1. | ელიფ. ლამ. მიმ. |
2. | ნუთუ ჰგონიათ ადამიანებს, რომ ამაოდ იქნებიან მიტოვებულნი და არ გამოიცდებიან, თუ მხოლოდ იტყვიან „ვირწმუნეთ“? |
3. | ვფიცავ, ჩვენ გამოვცადეთ, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ. უეჭველად, ალლაჰმა იცის, რომელთაც სიმართლე თქვეს და რომელთაც იცრუეს! |
4. | თუ ჰგონიათ, რომელნიც სიავეს სჩადიან, თავს დაიძვრენენ? რაოდენ ცუდია მათ მიერ გამოტანილი მსჯავრი! |
5. | ვინც სასოებს ალლაჰთან შეხვედრას, უეჭველად, ალლაჰის დადგენილი ვადა ეწევა. იგი ყოვლისმსმენია, ბრძენია! |
6. | ის ვინც იბრძვის, თავის სასარგებლოდ იბრძვის. უეჭველად, ალლაჰი მდიდარია სამყაროთა ზედა! |
7. | და რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უთუოდ, ჩვენ დავფარავთ მათ სიავენს და მივუზღავთ იმაზე უკეთესით, რასაც სჩადიოდნენ! |
8. | და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლებლის მიმართ. და თუ ისინი შენს წინააღმდეგ იბრძოლებენ, რომ თანაზიარად გამიხადო ის, რისი ცოდნაც არ გაგაჩნია, არ დაემორჩილო მათ. ჩემთანაა თქვენი დაბრუნება და მაშინ გამცნობთ იმას, რასაც სჩადიოდით! |
9. | და რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მართალთა რიგებში ჩავრიცხავთ! |
10. | და ადამიანთაგან, ვინც ამბობს: „ვირწმუნეთ ალლაჰი.“ საკმარისია ტანჯვა ეწიოთ ალლაჰის გზაზე, მაშინვე ადარებენ ხალხის განსაცდელს ალლაჰის სასჯელს. და თუ შეწევნა მოევლინება შენი ღმერთისგან, აუცილებლად იტყვიან: „თქვენთან ერთად ვიყავითო.“ მაგრამ ალლაჰი ხომ უკეთ უწყის, რა იმალება სამყაროთა გულებში? |
11. | უეჭველად, ალლაჰი უკეთ უწყის მორწმუნეებსაც და თვალთმაქცებსაც! |
12. | ურწმუნონი ეუბნებიან მორწმუნეებს: „იარეთ ჩვენი გზით და ჩვენ ავიღებთ თქვენს ცოდვებსო.“ არ აიღებენ მათი ცოდვის ნაწილსაც კი. უეჭველად, ისინი ცრუნი არიან! |
13. | ისინი იტვირთავენ თავიანთ ტვირთს და სხვა სიმძიმეს თავიანთ ტვირთთან ერთად. აღდგომის დღეს მათ აუცილებლად მოჰკითხავენ იმას, რასაც თხზავდნენ! |
14. | და ვფიცავ, ჩვენ წარგვზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან, და დაჰყო მათთან ათასი წელი ორმოცდაათის გამოკლებით. და შეიპყრო ისინი ცუნამმა, რამეთუ უსამართლონი იყვნენ! |
15. | გადავარჩინეთ იგი და ის რაც გემში იყო და დავადგინეთ იგი სასწაულად სამყაროთათვის! |
16. | და იბრაჰიმმა აკი, უთხრა თავის ხალხს: „თაყვანი ეცით ალლაჰს და გეშინოდეთ მისი! ეს უმჯობესია თქვენთვის, რომ იცოდეთ! |
17. | ალლაჰის ნაცვლად კერპებს ეთაყვანებით და სიცრუეს თხზავთ. უეჭველად, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის მაგიერ, უძლურნი არიან თქვენდამი სარჩოს მომადლებაში. მაშ, ეძიეთ სარჩო ალლაჰთან, თაყვანი ეცით მას და მადლიერნი იყავით მისი, რამეთუ მასთან იქნებით მიბრუნებულნი!“ |
18. | და თუ სიცრუედ ჩათვლით, თქვენამდეც ხომ მთელი თაობები რაცხავდნენ სიცრუედ, მაგრამ შუამავლის ვალია მხოლოდ ცხადი შეტყობინება. |
