12. Yusuf

1. ელიფ. ლამ. რა. აი ეს ცხადი წიგნის აიათებია.
2. უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი არაბულად, ეგების მოგეხმოთ გონებისთვის!
3. ჩვენ გიყვებით შენ საუკეთესო ამბებს, რაც ამ ყურანით შთაგაგონეთ, თუმცაღა აქამდე, დიახაც, რომ უმეცართა შორის იყავი.
4. აკი, უთხრა იუსუფმა თავის მამას : ჰეი, მამიკო! უეჭველად, მე დავინახე თერთმეტი ვარსკვლავი, მზე და მთვარე. დავინახე ისინი ჩემთვის ასრულებდნენ სეჯდეს .
5. უთხრა: „შვილო ჩემო! არ მოუყვე ეს შენი სიზმარი შენს ძმებს, თორემ მახეს დაგიგებენ. უეჭველად, ეშმაკი ადამიანთა აშკარა მტერია.
6. აი ასე რჩეულად გყოფს შენი ღმერთი და შენ გასწავლის სიზმრების ახსნას. მისი წყალობა აღსრულდება შენზე და იაღყუბის ოჯახზე , როგორც უწინ აღსრულდა იგი შენს წინაპრებზე: იბრაჰიმზე და ისჰაყზე. უეჭველად, შენი ღმერთი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
7. ვფიცავ, იუსუფისა და მისი ძმების ამბავში სასწაულნია მათთვის, ვინც მას ეძიებს!
8. აკი, უთხრეს : „დიახაც, რომ იუსუფი და მისი ძმა უფრო საყვარელნი არიან ჩვენი მამისთვის, ვიდრე ჩვენ. და ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ. უეჭველად, მამაჩვენი ცხად გზააბნევაშია.
9. მოჰკალით იუსუფი ან გაასახლეთ სადმე სხვა მიწაზე, რათა სახე მამათქვენის ისევ თქვენ მოგეპყრათ. და იქმენით ამის შემდგომ მშვიდობისმთესველი ხალხი“ .
10. მაშინ მათგან ერთ-ერთმა თქვა : „არ მოკლათ იუსუფი. თუკი ხართ რაიმეს გამკეთებლები, ჩააგდეთ იგი ჭის ფსკერში, რომ რომელიმე ქარავანმა გადააწყდეს და აიყვანოს.“
11. უთხრეს: „მამაჩვენო! რატომ არ გვანდობ იუსუფს? უეჭველად, ჩვენ მისთვის კეთილმოსურნენი ვართ.
12. გამოგზავნე იგი ჩვენს ერთად ხვალ . დაე, დატკბეს და მოილხინოს, უეჭველად, ჩვენ დავიცავთ მას!
13. უთხრა: უეჭველად, თქვენს ერთად მისი წამოსვლა აღმაშფოთებს მე. რამეთუ მეშინია, რომ უყურადღებოდ დარჩებით მისადმი და მას მგელი შეჭამს .
14. უთხრეს: „თუკი მოხდა ისე, რომ შეჭამა იგი მგელმა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ვართ ჩვენ, მაშინ ჩვენ უეჭველად, წარწყმედილნი ვიქნებით.
15. როცა წაიყვანეს და გადაწყვიტეს, რომ ჩაეგდოთ იგი ჭის ფსკერში, მაშინ ჩვენ ზეშთავაგონეთ მას, რომ უთუოდ შენ აცნობებ მათ რაც ჩაიდინეს, როცა ეს აღარ ემახსოვრებათ.
16. და გვიან ღამით ტირილით მივიდნენ მამასთან.
17. უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, იუსუფი კი ჩვენს საგზალთან დავტოვეთ, მაშინ მგელმა შეჭამა იგი. შენ მაინც არ დაგვიჯერებ, თუნდაც სიმართლეს ვამბობდეთ.“
18. და მიუტანეს მისი პერანგი ცრუ სისხლით. უთხრა: „არა! თქვენ თქვენმა სულმა შეგაცდინათ ამ საქმეში . მაგრამ მე ძლიერი მოთმინება მმართებს. მხოლოდ ალლაჰია მფარველი იმისგან, რასაც თქვენ აღმიწერთ.“
19. და მოვიდა ქარავანი . გაგზავნეს თავიანთი მეთულუხენი. როცა თულუხი ჩაუშვა , გაოცებულმა წამოიძახა: „ჰეი, სამახარობლო, ეს ყმაწვილია!“ და დამალეს იგი გასაყიდ საქონლად. ხოლო ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიან.
20. და ის გაყიდეს მცირე ფასად. სულ რაღაც რამდენიმე დირჰემად , ისედაც არაფრად უღირდათ იგი.
21. და ეგვიპტელმა , რომელმაც იყიდა იგი, უთხრა თავის მეუღლეს : „კეთილად მოეპყარი მას! ეგებ რამეში გამოგვადგეს ან შვილად ავიყვანთო.“ აი, ასე დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე , რათა გვესწავლებინა მისთვის სიზმრების ახსნა. და ალლაჰი ძლევამოსილია თავის საქმეში, თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან ამას.
22. და როცა ზრდასრული შეიქნა იგი , ვუბოძეთ მას სიბრძნე და ცოდნა. აი, ასე ვუზღავთ კეთილისმქმნელთ!
23. ქალმა ისურვა მისგან, რომლის სახლშიც ცხოვრობდა იგი, ვნების აღსრულება. მან ჩარაზა კარები და უთხრა: „მოდი ჩემთან!“ უთხრა: „ალლაჰმა დამიფაროს! უეჭველად, იგი ჩემი ბატონია. მან კარგად მომეპყრო . უეჭველად, ცოდვილნი ვერ გადარჩებიან!“
24. და ვფიცავ, რომ ქალმა ისურვა მასთან თანაცხოვრება, და რომ არ დაენახა თავისი ღმერთის აშკარა ნიშანი, ისიც ისურვებდა მასთან თანაცხოვრებას. აი, ასე ავაცილეთ მას სიავე და გარყვნილება. უეჭველად, იგი ჩვენი გულწრფელი მსახურთაგანი იყო.
25. გაიქცნენ ორივე კარისკენ. და ჩამოახია ქალმა მას პერანგი უკნიდან. და კართან გადააწყდნენ ქალის პატრონს. ქალმა უთხრა: რა სასჯელს იმსახურებს ის, ვინც შენი ოჯახისთვის სიავე მოინდომა, თუ არა დილეგში ჩაგდებას, ან მწარე სასჯელსო.
26. უთხრა : „თვითონ ისურვა ჩემთან თანაცხოვრება!“ ქალის ოჯახიდან ერთ-ერთმა ასეთი გამოსავალი შესთავაზა: „თუ მისი პერანგი წინიდანაა ჩამოხეული, იგი მართალს ამბობს და იგი ცრუთაგანია.
27. და თუ მისი პერანგი უკნიდანაა ჩამოხეული, იგი ცრუობს, და იგი მართალთაგანია.“
28. ხოლო როცა დაინახა მისი პერანგი უკნიდან იყო ჩამოხეული, უთხრა : უეჭველად, ეს თქვენი ხრიკებია. თქვენი მზაკვრობა, უეჭველად, დიდია.
29. ჰეი , იუსუფ! არავის მოუყვე ეს ! შენ კი პატიება ითხოვე, უეჭველად, შენ ცოდვილთაგანი ხარ!“
30. და ქალაქში ქალები ალაპარაკდნენ: „ღეზიზის ცოლმა თავის მსახურთან თანაცხოვრება მოიწადინაო, მისთვის გული დაუწვავს სიყვარულსო. უეჭველად, ჩვენ ვხედავთ მას, აშკარა გზააბნევაშია.“
31. ხოლო როცა ქალმა გაიგო მათი ჭორიკნობა, მოსაწვევი გაუგზავნა მათ, მოუწყო მათ მუთაქა-სავარძლები, და თითოეულს დანა მისცა. მერე ქალმა უთხრა : გადი მათთან! ქალებმა რომ დაინახეს იგი, აღფრთოვანდნენ და ხელები დაისერეს . და თქვეს: დიდება ალლაჰს! ეს ადამიანი არ არის, ეს თუ იქნება ღირსეული ანგელოზიო!
