18. Al-Kahf

1. ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გარდმოუვლინა თავის მსახურს წიგნი და არ დაუდგენია მასში მრუდე !
2. ჭეშმარიტებით, რათა შეეგონებია მისგან საშინელი სასჯელით და ემახარობლებია მორწმუნეთათვის, რომელნიც სიკეთეს თესავენ, რომ მათთვისაა ჩინებული საზღაური
3. იქ , სადაც მარადიულად დამკვიდრდებიან!
4. და შესაგონებლად იმათთვის, რომელთაც თქვეს: „ალლაჰმა ძე დაიდგინაო.“
5. ამის შესახებ არც მათ და არც მათ მამებს არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ. რაოდენ დიდი სიტყვაა, რომელიც მათი ბაგეებიდან ამოდის! ისინი მხოლოდ სიცრუეს ამბობენ.
6. ეგების შენ მწუხარებით თავი გაინადგურო მათ კვალდაკვალ, თუკი არ ირწმუნებენ ამ სიტყვებს .
7. უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ რაც დედამიწაზეა სამშვენად, რათა გამოგვეცადა ისინი, მათგან რომელი უფრო კარგ საქმეს იქმს.
8. და უეჭველად, ჩვენ ვქმნით უსიცოცხლო მიწად რაც მასზეა.
9. ნუთუ შენ გეგონა, რომ გამოქვაბულის ხალხი და რაყიმი საოცარი იყო ჩვენს სასწაულთაგან?
10. აკი, ჭაბუკებმა თავი შეაფარეს გამოქვაბულს და თქვეს: „ღმერთო ჩვენო! გვიბოძე შენგან წყალობა და დაგვიდგინე ჩვენს საქმეში სიკეთე-წარმატება!“
11. ამგვარად ჩვენ ყურები დავულუქეთ მათ გამოქვაბულში მრავალი წლით.
12. მერე ჩვენ გამოვაღვიძეთ ეგენი, რათა გაგვეგო რომელი ჯგუფი უკეთ გამოითვლიდა რამდენი წელი დაჰყვეს .
13. ჩვენ მოგიყვებით შენ მათ ამბავს ჭეშმარიტებით. უეჭველად, ეგენი იყვნენ ჭაბუკები, რომლებმაც ირწმუნეს თავიანთი ღმერთი და გავუძლიერეთ წრმენა ჭეშმარიტებისა.
14. და ჩვენ სიმტკიცე მოვავლინეთ მათ გულებზე; აკი, ფეხზე წამოდგნენ და თქვეს: „ჩვენი ღმერთი ცათა და ქვეყნის მეუფეა! ჩვენ არ ვსცემთ თაყვანს მის გარდა სხვა ღვთაებას, რამეთუ მაშინ ზღვარს გადავალთ და ტყუილს ვიტყვით!
15. აი , ესენი ჩვენი ხალხია, მათ დაიდგინეს მის გარდა ღვთაებები. რატომ არ მოიტანეს მათ წინააღმდეგ ცხადი მტკიცებანი? მაშ, ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც სიცრუეს თხზავს ალლაჰზე?“
16. რაკიღა გაეცალეთ მათ და არ ეცით თაყვანი, გარდა ალლაჰისა, მაშ, გამოქვაბულს შეაფარეთ თავი. მოგმადლოს თქვენ თქვენმა ღმერთმა თავისი წყალობისგან და კეთილ ინებოს თქვენთვის თქვენი საქმის მეოხება!
17. და დაინახავ შენ, როცა მზე ამოდის გადაიხრება გამოქვაბულის ხალხის მარჯვენა მხარეს და როცა ჩადის – მარცხენა მხარეს. ხოლო ისინი არიან მის ფართო სივრცეში. აი, ეს ალლაჰის ერთ-ერთი სასწაულთაგანია. და ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, იგი ნამდვილად ჭეშმარიტ გზას ადგას. და ვისაც ააცდენს ჭეშმარიტ გზას, დამდგენს ჭეშმარიტ გზაზე ვერ უპოვი მას შემწედ!
