1. ჰეი, ხალხო! გეშინოდეთ თქვენი უფლისა! უეჭველად, რყევა ჟამისა საშინელებაა.
2. იმ დღეს, როცა იხილავთ მას, ყველა მეძუძური დააგდებს იმას, ვისაც ძუძუს აწოვებდა და ყველა ფეხმძიმე ქალს მოსწყდება ნაყოფი. შენ ნახავ ადამიანებს დამთვრალს, არადა მთვრალები არ იქნებიან. მაგრამ ალლაჰის სასჯელი მძაფრია!
3. არიან ხალხთაგან ისეთნი, რომლებიც ცოდნის გარეშე დაობენ ალლაჰის თაობაზე, და მიჰყვებიან ყოველ ჯიუტ ეშმაკს!
4. დაიწერა მისდა , რომ ნებისმიერი, ვინც მას მოყვასად ჩათვლიდა, ის აცდუნებდა
5. ჰეი, ხალხო! თუ ეჭვი გეპარებათ აღდგომის თაობაზე, უეჭველად, ჩვენ ხომ გაგაჩინეთ მიწისგან, შემდეგ წვეთისგან, შემდეგ სისხლის კოლტისგან, ხორცისგან ჩამოუყალიბებელი თუ ჩამოყალიბებულისგან. რათა განვმარტოთ თქვენთვის(ჭეშმარიტება): ჩვენ ვათავსებთ საშვილოსნოში იმას, რასაც ვინებებთ, დათქმულ ვადამდე. მერე გამოგვყავხართ იქიდან ჩვილებად, რომ მიაღწიოთ მოწიფულ ასაკს. ზოგი თქვენგანი კვდება, ზოგი კი ღრმა სიბერეს აღწევს და ავიწყდება ყველაფერი ის, რაც იცოდა. შენ ხედავ უსიცოცხლო მიწას. მაგრამ საკმარისია ჩვენ მასზე ზეგარდმოვავლინოთ წყალი , რომ ამოძრავდეს, გაფუვდეს და აღმოაცენოს ყოველგვარი მშვენიერი მცენარე!
6. ეს იმიტომ, რომ უეჭველად, ჭეშმარიტებაა იგი ალლაჰის; და რომ იგი აცოცხლებს მკვდრებს და რომ იგია ყოვლისშემძლე!
7. იმიტომ, რომ ჟამი, რომელიც ეჭვს არ ბადებს, აუცილებლად დადგება და იმიტომ, რომ ალლაჰი აღადგენს მათ, ვინც სამარეშია!
8. ადამიანებს შორის არის ისეთიც, ვინც ცოდნის გარეშე კამათობს ალლაჰის თაობაზე, მას არც ჭეშმარიტი ხელმძღვანელობა და არც განმანათლებელი წიგნი არ მოეძებნება.
9. იქ ქედმაღლურად იღერებს კისერს, რომ აცდუნოს სხვები ალლაჰის გზიდან, მისთვისაა გამზადებული დამცირება ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ხოლო აღდგომის დღეს ჩვენ მას ვაგემებთ ტანჯვას მწველი ცეცხლისგან!
10. ეს იმისთვის, რაც გაგიმზადეს შენმა ხელებმა, რამეთუ ალლაჰი არ ეპყრობა უსამართლოდ თავის მსახურთ!
11. ადამიანებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ეთაყვანებიან ალლაჰს, მაგრამ ორჭოფობენ. თუ სიკეთე ეწიათ, თავს მშვიდად გრძნობენ და თუ განსაცდელი ეწიათ, უკან იხევენ. წაგებულნი არიან ისინი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც. სწორედ ეს არის ცხადი წარწყმედა!
12. ალლაჰის გარდა უხმობენ ისინი იმას, რასაც არც ზიანი მოაქვს მათთვის და არც სარგებელი. უეჭველად, ეს არის ღრმა გზააბნევა!
13. მოუხმობენ იმას, ვისაც ზიანის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებლის. უვარგისია ასეთი პატრონი! უვარგისია ასეთი საპატრონოც!
14. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ალლაჰი შეიყვანს სამოთხის ბაღებში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. უეჭველად, ალლაჰი იქმს იმას, ინებებს რასაც!
