10. Yunus

1. ელიფ. ლამ. რა. ეს არის აიათები ბრძნული წიგნისა.
2. ნუთუ ხალხისთვის გასაოცარია, რომ ჩვენ შთავაგონეთ კაცს მათი წიაღიდანვე, რათა შეეგონებინა ისინი და ეხარებინა, რომელთაც ირწმუნეს: უეჭველად, მათთვისაა უფლის წინაშე ჭეშმარიტი უპირატესობა. სთქვეს ურწმუნოებმა: უეჭველად, ეგ აშკარა გრძნეულია.
3. უეჭველად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზემო აღმართა. იგი განაგებს ყველა საქმეს. არ არსებობს შემწე, თუ არა ნება მისი . ასეთია ალლაჰი, ღმერთი თქვენი. მაშ, თაყვანი ეცით მას. ნუთუ არ დაფიქრდებით?!
4. მასთანაა ყველა თქვენგანის მისაქციელი. ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია. უეჭველად, იგი უბადლოდ აჩენს და მერე უკუმოაქცევს მასთან, რათა სამართლიანად მიუზღოს, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე თესეს. ხოლო რომელთაც უარყვეს, მათთვისაა სასმელი მდუღარე და მწარე ტანჯვა იმის გამო, რასაც უარყოფდნენ.
5. იგია, რომელმაც დაადგინა მზე სხივად და მთვარე ნათელად. მან დაუდგინა სამოძრაო გზანი მათ, რათა თქვენ გცოდნოდათ წელთაღრიცხვა და გამოანგარიშება. არ გაუჩენია ალლაჰს ყოველივე ეს, თუ არა მხოლოდ ჭეშმარიტებით. იგი განმარტავს აიათებს შეგნებულ ხალხთათვის.
6. უეჭველად, ღამის და დღის მონაცვლეობაში და რაც ალლაჰმა გააჩინა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა , სასწაულებია ღვთისმოშიშ ხალხთათვის.
7. უეჭველად, რომელნიც არ იმედოვნებენ ჩვენთან შეხვედრას , კმაყოფილი არიან ამქვეყნიური ცხოვრებით და დასჯერდნენ მას, და რომელნიც ჩვენი სასწაულების მიმართ უსულგულო არიან,
8. აი,მათი თავშესაფარი ცეცხლია იმის გამო, რაც მოიხვეჭეს!
9. უეჭველად, მათ,რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე თესეს, საკუთარი რწმენიდან გამომდინარე, დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე თავიანთი ღმერთი. იმიტომ, რომ ირწმუნეს, მათი უფალი სწორი გზით წარმართავს მათ სიკეთეუხვ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება.
10. მათი შეძახილი იქ : დიდება შენდა, ღმერთო ჩემო! და მათი ცხოვრება: მშვიდობაა! და მათი ბოლო შეძახილი: ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა უფალს!
11. და რომ დაეჩქარებინა ალლაჰს ხალხთათვის უბედურება ისევე, როგორც სიკეთის დაჩქარება სურთ, მათი აღსასრული გარდაუვალი გახდებოდა. მაგრამ რომელნიც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებენ, მივაგდებთ თავიანთ აღვირახსნილობაში ამრიგად, ისინი ერთხანს დაძრწიან თავიანთ ნებაზე მიშვებული.
12. და როცა კაცს უბედურება ეწევა, გვევედრება ჩვენ წამოწოლილი ან მჯდარი ან ფეხზე მდგომი. მაგრამ როცა ავარიდებთ მას უბედურებას, ისე ჩაივლის, თითქოს არც ეთხოვოს ჩვენთვის შეწევნა თავსდატეხილი უბედურების გამო. აი, ასე მოეკაზმათ ზღვარგადასულებს, რასაც სჩადიან.
13. ვფიცავ, ჩვენ გავანადგურეთ თქვენამდე თაობები, როდესაც უსამართლოდ მოიქცნენ და როდესაც მათთან მივიდნენ მათი შუამავლები ცხადი სასწაულებით და მაინც არ ირწმუნეს მათ. აი ასე მივუზღავთ ცოდვილ ხალხს.
