13. Ar-Rad

1. ელიფ. ლამ. მიმ. რა; ეს აიათებია წიგნისა , რომელიც შენი ღმერთისგან შენზე მოვლენილი ჭეშმარიტებაა. მაგრამ ხალხის უმეტესი არ ირწმუნებენ.
2. იგია ალლაჰი, რომელმაც აღმართა ცანი უხილავი სვეტების გარეშე, შემდეგ არშზე ამაღლდა და დაიმორჩილა მზე და მთვარე. თითოეული მოძრაობს დათქმულ ვადამდე . იგი განაგებს საქმეებს, განმარტავს აიათებს, ეგების თქვენ თქვენსავე ღმერთთან წარსდგომა ირწმუნოთ!
3. და იგია, რომელმაც განავრცო მიწა, მასზე დაადგინა მთები და მდინარეები. ყოველი სახეობის ნაყოფი გააჩინა წყვილებად, იგი მოსავს დღეს ღამით. უეჭველად, ამაში სასწაულებია გულისხმიერ ხალხთათვის.
4. დედამიწაზე ნაკვეთებია ერთმანეთის მეზობლად განლაგებული: ზვრები, ნათესები, ხურმის ხეები, ტოტებიანი და უტოტო. ყოველივე ერთი წყლით ირწყვება. მაგრამ ჩვენ მათ ერთიმეორეზედ უკეთეს გემოს ვუდგენთ. უეჭველად, ამაში სასწაულებია გონიერ ხალხთათვის.
5. და თუ გაოცებს , სწორედ მათი სიტყვები უნდა გაოცებდეს: „განა, როცა მიწად ვიქცევით, ნუთუ, უეჭველად, თავიდანვე უნდა გავცოცხლდეთ?“ სწორედ ეგენი არიან, რომლთაც უარყვეს თავიანთი ღმერთი, რომელთაც კისრებზე ჯაჭვები ექნებათ ჩამობმული, და სწორედ ეგენი არიან ცეცხლის მკვიდრნი, სადაც სამუდამოდ დარჩებიან!
6. და ისინი შენ გაჩქარებენ სიავეს სიკეთეზე წინ, არადა განვლო მათ უწინ სამაგალითო სასჯელებმა. და, უეჭველად, ღმერთი შენი ადამიანთათვის, მათი უსამართლობის მიუხედავად ,მიმტევებელია . და, უეჭველად, შენი ღმერთის სასჯელი მკაცრია!
7. და ამბობენ, რომელთაც უარყვეს: „განა არ უნდა მოვლენოდა მას მისი ღმერთისგან სასწაული?“ შენ ხომ მხოლოდ შემგონებელი ხარ! და ყოველ ხალხს მოევლინა ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი.
8. ალლაჰი უწყის, რას ატარებს თითოეული მდედრი , და რას იკლებს საშვილოსნო და რას იმატებს. და ყოველივე მის წინაშე კანონზომიერებითაა.
9. იგი უწყის იდუმალსაც და ცხადსაც. იგია დიდებული, უზენაესი!
10. სულერთია , თქვენგან ვინ ფარავს სიტყვას და ვინ აცხადებს, და ის, ვინც ღამეში იმალება და ჩნდება დღისით.
11. მას მიჩენილნი ჰყავს წინიდან და უკნიდან მეთვალყურენი , იცავენ მას ალლაჰის ბრძანებით. უეჭველად, ალლაჰი არ შეცვლის ხალხის მდგომარეობას, სანამ თავად ხალხი არ შეიცვლება. და თუ ინება ალლაჰმა ვნება ხალხისა, მაშ, ვერავინ შეაკავებს მას, და მის გარდა, არავინ ჰყავთ მათ დამცველი .
12. იგია, რომელიც განახებთ ელვას დასაშინებლად და დასაიმედებლად, და ადგენს მძიმე ღრუბლებს.
13. და ქუხილი ქება-დიდებით განადიდებს მას და ანგელოზნიც მისი შიშით. და ავლენს იგი მეხთ და აწვნევს იმას, ინებებს ვისაც. და ისინი დაობენ ალლაჰის შესახებ. და იგია მკაცრსასჯელიანი!
14. ჭეშმარიტი ვედრება მხოლოდ მას ეკუთვნის. და რომელნიც შესთხოვენ მის ნაცვლად , რომლებიც ვერაფერს შეისმენენ მათსას, მხოლოდ მსგავსია იმისა, ვინც პეშვს წყლისკენ იწვდის, რათა პირს მიიწვდინოს , მაგრამ იგი არასდროს მიწვდება მას . და მეტი არაფერია ურწმუნოთა ვედრება , გარდა ცდომილებისა.
15. და სეჯდეს აღასრულებენ ალლაჰისთვის, რაცაა ცათა შინა და დედამიწასა ზედა, ნებით თუ უნებლიეთ , და ჩრდილნი თვისნი დილით და საღამოს.