15. ვინც ფიქრობს, რომ ალლაჰი არ შეეწევა (მუჰამმედს) სააქაოსა და საიქიოში, მიაბას ზეცას თოკი, მერე კი გადაჭრას ის და ნახოს გააბათილებს ის ხრიკი იმას თუ ვერა, რამაც გამოიწვია რისხვა .
16. ამგვარად, ზეგარდმოვავლინეთ იგი (ყურანი) აიათები განმარტებებით, და უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ინებებს ვისაც!
17. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და იუდეველებს, საბიელებს, ქრისტიანებს, ცეცხლთაყვანისმცემელებს, კერპთაყვანისცემლებს, ალლაჰი განაცალკევებს მათ შორის არსებულს აღდგომის დღეს. უეჭველად, ალლაჰი უწყის ყველაფერს!
18. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ალლაჰის წინაშე სეჯდეს აღასრულებენ ისინი, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მთები, ხეები, ცხოველები, ხალხი. ხოლო მრავალი მათგანი სასჯელის ღირსია. არავინ მიაგებს პატივს იმას, ვისაც ალლაჰი დაამცირებს. უეჭველად, ალლაჰი იქმს იმას, ინებებს რასაც!
19. აი, ორი მოკამათე გუნდი, რომლებიც დაობდნენ თავიანთი უფლის თაობაზე. მათთვის ვინც არ ირწმუნა, ცეცხლისგან გამოუჭრიან სამოსს, თავზე კი მდუღარეს დაასხამენ!
20. მისით დაიფუფქება მათი შიგნეული და კანი!
21. მათთვისაა გამზადებული რკინის კეტები!
22. ყოველთვის, როცა მოინდომებენ იქიდან თავის დაღწევას და ტანჯვისგან დასხლტომას, უკან მიაბრუნებენ. იგემეთ ტანჯვა მწველი ცეცხლისა!
23. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ალლაჰი სამოთხეში შეიყვანს, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ იქნებიან შემკულნი ოქროს სამაჯურებით და მარგალიტებით, ხოლო სამოსი ექნებათ აბრეშუმისა!
24. ასწავლეს მათ კეთილი სიტყვები და დააყენეს ყოვლად ქებულის გზაზე!
25. უეჭველად, რომელთაც უარყვეს და სხვებს აცდენენ ალლაჰის გზიდან, გზას უღობავს მესჯიდი ჰარამისკენ, რომელიც ჩვენ დავადგინეთ ყველა ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, ცხოვრობენ ისინი იქ თუ მომთაბარეობენ; აგრეთვე მათ, ვინც უსამართლოდ შებღალავს იქაურობას, ვაგემებთ მწარე სასჯელს!
26. აი, მივუთითეთ იბრაჰიმს ადგილი სახლისა (ქააბა): არ გამიხადო არავინ მოზიარედ და წმინდად შეინახე ჩემი სახლი მათთვის, ვინც გარს შემოუვლის: ფეხზე მდგომი, წელშიმოხრილი თუ სეჯდეს აღმსრულებელი!
27. აუწყე ხალხს ჰაჯის შესახებ და მოვლენ ისინი შენთან ფეხით და ჩქარმავალი აქლემებით ქვეყნის შორეული მხარეებიდანაც!
28. დაე, დაამოწმონ მათ ის, რასაც სარგებელი მოაქვს მათთვის და ახსენონ ალლაჰის სახელი პირუტყვზე დანიშნულ დღეს , რომელიც მან სარჩოდ უბოძა. ჭამეთ მისგან და უწყალობეთ გაჭირვებულ ღატაკებს!
29. მერე კი დაიცვან თავიანთი წესები, აღასრულონ აღთქმა და შემოუარონ უპირველეს სახლს (ქააბას)!
30. აი ასე! ვინც განადიდებს ალლაჰის სიწმინდეებს, ის თავის სასიკეთოდ იქმს თავისი უფლის წინაშე. თქვენთვის ნებადართულია საქონელი, იმის გამოკლებით, რაც გეკითხებათ. მოერიდეთ კერპების სიბილწეს და მოერიდეთ ცრუ სიტყვებს!