14. მერე თქვენ დაგადგინეთ მათ შემდგომ დედამიწის მემკვიდრეებად, რათა გვენახა, როგორ მოიქცეოდით.
15. და როცა მათ ჩვენი აიათები აშკარა სასწაულებად ეკითხებოდათ, რომელნიც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებდნენ , ამბობდნენ: მოიტანე სხვა ყურანი ამისგან განსხვავებული ან შეცვალე იგი! უთხარი: არ შეიძლება, რომ მე შევცვალო თვითნებურად. მე მხოლოდ იმას მივდევ, რაც შთამეგონა. უეჭველად, თუკი ვეურჩები ჩემს ღმერთს, მე მეშინია დიდი დღის სასჯელისა!
16. უთხარი: ალლაჰს რომ ენება, არ წაგიკითხავდი ამას და მას არ გამცნობდი თქვენ. აქამდე ხომ მთელი წლები თქვენთან ერთად დავყავი. განა, არ მოუხმობთ გონებას?
17. მაშ, ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს ან უარყოფს მის აიათებს, უეჭველად, იგი არ გადაარჩენს ცოდვილთ.
18. და ღმერთის ნაცვლად თაყვანს სცემენ სხვას, რომელიც არც ზიანს აყენებს მათ და არც სიკეთე მოაქვს მათთვის. და ამბობენ: ისინი შუაკაცნი არიან ჩვენი ღმერთის წინაშეო. უთხარი: განა აუწყებთ ღმერთს რაიმე ისეთს, რაც არ იცოდეს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? დიდება მას ! და იგი დიადია იმაზე, რასაც თანამოზიარედ უდგენენ!
19. და არ იყო ხალხი, თუ არა ერთიანი თემი , მერე კი უთანხმოება მოუვიდათ . და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა , უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული , რაშიც ვერ თანხმდებოდნენ .
20. და ამბობენ : არ შეიძლებოდა, რომ გარდმოვლენოდა მას სასწაული მისი ღმერთისგან? მაშინ უთხარი: უხილავი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მაშ, დაელოდეთ და უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები.
21. და როცა ადამიანებს ვაგემეთ ჩვენ წყალობა მას შემდეგ, რაც უბედურება დაატყდათ, მაშინვე ხრიკების ხლართვა დაიწყეს ჩვენი აიათების წინაშე. უთხარი: ალლაჰი უსწრაფესია ხრიკების მოწყობაში! უეჭველად, ჩვენი შუამავალნი იწერენ, რასაც ხლართავთ თქვენ!
22. იგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იმოგზაუროთ ხმელეთსა და ზღვაზე. თქვენ მგზავრობთ გემებით, რომლებიც თქვენთან ერთად დაცურავენ ზურგის ქარით, რომელიც ახარებთ. მაგრამ უეცრად დაუბერავს გრიგალი და აზვირთებული ტალღები შემოეკვრებიან ყოველი მხრიდან. ისინი გადაწყვეტენ, რომ ალყაში არიან და ალლაჰს შეევედრებიან წრფელი რწმენით: თუ გვიხსნი ამისგან, უეჭველად, ჩვენ მადლიერთა შორის ვიქნებითო!
23. ხოლო როცა გადაარჩენს მათ, ისინი უსამართლოდ თავაშვებულობენ ქვეყანაზე. ჰეი, ხალხო! თქვენი თავგასულობა, მხოლოდ თქვენს საწინააღმდეგოდვე, ამქვეყნიური სიტკბოებაა. მერე ჩვენთანაა მისაქციელი თქვენი , მაშინ გამცნობთ თქვენ, რასაც სჩადიოდით.
