19. Maryam

1. ყაფ. ჰა. ია. ღაინ. სად.
2. (ეს) შენი ღმერთის წყალობით თავისი მსახურის ზაქარიას გახსენებაა.
3. აკი, მან შეევედრა თავის ღმერთს ღაღადით საიდუმლოდ .
4. თქვა: „ღმერთო ჩემო! უეჭველად, ძვლები გამომეფიტა და თავი გამიჭაღარავდა; და არ ვყოფილვარ შენდამი აღვლენილი ვედრებისას უბედური.
5. და უეჭველად, მე მეშინია ჩემს შემდეგ მომავალი ახლობლების, რამეთუ ჩემი ცოლი უნაყოფო შეიქმნა; მაშ, მე შვილი მაჩუქე!
6. მემკვიდრე იყოს ჩემი და მემკვიდრე იაღყუბის მოდგმის, ჰქმენ იგი, ღმერთო ჩემო, კმაყოფილად!“
7. „ჰეი, ზაქარია, უეჭველად, ჩვენ გახარებთ ძეს, რომლის სახელიცაა იაჰია. მის უწინარეს ეს სახელი არავის უტარებია!“
8. თქვა: „ღმერთო ჩემო, როგორ შეიძლება შემეძინოს მე ძე, როცა ჩემი ცოლი უკვე უნაყოფოა და მე უკიდურესად მხცოვანი ?
9. უთხრა: „სწორედ ასე ბრძანა შენმა ღმერთმა: „იგი ჩემთვის იოლია! თავდაპირველადაც ხომ მე გაგაჩინე, როცა არაფერი იყავი?“
10. უპასუხა: „ღმერთო ჩემო! დამიდგინე მე ნიშანი!“ უთხრა: „შენი ნიშანი ის იქნება, რომ არ დაელაპარაკო ხალხს სამი ღამის განმავლობაში , სრულიად ჯანმრთელმა!“
11. ამის შემდეგ გამოვიდა მიჰრაბიდან თავის ხალხთან და მათ ანიშნა: „რომ ელოცათ დილით და საღამოს!“
12. „ჰეი, იაჰია, აიღე წიგნი მტკიცედ!“ ჯერ კიდევ ბავშვს , ჩვენ მივჰმადლეთ სიბრძნე
13. ჩვენგან, გულმოწყალება და სისპეტაკე. და იყო იგი ღვთისმოშიში,
14. კეთილი მშობლებისადმი, და არა ულმობელი, ურჩი!
15. და მშვიდობა მას დღეს, როცა დაიბადა და დღეს, როცა მოკვდა და დღეს როცა ცოცხალი აღდგება!
16. და მოიხსენიე წიგნში მარიამი . როცა განერიდა იგი თავის ოჯახს აღმოსავლეთისკენ,
17. შემდეგ დაიდგინა მათგან გამყოფი ფარდა. მაშინ ჩვენ წარვგზავნეთ მასთან ჩვენი სული , რომელიც მის წინაშე სრულყოფილი კაცის იერით წარსდგა.
18. უთხრა : „უეჭველად, მე მივეკედლები მოწყალეს შენგან, თუკი ღვთისმოშიში ხარ შენ “.
19. მიუგო: „მე მხოლოდ შუამავალი ვარ შენი ღმერთისგან, რომ გაჩუქო შვილი სპეტაკი “.
20. უთხრა: „როგორ მეყოლება ძე, როცა მე კაცი არ შემხებია და არ ვყოფილვარ მე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი?“
21. მიუგო : სწორედ ასე ბრძანა შენმა ღმერთმა: „ეს ჩემთვის იოლია, რომ დავადგინოთ იგი სასწაულად ხალხთათვის და წყალობად ჩვენგან . ეს საქმე გადაწყვეტილია!“
22. ამგვარად დაფეხმძიმდა იგი მასზე, შემდეგ შორისკენ გაემართა ნაყოფთან ერთად.
23. შემდეგ მშობიარობის ტკივილმა ხურმის ხესთან მიიყვანა. თქვა: „ო, ნეტავ მომკვდარიყავი უწინ ამისა და სამარადჟამოდ დავიწყებული ვყოფილიყავი!“
24. მაშინ მოესმა მას ხმა წიაღიდან : არ დამწუხრდე, უკვე შენმა უფალმა შენს ფეხებს ქვეშ ნაკადული დაადგინა .
