26. Ash-Shuara

1. ტა. სინ. მიმ.
2. ეს ცხადი წიგნის აიათებია!
3. დარდისგან შეიძლება თავიც დაიღუპო, რამეთუ არ ხდებიან მორწმუნენი!
4. თუ ჩვენ ვინებებთ, ზეციდან გარდმოვავლენთ სასწაულს, რომლის წინაშე მორჩილად მოიხრიან ქედს!
5. როგორი შეხსენებაც არ უნდა მიიღონ მოწყალისაგან, ზურგს აქცევენ მას!
6. უეჭველად, მათ შერაცხეს ეს სიცრუედ და მიუვათ მათ ამბავი იმისა, რასაც დასცინოდნენ!
7. ნუთუ ვერ ხედავენ, დედამიწაზე რამდენი სახეობის სასარგებლო მცენარე აღმოვაცენეთ?
8. უეჭველად, ამაში სასწაულია, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც არ შეიქნენ მორწმუნენი!
9. უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მოწყალეა!
10. და აკი, შენმა ღმერთმა უხმო მუსას: „წადი უსამართლო ხალხთან –
11. ფარაონის ხალხთან. ნუთუ არ შეიქმნებიან ღვთისმოშიშნი?“
12. მიუგო: ღმერთო ჩემო! ვშიშობ, რომ ცრუდ არ შემრაცხონ,
13. გული შემეკუმშება და ენას ვერ მოვაბრუნებ. ჰარუნსაც უბოძე შუამავლობა,
14. რამეთუ მათ წინაშე ცოდვა მაწევს და მეშინია, არ მომკლან!
15. უთხრა: „არა (ნუ გეშინია)! ორივე წადით ჩემი სასწაულებით. უეჭველად, ჩვენ თქვენთან ერთად ვართ და ყველაფერს ვისმენთ!
16. ორივე მიდით ფარაონთან და უთხარით: უეჭველად, ჩვენ სამყაროთა ღმერთის შუამავალნი ვართ!
17. ამიტომ გამოუშვი ჩვენთან ერთად ისრაილის ძენი!“
18. (ფარაონმა) უთხრა): „განა ჩვენ არ გამოგზარდეთ ჩვილობიდან? განა ჩვენს შორის არ გაატარე მრავალი წელი?
19. განა შენ არ ჩაგიდენია ის, რაც ჩაიდინე? შენ ხარ ერთი უმადურთაგანი!“
20. მიუგო: მე ეს ჩავიდინე, როცა ვიყავი გზააბნეულთაგანი,
21. მე გავიქეცი თქვენგან, როცა შემეშინდა თქვენი. მაგრამ ჩემმა ღმერთმა მიწყალობა ცოდნა და დამადგინა შუამავალთაგან!
22. ხოლო წყალობა, რომელსაც მაყვედრი ისაა, რომ დაიმონე ისრაილის ძენი.“
23. ფარაონმა უთხრა: „რას ნიშნავს ღმერთი სამყაროთა?“
24. მოუგო: „იგია მეუფე ცათა და ქვეყნის და იმის, რაც მათ შორისაა, თუკი თქვენ გსურთ ჭეშმარიტების შემეცნება!“
25. უთხრა მის გვერდით მყოფთ: „განა არ გესმით?“
26. უთხრა (მუსამ): „იგია ღმერთი თქვენი და თქვენი წინაპრების!“
27. მოუგო: „უეჭველად, თქვენთან წარმოგზავნილი შუამავალი შეშლილია!“
28. უთხრა (მუსამ): „იგია, ღმერთი აღმოსავლეთისა, დასავლეთისა და იმისა, რაც მათ შორისაა. თუკი მოუხმობთ გონს!
29. მიუგო: „თუკი შენ დაიდგინე ღვთაება, გარდა ჩემი, უთუოდ, გამოგამწყვდევ დილეგში.“
30. უთხრა: „და თუ რამე ცხადს გაჩვენებო?“
31. მიუგო: „მაშ, გვაჩვენე, თუ მართალთაგანი ხარ!“
32. მაშინ მუსამ დააგდო თავისი კვერთხი და იქცა იგი აშკარა გველად.