32. უთხრა : აი ის, ვის გამოც მკიცხავდით მე . ვფიცავ, რომ მასთან თანაცხოვრება ვისურვე. მაშინ უარყო, მაგრამ თუ იმას არ გააკეთებს, რაც ვუბრძანე, უთუოდ, დილეგში ჩააგდებენ და უთუოდ, დამცირებულთა შორის აღმოჩნდება!
33. შეევედრა : „ღმერთო ჩემო! დილეგი ჩემთვის უფრო უკეთესია იმაზე, რისკენაც მიხმობენ, დილეგში ყოფნა მირჩევნია იმის გაკეთებას, რასაც მაიძულებენ, და თუ მათ მზაკვრობას არ ამაცილებ, შეიძლება გადავიხარო მათკენ და უგუნურთა შორის აღმოვჩნდე!“
34. მაშინ შეისმინა ღმერთმა მისმა ვედრება მისი, ამგვარად ააცილა მას მზაკვრობა მათი. უეჭველად, იგი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
35. მერე, აშკარა საბუთების ხილვის შემდეგაც , მათ მაინც საჭიროდ ჩათვალეს გარკვეული ვადით დილეგში ჩაესვათ.
36. და შევიდა მასთან ერთად დილეგში ორი ჭაბუკი . თქვა მათგან ერთ-ერთმა : „უეჭველად, მე ჩემი თავი დავინახე, რომ ყურძენს ვწურავდი.“ და თქვა მეორემ : „უეჭველად, მე ჩემი თავი დავინახე, რომ თავით პური მიმქონდა და ჩიტები ჭამდნენ მისგან. გვამცნე ამის ახსნა ჩვენ, რამეთუ, უეჭველად, ჩვენ დავინახეთ, რომ შენ კეთილთაგანი ხარ.“
37. უთხრა: არ მოვა თქვენთან საჭმელი, რომლითაც იკვებებით , ვიდრემდის მე არ გამცნობთ თქვენ იმის ახსნას. ესაა იმათგან, რაც ჩემმა ღმერთმა შემასწავლა. უეჭველად, მე მივატოვე სარწმუნოება იმ ხალხისა, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და უარყოფენ იმქვეყნიურ ცხოვრებას.
38. და მივჰყევი ჩემი წინაპრების: იბრაჰიმის, ისჰაყის და იაღყუბის სარწმუნოებას. შეუძლებელია, ჩვენ ვინმე თანაზიარი გავუხადოთ ალლაჰს. აი ეს ალლაჰის მადლია ჩვენზე და ადამიანებზე, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა უმადურია.
39. ჰეი, ჩემო დილეგის მეგობრებო! განა უამრავი ღმერთების ყოლა ჯობია, თუ ერთადერთი ძლევამოსილი ალლაჰის?!
40. მის გარდა, რასაც ეთაყვანებით, მხოლოდ ცარიელი სახელებია, რომლებიც შეარქვით თქვენ და თქვენმა მამებმა, ალლაჰს არ გარდმოუვლენია მათ შესახებ სამტკიცი. უეჭველად, მსჯავრის დადება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მან ბრძანა, რომ არ სცეთ თაყვანი არავის, მის გარდა. აი, ესაა ჭეშმარიტი სარწმუნოება. თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან ამას!
41. ჰეი, ჩემო დილეგის მეგობრებო! ერთი თქვენთაგანი თავის ბატონს ღვინოს მიართმევს, მეორე კი ჩამოხრჩობილი იქნება და ჩიტები თავს დაუკორტნიან. გადაწყვეტილია საქმე, რომლის ახსნაც გინდოდათ.
