25. Al-Furqan

1. რაოდენ დიადია იგი, რომელმაც ზეგარდმოუვლინა „ფურყანი“თავის მსახურს, რათა ყოფილიყო სამყაროთათვის შემგონებელი!
2. რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნისა. მას არ ჰყავს ძე და არ ჰყოლია ზიარი მეუფებაში. და მან გააჩინა ყოველი საგანი და განუსაზღვრა ჩინება!
3. და მის ნაცვლად სხვა ღვთაებებს დაუწყეს თაყვანისცემა, რომელთაც არაფერი შეუქმნიათ, არამედ თავად იყვნენ შექმნილნი. მათ არ შეუძლიათ არც ზიანის მიყენება და არც სიკეთისა, საკუთარი თავისთვისაც კი, და არ განაგებენ სიკვდილს, არც სიცოცხლეს, არც აღდგომას.
4. და თქვეს მათ, რომელთაც უარყვეს: „ეს სიცრუეა, რომელიც მან სხვა ადამიანების დახმარებით შეთხზაო.“ უეჭველად, ისინი უსამართლოდ იქცევიან და ცრუობენ.
5. და ამბობენ: „ეს წინაპართა ლეგენდებია. მან ითხოვა ჩამიწერეთ, და ამას უკითხავენ დილით და საღამოთი.“
6. უთხარი: „ზეგარდმოავლინა ეს იმან, რომელიც უწყის ცათა და ქვეყნის საიდუმლოს. უეჭველად, იგია მიმტევებელი, მწყალობელი!“
7. მათ თქვეს: „ეს რა შუამავალია, საჭმელს ჭამს და ბაზარში დადის? რატომ არ ზეგარდმოავლინა ანგელოზი, რომელიც მასთან ერთად შეაგონებდა?
8. რატომ არ ებოძა საგანძური? რატომ არა აქვს ბაღი, რომელიც გამოკვებავდა?“ უსამართლოებმა თქვეს: „უეჭველად, თქვენ მოჯადოებულ კაცს აჰყოლიხართ!“
9. ნახე, როგორ იგავებს გიყვებიან! გზასაცდენილან და ვეღარც გამოსავალს ჰპოულობენ!
10. რაოდენ დიადია იგი, რომელიც გიბოძებს, თუკი ინებებს, ამაზე უკეთესს – სამოთხის ბაღებს, სადაც ძირს მდინარეები მიედინება, და დაადგენს შენთვის სასახლეებს!
11. მაგრამ ისინი სიცრუედ რაცხავენ საათს , და გავამზადეთ მისთვის ცეცხლი, ვინც ცრუდ რაცხავს წარღვნას!
12. როცა დაინახავენ მას შორიდან, გაიგონებენ მის მრისხანე შიშინს და ღრიალს.
13. მაშინ, როცა ხელებშეკრულს ჩააგდებენ ვიწრო ადგილას, სიკვდილს მოუხმობენ ისინი.
14. არ მოუხმოთ დღეს ერთხელ სიკვდილს, არამედ მოუხმეთ მრავალჯერ სიკვდილს!
15. უთხარი: „ესაა უმჯობესი თუ მარადისობის ბაღები, რომელიც აღუთქვა ღვთისმოშიშებს და მიეცემათ მათ საზღაურად და ადგილსამყოფელად?“
16. იქ მიიღებენ ისინი ყოველივეს, რასაც ისურვებენ და სამარადისოდ დარჩებიან მასში. შენმა უფალმა აღუთქვა ამ თხოვნის შესრულება!