31. დარჩით ერთმორწმუნედ და არ გაუხადოთ მას თანაზიარი. და ის, ვინც თანაზიარს უქმნის ალლაჰს, შეიქმნება ციდან დანარცხებულის მსგავსი, რომელსაც ჩიტები წარიტაცებენ, ან შორეთში ქარწაღებულის მსგავსი!
32. აი ასე! და ვინც განადიდებს ალლაჰის რიტუალურ სიმბოლოებს, ეს ხომ გულითადი ღვთისმოშიშობაა.
33. მათ (შესაწირ პირუტყვს) სარგებელი მოაქვთ განსაზღვრულ ვადამდე და მათი მსხვერპლად შეწირვის ადგილია უპირველესი სახლი!
34. ყოველი თემისთვის ჩვენ დავადგინეთ მსხვერპლშეწირვის ადგილი, რათა მათ ახსენონ ალლაჰის სახელი საქონელზე, რომელიც მან უბოძა. თქვენი ღვთაება ერთადერთი ღმერთია! მაშ, იყავით მისი მორჩილნი! შენ კი ახარე მორჩილთ!…
35. რომელთა გულები ალლაჰის სახელის ხსენებაზე ძრწოლვით ივსება და რომლებიც მომთმენნი არიან იმისა, რაც მოელით, ლოცვად დგებიან და გასცემენ იქიდან, რაც ებოძათ ჩვენგან!
36. აქლემები დაგიდგინეთ ალლაჰისთვის ზვარაკად შესაწირი, რიტუალურ სიმბოლოდ. მათ მოაქვთ თქვენთვის სიკეთე. მაშ, წარმოთქვით მათზე ალლაჰის სახელი , როცა დგანან მწკრივად და როცა გვერდზე დაეცემიან; ჭამეთ მათგან და უწილადეთ იმათ, ვინც მცირედითაა კმაყოფილი და ვინც ითხოვს სიღატაკის გამო. ასე დაგიმორჩილეთ ისინი, ეგებ შეიქმნეთ მადლიერნი!
37. უსათუოდ ვერ მიაღწევს ალლაჰთან ხორცნი შესაწირისა და ვერც სისხლნი მისი. მაგრამ მიუვა მას მხოლოდ თქვენი ღვთისმოშიშობა. ასე დაგიმორჩილათ მან ისინი თქვენ, რათა ადიდოთ ალლაჰი იმისთვის, რომ დაგაყენათ სწორ გზაზე. მაშ, ახარე სიკეთისმქმნელთ!
38. უეჭველად, ალლაჰი მფარველობს მათ, რომელთაც ირწმუნეს. უეჭველად, ალლაჰს არ უყვარს უმადური მოღალატეები!
39. ნებადართულია მათთვის, რომელთაც ებრძვიან, რამეთუ მოექცნენ მათ უსამართლოდ. უეჭველად, ალლაჰს ხელეწიფება მათი შეწევნა!
40. ისინი უსამართლოდ გამოაძევეს საცხოვრებლებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ამბობდნენ: „ჩვენი უფალი ალლაჰიაო!“ ალლაჰს რომ არ მიეცა ნება თავი დაეცვათ ერთმანეთისგან, დაინგრეოდა სენაკები, საყდრები, სინაგოგები და მეჩეთები, რომლებშიც მრავლად იხსენიება ალლაჰის სახელი. ალლაჰი უსათუოდ შეეწევა იმათ, ვინც მის სარწმუნოებას ემსახურება.უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, ყოვლისშემძლეა.
41. რომელთაც ჩვენ მივმადლით ამ ქვეყანაზე ბატონობას, აღავლენენ ლოცვას, გაიღებენ ზექათს, ბრძანებენ სიკეთის კეთებას და კრძალავენ უკეთურობას. უეჭველად, ყოველი საქმის აღსასრული ალლაჰთან მიიქცევა.
42. თუ ისინი ცრუდ შეგრაცხავენ, მანამდეც ხომ ცრუდ რაცხავდნენ ნუჰის, ადისა და სემუდის ხალხი,
43. იბრაჰიმის ხალხი, ლუტის ხალხი
44. და მედიენის მკვიდრნიც. მუსა ცრუდ შერაცხეს. მე გადავუვადე ურწმუნოებს, მერე კი შევიპყარი ისინი. მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი?!