18. და გეგონება, რომ მათ ღვიძავთ, არადა სძინავთ. ჩვენ ვუცვლიდით მათ გვერდს ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. მათი ძაღლი შესასვლელთან იწვა, წინ გამოწეული თათებით. შენ რომ დაგენახა ისინი ახლოდან, უთუოდ თავქუდმოგლეჯილი უკუიქცეოდი მათგან, და დიახაც შეძრწუნდებოდი შიშით.
19. ამგვარად გამოვაღვიძეთ ისინი, რომ ერთმანეთი გამოეკითხათ . ერთმა მათგანმა თქვა: „რამდენ ხანს დაჰყავით?“ მიუგეს: „დავჰყავით ჩვენ დღე ან დღის რაღაც მონაკვეთი.“ თქვეს: „თქვენი ღმერთი უკეთ უწყის, რამდენიც დაჰყავით. მაშ, გაგზავნეთ ერთი თქვენგანი ქალაქში თქვენი ვერცხლის ფულით. შეათვალიეროს რომელი საჭმელია უკეთესი და მისგან თქვენ დასაპურები მოგიტანოთ, მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინოს და თქვენი არსებობა არ მიახვედროს არავის.
20. უეჭველად, ისინი თუ ხელთ გიგდებენ, ჩაგქოლავენ თქვენ ან მოგაქცევენ თავიანთ რჯულზე. მაშინ ვეღარასოდეს იქნებით ნეტარნი!“
21. და ამგვარად ვამცნეთ მათ, რათა სცოდნოდათ, რომ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია და რომ არ არსებობს საათში ეჭვი. აკი, კამათობდნენ ერთმანეთში მათი მდგომარეობის შესახებ. და თქვეს: მაშ, ააგეთ მათზე ნაგებობა. მათი ღმერთი უკეთ უწყის მათ! რომელთაც თავიანთი სიტყვა გაიტანეს, თქვეს: „ჩვენ უთუოდ ავაგებთ მათ თავზე მეჩეთს (სალოცავს)!“
22. იტყვიან: სამნი იყვნენ, მეოთხე ძაღლიო. და ამბობენ: ხუთნი იყვნენ, მეექვსე ძაღლიო. ჩასაქოლად დაფარულისა . და ამბობენ შვიდნი იყვნენ, მერვე კი ძაღლიო. უთხარი: „ჩემი ღმერთი უკეთ უწყის მათ რაოდენობას. არავინ იცის მათ შესახებ, გარდა მცირედისა. და არ იკამათო მათ თაობაზე, გარდა ცხადისა. მათ შესახებ მათგან არავის შეეკითხო!“
23. არასდროს თქვა: „უეჭველად, მე ამას ხვალ გავაკეთებ!“
24. გარდა ნებითა ალლაჰისა , და როცა დაგავიწყდება, გაიხსენე შენი ღმერთი და თქვი: ,,ეგების მიმაღწევინოს ღმერთმა ჩემმა ამაზე უფრო სწორ გზას!“
25. მათ დაჰყვეს გამოქვაბულში სამასი წელი და კიდევ ცხრა.
26. თქვი: „ალლაჰი უკეთ უწყის რამდენ ხანს დაჰყვეს. ცათა და ქვეყნის დაფარული მას ეკუთვნის. რა კარგად ხედავს და ესმის მას! არა ჰყავთ მათ მფარველი, გარდა მისი და მსჯავრში ვერავინ შეეზიარება მას!“
27. და იკითხე შენი ღმერთის წიგნი და რაც შენ ზეშთაგეგონა. არ მოიძებნება მისი სიტყვების შემცვლელი და ვერ იპოვი მის გარდა თავშესაფარს!
28. დაიმორჩილე სული შენი მათთან ერთად, რომელნიც ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილიდან საღამომდე და ილტვიან მისი წყალობისაკენ. და არ აარიდო თვალი მათ ამქვეყნიური ცხოვრების სიტკბოების სურვილით და არ მოუხარო ქედი მათ, ვისი გულიც უგულისხმო ვაქციეთ ჩვენი ხსოვნისადმი; და ვინც საკუთარ სურვილებსაა აყოლილი, ისედაც ის თავის საქმეში ზღვარს გადასულა!
