23. Al-Mumenoon

1. უეჭველად, ნეტარ არიან მორწმუნენი!
2. ისინი, რომელნიც თავიანთი ლოცვაში მოკრძალებულნი არიან!
3. და ისინი, რომელნიც პირს იბრუნებენ ფუჭსიტყვაობისგან!
5. და ისინი, რომელნიც ზექათის აღმსრულებელნი არიან!
6. და ისინი, რომელნიც თავიანთი ნამუსის დამცველნი არიან!
7. გამოკლებით თავიანთ მეუღლეთა ან რაც მოიპოვეს თავიანთი მარჯვენათი, მაშინ უეჭველად, ეგენი არ გაიკიცხებიან ამისთვის!
8. ხოლო ვინც ამაზე მეტს მოინდომებს, მაშინ ისინი ზღვარგადასულნი არიან!
9. და ისინი, რომელნიც მათზე დადებულ აღთქმანს და ანაბარს იცავენ,
10. და ისინი, რომელნიც თავიანთ ლოცვანს იცავენ ,
11. სწორედ ეგენი არიან მემკვიდრენი,
12. რომელნიც დაიმკვიდრებენ ფირდევსს , ეგენი იქ მარად დაჰყოფენ!
13. მერე იგი დავადგინეთ წვეთად საიმედო ადგილას !
14. მერე ვჰქმენით წვეთისგან სისხლის კოლტი , მერე სისხლის კოლტიდან ვქმენით ხორცის ნაჭერი, ამის შემდეგ ხორცის ნაჭრიდან ვქმენით ძვლები, მერე ძვლებს შევასხით ხორცი, მერე გამოვსახეთ იგი სხვა ქმნილებად. რაოდენ დიადია ალლაჰი, საუკეთესო გამჩენია!
15. მერე, უეჭველად, თქვენ ამის შემდეგ მომაკვდავნი ხართ!
16. მერე, უეჭველად, თქვენ აღდგომის დღეს აღსდგებით!
17. და ვფიცავ, ჩვენ გავაჩინეთ თქვენს ზემოთ შვიდი გზა და ჩვენ უგულისყურო არა ვართ გაჩენილების მიმართ!
18. და ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი ზღვრულად და ასეთნაირად განვათავსეთ იგი მიწაზე. და უეჭველად, მისი უკან წაღებაც ხელგვეწიფება!
19. ასეთნაირად მისით აღმოვაცენეთ თქვენთვის ფინიკის და ყურძნის ბაღები, სადაც თქვენთვის მრავლადაა ხილი და მისგან მიირთმევთ.
20. და ხე, რომელიც სინას მთაზე იზრდება და იძლევა ზეთს და საკმაზს მჭამელთათვის.
21. და უეჭველად, თქვენთვის შინაური ცხოველები შეგონებაა. ჩვენ გასმევთ იმას, რაც მათ მუცლებშია . და თქვენთვის მასშია მრავალი სარგებელი, და მისგან მიირთმევთ.
22. მათით და გემების მეშვეობით გადაადგილდებით.
23. და ვფიცავ, ჩვენ წარმოვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან. აკი, უთხრა მათ: „ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით ალლაჰს, რამეთუ არ გყავთ სხვა ღმერთი, გარდა მისი, ეგების შეიქმნეთ ღვთისმოშიშნი ?“
24. წარჩინებულებმა მისი ხალხიდან, რომელთაც უარყვეს , თქვეს: „ის ისეთივე ადამიანია, როგორებიც თქვენ ხართ. მას უნდა მხოლოდ, რომ თქვენზე აღმატებული იყოს. და რომ ენება ალლაჰს, უთუოდ ზეგარდმოავლენდა ანგელოზებს, ჩვენ კი ამის შესახებ ჩვენი წინაპრებისგან არაფერი გვსმენია.