45. რამდენი დასახლება, რომელთა მცხოვრებნიც უსამართლონი იყვნენ, დავღუპეთ და ახლა მიწასთანაა გასწორებული. რამდენი ჭაა მიტოვებული და რამდენი სასახლე!
46. განა არ უმოგზაურიათ დედამიწაზე, მათ გულს განა არ შესწევდა გაგება, ხოლო ყურებს შესმენა? უეჭველად, თვალი კი არ ბრმავდება, არამედ გული მკერდში!
47. ისინი გაჩქარებენ სასჯელს, მაგრამ ალლაჰი არ არღვევს თავის აღთქმას და ერთი დღე შენს უფალთან უტოლდება ათას წელს თუ თქვენ ყაიდაზე ითვლით!
48. რამდენ უსამართლოს დასახლებას გადავუვადე! მერე კი შევიპყარი ისინი, რამეთუ ჩემთანაა მობრუნება!
49. თქვი: ,,ჰეი, ხალხნო! უეჭველად, მე ვარ თქვენთვის გამაფრთხილებელი და შემგონებელი!“
50. რომელთაც ირწმუნეს და კეთილი ჰქმნეს, მათთვისაა მიტევება და სარჩო უხვი!
51. ხოლო რომელნიც ცდილობდნენ ჩვენი სასწაულების დაკნინებას, სწორედ ეგენი არიან ცეცხლის მკვიდრნი!
52. შენამდე არ წარგვიგზავნია არც ერთი შუამავალი ან ელჩი, რომ ეშმაკს არ დაერთო თავისი მის წაკითხულში. ალლაჰი ანადგურებს იმას, რასაც ეშმაკი დაურთავს. მერე ალლაჰი განამტკიცებს თავის სასწაულებს, ალლაჰი ხომ ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
53. იგი აქცევს ეშმაკის შემოგდებულს საცდუნებლად მათთვის, ვისი გულებიც დასნეულებული და გაბორეტებულია. უეჭველად, უსამართლონი არიან სრულად დაშორებულნი (ჭეშმარიტებას)!
54. დაე, იცოდნენ მათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, რომ ეს ჭეშმარიტება შენი უფლისგანაა, რათა ირწმუნონ მისი და დამორჩილდნენ მას მათი გულები. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზას!
55. ურწმუნონი კიდევ დაეჭვებულნი იქნებიან მასში, ვიდრე არ დადგება მოულოდნელად ჟამი ან არ მიეწევათ მათ სასჯელი უნაყოფო დღეს.
56. იმ დღეს ცხადი მბრძანებლობა მხოლოდ ალლაჰისა იქნება და განსჯის იგი მათ შორის. მაშინ ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, აღმოჩნდებიან ნეტარების ბაღებში!
57. ხოლო რომელთაც უარყვეს და ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, მათთვის გამზადებულია დამამცირებელი სასჯელი!
58. და რომელთაც გადასახლდნენ ალლაჰის გზით. მერე მოკლულ იქნენ ან გარდაიცვალნენ, ალლაჰი უთუოდ დაასაჩუქრებს მშვენიერი სარჩოთი .უეჭველად, ალლაჰი სარჩოს საუკეთესო მომნიჭებელია!
59. იგი უთუოდ შეიყვანს მათ იმ შესასვლელით, რომლითაც ისინი კმაყოფილნი იქნებიან. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, სულგრძელია!
60. აი ასე! თუ ვინმე ისე სჯის, როგორც თავად იყო დასჯილი, რის მერეც უსამართლოდ მოექცნენ, მაშინ ალლაჰი უთუოდ შეეწევა მას. უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მიმტევებელია!
61. ეს იმიტომ, რომ ალლაჰი ზრდის დღეს ღამის ხარჯზე და ზრდის ღამეს დღის ხარჯზე. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია!
62. ეს იმიტომ, რომ ალლაჰი ჭეშმარიტებაა, ხოლო ის რასაც ისინი ეთაყვანებიან მის გარდა, სიცრუეა, იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესია, დიდებულია!