29. და უთხარი: „ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგანაა, ამის შემდეგ ვინც ინებებს, ირწმუნებს და ვინც ინებებს, უარყოფს. უეჭველად, ჩვენ გავამზადეთ უსამართლოთათვის ცეცხლი, რომელიც გარედან შემოერტყმება მათ. და თუ წყალს მოითხოვენ, დარწყულებული იქნება წყლით, გამდნარი ლითონის დარით, რომელიც სახეებს წვავს. რაოდენ საძაგელი სასმელია და რაოდენ საზარელი სამყოფელია!
30. რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, უეჭველად, ჩვენ არ დავუკარგავთ საზღაურს მათ! ვინც კეთილი საქმე ჰქმნა,
31. სწორედ მათთვისაა ედემის ბაღები , სადაც ძირს მდინარეები მოედინება. შეიმკობიან იქ ოქროს სამაჯურებით და შეიმოსებიან მწვანე აბრეშუმისა და ატლასის სამოსით. წამოწოლილი იქნებიან იქ სავარძლებზე. რა ჩინებული ჯილდოა და რა მშვენიერი განსასვენებელი!
32. მათ უამბე ორი კაცის მდგომარეობა. დავუდგინეთ ერთ მათგანს ორი ვენახი, გარშემოვლილი ხურმებით და მათ შორის ყანა.
33. ორივე ბაღმა ნაყოფი გამოიღო და არაფერი არ მოჰკლებია, რამეთუ ჩვენ ამოვაჩქეფეთ მათ შორის მდინარე.
34. და მას სხვა სიმდიდრეც ჰქონდა და უთხრა თავის მეგობარს საუბარში: „მე უფრო მეტი ქონება მაქვს შენზე და უფრო მეტი შემწეებიც მყავს.“
35. შევიდა იგი თავის ბაღში, უსამართლოდ მოქცეული თავისი სულის მიმართ და თქვა: „არ მგონია, რომ ეს ოდესმე მოისპოსო.
36. არ მგონია დადგეს ჟამი. და თუ მიბრუნებული ვიქნები ჩემს ღმერთთან, უსათუოდ ვპოვებ ამაზე უკეთესს დაბრუნებისთვისო!“
37. უთხრა მას თავისმა მეგობარმა საუბრის დროს: „ნუთუ უარყე, რომელმაც გაგაჩინა შენ მიწისგან, შემდეგ წყლისგან და მერე ჩამოგაყალიბა შენ კაცად?
38. მაგრამ იგი ალლაჰი ჩემი ღმერთია. და მე არ დავუდგენ თანაზიარს ჩემს ღმერთს არავის.
39. როცა შეხვედი შენს ბაღში, რატომ არ თქვი: „რაც ინება ალლაჰმა! არ არის ძალა, გარდა ალლაჰისა !“ რომც მხედავდე მე ნაკლები ვიყო შენზე ქონებითა და შვილებით.
40. ეგების ჩემმა ღმერთმა მე მიბოძოს უკეთესი შენს ბაღზე და მოავლინოს მასზე ზეციდან მრისხანება, მაშინ იქცევა იგი ფიქალ მიწად.
41. ან მიწამ შთანთქოს წყალი მისი, შემდეგ კი ვეღარასოდეს შეძლებ მის უკან დაბრუნებას!
42. და განადგურდა მისი მოსავალი, მერე ხელების ფშვნეტა დაიწყო იქ გაღებული ჯაფის და ჩალეწილი ვაზის ფანჩატურის გამო, და ამბობდა: „ნეტა არავინ გამეხადა თანაზიარი ჩემი ღმერთისთვისო!“
43. მას ალლაჰის გარდა არავინ ჰყავდა, რომ დახმარებოდა. ხოლო თავად ვერაფერს გახდებოდა.
44. სწორედ იქ ჭეშმარიტად ალლაჰს ეკუთვნის შეწევნა. სწორედ იგია ყველაზე კარგი საზღაურისა და ყველაზე მშვენიერი აღსასრულის მომნიჭებელ!