19. | ნუთუ ვერ ხედავენ, როგორ იწყებს ალლაჰი სიცოცხლის გაჩენას, მერე როგორ აღადგენს. უეჭველად, ეს იოლია ალლაჰისათვის! |
20. | უთხარი: „იმოგზაურეთ დედამიწაზე და ნახეთ, როგორ დაიწყო სიცოცხლის გაჩენა. მერე ალლაჰი დაადგენს უკანასკნელ სიცოცხლეს . უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა! |
21. | იგი სჯის და შეიწყალებს, ინებებს ვისაც. და მასთან იქნებით მიბრუნებულნი! |
22. | და თქვენ ვერ სძლევთ მას, ვერც დედამიწასა ზედა და ვერც ცაში. და თქვენ არ მოგეძებნებათ არც შემწე და არცა მფარველი, გარდა ალლაჰისა! |
23. | და რომელთაც უარყვეს ალლაჰის აიათები და შეხვედრა მასთან, სწორედ ეგენი არიან, რომელთაც იმედი გადაეწურათ ჩემი მოწყალებისგან და სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი! |
24. | პასუხად მისმა ხალხმა თქვა: „მოკალით ან დაწვით!“ მაგრამ ალლაჰმა იხსნა იგი ცეცხლისგან. უეჭველად, ამაშია სასწაულნი მორწმუნეთათვის! |
25. | უთხრა: თქვენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოყვასად დაიდგინეთ კერპები, ნაცვლად ალლაჰისა. მაგრამ მომავალში, აღდგომის დღეს, ზოგი თქვენგანი უარყოფს და დაწყევლის ზოგ თქვენგანს. თქვენი სადგომი იქნება ცეცხლი და არ გეყოლებათ მეოხე!“ |
26. | ამგვარად, ირწმუნა მისი ლუტმა და იბრაჰიმმა უთხრა: „ვაპირებ გადასახლებას ჩემი ღმერთისთვის. უეჭველად, იგი ძლევამოსილია, ბრძენია! |
27. | ჩვენ ვუბოძეთ მას ისჰაყი და იაღყუბი, და დავადგინეთ მის შთამოვალთათვის შუამავლობა და წიგნი. და ვუბოძეთ საზღაური სააქაოში, ხოლო საიქიოში იქნება ის მართალთა შორის! |
28. | და ლუტმა აკი, უთხრა თავის ხალხს: „უეჭველად, საზიზღრობას სჩადიხართ თქვენ, რომლის მსგავსი არავის ჩაუდენია სამყაროთა. |
29. | ნუთუ ვნებას აღგიძრავთ თქვენ კაცები, მოუჭრით გზებს და სჩადიხართ უკეთურს თქვენს შეკრებებზე?“ პასუხად მისმა ხალხმა თქვა: „მაშ, დაგვატეხე თავს ალლაჰის სასჯელი, თუ კი ხარ მართალთაგანი!“ |
30. | თქვა: „ღმერთო ჩემო! შემეწიე იმ ხალხის წინაშე, რომელიც უკეთურობას ავრცელებს!“ |
31. | როცა ჩვენი წარგზავნილები მივიდნენ იბრაჰიმთან სამახარობლოთი, უთხრეს: ვაპირებთ ამ დასახლების მცხოვრებთა მოსპობას. უეჭველად, აქ მაცხოვრებლები უსამართლონი არიან!“ |
32. | მიუგო: „იქ ხომ ლუტია!“ უთხრეს: ჩვენ უკეთ ვუწყით, ვინცაა იქ! უეჭველად, გადავარჩენთ მას და მის ოჯახს, მისი ცოლის გამოკლებით, რომელიც იქნება დარჩენილთაგანი!“ |
33. | როცა ჩვენმა წარგზავნილებმა მიაღწიეს ლუტთან, შეწუხდა ის და იგრძნო თავისი უძლურება. მაშინ უთხრეს: „ნუ გეშინია, და არ იდარდო! ჩვენ გადაგარჩენთ შენ და შენს ოჯახს, შენი ცოლის გამოკლებით, რომელიც იქნება დარჩენილთაგანი! |
34. | უეჭველად, ჩვენ ვართ ზეციდან საზღაურის მიმგებნი ამ დასახლების მცხოვრებლებზე, რამეთუ ისინი ცოდვილნი არიან“! |
35. | და ვფიცავ, ჩვენ იმისგან დავტოვეთ ცხადი სურათი გონიერთათვის სასწაულად! |