33. ხელი ამოიღო თვისი და გახდა ის ქათქათა თეთრი მაყურებელთათვის.
34. უთხრა მის გვერდით მდგომ დიდებულებს: „უეჭველად, ეს განსწავლული ჯადოქარია.
35. თვისი ჯადოქრობით სურს ჩვენივე ქვეყნიდან გაძევება. რას მირჩევთ?“
36. უთხრეს: „დატოვე ის და მისი ძმაც, შენ კი გაგზავნე ქალაქებში შიკრიკები,
37. რათა მოგგვარონ მათ განსწავლული ჯადოქრები.“
38. ამგვარად, შეკრიბეს ჯადოქრები დათქმული დღისთვის.
39. და აჰა, უთხრეს ხალხს: „შეიკრიბეთ!
40. შესაძლოა მოგვიწიოს ჯადოქრებზე გაყოლა, თუ ისინი გაიმარჯვებენ!“
41. და როცა მოვიდნენ ჯადოქრები, უთხრეს ფარაონს: „თუ გავიმარჯვებთ, საზღაურს მივიღებთ?“
42. მიუგო: „დიახ! ამ შემთხვევაში უდაოდ აღმოჩნდებით დაახლოებულთა შორის!“
43. მუსამ უთხრა: „ისროლეთ, რის სროლასაც აპირებთ.“
44. მათ ისროლეს თავიანთი თოკები და კვერთხები. თქვეს: „ფარაონის ძლიერებით, უეჭველად, ჩვენ გავიმარჯვებთ!“
45. მერე მუსამ ისროლა თავისი კვერთხი და რას ხედავენ! მან გადაყლაპა იმათი ნახელავი!
46. მაშინ ჯადოქრები სეჯდეზე განერთხენ.
47. თქვეს: „ჩვენ ვირწმუნეთ სამყაროთა ღმერთის,
48. მუსას და ჰარუნის ღმერთი!“
49. უთხრა: „ნუთუ იწამეთ მისი მანამდე, სანამ ამის უფლებას მოგცემდით? უეჭველად, იგი თქვენი მეთავეა, რომელმაც ჯადოქრობა გასწავლათ! მაშ, მალე შეიტყობთ! უთუოდ, ხელ-ფეხს გარდიგარდმო მოგაჭრი და ძელზე გაგაკრავ თქვენ!“
50. მიუგეს: „არ ვდარდობთ! უეჭველად, ჩვენს ღმერთთან მივიქცევით!
51. უეჭველად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოგვიტევებს ჩვენი ღმერთი ჩვენს შეცოდებებს იმისთვის, რომ შევიქმენით პირველი მორწმუნეთაგანი!“
52. და ჩვენ შთავაგონეთ მუსას: „გაუდექი გზას ჩემს მსახურებთან ერთად ღამით, რამეთუ უკან დაგედევნებიან!“
53. ფარაონმა დაგზავნა ქალაქებში შემკრებნი:
54. „უეჭველად, ეგენი მცირერიცხოვანი და უბადრუკი ჯგუფია.
55. მაგრამ მათ განგვარისხეს,
56. უეჭველად, ჩვენ ყველანი ფხიზელი ხალხი ვართ!“
57. ამგვარად, მათ მივატოვებიეთ ბაღები და წყაროსთავები,
58. საგანძურები და დიდებული ადგილსამყოფელი.
59. აი ასე! ჩვენ დავუმკვიდრეთ იგი ისრაილის ძეთ!
60. დაედევნენ მათ მზის ამოსვლისას.
61. ხოლო როცა ორმა ჯგუფმა ერთმანეთი დაინახეს, მუსას მხლებლებმა თქვეს: „უეჭველად, დაგვეწევიან!“
62. მიუგო : არამც და არამც! უეჭველად, შემეწევა ჩემი ღმერთი და დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე!“
63. მაშინ შთავაგონეთ მუსას: „დაარტყი შენი ჯოხი ზღვას!“ უმალ გაიპო იგი და თითოეული ნაწილი უზარმაზარ მთასავით აღიმართა.