45. აღუხატე მათ მაგალითი მიწიერ ცხოვრებაზე. ის წყალსა ჰგავს, რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ ზეციდან. ამგვარად მასთან გაზავდა დედამიწის მცენარეები და მერე გარდაიქცა მშრალ ღეროებად, რომელსაც ქარი მიმოფანტავს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა!
46. ქონება და შვილები მშვენებაა მიწიერი ცხოვრების, მაგრამ წარუვალი სიქველენი უკეთეს საზღაურიანია შენი ღმერთის წინაშე და მათზე სჯობს იმედის დამყარება!
47. და იმ დღეს ჩვენ ავამოძრავებთ მთებს და ნახავ შენ მიწას გაბრტყელებულს . ჩვენ შევკრებთ მათ და არავის დავტოვებთ მათგან!
48. და წარსდგებიან ისინი შენი ღმერთის წინაშე მწკრივებად: „ვფიცავ, რომ თქვენ მოქცეულნი იქნებით ჩვენთან ისეთნი, როგორც გაგაჩინეთ თავდაპირველად. არა, თქვენ ჩათვალეთ, რომ ვერ აღვასრულებდით თქვენთვის აღთქმულს!
49. დაიდება წიგნი და მაშინ ნახავ შენ ცოდვილთ, შეშინებულთ იმის გამო, რაც მასშია . და ამბობენ: „ვაი, ჩვენ! ეს რა წიგნია! მასში არ არის გამოტოვებული არც მცირე, არც დიდი , ყველაფერი აღნუსხულია!“ და ჰპოვებენ მათ წინაშე, რაც ჰქმნეს და არავის მოექცევა შენი ღმერთი უსამართლოდ !
50. და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდე აღასრულეს, გარდა იბლისისა. იგი იყო ჯინთაგანი, აუმბოხდა თავისი ღმერთის ბრძანებას. ნუთუ დაიდგენთ თქვენ მას და მის შთამომავლობას მეგობრებად ჩემს ნაცვლად, მაშინ, როცა ისინი მტრები არიან თქვენი? უსამართლოთათვის რაოდენ ცუდი საზღაურია!
51. მე არ დამისწრია ისინი ცათა და მიწის გაჩენისას, და არც თავიანთი სულების გაჩენისას. და მე არ დამიდგენია გზასამცდარნი ჩემს სიახლოვეს !
52. და იმ დღეს იგი ეტყვის: „მოუხმეთ ჩემს თანამოზიარენს , რომელთა არსებობასაც ვარაუდობდით.“ მაშინ მოუხმობენ მათ, მაგრამ ისინი არ უპასუხებენ. და ჩვენ დავადგინეთ მათ შორის დამღუპველი უფსკრული!
53. და დაინახეს ცოდვილებმა ცეცხლი. მაშინ მიხვდნენ, რომ იქ იქნებიან ჩაგდებულნი. და ვერ ჰპოვებენ მისგან გადარჩენის გზას.
54. და ვფიცავ, ამ ყურანში ადამიანთათვის ჩვენ ყველანაირი მაგალითი განვმარტეთ. მაგრამ ადამიანს ყველაზე მეტად სჩვევია კამათი.
55. რამ შეუშალა ხელი ხალხს რომ ერწმუნათ, როცა მოუვიდათ მათ ჭეშმარიტი გზა და მიტევება ეთხოვათ თავიანთი ღმერთისთვის? თუ არა ლტოლვამ პირველთა ხვედრისკენ, და მიეწევათ მათ ტანჯვა ხილული!
56. და არ წარმოვგზავნით შუამავალთ, თუ არა მახარობლებად და შემგონებლებად. და აღუდგებიან, რომელთაც უარყვეს ცრუ საბუთებით, რათა უარყონ ამით ჭეშმარიტება. და აბუჩად აგდებენ ჩემს აიათებს და იმას, რითაც შეაგონებენ.
57. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვისაც შეახსენეს თავისი ღმერთის აიათები, მაშინ ზურგი აქცია და დაივიწყა ის, რაც მისმა ხელებმა წაიმძღვარეს? უეჭველად, ჩვენ საბურველი დავადეთ მაგათ გულებს, რათა ვერ გაიგონ ის , და სიყრუე მათ ყურებში . და რომც მოუწოდო მათ სწორი გზისკენ, არასდროს დაადგებიან ამის შემდეგ ჭეშმარიტ გზას!
58. და ღმერთი შენი შემნდობია, წყალობით აღვსილი. რომ დაესაჯა ისინი იმისთვის, რაც მათ მოიხვეჭეს, უთუოდ დააჩქარებდა ამით მათ ტანჯვას, მაგრამ მათთვის დათქმულია დრო და ისინი ვერ ჰპოვებენ მის გარდა თავშესაფარს!
59. და აი, ის ქვეყნები, დავღუპეთ ჩვენ ეგენი, როცა უსამართლოდ მოიქცნენ და დავუდგინეთ ჩვენ ჟამი მათი აღსასრულისა!
60. და აკი, მუსამ უთხრა თავის ახალგაზრდა მეგობარს: „არ გავჩერდები, სანამ არ მივაღწევ ორი ზღვის შესართავს, თუნდ მრავალი წელი ვიმოგზაუროო!“
61. ამგვარად, როცა მიაღწიეს ორი ზღვის შესართავს, დაივიწყეს ორივემ თავიანთი თევზი, მაშინ იგი დაადგა თავის გზას ზღვაში და გაუჩინარდა.
62. ამგვარად, როცა კიდევ უფრო შორს წავიდნენ, უთხრა თავის ახალგაზრდა მეგობარს: „მოგვართვი სადილი, ვფიცავ, ამ მგზავრობით ძალიან დავიღალეთ!“
63. უთხრა: „დაინახე, როცა შევაფარეთ თავი კლდეს, მაშინ, უეჭველად, მე დამავიწყდა თევზი და იგი ჩემთვის არავის დაუვიწყებია, თუ არა ეშმაკს, რომ არ გამხსენებოდა. მან კი გააგრძელა თავისი გზა ზღვაში გასაოცრად.“
64. მიუგო: „სწორედ ესაა, რასაც ვეძებდით!“ და უკან გაჰყვნენ საკუთარ ნაფეხურებს.
65. ამგვარად შემოხვდათ მათ ერთი მსახური ჩვენს მსახურთაგანი, რომლისთვისაც ნაბოძები გვქონდა წყალობა ჩვენგან და შევასწავლეთ ჩვენ მას ჩვენეული ცოდნა.
66. უთხრა მას მუსამ: „შეიძლება გამოგყვე, რათა მასწავლო მე ის, რაც შენ გესწავლა ჭეშმარიტებასთან მისაღწევად?
67. მიუგო: „უეჭველად, შენ მოთმინება არ გეყოფა, რომ ჩემ გვერდით დარჩე!
68. და როგორ მოითმენ იმას, რასაც ცოდნით ვერ შეწვდები?“
69. მიუგო: „მე მიხილავ მომთმენს, თუ ალლაჰის ნება იქნება, და არ აღვუდგები შენს ბრძანებებს!“
70. უთხრა: „მაშინ, თუ გამომყვები, არაფერი მკითხო, სანამ მე თავად არ გამცნობ!“
71. ამგვარად გაუდგნენ ორივე გზას . როცა გემზე ავიდნენ, გახვრიტა იგი. უთხრა: „ნუთუ გახვრიტე იგი, რომ დაახრჩო ხალხი მისი? ვფიცავ, შენ დიდი ცოდვა ჩაიდინე!“
72. მიუგო: „განა არ მითქვამს, უეჭველად, შენ ვერ შეძლებ ჩემს გვერდით მოთმენას?“
73. უთხრა: „ნუ მისაყვედურებ იმის გამო, რაც დამავიწყდა და ნუ გამიძნელებ ჩემს საქმეს!“
74. ასე განაგრძეს გზა, სანამ არ შეხვდნენ ბიჭუნას და მაშინ მოკლა მან იგი. უთხრა: „ნუთუ მოკალი უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც არავინ მოუკლავს? ვფიცავ, შენ გასაკიცხი რამ ჩაიდინე!“
