14. Ibrahim

1. ელიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომელიც ჩვენ ზეგარდმოვავლინეთ შენზე , რათა გამოიყვანო ხალხი წყვდიადიდან ნათელში, მათი უფლის ნებით, ძლევამოსილის, ყოვლადქებულის გზაზე,
2. ალლაჰის, რომელსაც ეკუთვნის ყველაფერი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ვაი, ურწმუნოთ, საშინელი სასჯელის გამო!
3. რომელთაც საიქიოზე უფრო მეტად უყვართ მიწიერი ცხოვრება, და აცდუნებენ ალლაჰის გზიდან, და სურთ მისი გამრუდება. სწორედ ეგენი არიან ღრმა ცდომილებაში.
4. და ჩვენ არ წარგვიგზავნია არც ერთი შუამავალი, თუ არა თავისი ხალხის ენით, რათა განემარტა მათთვის. დიახაც, რომ ალლაჰი ცდომილებაში დატოვებს, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც. და იგი ძლევამოსილია, ბრძენია!
5. და ვფიცავ! ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენივე სასწაულებით: ,,რომ გამოეყვანა თავისი ხალხი წყვდიადიდან ნათელში და გაეხსენებინა მათთვის ალლაჰის დღეები .“ უეჭველად, ამაშია სასწაულები ყოველ მომთმენელთა და მადლიერთათვის!
6. და აკი,უთხრა მუსამ თავის ხალხს: „გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე, როცა გიხსნათ მან ფარაონის ხალხისგან, როდესაც განიცდიდით თქვენ საშინელ სასჯელს, გიკლავდნენ ძეებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს. და მასში იყო თქვენთვის უდიდესი გამოცდა თქვენი ღმერთისგან!
7. და აკი, გაუწყათ ღმერთმა თქვენ: „თუ ნამდვილად მადლიერნი იქნებით , უთუოდ, წყალობას გიმრავლებთ და თუ უმადურნი იქნებით, უეჭველად, სასჯელი ჩემი საშინელია!“
8. და უთხრა მუსამ: „რომც უარყოთ თქვენ და ყველამ, ვინცაა დედამიწაზე, უეჭველად, ალლაჰი მდიდარია, ყოვლადქებულია!“
9. განა არ მოსულა თქვენთან ამბავი მათი, რომელნიც თქვენს უწინ იყვნენ: ნუჰის ხალხი და ადიელები და სემუდელები და რომელნიც მათ შემდგომ იყვნენ? არავინ იცის მათზე, გარდა ალლაჰისა. მივიდნენ მათთან მათივე წიაღიდან შუამავალნი ცხადი მტკიცებულებებით, მაგრამ მათ ხელები გაიშვირეს მათი სახისკენ და უთხრეს: „უეჭველად, უარვყავით ჩვენ ის, რითაც თქვენ ხართ წარმოგზავნილნი და უეჭველად, ჩვენ ღრმა ეჭვში ვიმყოფებით, რისკენაც მოგვიწოდებთ!“
10. მათმა შუამავლებმა უთხრეს: „ნუთუ ეჭვი გეპარებათ ცათა და დედამიწის გამჩენ ალლაჰში? გიხმობს თქვენ, რათა მოგიტევოს, შეცოდებანი თქვენი და გადაგივადოს დათქმულ დრომდე .“ უპასუხეს: „თქვენ მხოლოდ ადამიანები ხართ ჩვენნაირი. თქვენი წადილია, რომ ჩამოგვაცილოთ იმას, რასაც ჩვენი მამები თაყვანს სცემდნენ. მაშ, წარმოგვიდგინეთ ჩვენ ცხადი მტკიცებანი!“
11. უთხრეს მათ შუამავლებმა მათმა: „ჩვენ მხოლოდ თქვენისთანა ადამიანები ვართ, მაგრამ ალლაჰი უბოძებს წყალობას თავის მსახურთაგან, ინებებს ვისაც. და ჩვენ არ ძალგვიძს, წარმოგიდგინოთ მტკიცებანი, თუ არ იქნება ალლაჰის ნება. მაშ, მორწმუნენი ალლაჰს სასოებდნენ!
12. და რად არ უნდა ვსასოებდეთ ალლაჰს, მან ხომ ჩვენ ჭეშმარიტი გზები გვიჩვენა? ჩვენ უთუოდ მოვითმენთ თქვენგან ყოველგვარ შეურაცხყოფას. მაშ, მსასოებელნი ალლაჰს უნდა სასოებდნენ!“
13. და რომელთაც უარყვეს, უთხრეს თავიანთ შუამავალთ: „თქვენ, უთუოდ, გაგაძევებთ ჩვენი მიწიდან ან, უთუოდ, ჩვენს რწმენას უნდა დაუბრუნდეთ.“ მაშინ შთააგონა მათ თავიანთმა ღმერთმა: „ჩვენ უსათუოდ აღვგვით უსამართლო ცოდვილთ!