25. ის მხოლოდ ერთი ცნობამიხდილი კაცია, ასე რომ, ადროვეთ მას დადგენილ ვადამდე!“
26. თქვა : „ღმერთო ჩემო! შემეწიე მე, ცრუდ შერაცხვის წინაშე!“
27. მაშინ ზეშთავაგონეთ მას, რომ აეგო ხომალდი ჩვენს თვალწინ , ჩვენივე ზეშთაგონებით. მაშინ, როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება და აგიზგიზდა თონე, „დაუყოვნებლივ აიყვანე მასში ყველა სახეობიდან წყვილები სათითაოდ და ოჯახი შენი, იმათი გამოკლებით, ვისზეც განვლო სიტყვამ . და არ მთხოვო იმათზე, რომელთაც უსამართლოდ მოიქცნენ, უეჭველად, დასახრჩობი არიან ეგენი!
28. და როცა შენ და შენთან ერთად მყოფნი ჩასხდებით ხომალდში, მაშინ თქვი: „ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გვიხსნა ჩვენ უსამართლო ხალხისგან!“
29. და თქვი: „ღმერთო ჩემო! მიმიყვანე დალოცვილ ადგილამდე, შენ ხომ საუკეთესო დამსახლებელი ხარ!“
30. უეჭველად, ამაში სასწაულია. და ჩვენ უთუოდ გამოცდას მოვუვლენთ!
31. მერე მოვიყვანეთ მათ შემდგომ სხვა თაობა .
32. ამგვარად, ჩვენ წარვგზავნეთ მათთან შუამავალი მათივე წიაღიდან , რომ ეცათ თაყვანი ალლაჰისთვის, რამეთუ არ გყავთ სხვა ღმერთი, გარდა მისი, ეგების შეიქმნეთ ღვთისმოშიშნი ?“
33. და თქვეს წარჩინებულებმა თავისივე ხალხისგან, რომელთაც უარყვეს და ცრუდ შერაცხეს წარსდგომა საიქიოში, და რომელთაც ვუბოძეთ ჩვენ კეთილდღეობა ამქვეყნიურ ცხოვრებაში: „რაა ეს, თუ არა ადამიანი თქვენი მსგავსი. ის ჭამს იმას, რასაც თქვენ, და სვამს იმას, რასაც თქვენ.
34. და თუ თქვენ დაემორჩილებით ადამიანს, რომელიც თქვენი მსგავსია, მაშინ თქვენ უეჭველად, წაგებულნი აღმოჩნდებით.
35. ნუთუ გპირდებათ ის, რომ როცა თქვენ მოკვდებით და იქცევით მიწად და ძვლებად, უთუოდ აღდგენილნი იქნებით?
36. რაოდენ შორსაა ის , რაც აღგეთქვათ!
37. იგი მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებით შემოიფარგლება: (ზოგნი) ვკვდებით და (ზოგნი) ვცოცხლობთ და ჩვენ არ ვიქნებით აღდგომილნი .
38. იგი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანია, რომელმაც გამოიგონა ალლაჰის თაობაზე სიცრუე და ჩვენ არ ვიქნებით მისი დამჯერნი!“
39. თქვა : „ღმერთო ჩემო! შემეწიე მე ცრუდ შერაცხვის წინაშე!“
40. მიუგო: „ძალიან მალე, დიახაც, მონანიენი შეიქმნებიან!“
41. ამგვარად, საშინელმა ხმამ სამართლიანად შეიპყრო ისინი, მაშინ ვაქციეთ ისინი იმ ნაგვის მსგავსნი, ნიაღვარი რომ წარიტაცებს. დაე, მოიშთონ უსამართლონი!
42. მერე მოვიყვანეთ მათ შემდგომ სხვა თაობები.
43. ვერც ერთი ერი ვერ დააჩქარებს მისთვის დანიშნულ დროს და ვერც გადაავადებს მას!
44. მერე წარმოვგზავნეთ ჩვენი შუამავალნი ერთიმეორის კვალდაკვალ. ყოველ ჯერზე, როცა რომელიმე თემთან მიდიოდა შუამავალი, ცრუდ რაცხავდნენ მას. ამგვარად ჩვენც მივაყოლეთ ერთმანეთს ისინი და ვაქციეთ იგავების საგნად. დაე, მოიშთონ ურწმუნო ხალხი!