25. შეარხიე შენსკენ ხურმის შტო, რომ ჩამოცვივდეს შენთან მწიფე ნაყოფი;
26. ჭამე და სვი და გილოცავთ! მაგრამ თუ დაინახავ ვინმე სულიერს,მაშინ უთხარი : „უეჭველად, მე აღვუთქვი მოწყალეს მარხვა , ამიტომაც დღეს არც ერთ ადამის შვილს არ დაველაპარაკებიო “.
27. ბავშვით ხელში თავის ხალხთან დაბრუნდა. უთხრეს: „ჰეი მარიამ, ძალიან ცუდი საქმე ჩაიდინე !
28. დაო ჰარუნის, არ იყო მამაშენი ცუდი კაცი, და არც დედაშენი იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი!“
29. მიუთითა მისკენ . უთხრეს: „როგორ ველაპარაკოთ მას ჩვენ, როცა იგი ჩვილია, აკვანში მწოლიარე?“
30. მიუგო :„უეჭველად, მე ალლაჰის მსახური ვარ. მე მიბოძა წიგნი და მე დამადგინა შუამავლად.
31. და მე დამადგინა დალოცვილი, სადაც არ უნდა ვიყო; და მე სიცოცხლის ბოლომდე ლოცვა და ზექათი დამავალა!
32. და თავაზიანი ჩემი მშობელი დედისადმი, არ დავუდგენივარ ულმობელ მოძალადედ!
33. მშვიდობა იმ დღეს, როცა მე დავიბადე, იმ დღეს, როცა მოვკვდები და იმ დღესაც, როცა აღვდგები ცოცხალი!“
34. სწორედ ამ ჭეშმარიტი სიტყვის მიხედვით, ღისა მარიამის შვილია, რომელშიც ეჭვი ეპარებათ მათ.
35. შეუძლებელია, რომ ალლაჰმა დაიდგინოს შვილი. დიდება მას! როცა იგი გადაწყვეტს რაიმე საქმეს, საკმარისია მხოლოდ უთხრას მას: „იქმენ!“ და ისიც იქმნება.
36. და უეჭველად, ალლაჰი ჩემი ღმერთიცაა და თქვენიც! მაშ, თაყვანი ეცით მას, ეს ჭეშმარიტი გზაა!
37. ამის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთში უთანხმოებას მიეცნენ . იმ დიად დღეს , როცა გაცხადდება ყველაფერი, ვაი მათ მდგომარეობას, რომელთაც უარყვეს!…
38. როცა მოვა ის დღე ჩვენთან, (ჭეშმარიტებას) რა კარგად გაიგონებენ და რა კარგად დაინახავენ! მაგრამ დღეს უსამართლონი აშკარა ცდომილებაში იმყოფებიან!
39. და შეაგონე ისინი სინანულის დღით , როცა საქმე გადაწყვეტილია , მაგრამ ისინი უგულისყურონი არიან და არ ირწმუნებენ!
40. უეჭველად, ჩვენ დავიმკვიდრებთ მიწას და მათ, ვინც მასზეა, ჩვენთან იქნებიან დაბრუნებულნი!
41. და გაიხსენე წიგნში იბრაჰიმი: უეჭველად, იგი მართალი და ერთ-ერთი შუამავალი იყო!
42. აკი, უთხრა თავის მამას: „ჰეი, მამაჩემო! რატომ ეთაყვანები იმას, რაც ვერ ისმენს, ვერ ხედავს და არანაირი სიკეთის მოტანა არ შეუძლია შენთვის?
43. ჰოი მამაჩემო, უეჭველად, მე მებოძა ცოდნისგან, რომელიც არ მოსულა შენთან; მაშ, მომყევი მე, დაგადგენ სწორ გზაზე!
44. ჰეი, მამაჩემო, არ ეთაყვანო ეშმაკს! უეჭველად, ეშმაკი მოწყალის მიმართ ურჩია!
45. ჰეი, მამაჩემო, უეჭველად, მე მეშინია, რომ სასჯელი გელის მოწყალისგან , ამრიგად შეიქმნები ეშმაკის მეგობარი !“
46. უპასუხა: „ჰეი, იბრაჰიმ, ნუთუ შენ პატივს არ სცემ ჩემს ღმერთებს? თუკი შენ თავს არ მიანებებ ამას, დიახაც, რომ ჩაგქოლავ. გამეცალე დიდი დროით !“
47. მიუგო: „მშვიდობა შენდა! ჩემს ღმერთს შენთვის პატიებას ვთხოვ, უეჭველად, იგი მოწყალეა ჩემს მიმართ!