24. უეჭველად, ამქვეყნიური ცხოვრება წყალს ჰგავს, რომელიც ზეციდან მოვავლინეთ და რომლის მეშვეობითაც შეერწყმის და აღმოცენდება დედამიწის მცენარეულობა, რითიც იკვებებიან ადამიანები და ცხოველები. როცა დედამიწა შეიმკობა და გალამაზდება, მის მკვიდრთ ეგონებათ, რომ შესწევთ მასზე ძალა , ჩვენი ბრძანება მოუვა მას ღამით ან დღისით. ჩვენ ვაქცევთ მას მიმოლეწილად, თითქოს გუშინ არც ყოფილიყოს. აი, ასე განვმარტავთ აიათებს გონიერ ხალხთათვის!
25. და ალლაჰი მოუხმობს კეთილდღეობის სავანისკენ და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც.
26. იმათთვის, ვინც თესა სიკეთე , უფრო უკეთესი და მეტიც . არ იქნება მათ სახეებზე არც მტვერი და არც დამცირება. აი, ეგენი არიან სამოთხის მკვიდრნი, სადაც სამუდამოდ დაჰყოფენ!
27. და რომელთაც ცოდვები მოიხვეჭეს , ცოდვის საზღაური სიავის ტოლფასი იქნება. მათ გადაეკვრებათ დამცირება. და მათ ალლაჰის წინაშე არანაირი მფარველი არ მოეძებნებათ. თითქოსდა დაიფარა მათი სახეები წყვდიადი ღამის ნაფლეთებით. აი, ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი, სადაც სამუდამოდ დაჰყოფენ!
28. და იმ დღეს შევკრებთ ჩვენ ყველა იმათ. მერე ვეტყვით, რომელთაც თანაზიარი გაუჩინეს : დარჩით ადგილებზე თქვენს თანაზიარებთან ერთად. მერე განვაცალკევებთ მათ ერთმანეთისგან . და უთხრეს თავიანთმა თანაზიარებმა: თქვენ მხოლოდ ჩვენ არ გვცემდით თაყვანს.
29. მაშ, ალლაჰი კმარა მოწმედ თქვენსა და ჩვენს შორის. უეჭველად, თქვენი თაყვანისცემის თაობაზე არ ვუწყოდით ჩვენ .
30. იქ იგემებს ყველა სული, რაც ადრე იღვაწა და დაბრუნებული იქნებიან ალლაჰთან, თავიანთ ჭეშმარიტ პატრონთან და გადაიკარგება მათგან ის, რასაც იგონებდნენ .
31. უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან ? ან ვინ განაგებს ყურთასმენასა და თვალთახედვას? და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისგან? და ვინ განაგებს საქმეებს? მაშინ ისინი იტყვიან: ალლაჰი! მაშ უთხარი: განა არ უნდა შეგეშინდეთ?
32. აი, ესაა ალლაჰი, ჭეშმარიტი ღმერთი თქვენი! რა შეიძლება იყოს ჭეშმარიტების მიღმა, თუ არა გზააბნევა? მაშ, როგორღა უხვევთ !
33. აი, ასე ახდა შენი ღმერთის სიტყვა იმათ მიმართ, რომელთაც გზას გადაუხვიეს. უეჭველად, არ ირწმუნებენ ეგენი.
34. უთხარი: განა არის თქვენ თანაზიართ შორის, ვინც ჯერ გააჩენს, მერე დააბრუნებს მას? მიუგე: ალლაჰი ჯერ აჩენს, მერე კი აბრუნებს მას. მაშ, ჭეშმარიტებას როგორღა ანებებთ თავს და ცდომილებას უბრუნდებით?!
35. უთხარი: განა არის თქვენ თანაზიართ შორის, ვინც დაადგენს ჭეშმარიტებისკენ? მიუგე: ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტებისკენ. მაშ, ვინც დაადგენს ჭეშმარიტებისკენ, უფრო ღირსია, რომ მიჰყვნენ მას, თუ ვინც ვერ დაედგინება ჭეშმარიტებას, თუ არ დაადგენენ მას? და რა გემართებათ თქვენ, როგორღა ნსჯით?