45. მერე ჩვენ წარვგზავნეთ მუსა და მისი ძმა ჰარუნი ჩვენი სასწაულებით და ცხადი მტკიცებებით
46. ფარაონთან და მის დიდებულებთან, რომელნიც გამედიდურდნენ, რამეთუ იყვნენ ამპარტავანი ხალხი.
47. მერე თქვეს: „განა ვირწმუნებთ ორ ადამიანს, ჩვენს მსგავსს, მაშინ როცა მათი ხალხი ჩვენ გვმონობს?“
48. ამგვარად, ორივე მათგანი ცრუდ შერაცხეს და ამით თავი დაიღუპეს!
49. და ვფიცავ, მივეცით ჩვენ მუსას წიგნი, ეგების ჭეშმარიტი გზა გაეგნოთ!
50. და ჩვენ დავადგინეთ მარიამის და ძე მისი სასწაულად და დავასახლეთ ისინი დაფარულ მაღლობზე, სადაც წყარო მოედინებოდა!
51. ჰეი, შუამავალნო! იგემეთ სუფთანი და აკეთეთ სიკეთე. უეჭველად, მე ვუწყი იმას, რასაც აკეთებთ!
52. უეჭველად, თქვენი ეს სარწმუნოება ერთი და იგივე სარწმუნოებაა . და მე თქვენი ღმერთი ვარ. მაშ, მოკრძალებულნი იყავით ჩემდამი!
53. მაგრამ გაიყვნენ ერთურთის მოწინააღმდეგეებად თავიანთ საქმეში და თითოეული სექტა ხარობს იმით, რაც აქვს.
54. მაშ, დატოვე ისინი თავიანთ სიბეცეში, განსაზღვრულ ვადამდე!
55. ნუთუ ფიქრობენ ისინი, რომ ჩვენ ქონებით და ვაჟებით შევეწევით ხოლმე,
56. რომ მათთვის სიკეთეების მომადლებას ვეშურებით? არა! ისინი ვერ გრძნობენ!
57. უეჭველად, ისინი, რომელნიც თავიანთი ღმერთის შიშით თრთიან,
58. და ისინი, რომელთაც თავიანთი ღმერთის აიათების სჯერათ,
59. და ისინი, რომელნიც თავიანთ ღმერთს თანაზიარს არ უდგენენ,
60. და რომელნიც გასცემენ გასაცემს და მათი გულები შიშით ძრწიან, რომ თავიანთ ღმერთთან იქნებიან დაბრუნებულნი,
61. სწორედ ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს სიკეთეების კეთებაში და ეგენი მეწინავენი არიან ამაში!
62. და ჩვენ არ ვაკისრებთ არც ერთ სულიერს, გარდა რაც ძალუძს და ჩვენთანაა წიგნი, რომელიც ჭეშმარიტებას ღაღადებს და არ დაიჩაგრებიან ისინი!
63. მაგრამ მათი გულები ცდომილებაშია მისადმი . ამასთან ერთად ისინი კიდევ უფრო მძიმე ცოდვას სჩადიან.
64. და როცა ჩვენ დავსჯით ფუფუნებით განებივრებულთ, მაშინ ხმამაღლა გოდებას მოჰყვებიან.
65. დღეს ნუ მოთქვამთ! უეჭველად, ჩვენგან არ იქნება შეწევნა თქვენთვის!
66. როცა თქვენ წინ გეკითხებოდათ ჩემი აიათები, მაშინ უკუიქეცით ქუსლებზე შემდგარი,
67. გამედიდურებულნი ღამღამობით ამის თაობაზე იკრიბებოდით და უაზროდ მიედ-მოედებოდით.
68. ნუთუ არ უფიქრდებიან ამ სიტყვას? ან იქნებ მოევლინათ მათ ის, რაც არ მივლინებია მათ წინაპრებს?
69. ან იქნებ ვერ იცნეს თავიანთი შუამავალი და იმიტომაც უარყოფენ მას?
70. ნუთუ ამბობენ, რომ იგი გიჟია? არადა იგი მივიდა მათთან ჭეშმარიტებითურთ, მაგრამ სძაგთ ჭეშმარიტება მათ უმრავლესობას!