64. ჩვენ მივუახლოვეთ მეორენიც (ფარაონის ამალა)!
65. გადავარჩინეთ მუსა და ყველანი მასთან მყოფნი,
66. მერე კი დავახრჩვეთ სხვა დანარჩენნი!
67. უეჭველად, ამაში სასწაულია, მაგრამ უმრავლესობამ არ ირწმუნა!
68. და უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!
69. წაუკითხე მათ ამბავი იბრაჰიმისა!
70. აკი, ჰკითხა მან მამამისს და თავის ხალხს: „რას ეთაყვანებით?“
71. მიუგეს: „თაყვანს ვცემთ კერპებს და მუდამდღე ვლოცულობთ მათზე.“
72. უთხრა: „ესმით კი თქვენი, როცა მოუხმობთ მათ?
73. მოაქვთ რამე სარგებელი თქვენთვის ან გავნებენ კი რამეს?“
74. მიუგეს: „ჩვენ ვჰპოვეთ, ჩვენი მამებიც ასე იქცეოდნენ“.
75. უთხრა: „განა ვერ უნდა შეიმეცნოთ, რას ეთაყვანებით
76. თქვენც და თქვენი წინაპრებიც?
77. უეჭველად, ისინი ერთიანად ჩემი მტრები არიან, გარდა სამყაროთა ღმერთისა,
78. რომელმაც გამაჩინა მე, სწორედ იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე!
79. იგია, რომელიც მაჭმევს და მასმევს!
80. და როცა ავად ვხვდები, სწორედ იგია, რომელიც გამომაკეთებს!
81. რომელიც მომაკვდინებს და მერე გამაცოცხლებს!
82. რომელსაც ვსასოებ, რომ შემინდოს შეცოდებები ჩემი განკითხვის დღეს!
83. ღმერთო ჩემო! მომანიჭე ცოდნა და ჩამრიცხე მართალთა რიგებში!
84. დატოვე ჩემზე ჭეშმარიტი სიტყვა მომავალი თაობებისთვის!
85. და დამადგინე იმათთაგან, რომელნიც ხვავ-ბარაქიან სამოთხეებს იმემკვიდრებენ!
86. მამაჩემსაც მიუტევე, რამეთუ იგი ერთ-ერთი გზააბნეულთაგანი იყო!
87. და არ შემარცხვინო აღდგომის დღეს,
88. იმ დღეს, როცა არც სიმდიდრე, არც ძენი არავის წაადგება,
89. გარდა იმისა, ვინც წარსდგება ალლაჰის წინაშე უბიწო გულით!“
90. და მოახლოვდება სამოთხე ღვთისმოშიშთათვის!
91. და აშკარა გახდება ზღვარგადასულთათვის ჯოჯოხეთი!
92. მათ ეტყვიან: „სად არიან ისინი, ვისაც ეთაყვანებოდით?
93. გარდა ალლაჰისა, შეგეწევიან კი ისინი თქვენ ან საკუთარ თავს?“
94. და ერთიმეორეზე დაყრილი იქ იქნებიან ზღვარგადასულებთან,
95. ეშმაკის ჯართან, ყველა ერთად.
96. იკამათონ იქ და თქვან:
97. „ვფიცავთ ალლაჰს, ცხად გზააბნევაში ვიყავით,
98. როცა გათანაბრებდით სამყაროთა ღმერთთან!
99. მხოლოდ ცოდვილებმა შეგვიყვანეს გზააბნევაში
100. და არა გვყავს შემწენი,
101. არც ერთგული მეგობარი,
102. დაბრუნება რომ შეგვეძლოს, მორწმუნენი შევიქნებოდით!“
103. უეჭველად, ამაშია სასწაული, მაგრამ უმრავლესობამ არ ირწმუნა.
104. უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!