42. და უთხრა: რომელიც , უეჭველად, უნდა გადარჩენილიყო მათგან: „უამბე ჩემზე შენს ბატონს !“ მაგრამ დაავიწყა ეშმაკმა მას , თავის ბატონზე მოყოლა, ამიტომ დაჰყო დილეგში კიდევ რამდენიმე წელი .
43. და თქვა მეფემ : უეჭველად, სიზმარი ვნახე შვიდ მსუქან ძროხას ჭამდა შვიდი გამხდარი ძროხა, და შვიდი მწვანე თავთავი, შვიდი გამხმარი თავთავის გვერდით. ჰეი, დიდებულნო, განმიმარტეთ ჩემი სიზმარი თუ იცით სიზმრის ახსნა!
44. უთხრეს: „რთული სიზმრებია, ჩვენ არ ვიცით ასეთი სიზმრების ახსნა.“
45. იმათგანს, რომელიც გადარჩა , დიდი ხნის მერე გაახსენდა და თქვა : მე გაცნობებთ თქვენ მის ახსნას, ახლავე გამგზავნეთო .“
46. ,,ჰეი, იუსუფ, კაცო მართალო! აგვიხსენი რას ნიშნავს, შვიდ მსუქან ძროხას რომ შვიდი გამხდარი ძროხა ჭამს და შვიდი მწვანე თავთავი რომ შვიდი გამხმარი თავთავის გვერდითაა? ეგების დავბრუნდე ხალხთან , რათა გაიგონ მაგათმა !“
47. უთხრა: „შვიდ წელიწადს თესეთ ჩვეულებისამებრ, და რასაც მოიმკით, დატოვეთ იგი თავისივე თავთავში, გარდა იმ მცირედისა, რასაც მიირთმევთ.
48. შემდეგ დადგება შვიდი მკაცრი წელი, რომელნიც შესჭამენ იმას, რაც მოაგროვეთ , გარდა იმ მცირედისა, რასაც დაზოგავთ.
49. მერე, ამის შემდგომ, მოვა წელი, რომელიც ხალხს უხვ წვიმას მოუტანს და დაწურავენ მასში ისინი.“
50. და ბრძანა მეფემ: „აქ მომგვარეთ იგი !“ ხოლო როცა მივიდა მასთან ელჩი, უთხრა: ,,მიბრუნდი შენს ბატონთან და ჰკითხე მას დიაცების მდგომარეობა, რომლებმაც ხელები დაისერეს . უეჭველად, ჩემმა ღმერთმა უწყის მათ ხრიკებს.“
51. უთხრა: „რას ლაპარაკობდით, როცა იუსუფის ცდუნებას ლამობდითო ?“ მიუგეს: „დიდება ალლაჰს ! ცუდი არა ვიცით მასზე!“ ღეზიზის ცოლმა თქვა: „ახლა ჭეშმარიტება გაცხადდა! მე ვლამობდი მის ცდუნებას. ხოლო იგი, უეჭველად, მართალთაგანია.“
52. ,,აი ეს , რათა იცოდეს , უეჭველად, მე არ მიღალატია მისთვის მის არყოფნისას, ხოლო, უეჭველად, ალლაჰი არ ჰქმნის წარმატებულს მზაკვრობას მოღალატეთა.
53. და არ ვამბობ, ჩემი სული ყოვლად უბიწოა. უეჭველად, სული, გარდა იმათი, ვისაც შეიწყალებს ჩემი ღმერთი, დიახაც რომ ყველას სიავისკენ უბიძგებს. უეჭველად, ჩემი ღმერთი შემნდობია, მწყალობელია!
54. და თქვა მეფემ: „აქ მომგვარეთ იგი, მას პირად მრჩევლად დავიდგენ!“ ხოლო, როცა დაელაპარაკა მას, თქვა: „უეჭველად, ამიერიდან ჩვენთან უმაღლესი ჩინის მფლობელი და სანდო ხარ შენ.“
55. უთხრა : „დამადგინე ამ ქვეყნის ხაზინათა განმკარგველად, რადგანაც მე საუკეთესო მეუნჯე და ხაზინადარი ვარ!“
56. აი, ამგვარად დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე, რათა მას ეცხოვრა იქ, სადაც უნდოდა. მოვუვლენთ ჩვენს წყალობას, ვინებებთ ვისაც და არ დავუკარგავთ საზღაურს კეთილისმქმნელთ!