36. და მათი უმრავლესობა საკუთარ ვარაუდს მისდევს, უეჭველად, ვარაუდი ჭეშმარიტებას ვერაფერს შეჰმატებს. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიან ეგენი.
37. ეს ყურანი ალლაჰისაა, მის გარდა სხვაზე მისი მიწერა შეუძლებელია. ვინაიდან, სამყაროთა ღმერთისგან (მოვლენილია) დასტურია იმისა, რომელიც მათ ხელთ იყო და იგია, წიგნი განმარტებების, რომელშიც ეჭვი არ არსებობს.
38. ან ამბობენ: იქნებ, მან შეთხზა იგი. უთხარი: მაშ, მოიტანეთ ერთი სურა მისი მსგავსი და მოუხმეთ ვისი იმედიც გაქვთ ალლაჰის გარდა, თუ თქვენ ხართ მართალნი!
39. არა! ცრუდ შერაცხეს იგი, რის ცოდნასაც ვერ შესწვდნენ და რადგან მისი განმარტება მათ არ მოსვლიათ; ასევე ცრუდ შერაცხეს , რომელნიც იყვნენ მანამდე. მაშ, შეხედე, როგორი იყო უსამართლონის აღსასრული !…
40. და მათ შორის არიან ისეთნი , ვინც ირწმუნებენ მას და მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც არ ირწმუნებს მას . და შენმა ღმერთმა უკეთ უწყის უსამართლობის გამავრცელებლები!
41. და თუ ცრუდ შეგრაცხეს შენ, მაშინ უთხარი: ჩემი საქმე მე მეკუთვნის, და თქვენი თქვენ გეკუთვნით. თქვენ შორსა ხართ იმისგან, რასაც მე ვაკეთებ, და მეც შორსა ვარ იმისგან, რასაც თქვენ აკეთებთ!
42. და მათ შორის არიან ისეთნიც, რომლებიც გისმენენ შენ . განა შეძლებ შეასმინო ყრუნს, მით უმეტეს, თუ არ უხმობენ გონს?
43. და მათ შორის არიან ისეთნიც, რომლებიც გიყურებენ. განა შეძლებ დაადგინო სწორ გზაზე ბრმანი, თუკი ისინი ვერ ხედავენ?
44. უეჭველად, ალლაჰი უსამართლოდ არ მოექცევა ხალხს, მაგრამ ხალხი თავიანთ სულებს უსამართლოდ ექცევიან.
45. და იმ დღეს შეჰყრის მათ, თითქოს არ დაუყვიათ , გარდა დღის ერთიოდ საათისა. ისინი ერთმანეთს შეიცნობენ . უეჭველად, წაგებული არიან, რომელთაც ცრუდ ჩათვალეს ალლაჰთან შეხვედრა და არ იყვნენ სწორ გზაზე მდგარნი.
46. და რომ გაჩვენოთ შენ ნაწილი იმისა, რაც მათ აღვუთქვით ან მიგიბაროთ შენ , მაინც მისაქციელი მათი ჩვენთანაა. მერე, ალლაჰი მოწმეა იმისა, რასაც ისინი სჩადიან.
47. და ყველა თემს ჰყავს შუამავალი. როცა შუამავალი მიდიოდა მათთან, მათ შორის სამართლიანი განაჩენი აღევლინებოდა. და ისინი არ იჩაგრებოდნენ .
48. და ისინი ამბობენ: როდისღაა ეს აღთქმა , თუ ხართ მართალნი?
49. უთხარი: თუკი ალლაჰი არ ინებებს, მე ისიც კი არ ძალმიძს, ჩემ სულს ვავნო ან ვარგო. ყოველი თემისთვის დადგენილია დრო . როცა დადგება დრო აღსასრულისა, ისინი თუნდაც ერთი საათით, ვერც მის გადავადებას შეძლებენ და ვერც დაჩქარებას.
50. უთხარი: რას ფიქრობთ, ალლაჰის სასჯელი რომ გეწიოთ ღამით ან დღისით? განა, რატომ სურთ ცოდვილთ (სასჯელის) დაჩქარება?