105. ნუჰის ხალხმა შუამავლები ცრუდ შერაცხა.
106. აკი, უთხრა მათ მათმა ძმამ, ნუჰმა: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?
107. უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ.
108. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა და დამემორჩილეთ!
109. ამისთვის არ ვითხოვ თქვენგან საზღაურს, რამეთუ საზღაურს მხოლოდ სამყაროთა ღმერთი მომმადლის!
110. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის და დამემორჩილეთ!“
111. უთხრეს: „განა დაგიჯერებთ შენ, რამეთუ მოგყვებიან მხოლოდ მდაბიონი?“
112. მიუგო: „მე არ მაქვს ცოდნა იმისა, თუ რას სჩადიან ისინი.
113. მხოლოდ ჩემი უფალი წარუდგენს მათ ანგარიშს, ნეტავ, გესმოდეთ ეს!
114. არ გავყრი მორწმუნეებს,
115. მე მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ!“
116. უთხრეს: „ჰეი, ნუჰ! თუ არ გაჩერდები, ერთ-ერთი ქვით ჩაქოლილთაგანი გახდები!“
117. თქვა: „ღმერთო ჩემო! ჩემმა ხალხმა ცრუდ შემრაცხა.
118. საბოლოოდ განსაჯე ჩვენს შორის და მიხსენი მე და ის მორწმუნენი, ვინც ჩემთანაა!“
119. ამგვარად, ჩვენ ვიხსენით ის და მასთან ერთად მყოფნი სავსე გემით!
120. მერე კი დავახრჩეთ ყველა დარჩენილი!
121. უეჭველად, ამაშია სასწაული, მაგრამ უმრავლესობამ არ ირწმუნა!
122. უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!
123. ადიელებმა ცრუდ შერაცხეს შუამავლები.
124. აკი, უთხრა მათ მათმა ძმამ ჰუდმა: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?
125. უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ!
126. გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!
127. მე არ გთხოვთ ჯილდოს, რამეთუ მე მხოლოდ სამყაროთა ღმერთი დამაჯილდოებს!
128. ნუთუ ყოველ გორაკზე აღმართავთ ძეგლს,
129. ააგებთ სასახლეებს, თითქოს მარად იცოცხლებთ,
130. და შეიპყრობთ ადამიანებს, როგორც სასტიკი მტარვალები?
131. გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!
132. გეშინოდეთ იმის, რომელმაც შეგეწიათ იმით, რაც იცოდით!
133. ის შეგეწიათ შინაური პირუტყვით და ძეებით,
134. ბაღებით და წყაროსთავებით.
135. ვშიშობ, უეჭველად, მოგეწევათ მტანჯველი სასჯელი დიად დღეს!“
136. მიუგეს: „სულერთია ჩვენთვის შეგვაგონებ თუ არ შეგვაგონებ.
137. ეს მარტოოდენ ადათია ძველების
138. და არ ვიქნებით ჩვენ დასჯილნი!“
139. ცრუდ შერაცხეს იგი, ჩვენ კი ისინი დავღუპეთ! უეჭველად, ამაში სასწაულია, მაგრამ უმრავლესობამ მაინც არ ირწმუნა!
140. უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!
141. სემუდეველებმა ცრუდ შერაცხეს შუამავლები.
142. აკი, უთხრა მათ მათმა ძმამ სალიჰმა: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?
143. უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ.
144. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!
145. მე არ ვითხოვ თქვენგან საზღაურს, რამეთუ მე სამყაროს ღმერთი დამაჯილდოვებს.
146. განა დარჩებით აქ, რაცაა იმათ შორის უსაფრთხოდ:
147. ბაღებში და წყაროსთვლებში,
148. ნათესებსა და ხურმის ხეებში, რომლის ნაყოფი ნაზია,
149. და კვეთავთ სახლებს მთებში დასასვენებლად?
150. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰისა და დამმორჩილდით!