48. და მე გაგეცლები თქვენ და იმათ, რასაც ეთაყვანებით ალლაჰის მაგივრად. და მე შევევედრები ჩემს ღმერთს. ჩემი ღმერთისადმი მსახურებაში უბედური არ ვიქნები ჩემი ვედრებით!“
49. როდესაც იგი გაეცალა მათ და იმას, რასაც ისინი ეთაყვანებოდნენ ალლაჰის მაგივრად, ჩვენ მას ვუბოძეთ ისჰაყი და იაღყუბი და ჩვენ დავადგინეთ ორთავე შუამავლებად.
50. და ვაჩუქეთ მათ ჩვენი წყალობისგან და ჩვენ დავადგინეთ მათთვის უზენაესი ენა, როგორც ჭეშმარიტების ენად!
51. და ახსენე წიგნში მუსა: უეჭველად, იგი გამორჩეული ადამიანი იყო. ის ერთ-ერთი შუამავალი, ერთ-ერთი მაცნე იყო!
52. და ჩვენ დავუძახეთ მას ტურის მარჯვენა მხრიდან და დავიახლოვეთ იგი საიდუმლო საუბრისთვის.
53. და ჩვენ ვაჩუქეთ მას, ჩვენი წყალობიდან ძმა თვისი ჰარუნი შუამავლად.
54. და ახსენე წიგნში ისმაილი: უეჭველად, იგი აღთქმის ერთგული, შუამავალი და მაცნე იყო!
55. და იგი უბრძანებდა თავის ხალხს ლოცვასა და ზექათს, და მან მიაღწია თავის ღმერთთან კმაკოფილებას.
56. და ახსენე წიგნში იდრისი : უეჭველად, იგი იყო ჭეშმარიტი შუამავალი!
57. და აღვამაღლეთ ჩვენ იგი მაღალ ადგილზე!
58. აი, ისინი, რომლებზედაც ალლაჰმა ჯილდო მოიღო შუამავალთაგან, ადამის შთამომავალთაგან , და რომელნიც აიყვანა ნუჰთან ერთად და იბრაჰიმის და ისრაილის შთამომავალთაგან და იმათგან, ვინც ჩვენ დავადგინეთ ჭეშმარიტ გზაზე და ვინც ჩვენ ვჰყავით რჩეულნი. მათ როცა ეკითხებათ მოწყალის აიათები, ტირილით სეჯდეს აღასრულებენ!
59. მათ შემდეგ მოვიდნენ შემდგომნი შთამომავალნი, რომლებმაც მიატოვეს ლოცვა და მიეცნენ ვნებებს. სულ მალე გადაეყრებიან ღეიას ,
60. გარდა ვინც მოინანია, ირწმუნა და ჰქმნა სიკეთე. მაშინ ისინი შევლენ სამოთხეში და მათ არანაირი უსამართლობა არ შეეხებათ!
61. ედემის ბაღები, რომელიც აღუთქვა მოწყალემ თავის მსახურთ უხილავად, უეჭველად, მისი აღთქმა აღსრულდება!
62. იქ ფუჭსიტყვაობას არ გაიგონებენ, მხოლოდ : „მშვიდობა“ ! და მათთვისაა იქ სარჩო დილას და საღამოს!
63. აი, ეს სამოთხე, რომელსაც ჩვენს მსახურთაგან დავუმკვიდრებთ იმას, ვინც იყო ღვთისმოშიში!
64. ჩვენ მხოლოდ შენი ღმერთის ბრძანებით გარდმოვევლინებით. მას ეკუთვნის, ის რაც ჩვენ წინაა , რაც ჩვენ უკანაა და ისიც, რაც ამათ შორისაა . შენი ღმერთი გულმავიწყი არ არის!
65. იგი ღმერთია ცათა და ქვეყნის და რაც ამათ შორისაა. მაშ, თაყვანი ეცი მას და იყავი მომთმენი მის თაყვანისცემაში! განა იცი ვინმე მისი თანამოსახელე?
66. და ამბობს ადამიანი: „ნუთუ მე სიკვდილის შემდეგ ცოცხალი უნდა აღვდგე?“
67. ნუთუ არ ფიქრობს ადამიანი, უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ იგი წინათ, როცა არაფერი იყო?
68. შენ ღმერთს ვფიცავ, უთუოდ შევკრებთ მათ და ეშმაკებს, მერე მოვაცდევინებთ მათ ჯოჯოხეთის გარშემო დაჩოქილთ!
69. შემდეგ უთუოდ ყველა ჯგუფიდან გამოვარჩევთ იმათ, რომელნიც მოწყალის წინაშე ყველაზე ურჩნი იყვნენ.
70. მერე, დიახაც, რომ ჩვენ უკეთ ვუწყით, რომელნიც ღირსი არიან დაწვის!