51. განა, მაშინ ირწმუნეთ იგი, როცა დაგატყდათ , თუ ახლა?! მაგრამ თქვენ იგი იჩქარეთ .
52. მერე ეტყვიან, რომელთაც უსამართლოდ მოიქცნენ: „იგემეთ ტანჯვა მარადიული! არ მოგეზღვებათ გარდა, რასაც იხვეჭდით?“
53. შენგან სურთ შეიტყონ: ის არის თუ არა ჭეშმარიტება ? მიუგე: დიახ, ჩემ ღმერთს ვფიცავ! უეჭველად, ეს სრული ჭეშმარიტებაა და ამას ვერ გაექცევით!
54. უეჭველად, ყოველ სულს, რომელსაც ცოდვა უქმნია, რაც კი დედამიწაზე რამ არის მისი რომ იყოს, უთუოდ, გაიღებდა მას გამოსასყიდად . შეიპყრობს მათ სინანული , როცა ნახავენ ტანჯვას. და განსჯილ იქნა მათ შორის ჭეშმარიტებით და არ დაიჩაგრებიან ისინი.
55. განა, ალლაჰს არ ეკუთვნის, უეჭველად, რაც ცათა შინაა და ქვეყანასა ზედა. განა, ალლაჰის აღთქმა , უეჭველად, ჭეშმარიტება არ არის? მაგრამ მათგან უმეტესობა არ უწყიან.
56. იგი აცოცხლებს და აკვდინებს და მასთან იქნებით მიბრუნებულნი .
57. ჰეი, ხალხო ! თქვენთან ნამდვილად მოვიდა შეგონება თქვენი ღმერთისგან განკურნებად იმისა, რაც გიზით გულებში, ჭეშმარიტ გზად და წყალობად მორწმუნეთათვის!
58. უთხარი: მხოლოდ ალლაჰის სიკეთით და წყალობით იხარონ! იგი უკეთესია იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ .
59. უთხარი: რას იტყვით სარჩოზე, რომელიც გიბოძათ ალლაჰმა და რომლის ნაწილიც გამოაცხადეთ აკრძალულად, ხოლო ნაწილი კი ნებადართულად? უთხარი: ალლაჰმა მოგცათ ამის ნება თუ ცილს სწამებთ მას?
60. და რას ფიქრობენ აღდგომის დღეზე, რომელნიც ალლაჰზე ტყუილს თხზავენ? უეჭველად, ალლაჰი მოწყალეა ხალხის მიმართ, მაგრამ მათი უმეტესობა უმადურია.
61. და რა მდგომარეობაშიც უნდა იყო და რასაც უნდა კითხულობდე ყურანიდან, და რა საქმითაც უნდა იყო დაკავებული, როგორც უნდა ჩაიძიროთ მასში, ჩვენ უთუოდ, მოწმედ ვართ თქვენდა. არაფერია დაფარული შენი ღმერთისგან არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, თუნდ იყოს იოტისოდენა, ან მასზე მცირე ან მეტი, რომ არ იყოს ცხად წიგნში .
62. მაშ, იცოდეთ, რომ უეჭველად, ღმერთის მეგობრებს არც შიში ექნებათ და არც ინაღვლებენ ეგენი!
63. (მათ) რომელთაც ირწმუნეს და იყვნენ მოკრძალებულნი ,
64. მათთვისაა ხარება ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. ალლაჰის სიტყვები შეუცვლელია. სწორედ ესაა უდიდესი ნეტარება!
65. ნუ დაგამწუხრებს მათი ნათქვამი , უეჭველად, ძლევამოსილება სრულიად ალლაჰისაა. იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე!
66. მაშ, იცოდეთ, რომ უეჭველად, ალლაჰს ეკუთვნის ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და რას მისდევენ ისინი, რომელნიც უხმობენ ალლაჰის ნაცვლად თანამოზიარენს? მხოლოდ ვარაუდს გაჰყვებიან და მხოლოდ სიცრუეს შეთხზავენ ეგენი.