75. მიუგო: „განა არ მითქვამს, უეჭველად, შენ ვერ შეძლებ ჩემს გვერდით მოთმენას?“
76. უთხრა: „თუკი შეგეკითხე რამე ამის მერე, მაშინ აღარ განაგრძო ჩემთან მეგობრობა. შენი საქციელი უკვე გამართლებულია!“
77. განაგრძეს გზა, სანამ არ მივიდნენ სოფლის მოსახლეობასთან. და მათგან საჭმელი მოითხოვეს. მაგრამ მათ თავი შეიკავეს, რომ გამასპინძლებოდნენ ამ ორს. მათ დაინახეს კედელი, რომელიც სადაცაა ჩამოინგრეოდა და მან ის გაამაგრა. მუსამ უთხრა: „რომ მოგენდომებინა, ამისათვის გასამრჯელოს მიიღებდი.“
78. მიუგო: „ესაა განშორება ჩემსა და შენს შორის, მაგრამ განგიმარტავ იმას, რისი მოთმენაც ვერ შეძელი:
79. რაც შეეხება გემს, ის ღატაკებს ეკუთვნოდათ, რომლებიც ზღვაში მუშაობდნენ. მისი დეფექტიანობა ვინებე, ვინაიდან, მათ უკან იყო მეფე, რომელიც ყველა გემს ძალით ართმევდა.
80. მაგრამ რაც შეეხება ბიჭუნას, მისი მშობლები მორწმუნენი იყვნენ, ამიტომაც ვშიშობდით, რომ არ ჩაეთრია ისინი უსამართლობასა და ურწმუნოებაში.
81. ამგვარად ვინებეთ ჩვენ, რომ თავიანთ ღმერთს იგი ჩაენაცვლებინა მასზე უკეთესით, წმინდათი და ლმობიერით!
82. ხოლო რაც შეეხება კედელს, ქალაქში იყო ორი ობოლი ბიჭი. მის ქვეშ იყო განძი მათთვის. მათი მამა მართალი კაცი იყო და შენმა უფალმა ინება, რომ მათ სრულწლოვანებამდე მიეღწიათ, მერე კი ამოეღოთ თავიანთი განძი, წყალობად შენი ღმერთისა. მე არ მოვქცეულვარ ჩემი გადაწყვეტილების თანახმად. აი, ახსნა იმისა, რისი მოთმენაც შენ ვერ შეძელი.“
83. და ისინი გეკითხებიან შენ ზულ-ყერნეინის შესახებ. უპასუხე: „მე მოგიყვები თქვენ ამბავს მის შესახებ.“
84. უეჭველად, ჩვენ განვამტკიცეთ იგი დედამიწაზე და ვუბოძეთ მას ყველაფერი საბაბად .
85. ამგვარად გზას გაუდგა იგი .
86. როცა მიაღწია იმ ადგილს, სადაც მზე ჩადის, შენიშნა, რომ ის ჩადის ამღვრეულ წყაროსთვალში. მის ახლოს ნახა ხალხი . ვუთხარით ჩვენ: „ჰეი, ზულ-ყერნეინ! შენ მათ ან დასჯი, ან სიკეთეს უქმნი!“
87. თქვა: ვინც უსამართლოდ იქცევა, დავსჯით, მერე დაბრუნებულ იქნება თავის უფალთან და იგი დასჯის მას საშინელი სასჯელით.
88. ხოლო ვინც ირწმუნა და სიკეთე ჰქმნა, მაშინ მისთვისაა საუკეთესო საზღაური და მას ჩვენს ბრძანებებში დავუდგენთ სიოლეს!
89. მერე გზას გაუდგა იგი .
90. როცა მივიდა იმ ადგილამდე, საიდანაც მზე ამოდის, დაინახა, რომ ის ამოდის ხალხის თავზე , რომელთათვის ჩვენ არ დაგვიდგენია მისგან დასაცავი არანაირი საფარი.
91. აი, ასე! ჩვენ გარემოვიცავით ცოდნით ყოველივე იგი, რაც მის თავს ხდებოდა.
92. მერე გზას გაუდგა იგი.
