანატოვრისგან შემორჩენილნი, რომელსაც ანგელოზები მოიტანენ. ჭეშმარიტად, ესაა თქვენთვის სასწაული, თუ ხართ თქვენ მორწმუნენი. |
249. | როდესაც ტალუთი ჯარითურთ გამოვიდა (ქალაქიდან), თქვა: ჭეშმარიტად, ალლაჰი გამოგცდით თქვენ მდინარით: ვინც დალევს იქიდან, ის არაა ჩემთაგან, ხოლო ვინც ერთი პეშვის გარდა არ იგემებს, სწორედ ისაა ჩემთაგანო. მაგრამ მაინც დალიეს იქიდან, გარდა მათგან მცირედნისა; და როცა (მდინარე) გადალახა მან და მასთან ერთად მყოფმა მორწმუნეებმაც, – მათ თქვეს: ,,დღეს ჩვენ ჯალუთსა და მის ჯარზე (შერკინების) ღონე არ შეგვწევს“; ხოლო ვისაც სწამდათ, რომ უთუოდ შეხვდებოდნენ ალლაჰს, მათ თქვეს: ალლაჰის ნებით, რამდენ მცირერიცხოვან ჯარს უძლევია მრავალრიცხოვანი ჯარისთვისო… და ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა. |
250. | და როცა ჯალუთსა და მის ჯარს პირისპირ გაუსწორდნენ, თქვეს: ღმერთო ჩვენო! მოთმინებით აღგვავსე, ფეხები გაგვიმდგრადე და ურჯულო ხალხის წინააღმდეგ შეგვეწიეო. |
251. | და ალლაჰის ნებით სძლიეს მათ. მოკლა დავუდმა ჯალუთი* და ალლაჰმა მას მეფობა და სიბრძნე უბოძა, ასევე, ასწავლა ის, რაც მას სურდა. ალლაჰს რომ არ შეეკავებინა ხალხი – ზოგიერთით ზოგიერთი, – უთუოდ უკეთურება აიკლებდა ქვეყნიერებას, მაგრამ დიდად მწყალობელია ალლაჰი სამყაროთა მიმართ. |
252. | ეს არის ალლაჰის აიათები, რასაც შენ გიკითხავთ ჭეშმარიტებით. ჭეშმარიტად, შენა ხარ შუამავალთაგანი. |
253. | აი, შუამავლები! უპირატესვყავით მათგან ზოგიერთი – ზოგიერთის მიმართ. მათ შორის არიან ისეთნი, ვისაც ალლაჰი ესაუბრა და მათ ნაწილს პატივიც აუმაღლა, და მერიემის ძე ‘ისასაც ვუბოძეთ ცხადი მტკიცებულებები და წმინდა სულით (ჯიბრილ ანგელოზით) განვამტკიცეთ იგი. ალლაჰს რომ ენება, არ დახოცავდნენ ერთმანეთს მათ შემდგომ მყოფნი, იმის მერე, რაც უკვე მიიღეს ცხადი მტკიცებულებანი, თუმცა უთანხმოებაში აღმოჩნდნენ, და მათ შორის არიან ისეთნი, ვინც ირწმუნეს, და მათ შორის არიან – ვინც უარყვეს. ალლაჰს რომ ენება, არ დახოცავდნენ ერთმანეთს ისინი, მაგრამ ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს. |
254. | ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ვიდრე დადგებოდეს დღე, რომელშიც არც ვაჭრობა გაჭრის, არც მეგობრობა და არც შუამდგომლობა, მანამ გაიღეთ ღვთივსათნოდ ის, რაც თქვენთვის სარჩოდ გვიწყალობებია. რაც შეეხებათ ურწმუნოებს, – ისინი არიან უსამართლონი. |
255. | ალლაჰი… – არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი – მარად ცოცხლისა და მსუფევისა; მას არც ჩასთვლემს, არც ჩაეძინება; მის კუთვნილებაშია, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა; მის წინაშე ვინ იშუამდგომლებს მისივე ნების გარეშე?! მან იცის, რაც იყო მათ უწინ და რაც იქნება მათ შემდგომ; მის ცოდნაში ვერაფერს შესწვდებიან, გარდა იმისა, რასაც თვითონ ინებებს; მისი ქურსი* ცათა და ქვეყანას გარემოიცავს და მას არ უმძიმს დაცვა მათი; ისაა უზენაესი და უბადლოდ დიდებული. |