67. იგია, რომელმაც დაადგინა თქვენთვის ღამე, რათა მოისვენოთ მასში; და დღე მანათობელად. უეჭველად, ამაში სასწაულებია შემსმენ ხალხთათვის.
68. თქვეს : „ალლაჰმა ძე აირჩიაო (აიყვანაო)“. დიდება მას! იგი მდიდარია , მას ეკუთვნის რაცაა ცათა შინა და დედამიწასა ზედა! თუ თქვენთან მოინახება ამის შესახებ მტკიცებულება? ნუთუ ცილს სწამებთ ალლაჰს , რაც არ იცით?
69. უთხარი: უეჭველად, რომელნიც ტყუილს თხზავენ ღმერთზე , ნეტარ ვერ იქნებიან!
70. (მათთვისაა) ამქვეყანაზე წარმავალი სიტკბოება, მერე ჩვენთანაა მათი მისაქციელი , შემდეგ ვაგემებთ სასტიკ სასჯელს იმისთვის, რასაც უარყოფდნენ !
71. და მოუყევი მათ ნუჰის ამბავი. აკი, უთხრა მან თავის ხალხს: ჰეი, ხალხო ჩემო! თუ გიმძიმთ ჩემი თქვენთან ყოფნა და შესმენა ალლაჰის აიათებისა, უკვე მე ალლაჰს მივენდე. მაშ, შეიკრიბეთ თქვენ თანამოზიარეებთან ერთად და გადაწყვიტეთ, რა უნდა ჰქნათ. მაგრამ თქვენი საქმე მწუხარებად არ გექცეთ. მერე მე მომდექით და ნუ გადამივადებთ.
72. მაგრამ თუ ზურგს შეაქცევთ , მე ხომ თქვენგან საზღაური არ მინდა, ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, რამეთუ მე ნაბრძანები მაქვს, რომ ვიყო მუსლიმთაგანი.
73. მაგრამ იგი ცრუდ შერაცხეს, მერე ვიხსენით იგი და ვინც მასთან ერთად იყო გემში. და დავადგინეთ ისინი მემკვიდრეებად , ხოლო ჩავძირეთ წყალში ისინი, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები. მაშ, შეხედე როგორი იყო აღსასრული შეუგნებელთა ?!
74. შემდეგ, მასზე მიყოლებით, წარვგზავნეთ შუამავალნი მათ ხალხთან. მივიდნენ მათთან ცხადი სასწაულებით, მაგრამ არ ირწმუნეს, რაც ადრე უარყვეს. ასე ვასვამთ გულებზე ბეჭედს ზღვარგადასულებს!
75. შემდეგ წარვგზავნეთ მათ მერე მუსა და ჰარუნი ფარაონთან და მის დიდებულებთან ჩვენი სასწაულებითურთ . მაგრამ გამედიდურდნენ და გარდაიქცნენ ცოდვილ ხალხად.
76. ხოლო როცა მოევლინათ მათ ჭეშმარიტება ჩვენგან, თქვეს: უეჭველად, ეს აშკარა ჯადოქრობააო!
77. უთხრა მუსამ: როცა თქვენ ჭეშმარიტება მოგევლინათ, განა მის შესახებ ასე ამბობთ, რომ ეს ჯადოქრობაა? ჯადოქრები ვერ იქნებიან ნეტარნი!
78. თქვეს: განა იმისთვის მოხვედი, რომ იმ გზას აგვაცდინო, რაზეც ვპოვეთ ჩვენი წინაპრები, რასაც ჩვენი მამები მისდევდნენ და რომ თქვენ ორმა იგდოთ ხელთ ამ მიწაზე ბატონობა? ჩვენ ვერაფრით დაგეთანხმებით თქვენ!
79. და თქვა ფარაონმა: მომგვარეთ ყველა მცოდნე ჯადოქარი!
80. ხოლო როცა ჯადოქრები გამოცხადდნენ, უთხრა მათ მუსამ : ისროლეთ ის, რისი სროლაც გინდათ!