16. ჰკითხე: „ვინ არის ღმერთი ცათა და მიწის?“ უპასუხე: „ალლაჰია!“ უთხარი: განა დაიდგინეთ მის გარდა მფარველები , რომელთაც არ ძალუძთ არგონ ან ავნონ საკუთარ თავსაც კი?“ უთხარი: „განა, თანასწორია ბრმა და მხედველი ან წყვდიადნი და ნათელი ? ნუთუ დაუდგინეს ალლაჰს თანაზიარნი, რომელთაც ალლაჰის გაჩენის მსგავსად გააჩინეს რაიმე და ეს გაჩენა მათ მსგავსი მოეჩვენათ? უთხარი: „ალლაჰია გამჩენი ყოველივესი , და იგი ერთადერთია, ძლევამოსილია!“
17. გარდმოავლინა ზეციდან წყალი , ასრეთ გადმოიღვარა მდინარეები თავისივე განსაზღვრული ზომიერებიდან, და წაიღო ნიაღვარმა ზემოდან მოცმული ქაფი. და რასაც, საჭიროებისამებრ, ადნობენ ცეცხლზე , სამკაულის ან ჭურჭლის გასაკეთებლად, მსგავსია მისი . აი, ასე მოჰყავს ალლაჰს ჭეშმარიტისა და ფუჭის მაგალითი. თუმცაღა ქაფი გაქარწყლდება და გაიფანტება, ხოლო რასაც სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის , ასეთნაირად რჩება დედამიწაზე. აი, ასე განმარტავს ალლაჰი იგავებს.
18. მათთვისაა სიკეთე , რომელთაც ყური უგდეს თავიანთი ღმერთის ბრძანებებს . ხოლო რომელთაც სასმენელი არ მიაპყრეს მას , რომ მათი ყოფილიყო ყველაფერი, რაც დედამიწაზეა ან კიდევ ერთი იმდენიც, რომელსაც, უეჭველად, გამოსასყიდად გაიღებდნენ , აი მათთვისაა ავი ანგარიშგება და მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია; და რა საშინელი სარეცელია!
19. განა, ვინც უწყის, რომ შენი ღმერთისგან შენზე გარდმოვლენილი ჭეშმარიტებაა , თანასწორია იგი ბრმისა ? მაგრამ ამას მხოლოდ გონიერნი განსჯიან,
20. რომელნიც აღასრულებენ ალლაჰის აღთქმას და არ დაარღვევენ პირობას.
21. და რომელნიც პატივს აგებენ იმას, რისი პატივისცემაც უბრძანა ალლაჰმა , და ეშინიათ თავიანთი ღმერთისა და ავ ანგარიშგებას შიშობენ.
22. და რომელთაც მოითმინეს თავიანთი ღმერთის კმაყოფილების სურვილით და აღავლინეს ლოცვა, და გასცემენ ფარულად თუ აშკარად მოწყალებას იმისგან, რაც ვუბოძეთ და სდევნიან სიკეთით ბოროტებას, აი ეგენი, რომელთაც ჰპოვეს საუკეთესო შედეგი სამყოფელისა!
23. ედემის ბაღები, სადაც შევლენ ეგენი და ვინც ღვთისმოსავი იყო: მათი მამები, მათი მეუღლეები და მათი შთამომავალნი და ანგელოზები შედიან მათთან ყველა კარიბჭიდან :
24. „სალამი თქვენდა იმის გამო, რომ მოითმინეთ!“ და რა მშვენიერია უკანასკნელი სამკვიდრო!
25. და რომელნიც არღვევენ ალლაჰისადმი აღთქმას, მისი განმტკიცების შემდგომ, და წყვეტენ იმას, რაზეც უბრძანა ალლაჰმა, რომ დაეცვათ, და თესავენ სიავეს დედამიწაზე, აი ეგენი, რომელთაც წყევლა იწვნიეს და მათთვისაა ავი სამყოფელი!
26. ალლაჰი შეუმცირებს და უხვად უბოძებს სარჩოს, ინებებს ვისაც. და ტკბებიან ისინი ამქვეყნიური ცხოვრებით, თუმცაღა არაფერია მიწიერი სიცოცხლე, იმქვეყნიურ სიცოცხლესთან შედარებით, გარდა მცირედი სარგებელისა.
27. და ამბობენ, რომელთაც უარყვეს: „ეგებ, ერთი სასწაული მაინც გარდმოვლენოდა მას თავისი ღმერთისგან!“ უთხარი: „უეჭველად, ალლაჰი ააცდენს ჭეშმარიტ გზას, ინებებს ვისაც და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ვინც მისკენ მიიქცევა!
28. რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰის ხსენებით იჯერეს გულნი მათნი. დიახ, მხოლოდ ალლაჰის ხსენებით ჰპოვებს გულნი სიმშვიდეს!
29. რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, მათთვისაა ნეტარება და საუკეთესო თავშესაფარი!