57. და უთუოდ იმქვეყნიური საზღაური ბევრად უკეთესია, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშნი გახდნენ.
58. და იუსუფის ძმები მოვიდნენ და წარსდგნენ მის წინაშე. მაშინვე იცნო ისინი, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი .
59. და როცა გაამზადებინა მათთვის მარცვლეულის მარაგი, უთხრა: „მომიყვანეთ მამით თქვენი ძმა . განა ვერ ხედავთ, უეჭველად, მე მთლიან საწყაოს ვიძლევი და რომ მე საუკეთესო მასპინძელი ვარ?
60. ხოლო თუ არ მოიყვანთ მას ჩემთან, მაშინ ჩემგან მარცვლეულის მარაგს ვერ მიიღებთ და ჩემს ახლომახლოს აღარ გაიაროთ!“
61. თქვეს: „შევეცდებით იგი გამოვთხოვოთ თავის მამას და, უეჭველად, ასე მოვიქცევით.“
62. და უთხრა თავის მსახურებს: „მათი ფული მათსავე ნივთებში ჩადეთ, ეგება, როცა თავიანთ ოჯახთან დაბრუნდებიან, ნახონ და უკან მობრუნდნენ!“
63. ხოლო, როცა დაბრუნდნენ თავიანთ მამასთან, უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! ჩვენ აგვეკრძალა მარცვლეულის მარაგი . გამოგზავნე ჩვენს ერთად ჩვენი ძმა, რათა მარცვლეულის მარაგი მივიღოთ. და, უეჭველად, დავიცავთ მას ჩვენ.“
64. უთხრა: „განა, განდოთ თქვენ იგი, როგორც განდე თქვენ მისი ძმა წინათ? მაგრამ ალლაჰი საუკეთესო მფარველია და მწყალობელთა მწყალობელია იგი!“
65. და როცა გახსნეს თავიანთი ბარგი, ნახეს მათთვის უკან დაბრუნებული ფული. თქვეს: „ჰეი, მამაჩვენო! რაღა ვინატროთ მეტი ? ესაა ჩვენი ფული. უკან დაგვიბრუნეს ჩვენ და ჩვენ შევძლებთ სარჩო ვიშოვოთ ჩვენი ოჯახისთვის, დავიცვათ ჩვენი ძმაც და შევიმატოთ ერთი აქლემის საპალნე. ეს კი ცოტაოდენია .“
66. უთხრა: „ვერ გამოვგზავნი მას თქვენთან ერთად, სანამ არ დადებთ აღთქმას ალლაჰის წინაშე, რომ უკან ჩამოიყვანთ, თუ არ დაგატყდებათ რაიმე უბედურება თქვენ.“ მაშინ მათ აღთქმა დადეს, უთხრა: ალლაჰია მოწმე, რასაც ვამბობთ ჩვენ .“
67. უთხრა: ჰეი, შვილნო ჩემნო! ნუ შეხვალთ ერთი კარიბჭით, და შედით სხვადასხვა კარიბჭით . მე ვერ შევცვლი ალლაჰის განგებას თქვენ თაობაზე. რადგან განსჯა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, მას ვსასოებ. მაშ, მას უნდა სასოებდეს ყველა მსასოებელი!
68. და შევიდნენ ისე, როგორც დაარიგა მამამ. მაგრამ ამან ვერ ააცილა ისინი ალლაჰის განგებას. ეს მხოლოდ იაღყუბის სურვილი იყო, რომელიც აღასრულეს . და უეჭველად, იგი ცოდნას ფლობდა, რომელიც ჩვენ შევასწავლეთ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა არ უწყიან.
69. და როცა ისინი წარსდგნენ იუსუფთან, ღვიძლი ძმა თავისთან წაიყვანა. უთხრა: „უეჭველად, მე შენი ძმა ვარ! არ ინაღვლო იმის გამო, რასაც ისინი სჩადიოდნენ“ .