93. როცა მიაღწია ორ მთას შორის , დაინახა ხალხი, რომელსაც თითქმის არ ესმოდა ნათქვამი .
94. უთხრეს: „ჰეი, ზულ-ყერნეინ! იეჯუჯი და მეჯუჯი ავრცელებენ ქვეყანაზე სიავეს. იქნებ შეგვეგროვებინა შენთვის გადასახადი, რათა აღმართო ზღუდე ჩვენსა და მათ შორის?“
95. უთხრა: „რითაც ჩემმა უფალმა განმამტკიცა, უფრო უკეთესია ჩემთვის თქვენ მოცემულ გადასახადზე. მაშ, ძალით შემეწიეთ და აღვმართავ თქვენსა და მათ შორის ზღუდეს!
96. მომიტანეთ რკინის ნაჭრები. „როცა მიაღწევს ორ მთას შორის სიმაღლეს, საბერვლით შეუბერეთ, სანამ გადაიქცეოდეს ცეცხლად!“ მერე უთხრა: „მომიტანეთ გამდნარი სპილენძი ზემოდან უნდა გადავასხა.“
97. ამგვარად ისინი ვერ შეძლებენ , რომ გადალახონ იგი და ვერ შეძლებენ მის გახვრეტას.
98. თქვა: „ესაა წყალობა ჩემი ღმერთისგან! მაგრამ როცა აღსრულდება ჩემი უფლის აღთქმა, ამას მიწასთან გაასწორებს, რამეთუ ჩემი ღმერთის აღთქმა ჭეშმარიტებაა!“
99. და ჩვენ მივატოვებთ იმ დღეს ერთმანეთში არეულთ. და როცა ჩაიბერება საყვირში, მაშინ ყველას ერთად შევკრებთ ჩვენ!
100. და იმ დღეს აშკარად მივუახლოვეთ ჯოჯოხეთი ურწმუნონს,
101. რომელთა თვალები ჩემი გახსენებისგან ფარდაჩამოფარებული იყო. და არც მოსმენა შეეძლოთ მათ!
102. ნუთუ ფიქრობენ, რომელთაც უარყვეს, რომ დაიდგენენ ჩემს მსახურთ ჩემს მაგივრად მფარველებად? უეჭველად, ჩვენ გავამზადეთ ჯოჯოხეთი ურწმუნოთათვის განსასვენებლად!
103. უთხარი: „ხომ არ გამცნოთ ვინ არის ყველაზე ხელმოცარული საქმის მხრივ?“
104. რომელნიც თავიანთი საქმეებით გადასცდნენ ჭეშმარიტ გზას ამქვეყნიურ ცხოვრებაში, და თვლიან, რომ კეთილ საქმეს სჩადიან.
105. სწორედ ეგენი არიან, რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთის აიათები და შეხვედრა მასთან. მაშ, ფუჭად იქმნება მათი საქმენი. უეჭველად, მათთვის აღდგომის დღეს სასწორს არ გავშლით!
106. აი ასე, მათი საზღაური ჯოჯოხეთია იმისთვის, რომ უარყვეს და დასცინოდნენ ჩემს აიათებს და ჩემს შუამავალთ!
107. უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა ფირდევსის სამოთხე სამკვიდროდ!
108. იქ დარჩებიან მარად, არ ისურვებენ მისგან განცალკევებას!
109. უთხარი: „რომ გარდაიქცეს ზღვები მელნად ჩემი უფლის სიტყვებისთვის, უთუოდ, დაიშრიტებოდა ზღვები, ვიდრე ჩემი უფლის სიტყვები გათავდება, რომც დავუმატოთ ამდენივე წასაშველებლად!“
110. უთხარი: „მე მხოლოდ ადამიანი ვარ თქვენსავით. მე ზეშთამეგონა, რომ ღმერთი თქვენი ერთადერთი ღმერთია. მაშ, ვინც სასოებს თავის უფალთან შეხვედრას , მაშინ მართალი საქმე აკეთოს და ნუ დაუდგენს ზიარად თაყვანისცემაში თავის ღმერთს ნურავის!“