14. და თქვენ უსათუოდ დაგამკვიდრებთ მიწაზე მათ შემდგომ . აი ეს მათთვის, ვისაც ეშინია ჩემი სამსჯავროსი და ჩემი მუქარის!“
15. და მათ შესთხოვეს გამარჯვება , და ყველა ქედფიცხელი ურჩი განადგურდა.
16. მის შემდეგაა ჯოჯოხეთი და დარწყულებული იქნებიან ჩირქნარევი წყლით.
17. მის დალევას შეეცდება, და არ იქნება ყელში გადასვლა მისი. და მოვა მასთან სიკვდილი ყოველი მხრიდან, მაგრამ არ იქნება მისი სიკვდილი და მის მერე კვლავ სასტიკი სასჯელია.
18. რომელთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, მათი საქმენი ჰგავს ფერფლს, რომელსაც ქარი მიმოფანტავს ქარიშხლიან დღეს. ვერაფერს შეძლებენ იმით, რაც მოიხვეჭეს. აი, ეს არის ღრმა ცდომილება!
19. განა ვერ ხედავ, უეჭველად, ალლაჰმა გააჩინა ცანი და მიწა ჭეშმარიტებით? თუკი ინებებს მოგაშთობთ და მოიყვანს ახალ თაობას ,
20. და ეს არაა ალლაჰისთვის ძნელი!
21. და ყველანი უკლებლივ წარსდგნენ ალლაჰის წინაშე. მაშინ უთხრეს უძლურებმა იმათ, რომელნიც მედიდურნი იყვნენ: „უეჭველად, ჩვენ ვიყავით თქვენზე დაქვემდებარებულნი. ახლა თქვენ თუ შეგიძლიათ ალლაჰის სასჯელისგან რაიმე მაინც აგვაშოროთ?“ უთხრეს: „რომ ალლაჰს დავედგინეთ ჭეშმარიტ გზაზე, უთუოდ თქვენც დაგადგენდით ჭეშმარიტ გზაზე. სულერთია ჩვენთვის, მოვთქვით გოდება თუ მოვითმინეთ, მაინც არ არის ჩვენთვის გადარჩენა!“
22. და თქვა ეშმაკმა, როცა საქმე აღსრულდა : „უეჭველად, ალლაჰმა აღგითქვათ თქვენ ჭეშმარიტი აღთქმა, და მეც შეგპირდი თქვენ, მაგრამ პირობა დავარღვიე. თქვენზე დაძალება არ შემეძლო, მე მხოლოდ მოგიწოდე თქვენ, თქვენ კი დამმორჩილდით. ამიტომ ნუ მისაყვედურებთ. უსაყვედურეთ თქვენს თავს . და მე არა ვარ თქვენი შემწე და თქვენც არა ხართ ჩემი შემწე. უეჭველად, თავიდანვე უარვყავი თქვენს მიერ ჩემი (ალლაჰისადმი) თანამოზიარედ დადგენა. უეჭველად , უსამართლოთათვისაა სასჯელი მწარე!“
23. რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, სამოთხეში იქნებიან შეყვანილნი, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, და სადაც თავიანთი ღმერთის ნებით სამუდამოდ დამკვიდრდებიან . და იქ მათი ქათინაურ-სალამია: ,,მშვიდობა!“
24. ნუთუ ვერ აღიქვი, როგორ მოჰყავს ალლაჰს იგავად კეთილი სიტყვა ? ის კეთილ ხეს ჰგავს, მყარია მისი ფესვები და ზეცაშია აწვდილი ტოტები მისი.
25. ნაყოფს იძლევა იგი ყოველ დროს, თავისი ღმერთის ნებით. და მოჰყავს ალლაჰს იგავები ადამიანთათვის, ეგების შეიგონონ!
26. და ავი სიტყვის მდგომარეობა უფესვო ხის მდგომარეობას ჰგავს, რომელიც მიწაზე ეცემა, რადგან საყრდენი არ გააჩნია.
27. ალლაჰი განუმტკიცებს ჭეშმარიტებას, რომელთაც ირწმუნეს მტკიცე სიტყვით ამყვეყნადაც და იმქვეყნადაც. და აცდენს ალლაჰი უსამართლონს. და იქმს ალლაჰი, ინებებს რასაც.
28. განა არ გინახავს ისინი , რომელთაც ალლაჰის სიკეთე უმადურობაზე გაცვალეს და თავიანთი ხალხი დასაღუპავ სამკვიდროში წაიყვანეს,
29. ჯოჯოხეთში, სადაც შენთებული იქნებიან. და რა საზარელი სამყოფელია!
30. და დაუდგინეს ალლაჰს თანამოზიარენი, რათა აეცდინათ ხალხი მისი გზიდან. უთხარი: „დატკბით ერთხანს , უეჭველად, თქვენი მისაქციელი ცეცხლშია!“
31. უთხარი ჩემს მსახურთ, რომელთაც ირწმუნეს, აღავლინონ ლოცვა და გაიღონ მოწყალება იქიდან, რაც მათ მივმადლეთ, ფარულად თუ აშკარად, სანამ დადგებოდეს დღე , რომელშიც არც აღებ-მიცემა, და არც ამხანაგობა იქნება.
32. ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა, და გარდმოავლინა ციდან წყალი, რომლითაც აღმოაცენა ნაყოფნი სარჩოდ თქვენთვის. და მან თქვენს მბრძანებლობაში გადმოგცათ გემები, რათა გაგეპოთ ზღვები მისი ბრძანებით და დაგიმორჩილათ მდინარეები.
33. და დაგიმორჩილათ თქვენ მზე და მთვარე, განუწყვეტლივ მოძრავნი ; და დაგიმორჩილათ თქვენ ღამე და დღე .
34. და გიბოძა თქვენ ყველაფერი, რაც შესთხოვეთ მას. და თუ ალლაჰის წყალობათა ჩამოთვლას დაიწყებთ, ვერ დათვლით. უეჭველად, ადამიანი უსამართლოზე უსამართლო და უმადურია .
35. და აკი, შესთხოვა იბრაჰიმმა: „ღმერთო ჩემო! ჰქმენ ეს ქალაქი უსაფრთხოდ და დამიფარე მე და ჩემი შვილები, რომ არ ვეთაყვანოთ კერპებს!
36. ღმერთო ჩემო! უეჭველად, მრავალი ადამიანი აცდუნეს მათ . აწ, ვინც მე გამომყვება, უეჭველად, იგი ჩემიანია. ხოლო ვინც მე მეურჩება, მაშინ უეჭველად, შენა ხარ შემნდობი, მწყალობელი.
37. ღმერთო ჩვენო! უეჭველად, მე დავასახლე ნაწილი ჩემი შთამომავლებისა უნაყოფო ხეობაში , შენი წმინდა სახლის მახლობლად, რათა ლოცვა აღავლინონ. ზოგი ადამიანის გულში გააღვივე მათდამი კეთილგანწყობა, და ნაყოფთაგან უწყალობე სარჩო, ეგების შეიქმნან მადლიერნი!
38. ღმერთო ჩვენო! უეჭველად, უწყი შენ, რას ვმალავთ და რას ვაცხადებთ. ალლაჰისგან არაფერია დაფარული არც ცათა შინა, არც ქვეყანასა ზედა.
39. ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც მე მაჩუქა სიბერეში ისმაილი და ისჰაყი . უეჭველად, ღმერთი ჩემი ვედრების შემსმენია!
40. ღმერთო ჩემო! მქმენ მეც და ჩემი შთამომავალნიც, ლოცვის მართებულად აღმსრულებელნი. ღმერთო ჩვენო! შეისმინე ჩემი ვედრება!
41. ღმერთო ჩვენო! მომიტევე მე, ჩემს მშობლებს და მორწმუნეებს იმ დღეს, როცა შედგება ანგარიშგება!
42. არ იფიქრო, რომ ალლაჰი უგულისყუროა იმის მიმართ, რასაც ურჯულონი აკეთებენ. მხოლოდ უვადებს მათ იმ დღემდე, როდესაც შიშით თვალები გაუცეცდებათ.
43. (იმ დღეს) თავაღერილი ირბენენ. თვალთახედვა არ დაუბრუნდებათ და გულნიც ცარიელია მათი.
44. და შეაგონე ადამიანები იმ დღით, როცა მათ ეწევათ სასჯელი. მაშინ იტყვიან, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს : „ღმერთო ჩვენო! გადაგვივადე ჩვენ მცირე ხნით. შევისმენთ შენს მოწოდებას და გავყვებით შუამავალთ.“ ნუთუ თქვენ არ იყავით, იფიცებდით წინათ ჩვენი აღსასრული არ იქნებაო?
45. და თქვენ დამკვიდრდით იმათ სახლ-კარნში, რომელნიც იყვნენ უსამართლონი საკუთარი თავისადმი. და განგიმარტეთ თქვენ, როგორ მოვექეცით მათ, და მოგივლინეთ იგავები .
46. მახე დაუგეს , მაგრამ ალლაჰის წინაშეა მათი მზაკვრობა , თუნდაც მათმა მზაკვრობამ მოჰგავოს მთები .
47. და არ გეგონოს ალლაჰი არ შეასრულებს აღთქმას, რომელიც თავის შუამავალთ აღუთქვა . უეჭველად, ალლაჰი ძლევამოსილია, მკაცრსასჯელიანია!
48. იმ დღეს, როცა მიწა და ცანი შეიცვლება სხვა მიწითა და ცანით და წარსდგებიან ალლაჰის წინაშე, ერთადერთთან, ყოვლისშემძლესთან,
49. იმ დღეს იხილავ შენ ცოდვილებს გადაბმულთ ბორკილებით;
50. პერანგი მათი კუპრისგანაა და გადაეკვრებათ მათ სახეებს ცეცხლი,
51. რათა მიაგოს ალლაჰმა ყოველ სულს ის, რაც მან მოიხვეჭა. უეჭველად, ალლაჰი სწრაფანგარიშმგებია!
52. ეს არის ცხადი ცნობარი ადამიანთათვის, რომ შეაგონონ ამით და იცოდნენ, რომ მხოლოდ იგია ერთადერთი ღვთაება და რომ განსაჯონ ბრძენკაცთა ჭკუასაკითხთა!