17. იმ დღეს შეკრებს იგი მათ და იმათაც, ვისაც ეთაყვანებოდნენ თვინიერ ალლაჰის და ეტყვის: „ეს თქვენ აცდუნეთ ჩემი მონები თუ თავად ისინი ცდუნდნენ გზიდან?“
18. მიუგებენ: დიდება შენდა! შენ გარდა არავინ არ უნდა აგვერჩია მფარველად და შემწედ. მაგრამ შენ დართე მათ და მათ მამებს ნება, ესარგებლათ სიკეთით, და დაივიწყეს მათ შეხსენება. ასე შეიქნენ წარწყმედილ ხალხად!“
19. ისინი უარყოფდნენ იმას, რაც თქვენ თქვით, და ვერ აცდებით (სასჯელს) და ვერც თავს უშველით. თქვენგან ისინი, რომელნიც უსამართლოდ იქცეოდნენ უდიდეს სასჯელს ვაგემებთ!
20. არც შენ წინ მოგვივლენია შუამავალები, რომლებიც არ ჭამდნენ და არ დადიოდნენ ბაზარში. ჩვენ ზოგი თქვენგანი ვქმენით მეორენის გამოსაცდელად, განა გამოიჩინეთ თქვენ მოთმინება? შენი ღმერთი ყოვლისმხედველია!
21. და თქვეს მათ, რომელნიც არ სასოებენ ჩვენთან შეხვედრას: „რატომ არ წარმოგვიგზავნე ანგელოზები? და რატომ ვერ ვჭვრეტთ ჩვენს ღმერთს?“ ამპარტავნობენ სულით და იჩენენ უდიდეს ურჩობას.
22. იმ დღეს, როცა იხილავენ ისინი ანგელოზებს, ცოდვილთათვის არ იქნება სასიხარულო ამბები და ეტყვიან ისინი: „ვერ ეღირსებით!“
23. და თვალწინ გადავუშლით საქმეებს, რომელსაც ისინი სჩადიოდნენ და ვაქცევთ მათ ნაცარტუტად!
24. სამოთხის ბინადართ იმ დღეს უკეთესი ბინა და მშვენიერი ადგილსამყოფელი ექნებათ მოსასვენებლად!
25. იმ დღეს ზეცა გაიპობა ღრუბლებით დაფარული, და ზეგარდმოევლინებიან ანგელოზნი!
26. მეუფება იმ დღეს ჭეშმარიტებაა მოწყალისათვის, და ის დღე იქნება მძიმე ურწმუნოთათვის!
27. იმ დღეს უსამართლო დაიკბენს ხელებს და იტყვის: „ნეტავ, ამერჩია გზა შუამავლის გვერდით!
28. ვაი, ჩემს თავს! ნეტავ, არ ამერჩია მოყვასად მავანი!
29. ეს მან გამარიდა ყურანისგან, მას მერე რაც ის ჩემამდე მოვიდა.“ უეჭველად, ეშმაკი ადამიანს ტოვებს ეულად!
30. შუამავალმა თქვა: „ღმერთო ჩემო!უეჭველად, ჩემმა ხალხმა მიატოვა ეს ყურანი!“
31. აი ასე დავუდგინეთ ყოველ შუამავალს მტრები ცოდვილთაგან, მაგრამ კმარა, შენი ღმერთი სწორ გზაზე დამდგენად და შემწედ!
32. და თქვეს, რომელთაც უარყვეს: „რატომ არ გარდმოუვლინა მას ყურანი ერთბაშად?“ ასე მოვიქეცით, რათა გაგიმტკიცოთ მისით გული და გაგიმარტოთ იგი ცხადად!
33. რა იგავიც არ უნდა დაგიდონ შენ, ჩვენ მოგმადლით ჭეშმარიტებას და საუკეთესო განმარტებას!
34. რომელნიც პირქვე დამხობილი შეკრებილი იქნებიან ჯოჯოხეთში, სწორედ მათთვისაა გამზადებული ყველაზე ცუდი ადგილსამყოფელი და ისინი სხვებზე მეტად აცდენილნი არიან გზას!
35. ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი და დავადგინეთ მასთან ერთად მისი ძმა ჰარუნი მის თანაშემწედ!
36. ვუბრძანეთ: „ორივე წადით იმ ხალხთან, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები!“ მერე გავანადგურეთ ისინი ძირფესვიანად.
