1. | განადიდებენ ალლაჰს რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. მას ეკუთვნის ცხადი მეუფება და მას ეკუთვნის ქება-დიდება და იგი ყოვლისშემძლეა! |
2. | იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ, ამის მიუხედავად თქვენგან ზოგი ურწმუნოა და ზოგი კი მორწმუნეა. და ალლაჰი მხილველია იმისა, რასაცა იქმთ. |
3. | გააჩინა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. და გამოგსახათ თქვენ, შემდეგ მოგანიჭათ საუკეთესო ფორმა. და მასთანაა მისაქციელი! |
4. | უწყის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და უწყის, რას მალავთ და რას აცხადებთ თქვენ. უწყის თქვენი დაფარულიც და გაცხადებულიც. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რაც გულებშია! |
5. | განა არ მოსულა თქვენთან ამბავი იმათი, რომელთაც უარყვეს უწინ? მაშინ მათ იგემეს საზღაური ჩადენილის გამო. და სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი. |
6. | ეს იმიტომ, რომ მიდიოდნენ მათთან შუამავალნი ცხადი მტკიცებებით, მაშინ ამბობდნენ: „განა ადამიანი დაგვადგენს ჭეშმარიტ გზას? ამრიგად, უარყვეს და იბრუნეს ზურგი. ალლაჰი არ საჭიროებს მათ რწმენას, რამეთუ ალლაჰი მდიდარია, ყოვლადქებულია! |
7. | ჰგონიათ, რომელთაც ურყვეს, რომ არ იქნებიან გაცოცხლებულნი. უთხარი: „არამც და არამც! ვფიცავ ჩემს ღმერთს, უთუოდ, გაცოცხლდებით, მერე უსათუოდ გეცნობებათ იგი, რასაც სჩადიოდით, და ეს იოლია ალლაჰისთვის! |
8. | მაშ, ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი და ნათელი, რომელიც ზეგარდმოგივლინეთ. უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ! |
9. | ის დღე, როდესაც იგი შეგკრებთ შეკრების დღისთვის, სწორედ ესაა დღე მოგება-წაგებისა. ხოლო ვინც იწამებს ალლაჰს და იქმს სიკეთეს, დაუფარავს მას სიავენს თვისას და შეიყვანს მას სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდება. სწორედ ესაა უდიდესი ნეტარება! |
10. | ხოლო რომელთაც უარყვეს და ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, სწორედ ეგენი არიან ბინადარნი სამუდამოდ იქ, ცეცხლში. და რა საზარელი ფინიშია! |
11. | არანაირი სიავე არ ეწევათ, თუ არა ნება ალლაჰისა. და ვინც ირწმუნებს ალლაჰს, ჭეშმარიტებას აზიარებს მის გულს, რამეთუ ალლაჰი ყოველთა ყოვლისმცოდნეა! |
12. | და მორჩილ იყავით ალლაჰისა და მორჩილ იყავით შუამავლისა, ხოლო თუ პირს იბრუნებთ, ჩვენი შუამავლის ვალი მხოლოდ აშკარა უწყების გადმოცემაა. |
13. | არ არის ღვთაება, გარეშე მისი, ალლაჰისა. დაე, ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნენი! |
14. | ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! უეჭველად, თქვენს მეუღლეთა და შვილთა შორის არიან მტრები თქვენთვის. უფრთხილდით მათ! და თუ დაუთმობთ, მიუტევებთ, შეუნდობთ, მაშინ, უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მწყალობელია! |
15. | თქვენი ქონება და თქვენი შვილები ცდუნებაა მხოლოდ, რამეთუ ალლაჰთანაა დიდი საზღაური! |
16. | და გეშინოდეთ ალლაჰის. რამდენადაც შეძლებთ, შეისმინეთ და მორჩილი იყავით და გაიღეთ სიკეთე თქვენი სულისთვის, რამეთუ ვინც დაიოკებს თავისი სულის სიხარბეს, სწორედ ეგენი არიან ნეტარნი. |
17. | თუ ასესხებთ ალლაჰს კეთილ სესხს, მაშინ უხვად დაგიბრუნებთ თქვენ და შეგინდობთ, რამეთუ ალლაჰი მადლობის შემსმენია, შემწყნარებელია! |
18. | წორედ, იგია უხილავისა და ცხადის მცოდნე, ძლევამოსილი, ბრძენი! |