81. მაგრამ როცა ისროლეს , უთხრა მუსამ: რაც თქვენ გააკეთეთ, ჯადოქრობაა. უეჭველად, ალლაჰი მალე ამაოს ჰქმნის მას. უეჭველად, ალლაჰი არ ახეირებს ამრევთა საქმეს.
82. და ალლაჰი დაამკვიდრებს ჭეშმარიტებას თავისივე სიტყვებით, თუნდ ეს არ ესიამოვნოთ ცოდვილთ!
83. ამის მერე არ ირწმუნეს მუსა, გარდა თავისი ხალხიდან ერთი ტომისა, იმის შიშით, რომ ფარაონი და მისი ხალხი უბედურებას დაატეხავდნენ. და უეჭველად, ფარაონი თვითმპყრობელი იყო დედამიწაზე. და უეჭველად, ზღვარგადასული იყო იგი.
84. და უთხრა მუსამ: ხალხო ჩემო! თუ თქვენ ირწმუნეთ ალლაჰი, მაშ, მიენდეთ მას, თუ თქვენ ხართ მუსლიმები!
85. მაშინ თქვეს: „ჩვენ მივენდეთ ალლაჰს. ღმერთო ჩვენო, ნუ გვქმნი გამოცდად უსამართლო ხალხთათვის!
86. გვიხსენ ჩვენ ურჯულო ხალხისგან, შენი წყალობით!“
87. და ჩვენ შთავაგონეთ მუსას და მის ძმას: რომ მოუმზადეთ სახლები ეგვიპტეში თქვენს ხალხს, და აქციეთ სახლები თქვენი ყიბლედ და დადექით ლოცვად. მაშ, ახარე მორწმუნენთ!
88. და უთხრა მუსამ: „ღმერთო ჩვენო! ნუთუ იმისათვის უბოძე შენ ფარაონს და მის დიდებულებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ბრწყინვალება და სიმდიდრე, რათა გადამცდარიყვნენ შენივე გზისაგან? ღმერთო ჩვენო! მოჰგავე მათი სიმდიდრე და გაუსასტიკე გულები, რათა ვერ შეძლონ ირწმუნონ, სანამ არ ნახავენ მწარე სასჯელს!“
89. თქვა: თქვენი ვედრება შეწყნარებულია . გააგრძელეთ ჭეშმარიტ გზაზე სიარული და არ გაჰყვეთ იმათ გზას, ვინც ცოდნას არ ფლობს!
90. ჩვენ გადავიყვანეთ ისრაილის შვილნი ზღვაზე. მაგრამ დაედევნენ ისინი, ფარაონი და მისი ამალა, დასაჩაგრად და მტრულად. როცა ფარაონი იხრჩობოდა, თქვა: „ვირწმუნე, უეჭველად, იგი. არ არის ღვთაება, გარდა მისი,რომელიც ირწმუნეს ისრაილის შვილთა. და მეც ერთ-ერთი მუსლიმთაგანი ვარ!“
91. ნუთუ ახლა ! აკი, წინათ ურჩობდი და იყავი ბუნტისთავი?!
92. მაშ, დღეს ჩვენ შენ გადაგარჩენთ სხეულად , რათა იქმნა სასწაულად შენს შემდგომთათვის. უეჭველად, უმეტესი ხალხთაგან, ჩვენი სასწაულების შესახებ ცოდნას არ ფლობენ.
93. და ვფიცავ, რომ ჩვენ დავასახლეთ ისრაილის შვილნი მშვენიერ ქვეყანაში და სარჩოდ ვუბოძეთ სიკეთეთაგან. და არ ჰქონიათ უთანხმოება, ვიდრე ცოდნა არ ებოძებოდათ. უეჭველად, აღდგომის დღეს შენი ღმერთი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ!