256. | სარწმუნოებაში იძულება არ არსებობს, უკვე გამოერჩია ჭეშმარიტება ცდომილებისგან. ხოლო ვინც უარყოს ტაღუთი* და ირწმუნოს ალლაჰი, ის მართლაც ჩაეჭიდოს მტკიცე რგოლს, რომელსაც გაწყვეტა არ უწერია. ალლაჰი ყოვლის მსმენი და მცოდნეა. |
257. | ალლაჰი მეგობარია მათი, ბნელეთიდან სინათლეში გაჰყავს ისინი, – ვინც ირწმუნეს, ხოლო ვინც არ ირწმუნეს, მათი მეგობარი ტაღუთია და სინათელიდან ბნელეთისკენ მიჰყავს ისინი. აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი; ისინი იქნებიან მასში მარადჟამს. |
258. | ნუთუ არ გინახავს იგი, ვინც იბრაჰიმს თავის ღმერთზე ეკამათებოდა, რაკი ალლაჰმა მას მეფობა უწყალობა? – როცა იბრაჰიმმა უთხრა: ჩემი ღმერთი ის არის, ვინც აცოცხლებს და აკვდინებსო, მან მიუგო: ,,მეც ვაცოცხლებ და ვაკვდინებ“. იბრაჰიმმა უთხრა: ჭეშმარიტად, ალლაჰს მზე აღმოსავლეთიდან ამოჰყავს, შენ კი დასავლეთიდან ამოიყვანეო. მაშინ გაწბილდა იგი – ურწმუნო (ენა ჩაუვარდა მას)… და უთუოდ, არ დააკვალიანებს ალლაჰი უსამართლო ხალხს ჭეშმარიტ გზაზე. |
259. | ან იმის მსგავსი (არ გსმენია), ვინც ნასოფლარს ჩაუარა, რომელიც იყო დაქცეული და უკაცრიელი, და თქვა: როგორ გააცოცხლებს ამას ალლაჰი სიკვდილის შემდგომ? მერე კი ალლაჰმა ასი წლით მოაკვდინა იგი, შემდეგ გააცოცხლა და ჰკითხა: რამდენ ხანს დაჰყავი? – მიუგო: ერთი დღე ან უფრო ნაკლებიო. უთხრა: არა, შენ ასი წელი დაჰყავი. აბა, შეხედე შენს საჭმელსა და სასმელს, არც გაფუჭებულა, და შეხედე შენს სახედარსაც, (მოგაკვდინეთ და გაგაცოცხლეთ) რათა სასწაულად გქმნათ ხალხისთვის, და შეხედე ძვლებს, თუ როგორ წამოვაყენებთ და ხორცს შევასხამთ… და როცა მისთვის ცხადი შეიქმნა, – თქვა: უეჭველად, ვიცი, რომ ალლაჰი ყოვლისშემძლეაო. |
260. | აკი, თქვა იბრაჰიმმა: ღმერთო, მიჩვენე, თუ როგორ აცოცხლებ მკვდრებსო. – უთხრა: „ნუთუ არ გირწმუნია?“ თქვა: როგორ არა, მაგრამ გულის დასამშვიდებლადო. – უთხრა: ,,მაშ, აიღე ოთხი ფრინველი, ისინი შენთან მიიჩვიე, შემდეგ დაანაწევრე და მათი ნაკუწები ყოველ გორაზე მიმოფანტე, შემდეგ მოუხმე მათ და ისინი სწრაფადვე მოვლენ შენთან. იცოდე, რომ ჭეშმარიტად, ალლაჰი უძლეველია, ბრძენია.” |
261. | მათი საქმე, ვინც თავიანთ ქონებას ალლაჰის გზაზე ხარჯავენ, იმ მარცვლის მაგალითს ჰგავს, რომელმაც შვიდი თავთავი გამოისხა – თითო თავთავში ასი მარცვლით… – გაუმრავალკეცებს ალლაჰი იმას, ვისაც მოისურვებს; – ალლაჰია უხვმწყალობი, ყოვლისმცოდნე. |
262. | მათთვის, ვინც ალლაჰის გზაზე ხარჯავენ თავიანთ ქონებას და წყენასა და ყვედრებას არ მიაწევენ იმას, რაც გაიღეს, – მათთვისაა ჯილდო თავიანთ ღმერთთან, და არც შიში ელით, არცა დამწუხრდებიან (ისინი). |