30. ამგვარად, შენ წარგგზავნეთ ხალხთან, რომელთა უწინ განვლეს თემებმა, რათა უკითხო მათ, რაც შთაგაგონეთ შენ . უთხარი: იგია ღმერთი ჩემი. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი და მე მას მივენდე. და მასთანაა ჩემი მისაქციელი.
31. და აი, ასეთი ყურანიც რომ ყოფილიყო, გადაადგილებულიყო მისით მთები, ან მისით გაპობილიყო მიწა, ანდა მისით მკვდრებს მეტყველება დაეწყოთ ; მაგრამ ყოველი საქმე ალლაჰს ეკუთვნის. ნუთუ ჯერ კიდე ვერ შეიგნეს, რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰს რომ ენება, უთუოდ, ყველა ადამიანს ჭეშმარიტ გზაზე დაადგენდა. და ვერ აიცილებენ, რომელთაც უარყვეს, უბედურებას დაატეხავს მათი ნამოქმედარის გამო, და მათივე სახლ-კარის ახლომახლო ჩამოწვება მანამ, ვიდრე არ აღსრულდება ალლაჰის აღთქმა. უეჭველად, ალლაჰი არ შეცვლის აღთქმას!
32. და ვფიცავ! შენზე უწინაც დასცინოდნენ შუამავალთ, მაშინ გადავუვადე მათ, რომელთაც უარყვეს, მერე შევიპყარით ისინი. მაშინ როგორი იყო ჩემი სასჯელი?
33. განა შეიძლება უარყოფა მისი, ვინც ფლობს ყოველივე სულმა რაც მოიხვეჭა? ამის მიუხედავად, მათ დაუდგინეს ალლაჰს თანაზიარნი. უთხარი: არქვით მათ სახელები! ნუთუ მას ამცნობთ, რაც მან არ იცის, თუ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვაა?“ ჭეშმარიტად! რომელთაც უარყვეს, მოეკაზმათ თავიანთი მზაკვრობა და აცდნენ გზას. ხოლო ალლაჰი, ვისაც ცდომილებაში დატოვებს, უკვე აღარ მოეძებნება მას ჭეშმარიტ გზაზე დამდგენი.
34. მათთვისაა სასჯელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და საზარელი სასჯელი იმქვეყნად. და არ არის მათთვის მფარველი ალლაჰისგან .
35. აი, ასეთია სამოთხე, აღთქმული ღვთისმოშიშთათვის, რომლის ძირს მდინარეები მოედინება; მარადიულია სამოთხის საზრდო ისევე, როგორც მისი ჩერო. აი, ასეთია შედეგი, რომელნიც ღვთისმოშიშნი იყვნენ, ხოლო ურწმუნოთა აღსასრული ცეცხლია!
36. და ისინი, რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, ხარობენ იმით, რაც შენ გარდმოგევლინა. მაგრამ მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც უარყოფს მის ნაწილს. უთხარი: მხოლოდ მებრძანა, რომ თაყვანი ვსცე ალლაჰს და არ დავუდგინო თანაზიარი მას. მოვუხმობ მისკენ და მასთანაა ჩემი მისაქციელი!
37. ამგვარად გარდმოვავლინეთ იგი სიბრძნედ და კანონად არაბულ ენაზე. და თუ აჰყვები მათ მიწიერ სურვილებს მას შემდეგ, რაც ცოდნა გებოძა, აღარ გეყოლება შენ მფარველი და შემწე ალლაჰის წინაშე!
38. და ვფიცავ, ჩვენ წარმოვგზავნეთ შუამავალნი შენამდე, ვუბოძეთ მათ ცოლები და შვილები . და არ ყოფილა რომელიმე შუამავალი , რომ მოეტანა აიათი, თუ არა ალლაჰის ნება. ყოველი დროისთვის წიგნი არსებობს.
39. და ცვლის ალლაჰი და დააკანონებს იმას, ინებებს რასაც. და წიგნის არსი მასთანაა .
40. და თუ შენ მოგასწავებთ ნაწილს, რომელსაც აღვუთქვავთ იმათ , ან მოგაკვდინებთ შენ , შენი ვალია მხოლოდ ამცნო, ჩვენი კი ანგარიშგება.
41. ნუთუ ვერ ხედავენ, როგორ მოვდივართ მიწაზე და მას ვამცირებთ კიდეებიდან ? ალლაჰი განსჯის და ვერც ვერავინ აღუდგება მის განსჯას. და იგი ფიცხი ანგარიშმგებია!
42. და იმზაკვრეს, რომელნიც იყვნენ მათ უწინ. თუმცაღა ყველა მზაკვრობა ალლაჰისაა . იგი უწყის, რას იხვეჭს ყოველი სული. და სულ მალე გაიგებენ ურწმუნონი, თუ ვისია მარადიული სამყოფელი.
43. და გეუბნებიან, რომელთაც უარყვეს: „შენ არა ხარ შუამავალი.“ უთხარი: მოწმედ ალლაჰი კმარა ჩემსა და თქვენს შორის, და ვისთანაც წიგნის ცოდნაა.“