36. | და მედიენში მათი ძმა შუღეიბი, რომელმაც უთხრა: „ჩემო ხალხო! თაყვანი ეცით ალლაჰს, სასოებდეთ უკანასკნელ დღეს და არ ჰქმნათ სიავე ქვეყნად, უკეთურების გავრცელებით!“ |
37. | ცრუდ შერაცხეს და მაშინ მიეწიათ ძლიერი მიწისძვრა და მუხლებზე დაჩოქილნი უსულონი შეიქმნენ თავიანთ სახლებში. |
38. | აგრეთვე ადისა და სემუდის ! უეჭველად, თქვენთვის გაცხადდა მათი საცხოვრებლების მდგომარეობა. ეშმაკმა მათ შეულამაზა მათი საქმეები და გზიდან ააცდინა, არადა იყვნენ გამჭრიახნი. |
39. | აგრეთვე ყარუნი, ფარაონი და ჰამანი! ვფიცავ, მუსა მივიდა მათთან ცხადი სასწაულებით, ხოლო მათ გამედიდურდნენ ქვეყანაზე, თუმცაღა ვერ აცდნენ ! |
40. | ყველა დაისაჯა თავისი ცოდვების გამო. ზოგ მათგანს დავატეხეთ ქარიშხალი ქვების, ზოგი განგმირა საზარელმა ყიჟინამ, ზოგი ჩვენი ბრძანებით მიწამ შთანთქა, ზოგი კი დავახრჩვეთ. ალლაჰი არ ყოფილა უსამართლო მათ მიმართ, არამედ ისინი თავად მოექცნენ სკუთარ თავს უსამართლოდ! |
41. | რომელთაც მფარველად აიყვანეს სხვა, გარდა ალლაჰისა, ობობას ჰგვანან, რომელმაც საცხოვრებელი მოიქსოვა. უეჭველად, ყველაზე უსაფუძვლო საცხოვრებელი – ობობას სახლია. ნეტავ იცოდნენ! |
42. | უეჭველად, ალლაჰი უწყის, ვინ ეთაყვანება სხვას, მის გარდა, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია! |
43. | ეს იგავები მოგვაქვს ხალხთათვის, მაგრამ არ შეიმეცნებენ, გარდა მცოდნეთა! |
44. | ალლაჰმა გააჩინა ცანი და მიწა ჭეშმარიტებისთვის. უეჭველად, ამაშია სასწაულები მორწმუნეთათვის! |
45. | წაიკითხე ის, რაც შთაგეგონა წიგნიდან და აღავლინე ლოცვა. უეჭველად, ლოცვა განდევნის სიავენს და უკეთურს. და რა თქმა უნდა, ალლაჰის ხსენება მნიშვნელოვანია. და ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიხართ! |
46. | თუ ეკამათებით წიგნის ხალხს, მხოლოდ საუკეთესო გზით. ეს არ ეხება მათგან იმათ, ვინც უსამართლოდ იქცევა. უთხარით: „ჩვენ ვირწმუნეთ ის, რაც ზეგარდმოგვევლინა, და ის რაც თქვენ გარდმოგევლინათ. ჩვენი და თქვენი ღმერთი ერთია, და ვმორჩილებთ მხოლოდ მას!“ |
47. | და ამგვარად მოგივლინეთ შენ წიგნი . რომელთაც ვუბოძეთ ღვთიური წიგნი (წინათ), ირწმუნებენ მას . და მათგანაც ირწმუნებენ მას. და მხოლოდ ურწმუნოები უარყოფენ ჩვენს აიათებს! |
48. | შენ არ კითხულობდი მანამდე არც ერთ წიგნს და არ გადაგიწერია შენი მარჯვენათი. სხვაგვარად სიცრუის მიმხრობნი დაეჭვდებოდნენ! |
49. | სულ ტყუილად, ესაა ცხადი აიათები მათ გულებში, რომელთაც ებოძა ცოდნა და მხოლოდ უსამართლონი უარყოფენ ჩვენს აიათებს! |
50. | და თქვეს: „რატომ არ ზეგარდმოევლინა სასწაულები მისი ღმერთისგან?“ უთხარი: „უეჭველად, სასწაულები ალლაჰის წიაღშია, მე კი მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ“! |
51. | განა საკმარისი არ არის მათთვის, რომ ჩვენ მოგივლინეთ წიგნი, რომელიც მათ ეკითხებათ? უეჭველად, ამაშია მოწყალება და შეხსენება მორწმუნე ხალხთათვის. |