263. | კეთილი სიტყვა და პატიება უმჯობესია, ვიდრე მოწყალება, რომელსაც თან სდევს წყენა. ალლაჰი ლმობიერია, ყოვლადმდიდარი. |
264. | ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ გააბათილოთ თქვენი მოწყალებანი წყენითა და დაყვედრებით, იმის მსგავსად, ვინც ხალხის დასანახად ხარჯავს თავის ქონებას და არ სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. მისი საქმე ჰგავს იმ სიპი კლდის მაგალითს, რომელზეც მიწა იყო ცოტაოდენი. შემდეგ გადარეცხა კოკისპირულმა წვიმამ და მოლიპული ქვა დატოვა მხოლოდ. ეგენი არაფერს ფლობენ იმისგან, რაც მათ მოუხვეჭავთ. ალლაჰი ურწმუნო ხალხს არ დააკვალიანებს ჭეშმარიტ გზაზე. |
265. | მათი საქმე, ვინც თავიანთ ქონებას ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად და თავიანთი სულების გამყარებისთვის ხარჯავენ, – ჰგავს მაგალითს მაღლობზე გაშენებული ბაღისა, რომელსაც უხვად აწვიმს და ორმაგად მეტ ნაყოფს იძლევა, ხოლო უხვად თუ არ აწვიმს, მაშინ ეთქორება. ალლაჰი ხედავს, რასაც თქვენ აკეთებთ. |
266. | ნუთუ ისურვებდა რომელიმე თქვენგანი, რომ ფინიკისა და ვაზის ბაღი ჰქონოდა ყოველგვარი ნაყოფით, რომლის ქვეშაც ნაკადულები მიედინებიან, თუმცა სიბერე მოსწეოდა, შთამომავლობაც უმწეო ჰყოლოდა, ცეცხლოვანი ქარბორბალა დასტყდომოდა უეცრად და გადაეწვა (ყოველივე)? ალლაჰი ასე ცხადყოფს თქვენთვის აიათებს, რომ იქნებ დაფიქრებულიყავით. |
267. | ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! საუკეთესოთაგან გაიღეთ მოწყალებად – რაც მოიხვეჭეთ და რაც მიწიდან აღმოვაცენეთ თქვენთვის; არ დააპიროთ გაცემა მათგან უვარგისისა, რისი ამღებიც თვითონ არა ხართ, თუ თვალს არ დახუჭავთ მასზე. იცოდეთ, რომ ალლაჰი ქებულია, ყოვლადმდიდარი. |
268. | ეშმაკი სიღარიბით გაშინებთ და ავზნეობისკენ* მოგიწოდებთ, ხოლო ალლაჰი პატიებასა და წყალობას გპირდებათ თავისი წიაღიდან. ალლაჰია უხვმწყალობი, ყოვლისმცოდნე. |
269. | სიბრძნეს ანიჭებს მას, ვისაც ინებებს, ხოლო ვისაც სიბრძნე ებოძა, უეჭველად, მას ბევრი სიკეთე მიეცა, თუმცა ამაზე სხვა არავინ დაფიქრდება, გარდა გონიერთა. |
270. | რა მოწყალებაც გაგიღიათ ან რა აღთქმაც დაგიდვიათ, ჭეშმარიტად, –ალლაჰმა იცის ყველაფერი, ხოლო უსამართლოთა დამხმარე – არავინაა. |
271. | მოწყალებას თუ აშკარად გაიღებთ, ეს – კარგი, ხოლო თუ მას ფარულად გასცემთ ღარიბებზე, ეს – საუკეთესო იქნება თქვენთვის, და დაფარავს თქვენს უკეთურებებს. ალლაჰი მცოდნეა იმ ყველაფრისა, რასაც თქვენ აკეთებთ. |
272. | არ გაკისრია შენ მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება, არამედ ალლაჰი დააყენებს ჭეშმარიტ გზაზე მას, ვისაც ინებებს. რა სიკეთეც გაიღოთ მოწყალებად, ის მხოლოდ თქვენი სულებისთვისვეა. სხვა როგორ გაიღებთ თქვენ მოწყალებას, თუ არა ალლაჰის კმაყოფილი სახის მოლოდინით. რა სიკეთეც გაიღოთ მოწყალებად, უნაკლოდ აგინაზღაურდებათ, და არ შეგეხებათ უსამართლობა. |