70. ხოლო როცა გაამზადებინა მათი მარცვლეულის მარაგი, ჩადო თავისი ღვიძლი ძმის ნივთებში ფიალა . ერთმა გზირმა შესძახა: „ჰეი, მექარავნენო, უეჭველად, თქვენ ქურდები ხართ!“
71. მათკენ მიბრუნდნენ და უთხრეს: „რა დაკარგეთ?“
72. მიუგეს: „დავკარგეთ მეფის თასი. ვინც მას მოიტანს, ერთი აქლემის საპალნე მას და ამის თავდები მე თვითონ ვარ“.
73. ძმებმა თქვეს: „ვფიცავთ ალლაჰს! თქვენ კარგად იცით, რომ ამ მხარეში სიავეების ჩასადენად არ მოვსულვართ და ჩვენ ქურდები არ ვართ“.
74. უთხრეს: თუკი თქვენ აღმოჩნდებით მატყუარები, მაშინ რა სასჯელი ეკუთვნის მას ?“
75. თქვეს: „სასჯელი იმისა, ვისაც თავის აბგაში აღმოუჩნდება , თავად თვითონაა სასჯელი . ასე ვსჯით უსამართლონს.“
76. დაიწყო მათი აბგების დათვალიერება, თავისი ღვიძლი ძმის აბგაზე წინ. მერე ღვიძლი ძმის აბგიდან ამოიღო იგი . ასეთი მეთოდი შევამზადეთ იუსუფისთვის . ვერ შეძლებდა, რომ შეაკავებინა თავის ძმა მეფის კანონიდან გამომდინარე , თუ არ ინებებდა ამას ალლაჰი. ჩვენ ხარისხით უმაღლესვჰყოფთ, ვინებებთ ვისაც. რამეთუ ცოდნის მქონეზე ზემოთ ყოვლისმცოდნეა!
77. მათ თქვეს: თუ ამან მოიპარა, მისმა ძმამაც მოიპარა უწინ .“ მაგრამ ეს იუსუფმა გულში ჩაიდო და არ გაუმხილა იგი მათ. თქვა: მით უარესია თქვენი მდგომარეობა და ალლაჰი უწყის, რასაც ამბობთ“.
78. უთხრეს: დიდებულო ვეზირო! უეჭველად, ჩვენ ღრმად მოხუცი მამა გვყავს . დაიტოვე ჩვენგან ერთ-ერთი ამის სანაცვლოდ . უეჭველად, ჩვენ ვხედავთ, რომ შენ კეთილისმქმნელთაგანი ხარ.
79. მიუგო: ალლაჰმა დაგვიფაროს, რომ სხვა ავიყვანოთ ნაცლად იმისა, ვისთანაც აღმოვაჩინეთ ჩვენი ქონება. თუკი ჩვენ ასე მოვიქცევით, მაშინ უთუოდ უსამართლონი ვიქნებით!
80. ხოლო როცა ყოველგვარი იმედი გადაეწურათ, მოსათათბირებლად განმარტოვდნენ. მათგან უფროსმა თქვა : განა, არ იცით, რომ მამათქვენმა აღთქმა დაგადებინათ ალლაჰის წინაშე და მის წინაც, რაც იუსუფის მიმართ ჩაიდინეთ? ამიტომ არ წავალ ამ ქვეყნიდან, ვიდრე ნებას არ მომცემს მამაჩემი ან არ განმსჯის ალლაჰი, რამეთუ იგი საუკეთესოა მსაჯულთა შორის!
81. თქვენ დაბრუნდით მამათქვენთან და ასე უთხარით: ჰეი, მამაჩვენო! შენმა შვილმა ნამდვილად იქურდა. ჩვენ მხოლოდ იმას ვმოწმობთ, რაც ვიცით, ხოლო ჩვენ არ ვიცით იდუმალი .