151. ნუ აყვებით იმათ, რომელნიც ზედმეტად ხარჯავენ,
152. რომელნიც უკეთურობას ავრცელებენ ქვეყნად და არაფერს გამოასწორებენ!“
153. მიუგეს: შენ ერთ-ერთი მოჯადოებულთაგანი ხარ,
154. ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც ჩვენ. გვანახე სასწაული, თუ ხარ მართალთაგანი!“
155. უთხრა: „აი ფაშატი აქლემი! მან უნდა დალიოს და თქვენც უნდა დალიოთ განსაზღვრულ დღეებში!
156. არ მიეკაროთ ავით, თუ არადა მტანჯველი სასჯელი გეწევათ დიად დღეს!“
157. მაგრამ მათ მოჰკლეს ის და მერე ინანეს.
158. ამგვარად, მიეწია მათ სასჯელი. უეჭველად, ამაში სასწაულია. მაგრამ უმრავლესობამ მაინც არ ირწმუნა.
159. უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!
160. ლუტის ხალხმა ცრუდ შერაცხა შუამავლები.
161. აკი, მათ მათმა ძმამ ლუტმა უთხრა „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?
162. უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ.
163. გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!
164. მე არ გთხოვთ ამისათვის საზღაურს, რამეთუ მხოლოდ სამყაროთა ღმერთი მიბოძებს მე საზღაურს.
165. ნუთუ თქვენ მხოლოდ მამაკაცებისკენ გაგიწევთ ვნება
166. და მიატოვებთ ცოლებს, რომლებიც ღმერთმა თქვენთვის საამისოდ შექმნა? არამც და არამც! თქვენ ადამიანობის ნიშანწყალი აღარ გაბადიათ!
167. მიუგეს: „თუ არ მოიშლი, ერთ-ერთი გაძევებულთაგანი შეიქმნები.“
168. უთხრა: „უეჭველად, მე ერთ-ერთი იმათგანი ვარ, ვისთვისაც ამაზრზენია თქვენი ქცევა!
169. ღმერთო ჩემო! მიხსენ მე და ჩემი ოჯახი იმისგან, რასაც ისინი სჩადიან!“
170. ვიხსენით იგი და მისი ოჯახი! ყველა,
171. მოხუცი ქალის გარდა, რომელიც უკან დარჩენილთა შორის აღმოჩნდა.
172. შემდგომ ამისა, გავანადგურეთ დანარჩენები!
173. და გადმოვაწვიმეთ თავზე წვიმა, დამღუპველი წვიმა მათთვის, ვისაც ვაფრთხილებდით!
174. უეჭველად, ამაში სასწაულია, თუმცა უმრავლესობამ მაინც არ ირწმუნა!
175. უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!
176. ეიქეს მცხოვრებლებმა ცრუდ შერაცხეს შუამავლები.
177. შუღეიბმა უთხრა მათ: „განა არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?
178. უეჭველად, მე თქვენთვის წარმოგზავნილი სანდო შუამავალი ვარ!
179. მაშ, გეშინოდეთ ალლაჰის და დამმორჩილდით!
180. მე არ გთხოვთ საზღაურს ამისათვის, რამეთუ დამაჯილდოებს მე სამყაროთა ღმერთი!
181. საწყაო აავსეთ სრულად და ნუ იქნებით იმათგანი, ვინც დამკლებია.
182. აწონეთ ზუსტი სასწორით!
183. არ მოაკლოთ ხალხს ის, რაც ეკუთვნით და არ ქმნათ ქვეყნად ავი, უკეთურობას ნუ გაამრავლებთ!
184. და გეშინოდეთ მისი, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ და პირველი თაობაც!“
185. მიუგეს: „უეჭველად, ერთ-ერთი მოჯადოებულთაგანი ხარ!
186. ისეთივე ადამიანი ხარ, როგორც ჩვენ და ვფიქრობთ ერთ-ერთი ცრუთაგანი ხარ.