273. | (მოწყალება) ღარიბებისთვისაა, რომელნიც მხოლოდ ალლაჰის გზით შემოფარგლულან და (სარჩოს მაძიებლებად) დედამიწის ზურგზე ვერ გაუვლიათ. მათი (ღარიბთა) მოკრძალებულობის გამო უვიცებს ჰგონიათ, რომ ისინი მდიდრები არიან. შენ მათ თავიანთი სახეებით გამოიცნობ – ისინი არ სთხოვენ* ხალხს თავხედურად… და რა სიკეთესაც გაიღებთ მოწყალებად, ჭეშმარიტად, – იცის ის ალლაჰმა. |
274. | რომელნიც მოწყალებას გასცემენ თავიანთი ქონებიდან – დღისით და ღამით; ფარულად და აშკარად, – სწორედ მათ ღმერთთანაა ჯილდო თავიანთი, და მათ არც შიში ელით, არცა დამწუხრება. |
275. | ხოლო ისინი, ვინც ჭამს ვახშს, (განკითხვის დღეს) სხვანაირად არ წამოდგებიან, თუ არა მსგავსად* – ეშმაკის დარტყმის შედეგად ჭკუაშეშლილებისა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თქვეს – უეჭველად, ვაჭრობა ვახშის მსგავსიაო, არადა ალლაჰმა ვაჭრობა სცნო ნებადართულად, ვახში კი აკრძალა… და მას, ვინც შეგონება მიიღო თავისი ღმერთისგან და ხელი აიღო (მევახშეობაზე), – შერჩება ის, რაც იყო წარსულში და მისი საქმე ალლაჰზეა, ხოლო ვინც უკან დაუბრუნდეს (მევახშეობას), სწორედ ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი; ისინი იქნებიან იქ მარადჟამს. |
276. | აკნინებს ვახშს ალლაჰი და ამრავლებს მოწყალებას*. არ უყვარს ალლაჰს არცერთი ურწმუნო და ცოდვილი. |
277. | ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს, ჰქმნეს კეთილი, აღასრულეს ნამაზი და გაიღეს ზექათი, – მათ ღმერთთანაა ჯილდო თავიანთი, და მათ არც შიში ელით, არცა დამწუხრება. |
278. | ეი, თქვენ, რომელთაც იწმუნეთ! რიდი გქონდეთ ალლაჰისა და მიატოვეთ ვახში, რაც დაგრჩათ (ასაღები), თუ ხართ თქვენ მორწმუნენი. |
279. | და თუ მაინც არ მოიშალოთ, მაშინ იცოდეთ ალლაჰისა და მისი შუამავლის მხრიდან გამოცხადებული ომის შესახებ; ხოლო თუ მოინანიებთ, თქვენი ქონების ძირი – თქვენი კუთვნილებაა. არც სხვას მოექცეთ უსამართლოდ და არც თქვენ იყოთ მსხვერპლი უსამართლობისა. |
280. | თუკი სიდუხჭირეშია (მევალე), მაშინ მანამდე ადროვეთ, ვიდრე გადახდის უნარი ექნებოდეს, და თუ სამოწყალოდ დაუტოვებთ (ვალს ან მის ნაწილს), ეს უფრო ხეირიანია თქვენთვის, რომ იცოდეთ. |
281. | გეშინოდეთ იმ დღისა, როცა ალლაჰთან იქნებით დაბრუნებულნი. შემდეგ ყოველ სულს მიეგება იგი, რაც მას მოუხვეჭავს, და არ შეეხებათ მათ უსამართლობა. |
282. | ეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ ვალს დაიდებთ* გარკვეული დროით, მაშინვე ჩაიწერეთ იგი. აუცილებელია, თქვენ შორის არსებული გარიგება ჩამწერმა გააფორმოს სამართლიანად. არ გადაუხვიოს ჩამწერმა იმგვარად ჩაწერას, როგორც ალლაჰმა ასწავლა მას. – ჩაწეროს, ხოლო უკარნახოს მან, ვინც ვალი დაიდო. ეშინოდეს თავისი ღმერთისა, ალლაჰისა, და არაფერი მიაკლოს მას (სწორად ჩაწერას). ხოლო თუ ჭკუასუსტია ან უძლური, ან კიდევ კარნახი არ შეუძლია მას, ვინც ვალი დაიდო, მაშინ მისმა მეურვემ უკარნახოს სამართლიანად. ორი კაციც დაიმოწმეთ თქვენგან (გარიგებისას), ხოლო თუ ორი კაცი არ იქნება, მაშინ ერთი კაცი და ორი ქალი, – იმ მოწმეთაგან, რომელთა მიმართაც ხართ კმაყოფილნი. თუ შეცდება ერთი-ერთი მათგანი (იმ ორი ქალიდან), – მეორემ შეახსენოს. არ შედრკნენ მოწმეები, როდესაც მიიწვევენ და არც ჩაწერა დაიზარონ ვალისა თავისი ვადით – მცირე იქნება თუ დიდი. ყველაზე სამართლიანია ეს ალლაჰის წინაშე, ყველაზე ძლიერი – მოწმობისთვის და უფრო ხელსაყრელი, რათა ეჭვი არ გაგიჩნდეთ. ხოლო თუ ხელზე ივაჭრებთ ერთმანეთში, მაშინ ცოდვა არ გექნებათ, თუ არ ჩაიწერთ მას. ვაჭრობისას მოწმენი დაიმოწმეთ იმგვარად, რომ არც მწერალს ევნოს და არც მოწმეს, ხოლო თუ ამგვარად არ იქმთ, უეჭველად, ეგ იქნება უღირსი საქციელი თქვენგან. ალლაჰის რიდი გქონდეთ; – ალლაჰი გასწავლით თქვენ; – ალლაჰია ყოვლისმცოდნე. |
283. | ხოლო თუ მგზავრობაში იმყოფებით და ვერ პოულობთ ჩამწერს, მაშინ (ვალის სანაცვლოდ) მიღებული საწინდარიც საკმარისია. თუ თქვენ ერთმანეთს ენდეთ*, მაშინ მან, ვისაც ენდნენ, უკან დააბრუნოს ამანათი და რიდი ჰქონდეს მისი ღმერთის, ალლაჰისა. და არ დამალოთ მოწმობა. ვინც მას დამალავს, უეჭველად, მისი გული ცოდვილია. იცის ალლაჰმა ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ. |
284. | ალლაჰს ეკუთვნის ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და რაცაა ქვეყანასა ზედა. თუნდ გააცხადოთ, რაცაა თქვენს სულებში, თუნდ დამალოთ იგი, – ალლაჰი პასუხს გაგებინებთ მასზე: აპატიებს მას, ვისაც ინებებს და დასჯის მას, ვისაც ინებებს*. ალლაჰი ყოვლისშემძლეა. |
285. | შუამავალმა ირწმუნა ის, რაც მას თავისი ღმეღთისგან ჩაევლინა, – ასევე მორწმუნეებმაც (ირწმუნეს). ირწმუნა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები და მის მიერ წარმოგზავნილი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის მიერ წარმოგზავნილ შუამავალთაგან არცერთს. მათ თქვეს: ,,შევისმინეთ და დავემორჩილეთ*, ღმეღთო ჩვენო, შეგვიწყალე, შენთანაა საბოლოო მისაქციელი”. |
286. | არცერთ სულს არ აკისრებს ალლაჰი იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია. მის სარგოდ იქნება, რაც მოიპოვა (სიკეთით) ან მის საწინააღმდეგოდ იქნება, რაც მოიხვეჭა (უკეთურებით). ღმერთო ჩვენო! არ გვაგებინო პასუხი, თუკი დაგვავიწყდა ან შევცოდეთ. ღმერთო ჩვენო! ნუ დაგვდებ (ისე) მძიმე ტვირთს, როგორც დასდე ჩვენზე ადრე მყოფთ. ღმერთო ჩვენო! ნუ გვატვირთავ იმას, რისი ზიდვაც არ ძალგვიძს. მოგვიტევე, შეგვინდე და შეგვიწყალე ჩვენ. შენა ხარ ჩვენი შემწე და ურწმუნო ხალხზე გვამარჯვე. |