37. ჩვენ დავახრჩეთ ნუჰის ხალხი, როცა მათ ცრუდ შერაცხეს შუამავლები და დავადგინეთ სასწაულად ხალხთათვის. ჩვენ გავუმზადეთ უსამართლოებს მტანჯველი ცეცხლი!
38. ასევე ადის და სემუდის ტომებს, და რასსის მცხოვრებლებს, და მრავალ თაობას, რომელიც მათ შორის იყო!
39. თითოეულ მათგანს მოვუყვანეთ იგავები და თითოეული მათგანი ძირფესვიანად გავანადგურეთ.
40. და ვფიცავ, მათ უკვე ჩაუარეს დასახლებებს, რომლებსაც დაატყდა საშინელი წვიმა – ლეშტერი . განა ვერ დაინახეს ეს? არა, არ სასოობენ, რომ აღდგენილ იქნებოდნენ!
41. შენი დანახვისთანავე მასხრად გიგდებენ: „ნუთუ ისაა, ვინც ალლაჰმა შუამავლად წარმოგზავნა?
42. საცაა ჩვენი ღვთაებებისგან ზურგს გვაქცევინებდა, ჩვენ რომ მოთმინება არ გამოგვეჩინაო.“ როცა ისინი სასჯელს დაინახავენ, გაიგებენ, ვინ უფრო გზააბნეული ყოფილა!
43. გინახავს ის, ვინც თვისი ვნება გააღმერთა? ნუთუ მისი დამცველი და მფარველი იქნები?
44. თუ ფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა შეისმენს ან შეიგნებს? ისინი სხვა არავინ არიან, თუ არა მსგავსნი პირუტყვისა, ან მათზე მეტად გზააბნეულნი!
45. განა არ გინახავს, როგორ განფენს ჩრდილს? რომ ენება, უმოძრაოს გახდიდა მას. მერე ვქმენით მზე მის მეგზურად!
46. და მერე ნელ-ნელა მივიზიდავთ მას ჩვენსკენ!
47. იგია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის ღამე საბურველად, ძილი – მოსასვენებლად, და დღე კი – გამოსაცოცხლებლად!
48. იგია, რომელიც ქარებს გზავნის მახარობლად თავისი წყალობისა. ჩვენ გარდმოვავლენთ ციდან სუფთა და განწმენდილ წყალს,
49. რათა გამოვაცოცხლოთ მკვდარი მიწა და დავარწყულოთ ურიცხვი საქონელი და მრავალი ადამიანი, რომელიც ჩვენვე გავაჩინეთ!
50. და ვფიცავ, ჩვენ მათ შორის ვანაწილებთ მას (წვიმის წყალს), რათა შეიგონონ. მაგრამ უმრავლესობა ხალხისა უმადურია!
51. ჩვენ რომ გვენება, უთუოდ, თითოეულ დასახლებაში შემგონებელს მოვავლენდით!
52. ამიტომ არ დაემორჩილო ურწმუნოებს და მისი (ყურანის) მეშვეობით აწარმოე მათთან დიადი ბრძოლა!
53. იგია, რომელმაც ერთად დაადგინა ორი ზღვა: ერთი მტკნარი, მეორე კი მლაშე, ხოლო მათ შორის უხილავი მიჯნა და გადაულახავი ზღუდე!
54. იგია, რომელმაც გააჩინა ადამიანი წყლისგან და დაუდგინა მას ნათესავნი და თავისიანები . რამეთუ ღმერთი შენი ყოვლისშემძლეა!
55. და ეთაყვანებიან გარდა ალლაჰისა იმას, ვინც ვერც სიკეთეს, ვერც ზიანს ვერ მოუტანთ. ურწმუნო დამხმარეა თავისი ღმერთის წინააღმდეგ!
56. ჩვენ მოგავლინეთ მხოლოდ მახარობლად და შემგონებლად!
57. უთხარი: „თქვენგან ამისთვის არ ვითხოვ არანაირ საფასურს, ოღონდ მსურველმა თავისი ღმერთისკენ მიმავალ გზას დაადგეს!“
58. და სასოებდე მარადიულს, რომელიც არ მოკვდება, და ქებითა განადიდე იგი. იგი საკმარისია, თავის მსახურთა ცოდვების მცოდნედ!