52. | უთხარი: „ისიც კმარა, რომ ალლაჰია მოწმე ჩემსა და თქვენ შორის. იგი უწყის იმას, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ხოლო ისინი, რომელთაც ირწმუნეს სიცრუისა და უარყვეს ალლაჰი, სწორედ ეგენი არინ წაგებულნი! |
53. | და შენ გაჩქარებენ სასჯელის მოვლენას. რომ არა განსაზღვრული ჟამი, სასჯელი, უთუოდ, დაატყდებოდათ თავზე. უეჭველად, დაატყდებათ თავს მოულოდნელად და ვერც კი იგრძნობენ! |
54. | ისინი გაჩქარებენ სასჯელის დატყდომას. უეჭველად, ჯოჯოხეთი გარემომცველია ურწმუნოთა! |
55. | იმ დღეს სასჯელი დაფარავს მათ თავიდან ფეხებამდე. და ეტყვის : „იგემეთ ის, რასაც სჩადიოდით!“ |
56. | ჰეი, მორწმუნე მსახურნო ჩემნო! უეჭველად, ვრცელია ჩემი მიწები. მაშ, მხოლოდ მე მეცით თაყვანი! |
57. | ყოველი სული სიკვდილს იგემებს, მერე კი ჩვენთან იქნებით მობრუნებულნი! |
58. | ხოლო რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უეჭველად, დავასახლებთ სამოთხის სასუფეველში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. ისინი იქ მარად დარჩებიან. რაოდენ საამური საზღაურია კეთილისმქმნელთათვის, |
59. | რომელთაც მოითმინეს და სასოებდნენ თავიანთ ღმერთს! |
60. | რამდენი ცოცხალი არსებაა, რომელსაც არ შეუძლია თავისი სარჩოს ტარება! ალლაჰი მიჰმადლის მათ და თქვენც: და იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე! |
61. | თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწა და დაუმორჩილა მზე და მთვარე? – გიპასუხებენ: „ალლაჰმა.“ მაშ, როგორღა აქცევენ ზურგს ჭეშმარიტებას?! |
62. | ალლაჰი მიაგებს უხვ სარჩოს და უმცირებს თავის მსახურთაგან, ინებებს ვისაც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა! |
63. | და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გარდმოავლინა ზეციდან წყალი და გააცოცხლა მისით მიწა მას მერე, რაც ის მკვდარი იყო?“ უსათუოდ გიპასუხებენ -„ალლაჰმა!“ უთხარი: „ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის!“ მაგრამ უმრავლესობა მათი ვერ განსჯიან. |
64. | სააქაო ცხოვრება მხოლოდ გართობა და თამაშია, ხოლო იმქვეყნიური სასუფეველი – ჭეშმარიტი სიცოცხლე. ნეტავ, იცოდნენ! |
65. | როცა სხდებიან ისინი გემში, მთელი გულით ევედრებიან ალლაჰს. ხოლო როცა გადაარჩენს მათ და ნაპირზე გაიყვანს, მაშინვე თანაზიარს უდგენენ! |
66. | რომ უარყონ რაც ვუბოძეთ და დატკბენ ამიერი ცხოვრებით, მაშინ სულ მალე შეიტყობენ ! |
67. | ნუთუ ვერ ხედავენ, უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ (მექა) უსაფრთხოდ და ნაკრძალად მაშინ, როცა ირგვლივ ხალხს ხოცავენ. ნუთუ სწამთ სიცრუე და უარყოფენ ალლაჰის წყალობას? |
68. | და ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტად უსამართლო, ვინც სიცრუე შეთხზა ალლაჰზე ან ცრუდ შერაცხა ჭეშმარიტება, როცა მოევლინა? განა ჯოჯოხეთი არ არის ურწმუნოთა სადგომი? |
69. | ხოლო რომელთაც იღვაწეს ჩვენთვის, უთუოდ, წარმატებულს ვჰქმნით ჩვენს გზაზე. უეჭველად, ალლაჰი კეთილისმქმნელებთან ერთადაა! |