187. თავს დაგვატეხე სასჯელი ციდან, თუ ხარ მართალთაგანი!“
188. უთხრა: „ღმერთი ჩემი უკეთ უწყის, რასაც სჩადიხართ!“
189. ცრუდ შერაცხეს და დატყდათ თავს მტანჯველი სასჯელი ბნელი დღისა. უეჭველად, ეს იყო იმ დღის დიდი სასჯელი!
190. უეჭველად, ამაშია სასწაული, მაგრამ უმრავლესობამ მაინც არ ირწმუნა!
191. უეჭველად, შენი ღმერთი ძლევამოსილია, მწყალობელია!
192. უეჭველად, იგი ზეგარდმოვლენაა სამყაროთა ღმერთისა!
193. სანდო სულმა ჩამოიტანა იგი,
194. გულზე დაგადო, რომ ქმნილიყავი ერთ-ერთი შემგონებელთაგანი!
195. (გარდმოავლინა) წმინდა არაბულ ენაზე
196. უეჭველად, იგი ძველი ხალხის წიგნშიც იყო.
197. განა მათთვის არ წარმოადგენს სასწაულს ის, რომ იციან ის ისრაილის ძეთა სწავლულებმა?
198. რომ გარდმოგვევლინა იგი რომელიმე არა არაბისთვის
199. და მას რომ ის მათთვის წაეკითხა, მაინც არ ირწმუნებდნენ!
200. ასე ვნერგავთ მას (ურწმუნოებას) ცოდვილთა გულებში!
201. ისინი არ ირწმუნებენ მას, სანამ არ იხილავენ მტანჯველ სასჯელს!
202. ის თავს დაატყდებათ მოულოდნელად, ვერც კი იგრძნობენ ამას!
203. მაშინ იტყვიან: „გადაგვივადდებ კი?“
204. ნუთუ გვაჩქარებენ ამ სასჯელს?
205. იცი რომ, თუ ნებას მივცემთ ისარგებლონ სიკეთეებით მრავალი წელი,
206. მერე მიუვიდეთ ის სასჯელი, რაც აღეთქვათ,
207. ვერ შეეწევათ მათ, რითაც სარგებლობდნენ?
208. ჩვენ არ დაგვიღუპავს არც ერთი დასახლება, რომელშიც შემგონებლები არ მისულან
209. შეგონებით. და ჩვენ არ ვყოფილვართ უსამართლონი!
210. ეშმაკებს არ გარდმოუვლენიათ ის (ყურანი)!
211. ეს მათ არ შეეფერებათ და არც შესწევთ ამის უნარი!
212. მათ ეკრძალებათ ყურის დაგდებაც კი!
213. არ მოუხმო სხვა ღვთაებებს, გარდა ალლაჰისა, თორემ აღმოჩნდები ერთ-ერთი იმათგანი, ვისაც დასჯიან!
214. და შეაგონე შენი ახლო ნათესავები!
215. გადააფარე შენი ფრთა მორწმუნეებს, რომლებიც მოგყვებიან!
216. ხოლო თუ გეურჩნენ, უთხარი: უეჭველად, მე შორსა ვარ იმისგან, რასაც თქვენ სჩადიხართ!
217. და სასოებდე ძლევამოსილს, მწყალობელს,
218. რომელიც გხედავს, როცა (ლოცვად) დგები
219. და ქცევას შენსას მლოცველებს შორის!
220. უეჭველად, იგია ყოვლიმსმენი, ყოვლისმცოდნე!
221. გამცნოთ, ვის შეუჩნდებიან ეშმაკები?
222. ისინი შეუჩნდებინ ყოველ ცრუს და ცოდვილს,
223. ყურს მიუგდებენ და უმრავლესობა მათგან ცრუა.
224. პოეტებს კი გზააბნეულნი მიჰყვებიან!
225. განა ვერ ხედავ, რომ დაბორიალობენ
226. და ამბობენ იმას, რასაც არ აკეთებენ?
227. გარდა მათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მრავალგზის ახსენეს ალლაჰი და თავს იცავენ მას მერე, რაც უსამართლოდ მოექცნენ. ხოლო, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, სულ მალე შეიტყობენ, სადაც განწესდებიან!…