82. ჰკითხე ქალაქს , რომელშიც ვიყავით და ქარავანს, რომელთან ერთადაც დავბრუნდით . უეჭველად, ჩვენ სიმართლეს ვამბობთ.“
83. თქვა: „არა! სულმა თქვენმა კეთილად მოგაჩვენათ ეს საქმე . აწ ძლიერი მოთმინება მმართებს. ეგების, ალლაჰი ყველას დამიბრუნებს . უეჭველად, იგი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია“!
84. გატრიალდა მათგან და თქვა: „ოჰ! საცოდავი იუსუფი!“ და ორივე თვალზე სითეთრე მოედო . მაგრამ გულში იკლავდა მწუხარებას.
85. უთხრეს: „ვფიცავთ ალლაჰს! შენ კიდე იუსუფზე ფიქრს აგრძელებ. ბოლოს და ბოლოს თავს დაისნეულებ ან დაიღუპავ.“
86. მიუგო : „მხოლოდ ალლაჰს შევჩივი ჩემს ნაღველს და დარდს. და მე ვუწყი ალლაჰისგან იმას, რასაც თქვენ არ უწყით .
87. ჰეი, შვილნო ჩემნო! წადით, იუსუფი და მისი ძმა კარგად მოძებნეთ. და ალლაჰის წყალობის იმედს ნუ გადაიწურავთ. უეჭველად, არ ეწურებათ იმედი ალლაჰის მოწყალებიდან, გარდა ურწმუნო ხალხისა.“
88. ხოლო როცა წარსდგნენ ისინი მის წინაშე, უთხრეს: „ჰეი, დიდებულო ვეზირო! ჩვენ და ჩვენს ოჯახს გაჭირვება გვეწვია. და მოვედით მხოლოდ მცირედი ქონებით . მაგრამ მოგვეცი მის სანაცვლოდ სრული საწყაო, და გვიმოწყალე ჩვენ. უეჭველად, ალლაჰი დააჯილდოვებს გულმოწყალეებს“.
89. უთხრა: „გაიხსენეთ თუ არა, რა უყავით იუსუფს და მის ძმას, როცა იყავით უმეცარნი?“
90. უთხრეს: ნუთუ ნამდვილად იუსუფი ხარ შენ? მიუგო: „მე იუსუფი ვარ, ეს კი ჩემი ძმაა! ალლაჰმა ჩვენ მოწყალება გვიბოძა. რადგანაც, ვინც ღვთისმოშიშია და მოითმენს , უეჭველად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილისმქმნელთ!“
91. თქვეს: „ვფიცავთ ალლაჰს, უთუოდ ალლაჰმა უპირატესგყო ჩვენზე და ჩვენ დიახაც რომ შევსცოდეთ!“
92. მიუგო: „დღეს არ არს კიცხვა თქვენზე. დაე, ალლაჰმა შეგინდოთ, რამეთუ იგი მოწყალეთა უმოწყალესია!
93. წაიღეთ ეს ჩემი პერანგი და გადააფარეთ მამაჩემს სახეზე. მხედველობა დაუბრუნდება. და მთელი ოჯახით ჩემთან დაბრუნდით“.
94. და როცა ქარავანი გასცილდა , თქვა მათმა მამამ: „უეჭველად, მე ვგრძნობ იუსუფის სურნელს, თუკი უგუნურად არ შემრაცხავთ.“
95. უთხრეს: „ვფიცავთ ალლაჰს, უეჭველად, შენ კვლავინდებურად გზააბნევაში ხარ!“
96. ხოლო როცა მოვიდა მახარობელი , გადააფარა მას იგი სახეზე და მაშინვე დაუბრუნდა მხედველობა. უთხრა: განა არ მითქვამს თქვენთვის, უეჭველად, მე ვუწყი ალლაჰისგან იმას, რასაც არ უწყით თქვენ?
