1. | როცა დადგება თავზარდამცემი მოსახდენელი |
2. | ვერავინ იქნება მისი დადგომის ცრუდ შემრაცხავი, |
3. | დამამცირებელი, ამამაღლებელი. |
4. | როცა შეირყევა ქვეყანა ძლიერი შერყევით, |
5. | და დანაწევრდება მთები პატარა ნამსხვრევებად, |
6. | მაშინ იქცევა ნამცეცებად გაფანტულად, |
7. | და თქვენც იქნებით გაყოფილი სამ წყვილ ჯგუფად. |
8. | აჰა, მარჯვენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარჯვენა მხარის ხალხი?! |
9. | და მარცხენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარცხენა მხარის ხალხი?! |
10. | და პირველწარმატებულნი. პირველწარმატებულნი – |
11. | სწორედ ეგენი არიან დაახლოებულნი, |
12. | ნეტარების ბაღებში, |
13. | თემნი უპირველესნი |
14. | და ცოტაც – ბოლოთაგანი |
15. | ძვირფასი თვლებით შემკულ სარეცლებზე. |
16. | წამოწოლილნი ერთურთის პირისპირ, |
17. | და გარს ეხვევიან ჭაბუკნი მარადნი |
18. | თასებით, თუნგებით და ფიალებით, (სავსე) მუდმივად მომდინარე წყაროებიდან. |
19. | რომლისგანაც არც თავი ასტკივდებათ და არც გონება აერევათ; |
20. | და ყველა სახეობის ხილი, რასაც ინებებენ |
21. | და ხორცი ყველა სახეობის ფრინველთა, რომელსაც ისურვებენ. |
22. | და ქათქათები, დიდთვალება ქალწულნი |
23. | ხელუხლებელი მარგალიტის დარნი. |
24. | საზღაურად იმისა, რასაც ისინი იქმდნენ! |
25. | იქ ფუჭსიტყვაობას არ გაიგონებენ და არ იქნება ცოდვის ჩადენა, |
26. | მხოლოდ ერთი სიტყვა – „მშვიდობა“! „მშვიდობა!“ |
27. | და მარჯვენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარჯვენა მხარის ხალხი?! |
28. | და ბლის ხეები უეკლო. |
29. | და ბანანის ხე, დახუნძლული ნაყოფით. |
30. | და ჩეროები განფენილი, |
31. | და წყლები მორაკრაკე, |
32. | და ყველანაირი ხილი აუარებელი. |
33. | არც გამოილევა და არც აიკრძალება. |
34. | სარეცელნი ამაღლებულნი. |
35. | უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ისინი ახალთახალი გაჩენით |
36. | ამრიგად, დავადგინეთ ისინი ქალწულებად, |
37. | მეუღლეთა მიჯნურად, თანატოლებად |
38. | მემარჯვენე ხალხთათვის. |
39. | თემნი უპირველესნი |
40. | და თემნი ბოლონდელნი. |
41. | და მარცხენა მხარის ხალხი, მაგრამ რა მარცხენა მხარის ხალხი?! |
42. | ცეცხლში, რომელიც ძვალსა და რბილში გაუჯდებათ და წყალი მდუღარე. |
43. | და ჩრდილნი შავი ბოლისგან, |
44. | რომელიც არც გრილია და არც სასიამოვნო. |
45. | უეჭველად, ეგენი იყვნენ უწინ ფუფუნებით განებივრებულნი. |
46. | და შეგნებულად იჟინებდნენ დიდი ცოდვების ჩადენას. |
47. | და ამბობდნენ: „ნუთუ როცა მოვკვდებით და გარდავიქცევით მიწად და ძვლად, ნამდვილად უნდა აღვსდგეთ? |
48. | ან ჩვენი წინაპრები?“ |
49. | უთხარი: უეჭველად, პირველნიც და ბოლონდელნიც, |
50. | შეკრებილნი იქნებით განსაზღვრულ ადგილას ცნობილ დღეს. |