71. და რომ ყოფილიყო ჭეშმარიტება დამოკიდებული მათ სურვილზე, მაშინ უთუოდ ჩამოიქცეოდნენ ცანი და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათზეა. ჩვენ კი ვუბოძეთ მათ შეხსენება , თუმცაღა ეგენი შეხსენებისგან ზურგს იქცევენ!
72. ნუთუ სთხოვ შენ მათ საზღაურს? ჯილდო შენი ღმერთისა უმჯობესია და იგი საუკეთესო მბოძებელია!
73. და უეჭველად, შენ მოუწოდებ მათ სწორი გზისკენ!
74. და უეჭველად, რომელნიც არ ირწმუნებენ საიქიოს, ჭეშმარიტი გზიდან ამცდარნი არიან!
75. და რომც მოგვეღო წყალობა მათზე და აგვერიდებინა განსაცდელი მათთვის , მაინც ჯიუტად მოყვებოდნენ თავიანთ აღვირახსნილობაში ხეტიალს!
76. და ვფიცავ, შევიპყარით ისინი სასჯელით, მაგრამ არ დამორჩილდნენ თავიანთ ღმერთს და არ შეევედრნენ მას!
77. მაგრამ როცა გავხსენით მათდამი კარიბჭე საზარელი ტანჯვისა, მაშინ ისინი სასოწარკვეთაში ჩავარდნენ!
78. და იგია, რომელმაც ჰყო თქვენთვის ყურთასმენა, მხედველობა და გული. რაოდენ მცირეა თქვენი მადლიერება!
79. და იგია, რომელმაც გაგაჩინათ დედამიწაზე და მასთან იქნებით მიბრუნებულნი!
80. და იგია, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს. და იგი განაგებს დღისა და ღამის მონაცვლეობას. ნუთუ არ მოუხმობთ გონებას?
81. არა ! თქვეს მათ იგივე, რაც წინა თაობებმა
82. თქვეს: „ნუთუ როცა მოვკვდებით და გარდავიქცევით მიწად და ძვლად, ნამდვილად უნდა აღვსდგებით?
83. ვფიცავ, ჩვენც და ჩვენს მამებსაც აღეთქვა. მაგრამ ეს მხოლოდ ლეგენდაა ძველი ხალხების!“
84. ჰკითხე: ვის ეკუთვნის მიწა და ისინი ვინც მასზეა , თუკი უწყით თქვენ?“
85. იტყვიან: „ალლაჰსო“. უთხარი: „ნუთუ აღარ შეიგონებთ ?“
86. ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი შვიდფა ცისა და დიდებული არშისა?“
87. იტყვიან: „ალლაჰია!“ უთხარი: „ნუთუ არ შეიქმნებით ღვთისმოშიშნი?“
88. ჰკითხე: თუ იცით: „ვინაა იგი, ვის ხელთაცაა მეუფება ყოველი საგნისა? და ვინ არის დამცველი და ვინ არ საჭიროებს დაცვას?“
89. იტყვიან: „ალლაჰია!“ უთხარი: „მაშ, როგორღა ჰტყუვდებით!“
90. არა, ჩვენ ვუბოძეთ მათ ჭეშმარიტება, და უეჭველად, ეგენი ცრუ და მატყუარა არიან!
91. არ დაუდგენია ალლაჰს ძე და არ არის მასთან ერთად სხვა ღვთაება. ასე რომ ყოფილიყო, უთუოდ, ყოველი ღვთაება მოსპობდა იმას, რაც გააჩინა და უთუოდ ერთნი აღმატებულ იქნებოდნენ მეორეზე. დიად არს ალლაჰი იმაზე, რასაც მიაწერენ ისინი!
92. იგი უწყის დაფარულს და ცხადს! და იგი დიადია იმაზე, რასაც ზიარუქმნიან ეგენი!
93. თქვი: „ღმერთო ჩემო! თუკი უნდა მახილვინო იგი, რაც მათ აღეთქვათ,
94. ღმერთო ჩემო! მაშ, ნუ დამადგენ უსამართლო ხალხთა შორის!“
95. და უეჭველად, ჩვენ ძალგვიძს, რომ გახილვინოთ შენ იგი, რაც მათ აღვუთქვით!