97. უთხრეს: „ჰეი მამაჩვენო! ჩვენი ცოდვების გამო შენდობა შესთხოვე. უეჭველად, ჩვენ განზრახ ცოდვა ჩავიდინეთ!“
98. მიუგო: „თქვენთვის შენდობას შევთხოვ ჩემს ღმერთს ახლო ხანში . უეჭველად, იგი შემნდობია, მწყალობელია.“
99. ხოლო როცა ისინი მივიდნენ იუსუფთან, მოეხვია მშობლებს და უთხრა: „შემოდით ეგვიპტეში, ალლაჰის ნებით, უსაფრთხოდ!“
100. აიყვანა მან თავისი მშობლები ტახტზე და მათ აღასრულეს მისთვის სეჯდე. და უთხრა: ჰეი, მამავ ჩემო! ეს არის განმარტება იმისა, რაც წინათ სიზმრად ვნახე. ჩემმა ღმერთმა ცხადჰყო იგი. სიკეთე მიყო, როცა დილეგიდან გამომიყვანა და თქვენც მოგიყვანათ უდაბნოდან მის მერე, რაც ეშმაკმა შუღლი ჩამოაგდო ჩემსა და ჩემს ძმებს შორის. უეჭველად, ღმერთი ჩემი სიკეთის მიმცემია, ინებებს ვისთვისაც. უეჭველად, იგი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
101. „ღმერთო ჩემო! შენ მე მიბოძე ძალაუფლება და მასწავლე სიზმრების ახსნა. ცათა და დედამიწის გამჩენო, შენ ხარ ჩემი მფარველი წუთისოფელში და საიქიოში. მიმიბარე შენ მუსლიმად და დამამკვიდრე კეთილისმქმნელთა შორის !“
102. აი ეს უხილავი ამბავთაგანია, რომელიც ზეშთაგაგონეთ შენ. შენ არ ყოფილხარ მათ ერთად, როცა ჩუმად შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს თავიანთი საქმენი და მზაკვრობდნენ ეგენი.
103. ძალიანაც რომ გსურდეს შენ , ადამიანთა უმრავლესობა მაინც არ ირწმუნებენ.
104. და შენ არ ითხოვ იმისთვის მათგან საზღაურს. ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის .
105. და რამდენი სასწაულია ცათა და ქვეყანაზე, ისინი კი უყურადღებოდ ჩაუვლიან და მისგან პირს იბრუნებენ ?
106. მათგან უმეტესი ისე არ ირწმუნებენ ალლაჰს, თუ არ დაუდგენენ თანაზიართ .
107. განა უსაფრთხოდ გრძნობენ თავს იმისგან, რომ დაატყდებათ ალლაჰის ყველაფრის მომცველი რისხვა ან უეცრად დადგება ჟამი აღსასრულისა, და ისინი არ უწყიან ამას ?
108. უთხარი : „ეს არის ჩემი მისია. მოვიპატიჟებ ალლაჰისკენ ცხადი მტკიცებულებით მეც და ჩემზე მომყოლებიც. დიდება ალლაჰს! და მე არა ვარ წარმართთაგანი.
109. და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენამდეც, თუ არა კაცნი სოფელთა მკვიდრთაგან, რომელთაც ზეშთავაგონებდით? განა, არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე ? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ , და უთუოდ სამყოფელი იმქვეყნიური უფრო უკეთესია მათთვის, რომელნიც იყვნენ ღვთისმოშიშნი. იმედია, გონს მოეგებით!
110. მაშინ, როცა შუამავალთ იმედი გადაეწურებოდათ და კიდეც ეგონათ, რომ მათ ნამდვილად ცრუდ შერაცხავდნენ, მათთან შეწევნა მიდიოდა ჩვენი. ასე გადარჩნენ ისინი, ვინებეთ რომელნიც. მაგრამ ცოდვილი ხალხის მიმართ ჩვენი სასჯელი შეუქცევადია!
111. ვფიცავ, ბრძენკაცთ, ჭკუასაკითხთათვის დარიგებაა მათ ამბავში. და არ არის შეთხზული სიტყვა; რამეთუ დასტურია იგი მის წინათ არსებულისა, და განმარტება ყოველივესი , ერთადერთ ჭეშმარიტ გზად და წყალობად მორწმუნე ხალხთათვის!