59. რომელმაც გააჩინა ექვს დღეში ცანი და მიწა და ის, რაც მათ შორისაა და მერე ძალაუფლება და მესვეურობა ზეაღმართა. იგი მოწყალეა. მაშ, ჰკითხე ამის თაობაზე მცოდნეს !
60. როცა მათ ეუბნებიან: სეჯდე აღასრულეთ მოწყალის წინაშე! – პასუხობენ: რას ნიშნავს მოწყალე? ნუთუ სეჯდე აღვასრულოთ იმიტომ, რომ გვიბრძანებ? და ეს აძლიერებს მათ ზიზღს!
61. დიდება მას, რომელმაც დაადგინა ცაზე ზოდიაქოს თანავარსკვლავედი და ასევე მნათობი და მთვარე მანათობელი!
62. იგია, რომელმაც მონაცვლეობა დაუდგინა ღამეს და დღეს მათთვის, ვისი სურვილიცაა, რომ შეიგონოს და მადლიერი იყოს.
63. ხოლო მოწყალის მსახურნი არიან ისინი, რომელნიც მოკრძალებულად დადიან ქვეყანაზე და როცა უმეცარი შემოხვდებათ ეუბნებიან: „სალამი !“
64. რომელნიც ღამეს ატარებენ სეჯდეს აღმვლენი და ფეხზე მდგარნი თავისი ღმერთის წინაშე,
65. ისინი ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! აგვარიდე ტანჯვა ჯოჯოხეთისა! უეჭველად, იქ ტანჯვა სამუდამოა.
66. რა საზიზღარია ეს ადგილი და სამყოფელი!“
67. ხოლო რომელნიც, როცა შემოწირულობას გასცემენ, არც ფლანგავენ და არც ძუნწობენ, საშუალოს ირჩევენ მათ შორის,
68. ისინი არ მოუხმობენ სხვა ღვთაებებს, გარდა ალლაჰისა, და არ კლავენ სულს, რომელიც აკრძალა ალლაჰმა, გარდა სამართლის აღდგენისა. და არ მრუშობენ. ვინც იქმს ამას, სასჯელს გადაეყრება!
69. მისი სასჯელი აღდგომის დღეს გაორმაგდება და დარჩება მარად დამცირებული!
70. ეს არ ეხება მათ, ვინც მოინანია, ირწმუნა და სამართლიანად მოიქცევა. მათ ავ საქმეებს ალლაჰი კეთილით შეცვლის, რამეთუ ალლაჰი შემწყნარებელია, მიმტევებელია!
71. ვინც ინანიებს და კეთილს იქმს, ის, უეჭველად, მიბრუნდება ალლაჰთან შენდობილი!
72. ისინი არ მოწმეობენ სიცრუეს და როცა ავსიტყვაობას შეესწრებიან, ღირსეულად უვლიან გვერდს!
73. ხოლო როცა მათ შეაგონებენ მათი უფლის აიათებით, არ რჩებიან ყრუნი და ბრმანი!
74. რომელნიც ამბობენ: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ჩვენ სიხარული ჩვენი ცოლ-შვილის სახით და დაგვადგინე ჩვენ ღვთისმოშიშთათვის წინამძღვრად!
75. სწორედ ისინი დაჯილდოვდებიან უმაღლესი ადგილით, რამეთუ იყვნენ მომთმენნი, და დახვდებიან იქ სალმითა და მშვიდობით!
76. იქ დამკვიდრდებიან სამუდამოდ. რა მშვენიერია ეს ადგილსამყოფელი!
77. უთხარი: „თუ არ იქნება თქვენი ვედრებანი, რატომ მოგანიჭებთ ღირსებას ღმერთი ჩემი, როცა ის ცრუდ შერაცხეთ? უეჭველად, მალე ის (სასჯელი) გარდაუვალი შეიქნება !“