63. ნუთუ ვერ ხედავ, როგორ ზეგარდმოავლენს ალლაჰი ზეციდან წყალს, რის შემდეგაც მიწა მწვანდება? უეჭველად, ალლაჰი კეთილია, ყოვლისმცოდნეა!
64. მას ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. უეჭველად, ალლაჰი მდიდარია, ყოვლადქველია!
65. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ ყოველივე, რაც ქვეყანაზეა და ხომალდები, რომლებიც დაცურავენ ზღვაში მისი ბრძანებით? იგი აკავებს ზეცას, რომ არ დაემხოს ის მიწას, მისი ნების გარეშე. უეჭველად, ალლაჰი მოკეთეა, მოწყალე ხალხისადმი!
66. იგია, რომელიც გიბოძებთ თქვენ სიცოცხლეს, მერე მოგაკვდინებთ და მერე ისევ აღგადგენთ. ხოლო ადამიანი, ჭეშმარიტად, უმადურია!
67. ყოველ თემს დავუდგინეთ წესი, რომელსაც აღასრულებენ და დაე, არ გეკამათონ ამის თაობაზე. მოუხმე შენი უფლისაკენ. უეჭველად, შენ სწორ გზას ადგახარ!
68. თუ ისინი მაინც შეგეკამათებიან, უთხარი: „ალლაჰი უკეთ უწყის იმას, რასაც სჩადიხართ!
69. ალლაჰი განსჯის თქვენ შორის აღდგომის დღეს იმას, რის გამოც დაობდითო!“
70. განა არ იცი, რომ ალლაჰი უწყის იმას, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? უეჭველად, ეს წიგნშია. უეჭველად, ეს ალლაჰისთვის იოლია!
71. ისინი თაყვანს სცემენ გარდა ალლაჰისა იმას, რაზეც მას არ ზეგარდმოუვლენია არანაირი საბუთი და არც არანაირი ცოდნა არ აქვთ იმისა. და არ ეყოლებათ უსამართლოებს შემწე!
72. როცა მათ უკითხავენ ჩვენს ცხად აიათებს, შენ მათ სახეებზე უარყოფას ხედავ. ისინი მზად არიან თავს დაესხან იმათ, ვინც უკითხავს ჩვენს აიათებს. უთხარი: „ხომ არ გაუწყოთ რამე ამაზე საშინელი? ეს ცეცხლია, რომელიც ალლაჰმა აღუთქვა იმათ, ვინც არ ირწმუნა. რა საზიზღარია ეს ადგილსამყოფელი!“
73. ჰეი, ხალხო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. უეჭველად, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით, გარდა ალლაჰისა, ვერ შექმნიან ბუზსაც კი, რომც გაერთიანდნენ ამისთვის. თუ ბუზი რამეს წაართმევს მათ, ისინი ვერ შეძლებენ მის უკან დაბრუნებას. სუსტია ის, ვინც თხოულობს და ისიც, ვისაც სთხოვენ!
74. არ აფასებენ ალლაჰს სათანადოდ, არადა ალლაჰი ყოვლადძლიერია, ყოვლისშემძლეა!
75. ალლაჰი ირჩევს შუამავლებს ანგელოსთაგან და ხალხთაგან. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია!
76. იგი უწყის მათ წარსულსა და მომავალს. საქმეებიც ალლაჰთან იქნება მიქცეული!
77. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! წელში მოიხარეთ, სეჯდე აღასრულეთ და თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს და სიკეთე აკეთეთ, ეგებ შეიქნათ წარმატებულნი!
78. გაისარჯეთ ალლაჰისთვის სათანადო ბრძოლით. მან აგირჩიათ და არ დაუდგენია თქვენთვის არანაირი სიძნელე სარწმუნოებაში . ეს მამათქვენის, იბრაჰიმის სარწმუნოებაა. (ალლაჰმა) გიწოდათ თქვენ მუსლიმები უწინ და აქ (ყურანში), რათა შუამავალი ყოფილიყო მოწმედ თქვენდა, თქვენ კი ყოფილიყავით მოწმედ ხალხისა. შეასრულეთ ლოცვა, გაეცით ზექათი და მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰს. იგია თქვენი მფარველი. რა მშვენიერი მფარველია! რა მშვენიერი შემწეა!