94. ამის შემდეგ, თუ შენ ეჭვი შეგიპყრობს იმაში, რაც ჩვენ გარდმოგივლინეთ, მაშინ დაეკითხე, რომელნიც კითხულობდნენ წიგნს შენამდე. ვფიცავ, შენ გებოძა ჭეშმარიტება შენი ღმერთისგან. მაშ, ნუ იქნები იჭვნეულთაგან!
95. და ნუ იქნები იმათგანი, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ალლაჰის აიათები, თორემ წაგებულთა რიგებში აღმოჩნდები.
96. უეჭველად, რომლებზეც შენი ღმერთის სიტყვა აუცილებელი გახდა , არ ირწმუნებენ.
97. და რომც მოევლინოთ ყველა სასწაული მანამ, სანამ იხილავენ მწარე სასჯელს, …
98. ნეტა, ყოფილიყო რომელიმე ქვეყანა, რომლის მკვიდრნიც ირწმუნებდნენ , და მათივე რწმენა გამოადგებოდა მათ ! გარდა იუნუსის ხალხისა; როცა ირწმუნეს, ავხადეთ მათგან დამამცირებელი ტანჯვა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და მივეცით მათ მიწიერი სიკეთენი განსაზღვრულ ვადამდე .
99. შენს ღმერთს რომ ენება, უთუოდ ყველა ერთბაშად ირწმუნებდა, ვინც კი დედამიწაზეა. მაშ, შენ აიძულებ ხალხს, რათა იქმნენ მორწმუნენი ?
100. და არ შესწევს არც ერთ სულს, რომ ირწმუნოს, თუ არა ალლაჰის ნება. და აწევს რისხვას მას, რომელნიც არ მოუხმობენ გონს!
101. უთხარი : შეხედეთ იმას, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა . და ვერას არგებს სასწაულები და შეგონება იმას, რომელთაც არ ირწმუნეს!
102. ნუთუ არ მოელით მათი მსგავსი დღეები, რომელთაც განვლეს მათზე ადრე? უთხარი: მაშ დაელოდეთ! უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები.
103. მერე ჩვენ ვიხსნიდით ჩვენს შუამავლებს და რომელთაც ირწმუნეს. (ო, მუჰამმედ) ასე, რომ ჩვენი ვალია მორწმუნეთა ხსნა.
104. უთხარი : ჰეი, ხალხო ! თუ ეჭვი გეპარებათ ჩემს სარწმუნოებაში, მე თაყვანს არ ვცემ, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის ნაცვლად. მე თაყვანს მხოლოდ ვცემ ალლაჰს, რომელიც თქვენ მიგიბარებთ , რამეთუ მებრძანა, რომ ვიყო მორწმუნეთაგანი!
105. და რომ მიჰმართე სახე შენი ერთღმერთიანობისკენ და ნუ იქნები წარმართთაგანი!
106. და არ შეევედრო ალლაჰის ნაცვლად იმას, რაც ვერც სიკეთეს მოგიტანს და ვერც ზიანს მოგაყენებს. ხოლო თუ ასე მოიქცევი, უეჭველად, შენ უსამართლოთა შორის აღმოჩნდები!
107. და თუ ალლაჰი ზიანს მოგივლენს შენ, უკვე აღარ იქნება მისგან მხსნელი, გარდა მისი. და თუ მოისურვებს შენთვის სიკეთეს, მაშინ ვერავინ შეაყოვნებს მის მადლს. იგი მოუვლენს მას, ინებებს ვისაც, თავის მსახურთაგან. და იგი შემნდობია, მწყალობელია!
108. უთხარი: ჰეი, ხალხო ! თქვენ მოგევლინათ ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგან. ვინც ჭეშმარიტ გზას დაადგება, უეჭველად, თავის სულს დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე. და ვინც ცდუნებას დაადგება, მხოლოდ ცდუნებაშია თავისსავე საზიანოდ. და მე არა ვარ თქვენდა გუშაგი! .
109. და მიჰყევი იმას, რაც შთაგეგონა შენ, და მოითმინე , ვიდრე ალლაჰი განსჯიდეს, და იგი საუკეთესო მსაჯულია მსაჯულთა შორის!