96. ავი განაძევე იმით, რომელიც საუკეთესოა. ჩვენ უკეთ ვუწყით, რასაც ისინი თხზავენ!
97. და თქვი : „ღმერთო ჩემო, შენ მიგეკედლები ეშმაკთა ცდუნებისგან!
98. და მიგეკედლები შენ, ღმერთო ჩემო, რათა არ მომეკარონ ისინი!
99. და როცა სიკვდილი ეახლება რომელიმე მათგანს, ის ამბობს: ღმერთო ჩემო, დამაბრუნე უკან,
100. ეგებ ვაკეთო კეთილი საქმე , რომელიც მივატოვე !“ მაგრამ არა ! უეჭველად, ეს მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც წარმოთქვამს . და მათ უკან ზღუდეა აღდგომის დღემდე!
101. მაშინ, როცა ჩაიბერება საყვირში, აღარ დარჩება მათ შორის ნათესაური კავშირი და ერთმანეთს აღარ დაეკითხებიან !
102. მაშინ, ვისი ასაწონიც გადაზიდავს , სწორედ ისინი იქნებიან ნეტარნი!
103. და ვისი ასაწონიც მსუბუქი იქნება , სწორედ ისინი არიან, რომელთაც თავიანთი თავი წაიწყმიდეს და შეიქმნენ სამუდამოდ ჯოჯოხეთის მკვიდრნი!
104. დახრუკავს მათ სახეებს ცეცხლი, და ეგენი იქ იქნებიან სახედაღრეჯილები!
105. „განა არ გეკითხებოდათ ჩემი აიათები თქვენ, მაგრამ მაშინ სიცრუედ რაცხავდით?“
106. თქვეს: „ღმერთო ჩვენო! გვძლია ჩვენივე ზღვარგადასულობამ და შევიქმენით გზააცდენილ ხალხად.
107. ღმერთო ჩვენო! გამოგვიყვანე აქედან. და თუ კიდევ დავუბრუნდით , მაშინ, უეჭველად, ჩვენ უსამართლონი ვიქნებით!“
108. ეტყვის: „ეყარეთ მასში და მე არღა დამელაპარაკოთ!“
109. უეჭველად, ჩემს მსახურთაგან ერთი ჯგუფი ამბობდა: „ღმერთო ჩვენო! ჩვენ ვირწმუნეთ. მაშ, მოგვიტევე და შეგვინდე, რამეთუ შენ ხარ მოწყალეთაგან უმოწყალესი!“
110. თქვენ კი მათ მასხრად იგდებდით, ამიტომაც დაგავიწყათ ჩემი გახსენება, და კიდევაც გასცინოდით მათ!
111. უეჭველად, მე დღეს მივუზღე მათ იმისთვის, რომ მომთმენნი იყვნენ, უეჭველად, ეგენი არიან ნეტარნი.
112. ეტყვის : „რამდენი წელი დაჰყავით მიწაზე ?“
113. მიუგებენ: „დღე ან დღის რაღაც მონაკვეთი. დაე, ჰკითხე მათ, ვინც ითვლიდა!“
114. ეტყვის: „დაჰყავით მხოლოდ მცირე დრო, რომ იცოდეთ თქვენ .
115. ნუთუ ჩათვალეთ, რომ ჩვენ გაგაჩინეთ ტყუილუბრალოდ და რომ თქვენ ჩვენთან არ იქნებით მობრუნებულნი?“
116. ჭეშმარიტი მეუფე უზენაესი ალლაჰია! არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. (იგი) მეუფეა საუკეთესო არშისა!
117. და ვინც მოუხმობს ალლაჰის ერთად სხვა ღვთაებას, რომლის შესახებაც მტკიცება არ არსებობს, უკვე მისი ანგარიშგება მხოლოდ თავისი ღმერთის წინაშეა. უეჭველად, ურწმუნონი ვერ იქნებიან გადარჩენილნი!
118. და თქვი: „ღმერთო ჩემო, მომიტევე და შემიწყალე, რამეთუ შენ ხარ მოწყალეთაგან უმოწყალესი!“