51. | მერე თქვენ, ჰეი, ნამდვილად გზააბნეულნო, ცრუდ შემრაცხველნო! |
52. | უთუოდ, მიირთმევთ ზაყუმის ხისგან. |
53. | ამგვარად, ამოიქოლავთ მისით მუცლებს. |
54. | მერე დააყოლებთ მდუღარეს, |
55. | აგრეთვე დალევთ სნეული აქლემებივით, რომლებიც წყურვილს ვერ იკლავენ.“ |
56. | ესაა ის, რაც მათთვისაა გამზადებული განკითხვის დღეს. |
57. | ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ. კვლავ არ ირწმუნებთ? |
58. | რას იტყვით იმაზე, რასაც ანთხევთ? |
59. | განა თქვენ აჩენთ მას თუ ჩვენ ვართ გამჩენნი? |
60. | ჩვენ დავადგინეთ თქვენს შორის სიკვდილი და არ ვართ ჩვენ უძლურნი |
61. | იმის თაობაზე, რომ შევცვალოთ თქვენი ცხედარნი და აღგადგინოთ ისეთებად, როგორიც ვერც კი წარმოგიდგენიათ. |
62. | და ვფიცავ, თქვენ უკვე იცით პირველი გაჩენის შესახებ. მაშ, რატომღა არ დაფიქრდებით?! |
63. | რაც იტყვით იმაზე, რასაც თესავთ? |
64. | განა თქვენ აღმოაცენებთ მას თუ ჩვენ ვართ აღმომცენები? |
65. | რომ გვენება, უთუოდ, გადავაქცევდით მას ხმელ ნაყარ-ნუყარად. მაშინ თქვენ დარჩებოდით გაკვირვებულნი: |
66. | „უეჭველად, ჩვენ ზარალი განვიცადეთ, |
67. | უფრო მეტიც, გავღატაკდით.“ |
68. | რას იტყვით წყალზე, რომელსაც სვამთ? |
69. | განა თქვენ გარდმოავლინეთ იგი ღრუბლებიდან, თუ ჩვენ ვართ ზეგარდმომვლენი? |
70. | რომ გვენება დავადგენდით მას მწარედ. მაშ, კვლავ არ იქნებით მადლიერნი? |
71. | რას იტყვით ცეცხლზე, რომელსაც ანთებთ? |
72. | განა თქვენ აღმოაცენეთ ხე იგი, თუ ჩვენ ვართ აღმომცენები? |
73. | ჩვენ დავადგინეთ იგი შეგონებად და სარგებლად მოგზაურთათვის. |
74. | მაშ, ადიდე შენი ღმერთი დიდებული სახელით! |
75. | ვფიცავ, ვარსკვლავთა ადგილებს! |
76. | და უეჭველად, იგი დიადი ფიცია, ნეტავ იცოდეთ! |
77. | უეჭველად, იგი დიდებული ყურანია, |
78. | დაცულ წიგნში . |
79. | ვერ მიეკარება მას, თვინიერ განწმენდილთა. |
80. | ზეგარდმოვლენილია სამყაროთა ღმერთისგან. |
81. | ნუთუ არ გჯერათ ამ სიტყვის , თქვენ ხართ ცრუდ შემრაცხავნი |
82. | და თქვენ სარჩოს ცრუდ რაცხვით დაიდგენთ? |
83. | მაშინ, როცა სული ყელს ებჯინება, |
84. | ამდროს თქვენ მხოლოდ უყურებთ. |
85. | ჩვენ მასთან უფრო ახლოს ვართ თქვენზე, მაგრამ თქვენ არ გულისხმაჰყოფთ. |
86. | მაშ, თუ თქვენ მართლა არ იქნებით აღდგენილნი, |
87. | უკუაქციეთ იგი, თუკი ხართ მართალნი? |
88. | მაგრამ თუ იქნება დაახლოებულთაგანი, |
89. | მაშინ შვება, სარჩო და სამოთხენი ნეტარების . |
90. | და თუ იგი მემარჯვენე ხალხთაგანია, |
91. | დაე, „სალამი შენდა, მემარჯვენე ხალხთაგან!“ |
92. | და თუ იგი ცრუდ შემრახცველთაგანი, გზა აცდენილთაგანია, |
93. | მაშინ მდუღარე წყლით გამასპინძლება |
94. | და შენთებაა ჯოჯოხეთში! |
95. | უეჭველად, ეს ცხადი ჭეშმარიტებაა! |
96. | მაშ, ადიდე შენი ღმერთი დიდებული სახელით! |