71. თქვენგან ჯოჯოხეთთან გაუვლელი არავინ დარჩება. შენი ღმერთის მიერ ეს კატეგორიულად გადაწყვეტილია.
72. მერე ჩვენ გადავარჩენთ ღვთისმოშიშებს, ხოლო უსამართლოებს მუხლებზე დაჩოქილს დავტოვებთ იქ!
73. და როცა ეკითხებოდათ მათ ჩვენი ცხადი აიათები, რომელთაც უარყვეს, მათ კითხეს მორწმუნეებს: „ჩვენ ორ ჯგუფს შორის რომელს აქვს უკეთესი მდგომარეობა და რომლისაა უკეთესი შემადგენლობა?“
74. და ჩვენ რამდენი თაობა გავანადგურეთ მათზე უწინ, რომლებიც შემადგენლობითაც და იერითაც ბევრად უკეთესნი იყვნენ!
75. უთხარი მათ, რომელნიც არიან ცდომილებაში: „მწყალობელმა რომც გადაუწიოთ ცოტა დრო, ამით რა შეიცვლება მათთვის?“ უეჭველად, როცა აღსასრული დადგება და ისინი მათდა აღთქმულ სასჯელს ან წარღვნას იხილავენ, სწორედ მაშინ შეიტყობენ, რომლისაა ცუდი ადგილი და რომლის ლაშქარია სუსტი!
76. და მიუმატებს ალლაჰი ჭეშმარიტებას, რომელთაც ჭეშმარიტებას დაადგნენ, მუდმივი კეთილი საქმეები უკეთესია შენი ღმერთის წინაშე მადლით და უკეთესი საზღაურით!
77. განა არ გინახავს, რომელმაც უარყო ჩვენი აიათები და თქვა: მე, უთუოდ, მომეცემა ქონება და შვილებიო?
78. განა ემცნო მას დაფარული თუ მოწყალისგან აღთქმა მიიღო?
79. არამც და არამც! ჩვენ ჩავიწერთ მის ნათქვამს და გავუხანგძლივებთ სასჯელს გაძლიერებულს!
80. ჩვენ მისგან ვიმემკვიდრებთ , რასაც ამბობს და იგი მოვა ჩვენ წინაშე მარტოსული!
81. და დაიდგინეს ალლაჰის გარდა ღვთაებები , რათა ყოფილიყვნენ ეგენი სახელოვანი.
82. არამც და არამც! უარყოფენ ისინი მათ თაყვანისცემას და შეიქმნებიან მათ მოწინააღმდეგეებად .
83. განა არ გინახავს, როგორ წარვგზავნეთ ეშმაკები ურწმუნოთა ზედა, მათ წასაქეზებლად, ასაღელვებლად?
84. ამიტომაც ნუ იჩქარებ მათ წინააღმდეგ . ჩვენ მხოლოდ მათთვის ვითვლით რიცხვს .
85. იმ დღეს შევკრებთ ღვთისმოშიშებს მოწყალის წინაშე პატივისცემით!
86. და გავრეკავთ ცოდვილებს ჯოჯოხეთისკენ, როგორც მოწყურებულ ნახირს წყლის დასალევად!
87. ისინი ვერ ჰპოვებენ შუამდგომლობას, გარდა მათი, ვინაც აიღო მოწყალის წინაშე აღთქმა!
88. და თქვეს : „მოწყალემ შვილი დაიდგინაო“.
89. ვფიცავ, საშინელი სიბილწე თქვით თქვენ!
90. ლამისაა ცანი გაიპონ ამისგან, მიწა დასკდეს და მთები ჩამოიშალოს
91. იმის გამო, რომ მიაწერეს მოწყალეს ძე!
92. და არ შეშვენის მოწყალეს, რომ დაიდგინოს შვილი!
93. რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, მოწყალის წინაშე ყველა წარსდგება, როგორც მსახური.
94. ვფიცავ, მან ყველა ცოდნით გარემოიცვა და თითო-თითოდ დათვალა !
95. და ყოველი მათგანი წარსდგება მის წინაშე აღდგომის დღეს მარტოდმარტო !
96. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმე, დააჯილდოებს მოწყალე მათ სიყვარულით!
97. ჩვენ გავაიოლეთ იგი (ყურანი) შენი ენით , რათა ახარო მისით მორწმუნენი და შეაგონო ურჩნი!
98. და ჩვენ რამდენი თაობა გავანადგურეთ მათზე უწინ? განა გიგრძვნია ან გაგიგონია მათგან ჩქამი?